მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/1519-22
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 28/06/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2022
სარეგისტრაციო კოდი
2/1519-22
28/06/2022
ვებგვერდი, 05/07/2022
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
  
  

საქმე № 2/1519-22

(330210322005413576)

 

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

 გაუქმების შესახებ

2022 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ენუქიძე

 

განმცხადებელი შპს „თეკლა“

წარმომადგენელი ზვიად ბურდული

 

მოთხოვნა შპს „თეკლას“ მიმართ

 გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „თეკლას“ გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2022 წლის 21 იანვარს შპს „თეკლას“ (ს/ნ 404901996) წარმომადგენელმა (დირექტორმა) ზვიად ბურდულმა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „თეკლას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ შპს „თეკლას“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალებით ვაჭრობა. აღნიშნულ საქმიანობას აწარმოებდა იჯარით აღებულ ფართში. 2020 წლის 29 დეკემბერს საწარმოს შემოსავლების სამსახურმა დაარიცხა შემდეგი გადასახადები: დღგ – 79887 ლარი, საშემოსავლო გადასახადი – 125430 ლარი, ქონების გადასახადი – 7 ლარი, ჯარიმა – 102393 ლარი, საურავი – 82179,14 ლარი. განმცხადებელმა გაასაჩივრა საგადასახადო მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში, თუმცა 2021 წლის 19 მარტის ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მითითებული ბრძანება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოში, რომლის 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმადაც განმცხადებელს კვლავ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2020 სამეწარმეო წელი კომპანიამ დაასრულა ზარალით. „კოვიდ 19“-თან დაკავშირებულმა რეგულაციებმა კიდევ უფრო დაამძიმა საწარმოს სამუშაო პირობები. მუშაობის პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა. ზარალმა შეადგინა 2356,90 ლარი. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიამ საქმიანობა კვლავ ზარალით დაასრულა. ამჯერად ზარალმა 87273,93 ლარი შეადგინა. 2021 წლის ზარალით დასრულების მიზეზი იყო წლების განმავლობაში დაგროვილი სარეალიზაციოდ უვარგისი საქონელი, რომელსაც მხოლოდ 2021 წელს ჩაუტარდა ინვენტარიზაცია. ამ პერიოდამდე სარეალიზაციოდ უვარგისი საქონელი აქტივებად განიხილებოდა. წუნდებულმა საქონელმა შეადგინა 100596,17 ლარი საბაზრო ღირებულებით. დღგ-მ შეადგინა 18107,31 ლარი. აღნიშნული ტვირთად დააწვა კომპანიას.

კომპანიაში დასაქმებული იყო 4 პირი – ზვიად ბურდული, ნინო დარასელია, შამილ ანდოევი და ჯემალ კასოევი. 2021 წლის 1 ივლისიდან, მას შემდეგ, რაც კომპანიამ შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა, განმცხადებელმა თანამშრომლები დაითხოვა.

საწარმოს არ აქვს სასამართლო დავები, კომპანიის მიმართ საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებიდან გასულია ექვს თვეზე მეტი, რომლის განმავლობაში საწარმომ ვერ დაფარა ვადამოსული ვალდებულებები, რადგან მისი მთლიანი ლიკვიდური აქტივის ჯამი ვადამოსული ვალდებულებების ჯამის 2%-ს შეადგენს. ადგილი აქვს ლიკვიდობის დეფიციტს.

მოვალე საწარმომ შეწყვიტა საქმიანობა და არ გააჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. კომპანიის ბალანსზე ირიცხება ორი სალარო აპარატი, რომლის რეალური ღირებულება შეადგენს 400 ლარს. აღნიშნული ქონებაც დატვირთულია საგადასახადო გირავნობით. საბანკო ანგარიშებზე გადასახადების, ჯარიმების და საურავების თანხების ჩამოწერის მიზნით წარდგენილია შემოსავლების სამსახურიდან საინკასო დავალებები.

2022 წლის 20 იანვრის მდგომარეობით შპს „თეკლას“ საბანკო ანგარიშებზე და სალაროში თანხა არ ერიცხება. ზვიად ბურდულს, როგორც საწარმოს დამფუძნებელს და დირექტორს აღარ გააჩნია ინტერესი ბიზნესის მიმართ. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შპს „თეკლას“ დირექტორმა მოითხოვა გაკოტრების რეჟიმის გახსნა და მიუთითა, რომ კომპანია საპროცესო ხარჯების დაფარვას თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა.

შპს „თეკლას“ კრედიტორი არის სსიპ – შემოსავლების სამსახური. საქმეში წარმოდგენილია სსიპ – შემოსავლების სამსახურის 19.01.2022 წლის ცნობა, რომლის თანახმადაც შპს „თეკლას“ ერიცხება სალდირებული აღიარებული დავალიანება 17562,34 ლარი. დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული, შეადგენს 419404,74 ლარს. საწარმოს არ ჰყავს დებიტორები.

საქმეში წარმოდგენილი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობებით დასტურდება, რომ შპს „თეკლას“ საკუთრება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. მოვალე არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობის მიხედვით, შპს „თეკლას“ სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება. წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით და ბანკების მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ კომპანიას საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ერიცხება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული ინფორმაციის შესაბამისად შპს „თეკლას“, როგორც თავდაპირველი მოსარჩელის/მოპასუხის მიმართ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეები არ იძებნება. ასევე სასამართლოში განსახილველად არ შემოსულა სისხლის სამართლის საქმე შპს „თეკლას“ მიმართ.

2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით შპს „თეკლას“ უარი ეთქვა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „თეკლას“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

2022 წლის 10 თებერვლის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2022 წლის 11 თებერვალს, ხოლო „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე – 2022 წლის 21 თებერვალს.

2022 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა შპს „თეკლას“ (ს/ნ 404901996) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება (საქმე №2/6516-22 /330211922005563781).

აღნიშნულ განცხადებაზე სსიპ – შემოსავლების სამსახურს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელადაც განესაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა.

მითითებული განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2022 წლის 15 აპრილს.

2022 წლის 20 აპრილს სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა, შოთა ფანცულაიამ წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის დამატებით 14 სამუშაო დღით გაგრძელება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელებაზე.

აღნიშნული განჩინება 2022 წლის 26 აპრილს წარმოდგენილი კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა მისი გაუქმება. ამავე რიცხვში სსიპ – შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა სასამართლოს და ნაწილობრივ შეავსო 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ 2022 წლის 26 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი კერძო საჩივარი ამავე სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

ვინაიდან კრედიტორმა არასრულად შეავსო 2022 წლის 14 აპრილის განჩინებაში მითითებული ხარვეზები, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა შპს „თეკლას” (ს/ნ 404901996) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

2022 წლის 6 მაისის განჩინებაზე 2022 წლის 16 მაისს კერძო საჩივარი წარმოადგინა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა მისი გაუქმება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი კერძო საჩივარი ამავე სასამართლოს 2022 წლის 6 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის განჩინება საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ასევე არ დაკმაყოფილდა სსიპ – შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 06 მაისის განჩინება კრედიტორის განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „თეკლა“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენილი იყო სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება. ვინაიდან კრედიტორმა არასრულად შეავსო სასამართლოს განჩინებაში მითითებული ხარვეზები, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა შპს „თეკლას” (ს/ნ 404901996) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შპს „თეკლა“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის მე-9, მე-19, 48-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „თეკლა“ (ს/ნ 404901996) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „თეკლას“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

3. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

მოსამართლე                                                     ნინო ენუქიძე.