მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/24010-21
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 07/07/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2022
სარეგისტრაციო კოდი
2/24010-21
07/07/2022
ვებგვერდი, 15/07/2022
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
   
   

საქმე №2/24010-21

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

   გაუქმების შესახებ

 

2022 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

 

განმცხადებელი/მოვალე: შპს „ფუდ მიქსი“, ს/ნ 406182189

წარმომადგენელი: გიორგი ხეცურიანი

 

განცხადება: გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ფუდ მიქსის“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და,

 

გამოარკვია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს „ფუდ მიქსის“  2021 წლის 20 სექტემბრის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება განმცხადებელი საწარმოს მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით. განცხადებაში მითითებულია, რომ საწარმო დაფუძნდა 2016 წლის 18 ივლისს და მისი ძირითადი საქმიანობა გაყინული ხორცითა და სხვა საქონლით ვაჭრობა იყო. 2019 წლის ივლისიდან მოვალე სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებს და საქმიანობის გაგრძელებას არც მომავალში აპირებს. შპს „ფუდ მიქსს“ არ გააჩანია არც უძრავ-მოძრავი ქონება და არც თანხა საბანკო ანგარიშზე. მოვალის კრედიტორია შემოსავლების სამსახური და მის მიმართ შპს „ფუდ მიქსს“ 246679.7 ლარის დავალიანება ერიცხება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოვალის ვალდებულება კრედიტორის მიმართ ბევრად აჭარბებს მოვალის აქტივების ღირებულებას, რადგან ერთადერთი აქტივი, რომელიც მოვალე საწარმოს აქვს, არის ჯამში 211203 ლარის ოდენობით დებიტორული მოთხოვნები, რომლებიც წარმოშობილია 2017 წელს და უკვე ხანდაზმულია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ, გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, მოვალე საწარმო ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას ქონებისა და ფულადი სახსრების არარსებობის გამო. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 2 თებერვლის ბრძანება N1365, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, იმ პირების სია, ვის მიმართაც მოვალეს აქვს დებიტორული მოთხოვნები ჯამში 211203.43 ლარის ოდენობით და ინფორმაცია სს „თიბისი ბანკიდან“, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით, მოვალის ანგარიშზე არის 0.72 ლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შპს „ფუდ მიქსს“ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა განესაზღვრა. ხარვეზის დადგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ განცხადებას არ ერთვოდა მოვალის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მასში არ იყო მითითება ინფორმაციაზე მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ. განცხადებასთან ერთად არ იყო წარმოდგენილი არც ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მოვალე საწარმოს სახელზე რეგისტრირებული მოძრავი ნივთების თაობაზე, რომლებიც მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას ექვემდებარებიან, და არც ინფორმაცია საჯარო და სამეწარმეო რეესტრებიდან მოვალე საწარმოს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე და წილზე სხვა სამეწარმეო საზოგადეობაში. განცხადება არ შეიცავდა არც „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დეკლარაციას განცხადებაში მითითებული ინფორმაციის სიმართლესთან შესაბამისობის თაობაზე.

განმცხადებელმა ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში განჩინების შესაბამისად გამოასწორა. განმცხადებლის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადასტურდა განცხადებაში მითითებული გარემოება, რომ მოვალე საწარმოს ქონება არ გააჩნია.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით შპს „ფუდ მიქსს“ უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განიმარტა, რომ, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი შპს „ფუდ მიქსის“ მიმართ არ შეიტანდა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2022 წლის 21 აპრილს, ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ - 2022 წლის 1 ივნისს (ს. ფ. 146-149). განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში არცერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსთვის შპს „ფუდ მიქსის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით. 

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე ქონების არარსებობის გამო ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის არ მოუმართავს. შესაბამისად, მოვალე საწარმო უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში უნდა გაუქმდეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 48-ე მუხლებით და,

 

დაადგინა: 

 

1. შპს „ფუდ მიქსი“ საიდენტიფიკაციო ნომრით 406182189 გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ფუდ მიქსის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეტანის გზით, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე:                                                        ვერა დობორჯგინიძე.