ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/3/1488
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 11/05/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016694
2/3/1488
11/05/2022
ვებგვერდი, 20/05/2022
000000000.00.000.016694
ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/3/1488

2022 წლის 18 მაისი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე– სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (2021 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 9 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1488) მომართა ლევან ალაფიშვილმა. №1488 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 12 მარტს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 11 მაისს.

2. №1488 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (2021 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ფიზიკური პირის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობას – 10 ლარს.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება ადგენს ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციით აკრძალვას, ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმით დადგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური სარჩელით მიმართვისას გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე, ხოლო იურიდიულ პირებს, ასეთ შემთხვევაში, საერთოდ არ აქვთ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, კანონმდებლობა ახდენს მათ დიფერენცირებას და მხოლოდ ფიზიკურ პირებს უწესებს ბარიერს სასამართლოსთვის მიმართვისას.

6. მოსარჩელის განმარტებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გააჩნიათ იდენტური ინტერესები სასამართლოსთვის მიმართვის გზით საკუთარი უფლებების დაცვის კუთხით და ასევე მათთვის იდენტურია სახელმწიფო ბაჟის მიზნები და დანიშნულება. ამ პირობებში კი მოსარჩელისთვის გაუგებარია, რატომ ხდება მათი დიფერენცირება. მისი განმარტებით, უფლებაში ჩარევა ხდება ყოველგვარი ლეგიტიმური მიზნის გარეშე და სადავო ნორმას დისკრიმინაციული ხასიათი აქვს.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას, ლახავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

8. დამატებით, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, მართალია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე არაერთხელ უმსჯელია მსგავს საკითხებზე, თუმცა სასამართლოს არც ერთ აქტში არ გადაწყვეტილა კონსტიტუციური სარჩელის შესატანად ფიზიკური პირისთვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის კონსტიტუციურობის საკითხი. მოსარჩელის მითითებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი საკითხი შეეხებოდა სტატუსის მიხედვით დაწესებული განსხვავებული სახელმწიფო ბაჟის კონსტიტუციურობას, ხოლო მისთვის პრობლემურია სახელმწიფო ბაჟის მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის დადგენა, რაც კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობის ჩარევას წარმოადგენს მის უფლებებში.

II
სამოტივაციო ნაწილი

 

1. №1488 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ლევან ალაფიშვილი. 2021 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1488 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. შეწყდეს საქმე №1488 კონსტიტუციურ სარჩელზე („ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში