გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/24750-22
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 29/08/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2022
სარეგისტრაციო კოდი
2/24750-22
29/08/2022
ვებგვერდი, 09/09/2022
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე № 2/24750-22

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე

 უარის თქმის თაობაზე

2022 წლის 29 აგვისტო

 ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

განმცხადებელი/მოვალე: შპს „ვიტო+“, ს/ნ 406301808, დირექტორი მარეხი მამულაშვილი, პ/ნ 13001012462

წარმომადგენელი: გიორგი ჟიჟილაშვილი

განცხადება: გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ვიტო+“-ის წარმომადგენლის განცხადება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2022 წლის 15 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს „ვიტო+“-ის დამფუძნებელმა, საწარმოს საწესდებო კაპიტალის 100% წილის მესაკუთრემ და დირექტორმა მარეხი მამულაშვილმა და შპს „ვიტო+“-ის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა, საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადება და მისი რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოვალე საწარმო დაფუძნდა 2020 წლის 11 თებერვალს და მისი ძირითადი საქმიანობა ზოომაღაზიისა და ვეტაფთიაქის ფუნქციონირება იყო. მოვალის წარმომადგენლის განცხადებით, კოვიდ პანდემიის გამო საწარმოს საქმიანობა წარმატებით ვერ განხორციელდა. კომპანიას დაუგროვდა ვალდებულებები შემოსავლების სამსახურის წინაშე და ამ ვალდებულებებს საწარმო ვერ ფარავს ფინანსური სახსრებისა და ქონების უქონლობის გამო. მოვალის წარმომადგენელი უთითებს, რომ საწარმოს არ გააჩანია უძრავ-მოძრავი ქონება ან წილი სხვა საწარმოში და არც თანხა საბანკო ანგარიშზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწარმოს საქმიანობა შეწყვეტილია და მოვალეს აღარ აქვს არც შემოსავალი და არც ინტერესი ბიზნესის მიმართ, მოვალე საწარმოს არ ჰყავს დასაქმებულები, მისი მონაწილეობით სასამართლო დავები არ მიმდინარეობს. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ ქონებისა და შემოსავლის არარსებობის გამო, საწარმო ვერ შეძლებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საპროცესო ხარჯების დაფარვას.

2022 წლის 15 აგვისტოს განცხადებასთან ერთად წარმოდგენილია მოვალე საწარმოს წესდება/პარტნიორთა შეთანხმება, სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 16 ივლისის შეტყობინება007-17684, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სსიპ  შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 21.07.2021 წლის011-2021-124794 ბრძანება მოვალე საწარმოს საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების თაობაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აგვისტოს შედარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ მოვალე საწარმოს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიმართ ერიცხება დავალიანება ჯამში 208 869.79 ლარის ოდენობით, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 11 ივლისის ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მოვალე საწარმოს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის/არ ყოფილა, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 ივლისის ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომეწრციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, მოვალე კომპანია არ არის და არც ყოფილა რეგირტირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 13 ივლისის ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ მოვალე საწარმოს სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის, სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 ივლისის ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მოვალე საწარმოს უფიქსირდება მოქმედი და დახურული საბანკო ანგარიშები სს „საქართველოს ბანკში“, ინფორმაცია სს „საქართველოს ბანკიდან“, რომლის თანახმადაც, 2022 წლის 27 ივლისის მდგომარეობით, მოვალის ანგარიშზე არის 0.00 ლარი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 15 ივლისის ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მოვალე საწარმოს მონაწილეობით საერთო სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული, მოვალე საწარმოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2022 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით და რწმუნებულება.

ვინაიდან 2022 წლის 15 აგვისტოს განცხადება არ შეესაბამებოდა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, 2022 წლის 16 აგვისტოს, მიღებულ იქნა განჩინება ხარვეზის არსებობის შესახებ და მოვალე საწარმოს განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა განესაზღვრა.

მოვალემ ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოასწორა.

სასამართლო გაეცნო გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ მასალას და მიიჩნევს, რომ მიღებულ უნდა იქნეს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოვალის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მოვალე საწარმოს სახელზე არ არის რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება (ს. ფ. 20), მოვალე საწარმოს საკუთრებაში არა აქვს უძრავი ქონება (ს. ფ. 17), მოვალე საწარმო არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (ს. ფ. 18). სს „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 27 ივლისის მდგომარეობით, მოვალის ანგარიშზე არის 0.00 ლარი (ს. ფ. 22-277). განცხადებაში მითითებულია, რომ საწარმოს საქმიანობა შეწყვეტილია და მოვალეს აღარ აქვს არც შემოსავალი და არც ინტერესი ბიზნესის მიმართ, მოვალე საწარმოს არ ჰყავს დასაქმებულები, მისი მონაწილეობით სასამართლო დავები არ მიმდინარეობს. ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ საწარმოს არა აქვს დებიტორული მოთხოვნები, ხელშეკრულებები, ან მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები (ს. ფ. 291).

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-8 პუნქტის დანაწესის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება და თანდართული ინფორმაცია განმცხადებლის მიერ დადასტურებულია სიმართლესთან შესაბამისობის დეკლარაციით (ს. ფ. 291-292).

ამდენად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესის შესაბამისად, განსახილველი განცხადება შეიცავს მოვალე საწარმოს წარმომადგენლის მიერ მითითებული იმ გარემოების დამადასტურებელ ინფორმაციას, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

ვინაიდან გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებითა და თანდართული ინფორმაციით დგინდება, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რის გამოც, არა თუ ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი, შპს „ვიტო+“-ს უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე, ხოლო კრედიტორებს უნდა განემარტოთ, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-9, მე-19, 45-ე, და 48-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ვიტო+“-ს უარი ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის შპს „ვიტო+“-ის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. შპს „ვიტო+“-ი გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს შპს „ვიტო+“-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

კერძო საჩივრის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება. კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს განჩინების გამომტან სასამართლოში წერილობითი ფორმით (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე