„სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №717 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №717 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 375
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 480430000.10.003.023586
375
18/07/2022
ვებგვერდი, 19/07/2022
480430000.10.003.023586
„სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №717 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №375

2022 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №717 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №717 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/11/2020, 480430000.10.003.022439) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის“:

1. მე-2 მუხლში:

ა) „გ“, „დ“ და „ე“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) კომპანია/საწარმო/გრანტის მიმღები − „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელსაც პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და წარმოადგენს სათავო/მშობელი კომპანიის შვილობილ კომპანიას;

დ) შვილობილი კომპანია – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელშიც სათავო/მშობელი კომპანია ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) არანაკლებ 50%-ს;

ე) სათავო/მშობელი კომპანია − საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული/რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს შვილობილი კომპანიის მეშვეობით;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“, „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„ნ) დაგეგმილი ინვესტიცია − კომპანიის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გასაწევი ინვესტიციის ოდენობის თაობაზე;

ო) განხორციელებული ინვესტიცია − კომპანიის მიერ განსაზღვრულ სექტორებში გრანტის მიღების მიზნით რეალურად გაწეული ხარჯის მოცულობა, რომელიც მოიცავს კაპიტალური დანახარჯებისა და სამუშაო ძალის გადამზადების/ტრენინგის მიზნობრიობით გაწეული ხარჯების ჯამს;

პ) კაპიტალური საშუალება/ხარჯი − დანახარჯი, გაწეული ისეთ მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივზე (გარდა გუდვილისა), რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოებისთვის, საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია. ამასთან, კაპიტალურ ხარჯად არ მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალების შეძენის/რემონტის მიზნობრიობით გაწეული ხარჯი, გარდა იმგვარი ხარჯისა, რომელიც გაწეულია ისეთი სპეციალური საშუალებების შეძენაზე/რემონტზე, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება საწარმოს ტერიტორიაზე პროდუქციის/მომსახურების წარმოების პროცესში;

ჟ) სამუშაო ძალის გადამზადების/ტრენინგის მიზნობრიობით გაწეული ხარჯი − კომპანიის მიერ შემდეგი მიზნობრიობით გაწეული ხარჯი:

− ტრენერ(ებ)ის სახელფასო ანაზღაურება (ადგილობრივი და უცხოელი);

− სატრენინგო მომსახურების ღირებულება;

− უცხოელი ტრენერების ჩამოყვანის შემთხვევაში, ტრენერების მგზავრობასა და განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯები;

− გადასამზადებელი თანამშრომლების საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ვიზიტის შემთხვევაში, თანამშრომლების მგზავრობასა და განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯები;

− სასწავლო სივრცის დაქირავების საჭიროების შემთხვევაში, ქირის ხარჯი;

− გადამზადების მიზნებისთვის აუცილებელი აღჭურვილობის შეძენის/ქირავნობის ხარჯი (ჩაფხუტები, სპეცტანსაცმელი და ა. შ.).“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. განხორციელებული ინვესტიციის მიზნობრიობა

1. პროგრამის ფარგლებში სააგენტო გასაცემ მოცულობას ითვლის კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობიდან და არა დაგეგმილი ინვესტიციიდან.

2. პროგრამის ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია, გრანტი გასცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის 1.1, 1.3 ან 1.4 პუნქტებით განსაზღვრულ სექტორებში განხორციელებული ინვესტიციის არანაკლებ 85%-ისა მოიცავს კაპიტალურ, ხოლო არაუმეტეს 15%-ისა − სამუშაო ძალის გადამზადების/ტრენინგის მიზნობრიობით გაწეულ ხარჯს.

3. პროგრამის ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია, გრანტი გასცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის 1.2 პუნქტით განსაზღვრულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციის არანაკლებ        50%-ისა მოიცავს კაპიტალურ, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − სამუშაო ძალის გადამზადების/ტრენინგის მიზნობრიობით გაწეულ ხარჯს.“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომპანია და მისი მშობელი კომპანია საქმიანობას ახორციელებენ პროგრამის დანართ №1-ში მითითებული საქმიანობებიდან ერთ-ერთში.“.

4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. გრანტის ოდენობა და საინვესტიციო ვალდებულებები

გრანტის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

1. განხორციელებული ინვესტიციის 15% − თუ კომპანიის მიერ ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის 1.1 პუნქტით გათვალისწინებულ სექტორში ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი ვალდებულებები:

− განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა − არანაკლებ 8 000 000 (რვა მილიონი) ლარისა და არაუმეტეს 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარისა;

− შექმნილი სამუშაო ადგილების ოდენობა − ხელშეკრულების გაფორმებიდან 39-ე თვეს სრულ განაკვეთზე დასაქმებული არანაკლებ 100 ადამიანისა, საიდანაც არანაკლებ 60%-ისა არის საქართველოს მოქალაქე.

2. განხორციელებული ინვესტიციის 15% −  თუ კომპანიის მიერ ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის 1.2 პუნქტით გათვალისწინებულ სექტორში ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი ვალდებულებები:

− განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა − არანაკლებ 2 მილიონი (ორი მილიონი) ლარისა და არაუმეტეს 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარისა;

− შექმნილი სამუშაო ადგილების ოდენობა − ხელშეკრულების გაფორმებიდან 39-ე თვეს სრულ განაკვეთზე დასაქმებული არანაკლებ 200 ადამიანისა, საიდანაც არანაკლებ 60%-ისა არის საქართველოს მოქალაქე. გარდა დანართ №1-ში მოცემული შემდეგი ეკონომიკური საქმიანობის კოდებისა: 58.2, 58.29, 62.0, 62.01, 62.03, 62.09, 63.11 − აღნიშნულ კოდებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 39-ე თვეს სრულ განაკვეთზე დასაქმებული უნდა იყოს არანაკლებ 50 ადამიანისა, საიდანაც არანაკლებ 60%-ისა უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

3. განხორციელებული ინვესტიციის 15%  − თუ კომპანიის მიერ ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის 1.3 და 1.4 პუნქტებით გათვალისწინებულ სექტორებში ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი ვალდებულებები:

− განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა − არანაკლებ 8 000 000 (რვა მილიონი) ლარისა და არაუმეტეს 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარისა;

− შექმნილი სამუშაო ადგილების ოდენობა − ხელშეკრულების გაფორმებიდან 39-ე თვეს სრულ განაკვეთზე დასაქმებული არანაკლებ 50 ადამიანისა, საიდანაც არანაკლებ 60%-ისა არის საქართველოს მოქალაქე.

4. იმ შემთხვევაში, თუკი განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა აღემატება 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარს და კომპანია შესაბამისი ეკონომიკური პროგნოზითა და დასაბუთებით მიმართავს სააგენტოს, სააგენტო, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეშვეობით, საკითხს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად.

5. საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობის დადასტურების შემთხვევაში, კომპანიის მიერ ამ მუხლის პირველი − მე-3 პუნქტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებს ამავე პუნქტებით დადგენილი ოდენობით გრანტის ანაზღაურებას (სექტორის გათვალიწინებით), თუ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული არ იქნება განსხვავებული გადაწყვეტილება საინვესტიციო ვალდებულებებისა და გრანტის ოდენობის თაობაზე.  

6. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის მიერ არ მოხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობის დადასტურება, სააგენტო გრანტის ანაზღაურებას განახორციელებს 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარამდე განხორციელებული ინვესტიციიდან.“.

5. პროგრამის დანართ №1-ის − „პრიორიტეტული სექტორები, საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის, სეკ 006-2016 (NACE-Rev-2) მიხედვით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის სახეები“:

ა) „ექსპორტზე ორიენტირებული/მომუშავე ბიზნესსერვისების/ პროცესების აუთსორსინგის (BPO) (მე-5 მუხლი, 1.2)“ მიმართულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის ეკონომიკური საქმიანობის კოდები:

 

„82.11

კომპლექსური საოფისე ადმინისტრაციული მომსახურების საქმიანობები

58.2

პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა

58.21

კომპიუტერული თამაშების გამოცემა

58.29

სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა

62.0

კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები

62.01

კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები

62.03

კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები

62.09

საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები

63.11

მონაცემების დამუშავება, განთავსება და მათთან  დაკავშირებული საქმიანობები.“;

     

ბ) „დასაწყობებისა და ლოგისტიკური ცენტრების შექმნის (მე-5 მუხლი, 1.3)“ მიმართულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის ეკონომიკური საქმიანობის კოდი:

 

„52.29

ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები.“.

 

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი