„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/08/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016711
26
12/08/2022
ვებგვერდი, 15/08/2022
010250050.35.148.016711
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2022 წლის 12 აგვისტო

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №57 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 21/05/2018; 010250050.35.148.016503) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებები

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) (შემდგომში – ცხოველები) ყოლის,  მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისათვის, მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს და  ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანოს - ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) უფლებამოსილებებს“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველი (ძაღლი, კატა) – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს ცხოველის მიმკედლებელი“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უპატრონო ცხოველი – ცხოველი, რომელზედაც კონკრეტული მომენტისთვის არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც სააგენტოში გადაყვანის შემდგომ ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ დაუდგინდება მეპატრონე“.

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ცხოველის რეგისტრაცია – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულების ან სააგენტოს მიერ ცხოველის რეგისტრაცია (აღრიცხვა), ამ წესით დადგენილი ცხოველთა კლასიფიკაციის შესაბამისად“.

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17-36-ე პუნქტები:

„17. ცხოველის მიმკედლებელი – ურბანულ გარემოს გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება ცხოველის ვეტერინარული მომსახურების განხორციელებისა და კვება-დაწყურების უზრუნველყოფაზე, ასევე მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით დაინტერესებული პირისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემაზე“.

„18. ცხოველების პოპულაციების მართვა - საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, სახეობების მიხედვით, ურბანულ გარემოში ბინადარ ცხოველთა დატვირთვის ნორმების (1000 მოსახლეზე შეფარდებით ან ერთი კვადრატული კილომეტრის ფართობზე ბინადარი უპატრონო ცხოველების (სახეობების მიხედვით) ოპტიმალური ოდენობა), რიცხოვნობის დადგენისა და რაოდენობის ოპტიმიზაციის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ამ წესის ამოცანების უზრუნველსაყოფად“.

„19. ცხოველთა კეთილდღეობა - ცხოველის მოვლა-პატრონობისა და ბუნებრივი ქცევისათვის საჭირო პირობების შექმნა, რომელიც მოიცავს ცხოველის საკვებისა და წყლის ხელმისაწვდომობას, დაავადებისაგან, ტკივილისაგან, შიშისა და სხვა სტრესისაგან მის დაცვას“.

„20. შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობა – შინაური ბინადარი ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა: ვეტერინარისა და კინოლოგის/ფელინოლოგის მიერ დადგენილი რაციონით მისი კვება და დაწყურვება, საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით, რეგულარული გასეირნება, ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა და მომსახურება – დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა, ლაბორატორიული გამოკვლევა და შინაური ბინადარი ცხოველის გაწვრთნა სოციალიზაციის ვალდებულებით, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობების უზრუნველყოფა“.

„21. უფლებამოსილი ორგანო - მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან შესაბამისი მიზნით შექმნილი იურიდიული პირი, რომლის კომპეტენციას განეკუთვნება შინაურ ბინადარ ცხოველთა მონიტორინგი და მათ მოვლა-პატრონობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება, პოპულაციების მართვა-კონტროლის ორგანიზება, აღრიცხვა, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნის ხელშეწყობა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორცილება“.

„22. შინაური ბინადარი ცხოველის რეგისტრაცია – უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ იდენტიფიცირებული შინაური ბინადარი ცხოველის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შეტანა, ასევე სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა“.

„23. მარეგისტრირებელი ორგანო - უფლებამოსილი ორგანო ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულებები ან სააგენტო რომლებიც უფლებამოსილი ორგანოს თანხმობით ახორციელებს ცხოველის იდენტიფიკაციას ან/და რეგისტრაციას“.

„24. შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია - შინაური ბინადარი ცხოველების ნიშანდება უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულების ან სააგენტოს მიერ იდენტიფიკაციის საშუალებით (მათ შორის მიკროჩიპით, სვირინგით, საჭდით, საყელურით და სხვ.)“.

„25. შინაური ბინადარი ცხოველის პასპორტი - დოკუმენტი, რომელშიც ვეტერინარის მიერ კეთდება ჩანაწერები ყოველწლიური ვაქცინაციის, სტერილიზაცია/კასტრაციის, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურების შესახებ  (ალერგიული რეაქცია, ქრონიკული ჯანმრთელობის კონდიცია, წონა და ა.შ.) და ასევე ჩანაწერები ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენების შესახებ, რომელსაც ავსებს  ვეტერინარი ან/და მეპატრონე“.

„26. მიკროჩიპი - მხოლოდ წაკითხვადი პასიური რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის საშუალება; სპეციალური ინფორმაციის მატარებელი იმპლანტი, რომლის საშუალებით მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახულ იქნება ინფორმაცია შინაური ბინადარი ცხოველისა და მისი მეპატრონის შესახებ“.

„27. საბმელი - ცხოველის გადაადგილების კონტროლის საშუალება, რომელიც ზღუდავს მეპატრონისგან შინაური ბინადარი ცხოველის დაცილების შესაძლებლობას“.

„28. მოკლე საბმელი - ცხოველის გადაადგილების კონტროლის საშუალება, რომელიც ზღუდავს მეპატრონისგან შინაური ბინადარი ცხოველის დაცილების შესაძლებლობას 1-1,5 მეტრის მანძილზე“.

„29. ალიკაპი - მოწყობილობა, რომელიც ცხოველს უმაგრდება დრუნჩზე, ან თავზე და განკუთვნილია სხვა ცხოველებისა და ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

„30. კინოლოგი - კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ძაღლების ჯიშების, მათი  მოვლა-შენახვის, კვების, გამრავლების და სელექციის, ჯგუფურ, ინდივიდუალურ და სპორტულ წვრთნას, ფსიქიკისა და ქცევის კორექციას (ინტეგრირება-სოციალიზაციას)“.

„31. ფელინოლოგი - კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს კატების ჯიშების, მათი მოვლა-შენახვის, კვების, გამრავლების და სელექციის, ფიზიოლოგიური თავისებურებებისა და ქცევის შესწავლასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას ფიზიკურ მომზადებას, მასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას“.

„32. დეჰელმინთიზაცია - ცხოველის ორგანიზმიდან ჭიების, პარაზიტების გამოდევნა“.

„33. ვაქცინაცია - დაავადებების საწინააღმდეგო ანტიგენის/ანტიგენების ცხოველის ორგანიზმში შეყვანა რიგი დაავადებების მიმართ იმუნიტეტის (ორგანიზმის დამცველობითი უნარის) შესამუშავებლად“.

„34. კასტრაცია - ხვადი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების უნარის შეწყვეტა“.

„35.  სტერილიზაცია - ძუ შინაური ბინადარი ცხოველისათვის (ძაღლი, კატა) გამრავლების უნარის შეწყვეტა“.

„36. დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია – აღნიშნული მომსახურება მოიცავს პროფესიონალურ ბრძოლას მავნებლებთან, მღრნელებთან, ბაქტერიებთან, მწერებთან, ვირუსებთან, აგრეთვე ჭუპრებთან და კვერცხებთან – სავაჭრო, სასაწყობე, საოფისე, დამხმარე შენობები, გარე პერიმეტრებს და ა. შ., სადაც მუშავდება როგორც ზედაპირი ასევე ავეჯი, ტექნიკა და დანადგარები“.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცხოველს უპატრონოს სტატუსი ენიჭება სააგენტოში ძაღლის მიყვანიდან არანაკლებ 10 დღის (ან სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული პერიოდის) შემდეგ“.

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 - მე-8 პუნქტები:

„6. არსებობს დეკორატიული ჯიშის და მომეტებული რისკის ჯგუფის ძაღლები“.

„7. დეკორატიული ჯიშის ძაღლებს განეკუთვნება:

ა) ბიშონ ფრიზე;

ბ) მალტეზი;

გ) ბიშონ ჰავანესე;

დ) კოტონ დე ტულეარ;

ე) მცირე ლომისებრი ძაღლი;

ვ) პუდელი;

ზ) ბელგიური გრიფონი;

თ) ბრიუსელური გრიფონი;

ი) მცირე ბრაბანტული გრიფონი;

კ) ჩინური ქოჩორა ძაღლი;

ლ) ლჰასა აპსო;

მ) ტიბეტური სპანიელი;

ნ) ტიბეტური ტერიერი;

ო) კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი;

პ) კინგ ჩარლზ სპანიელი;

ჟ) პეკინესი;

რ) იაპონური ხინი;

ს) პაგა (მოპსი);

ტ) ფრანგული ბულდოგი;

უ) ბოსტონ ტერიერი;

ფ) ჩიხუახუა;

ქ) კონტინენტური ტოი სპანიელი (პაპილონო და ფალენი);

ღ) კრომფორლანდერი;

ყ) 6 კგ-მდე მეტისი (ნარევი ჯიშის) ძაღლები“.

„8. მომეტებული რისკის ჯგუფის ძაღლებს განეკუთვნება:

ა) ამერიკული პიტ ბულ ტერიერი ტოსა ინუ;

ბ) ფილა ბრაზილეირო;

გ) ბულტერიერი;

დ) ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი;

ე) არგენტინული დოგი;

ვ) ტოსა ინუ;

ზ) ამერიკული ბულდოგი;

თ) კანგალი;

ი) კანე კორსო;

კ) დობერმანი;

ლ) კავკასიური ნაგაზი;

მ) შუააზიური ნაგაზი;

ნ) აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი;

ო) ბერძნული ნაგაზი;

პ) კრაშის ნაგაზი;

ჟ) გერმანული ნაგაზი;

რ) რუმინული ნაგაზი;

ს) მასტიფები;

ტ) ბორდოული დოგი;

უ) კანარის დოგი;

ფ) როტვეილერი;

ქ) რიზენშნაუცერი;

ღ) ლეონბერგერი;

ყ) მარემა;

შ) მოსკოვური საყარაულო;

ჩ) კა-დე-ბო (მალიორკის მასტიფი);

ც) სტაფორდშირ ბულ ტერიერი;

ძ) ბანდოგი;

წ) გულდონგი;

ჭ) მგლის ჰიბრიდები“.

თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს, აიყვანოს (სააგენტოდან ან ქუჩიდან), იჩუქოს ან მიიღოს მემკვიდრეობით/ანდერძით ცხოველი“.

ი) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პატრონს უფლება აქვს მოაშენოს ცხოველები არაკომერციული ან კომერციული მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე“.

კ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცხოველის პატრონის სტატუსი არ ენიჭება 16 წლამდე ასაკის პირს, მისი მშობლების ან მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე“.

ლ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ცხოველების ამა თუ იმ მიზეზით შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში (პატრონის გარდაცვალების ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო) დაინტერესებულ პირს უფლება აქვს  გადაიბაროს,  გააჩუქოს ან სხვა შემთხვევაში  ჩააბაროს ის სააგენტოში შემდეგი პროცედურების გავლის მიზნით: ვაქცინაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია, საჭდეს დადება/ჩიპირება, გაჩუქება, მიკედლება, ბუნებრივ არეალში გაშვება.“.

მ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

ნ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„პ) დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება. ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ან მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია ცხოველი ჩააბაროს სააგენტოში, შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, სააგენტოში ცხოველის ჩაბარებამდე, პატრონი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია ქმედითი ღონისძიებები გაატაროს ცხოველისთვის ახალი პატრონის მოძიების მიზნით“.

„ჟ) ძაღლის პატრონი ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ან აღნიშვნა ცხოველის საცხოვრებელ ტერიტორიზე“.

ო) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა და გადაყვანა 07:00 – 23:00 საათების პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. იგივე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იგივე კატეგორიის ადგილებში 23:00 – 07:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც. ქალაქ გორის ტერიტორიაზე ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით“.

პ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-51 მუხლი:

„მუხლი 51. შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედლებელი

1. შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) თვალყური ადევნოს შინაური ბინადარი ცხოველის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება მიკედლებული ცხოველის სხვა ცხოველებისათვის ან/და ადამიანებისათვის საშიში დაავადების შემთხვევაში ან დაავადების საეჭვო ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში;

ბ) უზრუნველჰყოს მიკედლებული ცხოველისათვის ცოფის საწინააღმდეგო და კომპლექსური ვაქცინაცია;

გ) უზრუნველჰოს ყოველწლიური განმეორებითი რეგისტრაცია;

დ) ერთ კვირაზე მეტი ვადით ცხოველის გაუჩინარებისას მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება;

ე) უფლებამოსილი ორგანოს შეკითხვის შემთხვევაში გასცეს ინფორმაცია მიკედლებული ცხოველის მდგომარეობაზე;

ვ) მიკედლებული ცხოველის მეთვალყურეობაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება და კონკრეტულ ცხოველზე მიმკედლებლის სტატუსის მოხსნამდე განაგრძოს მიკედლებული ცხოველის მეთვალყურეობა;

2. შესაძლებელია შინაურ ბინადარ ცხოველს ჰყავდეს ერთზე მეტი მიმკედლებელი.

3. დაუშვებელია ცხოველების მიკედლება სკოლის, საბავშვო ბაღის, ბაზრის, სამედიცინო კლინიკების, ავტოსადგურების, სასაფლაოს და სხვა ადმინისტრაციული შენობების ტერიტორიაზე, ასევე კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, თუ ასეთმა მიკედლებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

4. დაუშვებელია ერთ პირზე 10 ერთეულზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის მიკედლება.

5. მიმკედლებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების 2-ჯერ დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მიკედლების გაუქმების შესახებ და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. ამასთან, მიმკედლებელს 1 წლის ვადით ეზღუდება ახალი ცხოველის მიკედლება.

6. მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით დაჭერის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია აღნიშნულის  შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მიმკედლებელს და მიაწოდოს მას სრული ინფორმაცია განხორციელებული ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

7. ცხოველის მიკედლებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც გასცემს მიკედლებული ცხოველის შესაბამის სარეგისტრაციო მოწმობას და მონაცემებს შეიყვანს მონაცემთა ერთიან ბაზაში“.

ჟ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-52 მუხლი:

„მუხლი 52. ცხოველების რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება

 1. ცხოველის რეგისტრაციას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან მისი თანხმობით შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულებები ან სააგენტო, ცხოველის პატრონის ან მიმკედლებლის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, ამ წესით დადგენილი პირობებით.

2. პატრონი ან მიმკედლებელი ვალდებულია მოახდინოს ცხოველის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში.

3. ცხოველის რეგისტრაცია ხდება ელექტრონული ჩიპირების გზით.

4. ცხოველების რეგისტრაციის სახეებია:

ა) პირველადი რეგისტრაცია;

ბ) რეგისტრაცია, ცხოველისა და მასზე პატრონობის/მიკედლების ფაქტის დადგენის მიზნით;

გ) საკონტროლო რეგისტრაცია;

დ) დროებითი რეგისტრაცია.

5. პირველად რეგისტრაციას ექვემდებარება:

ა) ერთი თვის ასაკს მიღწეული ცხოველი;

ბ) ერთ თვეზე მეტი ასაკის არარეგისტრირებული ცხოველი.

6. რეგისტრაციას, ცხოველისა და მასზე პატრონობის ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება ცხოველის პატრონის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, ამ წესის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

7. რეგისტრაციას,ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების მიზნით,შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე ახორციელებს მხოლოდ სააგენტო.

8. რეგისტრაციას, ცხოველის მიკედლების ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება მიმკედლებლის ფაქტობრივი მეთვალყურეობის ქვეშ არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, ამ წესის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

9. საკონტროლო რეგისტრაციას ყოველწლიურად (12 თვეში ერთხელ) ექვემდებარება საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ან მიკედლებული ყველა რეგისტრირებული ცხოველი, რომელსაც უზრუნველყოფს სააგენტო მიმკედლებლის/პატრონის მიმართვის საფუძველზე.

10. დროებით რეგისტრირებული ცხოველის ქალაქ გორის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ საბოლოოდ გაყვანის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი/მფლობელი ვალდებულია ერთი თვის ვადაში მოახდინოს რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოს ინფორმირება აღნიშნულის შესახებ.

11. ცხოველთა ერთიან აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას, შევსებასა და ექსპლუატაციას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო, ცხოველთა მონიტორინგისა და მათი პოპულაციების მართვის მიზნების განსახორციელებლად.

12. ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო და ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ მონაცემების უსასყიდლოდ  წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ, მოთხოვნის შემთხვევაში. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (e-mail) ან სხვა ელექტრონული საშუალებით (ვებგვერდი, სპეციალური ელექტრონული პროგრამა და ა.შ.).

13. ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებულია ცხოველების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ელექტრონული ფორმით აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს, ცხოველების სარეგისტრაციო საქმიანობის დაწყების სურვილის შესახებ. უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირების ვალდებულება ასევე წარმოიშობა სარეგისტრაციო საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ საქმიანობის შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში.

14. ცხოველების რეგისტრაციის განხორციელების მსურველი პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში ელექტრონული ფორმით წარსადგენი ინფორმაცია მოიცავს:

ა) პირის სრულ დასახელებას და საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელს, გვარს, პირად ნომერს);

ბ) პირის რეგისტრაციის და საქმიანობის განხორციელების ფაქტობრივ მისამართს;

გ) იურიდიული პირის ხელმძღვანელის და უფლებამოსილ ორგანოში სარეგისტრაციო მონაცემების წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემებს (სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი);

დ) მონაცემებს:

დ.ა) შესაბამის სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებში ცხოველების და მათი პატრონების მიღების

საშუალებათა (სათანადო ფართი) შესახებ;

დ.ბ) ცხოველების იდენტიფიკაციის ჩატარების ვიზუალური (დათვალიერების უზრუნველსაყოფად) და ელექტრონული (მიკროჩიპის სკანირების უზრუნველსაყოფად) საშუალებების შესახებ;

დ.გ) შესაბამისი მანიპულაციების (ვიზუალური დათვალიერება, სკანირება) განმახორციელებელი პერსონალის შესახებ.

15. სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელების თანხმობას გასცემს უფლებამოსილი ორგანო, რეგისტრაციის განხორციელების მსურველი პირის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარმოდგენილი მონაცემების გადამოწმება-დადასტურებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.

16. შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულება და სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება, პატრონის მიერ (რომელმაც მიმართა აღნიშნულ დაწესებულებას) ამ მუხლით დადგენილი ცხოველის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ, ცხოველის პატრონის მიმართ შესაბამისი ზომების გატარების მიზნით. ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებას ეკისრება პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

17. ცხოველის რეგისტრაციის განხორციელებისთანავე გაიცემა პასპორტი, რომელიც ფასიანია პატრონიანი ცხოველის შემთხვევაში, ხოლო ცხოველის აყვანის (სააგენტოდან ან ქუჩიდან) შემთხვევაში პასპორტი გაიცემა უსასყიდლოდ“.

რ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების და მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზებას უზრუნველყოფს გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო“.

ს) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 1061-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილ, წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც შეიქმნა მუნიციპალიტეტების ერთობლივი საქმიანობის განხორციელების მიზნით. სააგენტოს საქმიანობის მიზანია ადამიანისა და შინაური ცხოველების უსაფრთხო თანაარსებობისთვის მდგრადი გარემოს შექმნა და წევრ მუნიციპალიტეტებში საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების - მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა“.

ტ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) დასახლებებში ბინადარი უპატრონო - მიუსაფარი შინაური ცხოველების პოპულაციების მართვა, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით;

ბ) მიუსაფარი შინაური ცხოველების დაჭერა, დროებით სადგომში (ვოლიერი) განთავსება შემდგომი პროცედურების გნხორციელების მიზნით;

გ) მიუსაფარ შინაურ ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსება ელექტრონული ჩიპის, ან ტატუირებით, ან საჭდით;   

დ) საჭიროების შემთხვევაში სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება
ექიმ-ვეტერინარის ან/და კონოლოგის/ფელინოლოგის  მიერ ცხოველის ვიზუალური დათვალიერება-დაკვირვება, ცხოველის ბიომასის (სისხლის, შარდის, ბეწვის და სხვა) ლაბორატორიული კვლევა, მკურნალობა (დეჰელმინთიზაცია, ვაქცინაცია (მათ შორის ანტირაბიული, კომლექსური და სხვა) ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია, ყურის კუპირება და სხვა) ჩატარება, ცხოველის ევთანაზია;

ე) საჭიროების შემთხვევაში, დეზინფექციის, დეზინსექციის, დეზაკარიზაციის და დერატიზაციის ღონისძიებათა განხორციელება;

ვ) ევთანაზირებული ან დაცემული ცხოველის ლეშის გადატანა შესაბამის ბიოთერმულ ცხოველთა სამარხში, ცხოველის ლეშის დამარხვისთვის გამოყოფილ სპეციალურ ტერიტორიაზე ან კრემატორიუმში;

ზ) მიუსაფარი შინაური ცხოველების გაჩუქება, მიკედლება, დაინტერესებული პირისთვის დბრუნება, საჭიროების შემთხვევაში შემდგომი მოვლა-პატრონობის პირობების კონტროლი;

თ) ზემოთჩამოთვლილი ვეტერინარული და სხვა ღონისძიებების გატარების შემდგომ, მიზანშეწონილობის შემთხვევაში, ცხოველის (რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს) ბუნებრივ არეალში პირვანდელ საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაბრუნება;

ი) საჭიროების შემთხვევაში, მიუსაფარი შინაური ცხოველების ვაქცინაციის ჩატარების უზრუნველყოფა ან სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიულ ორგანოსთვის მიმართვა მიუსაფარი შინაური ცხოველების ვაქცინაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად;

კ) დამხმარე არაძირითადი საქმიანობის სახით,სხვადასხვა შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით კერძო პირებისთვის მომსახურების გაწევა (შინაურ ცხოველთა ტრანსპორტირება, დროებითი მოვლა-პატრონობა, აგრეთვე სააგენტოს წესდებით გათვალისწინებული მომსახურება და სხვა) შესაბამისი საფასურით;

ლ) მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება;

მ) რეგისტრაციაში გაატაროს და გასცეს პატრონიანი და მიუსაფარი შინაური ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა.
პატრონიანი ცხოველის შემთხვევაში შესაბამისი საფასურით, მიკედლებული ცხოველის შემთხვევაში, წახალისების მიზნით, საფასურის გარეშე;

ნ) სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად, განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიებები (გამართოს კონფერენციები, დაამყაროს ურთიერთობები საჯარო და კერძო დაწესებულებებთან, აწარმოოს მოლაპარაკება,  დადოს ხელშეკრულებები, გაეცნოს საერთაშორისო პრაქტიკას, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ა.შ.);

ო) წევრ მუნიციპალიტეტსა და სააგენტოს შორის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "რ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ან წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გადაცემა ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე; სააგენტოს სახელით ხელშეკრულებას, სააგენტოს უმაღლესი მმართველობითი ორგანოს თანხმობით, ხელს აწერს სააგენტოს ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირი;

პ) დადგენილებით დამტკიცებულ წესის მე-7 მუხლი ამოღებულ იქნას.

ჟ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები ფიზიკურად ჯანმრთელი და არააგრესიული უზედამხედველო ცხოველების სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი მეპატრონის მოძიებისა და სააგენტოში გადაცემის ჩათვლით“.

ქ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოში ცხოველის მოკვდინება დაიშვება მხოლოდ კომისიური წესით შედგენილი ოქმის საფუძველზე“.

„3.  ცხოველის მოკვდინება სააგენტოს გარეთ დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ  მისი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექტური და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ცხოველი იმყოფება სიკვდილისწინა სტადიაში“.

ღ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:

„მუხლი 14 . პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის

1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე მუხლის შესაბამისად.

2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან იურიდიული პირი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე