„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 508
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023719
508
26/10/2022
ვებგვერდი, 26/10/2022
300160070.10.003.023719
„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №508

2022 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/02/2016, 300160070.10.003.019106) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“:

1. მე-2 თავის განმარტებების 202-ე ქვეთავის განმარტებების ტერმინ „T ხარისხის“ განმარტების შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ტერმინები:

„სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილე­ბისათვის განკუთვნილი გზა. მიწის ნაკვეთის ტერიტორია, გზა/ქუჩა, კერძო გზა/ქუჩა ან ხიდი, ესტაკადა და სხვა, რომლებზეც  სატრანსპორტო საშუალ­ებების მოძრაობის უსაფრ­თხოების მოთხოვნების დაცვით შესაძლებელია სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექ­ნიკის გადაადგილება.

სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის შენობა-ნაგებობასთან მისა­სვლელი გზა. შენობა-ნაგებობასთან მისასვლელი გზა, რომელზეც შესა­ძლებელია, როგორც სახანძრო და საავარიო-სამ­აშველო ტექნიკის გადაადგილება, ასევე ხანძრის ჩაქრობისა და სამ­აშ­ველო სამუშაოების ჩატარების მიზნით დგომა.

სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკა. ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები, რომლებიც გამოიყენება ხანძრისა და სხვა საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მისი განვითარების შეზღუდვისა და ლიკვიდაციის მიზნით, ასევე წვის ზონაში ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სხვა წყაროებიდან, ცეცხლმაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად.

სახანძრო ავტოკიბეები და ავტო­ამწეები (შემდგომში – ავტოკიბეები). სპეციალური დანიშნულების სახანძრო ავტომობილები, რომლებიც განკუთვნილია ხანძარზე ან სხვა საგანგებო სიტუაციებზე სპეცია­ლუ­რი სამუშაოების, მათ შორის, სიმაღლეზე ადამიანების გადასარჩენად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად.“.

2. მე-9 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 915-ე  და 916-ე ქვეთავები:

 

„ქვეთავი 915 – სახან­ძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადა­ადგილე­­ბისა და მიდგომისათვის შენო­ბ­ა-ნაგებობასთან მისასვლელი გზის დაგეგმარება

 

915.1 ზოგადი. განაშენიანების გეგმის ან/და განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველი სტადიიდანვე გათვალისწინებული უნდა იყოს სახან­ძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადა­ადგილე­­ბისა და შენო­ბ­ა-ნაგებობასთან მისასვლელი გზის დაგეგმარება, ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული ქვეთავის მოთხოვნა არ ვრცელდება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მიმართ.

915.2 განმარტებები. ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განმარტ­ებულია მე-2 თავში.

სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილე­ბისათვის განკუთვნილი გზა.

სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის შენობა-ნაგებობასთან მისა­სვლელი გზა.

სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკა.

სახანძრო ავტოკიბეები და ავტო­ამწეები (შემდგომში – ავტოკიბეები).

915.3 შენობა-ნაგებობის სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე. ამ თავის მიზნებისათვის, შენობა-ნაგებობის სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე განისაზღვრება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის შენობასთან მისასვლელი გზის ყველაზე დაბალი დონიდან შენობის ყველაზე მაღლა მდებარე დაკავებული იატაკის ნიშნულამდე.

915.4 სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილე­ბისათვის განკუთვნილი გზის თავისუფალი სიგანე, სიმაღლე და მოხვევის რადიუსი. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილე­ბისათვის განკუთვნილი გზის თავისუფალი სიგანე, სიმაღლე და მოხვევის რადიუსი უნდა შეესაბამებოდეს დასახლებებში ქუჩის დაგეგმარების მოთხოვნებს, ქვემოთ მოცემული ყველა პირობის გათვალისწინებით:

1. გზის თავისუფალი სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 6 მეტრისა.

2. გზის მთელ სიგანეზე თავისუფალი და ჩაუხერგავი შვეული სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 4,5 მეტრისა.

3. გზის მოხვევის შიდა რადიუსი უნდა იყოს არანაკლებ 6 მეტრისა.

გამონაკლისი:

არსებულ განაშენიანებაში შენობ­ა-ნაგ­ებობასთან მისასვლელი გზის განსაზღვრისას სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის შენობ­ა-ნაგ­ებობასთან მისა­სვლელი გზის სიგანე, შენობა-ნაგებობის სიმაღლიდან გამომ­დინარე, დასაშვებია იყოს:

1. ყველა ჯგუფის შენობა-ნაგებობისათვის, რომელთა სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე არ აღემატება 10 მეტრს – არანაკლებ 3.5 მეტრისა.

2. ყველა ჯგუფის შენობა-ნაგებობისათვის, რომელთა სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე აღემატება 10 მეტრს და არ აღემატება 30 მეტრს – არანაკლებ 4.2 მეტრისა.

915.5  შენობა-ნაგებობასთან სახა­ნძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის მისა­სვლელი გზის რაოდენობა. შენობა-ნაგებობას უნდა ემსახურებოდეს, სულ მცირე, სახა­ნძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ერთი მისა­სვლელი გზა, რომლის დაგეგმარება, აგება და გამოყენება ამ თავს უნდა შეესაბამებოდეს.

915.6  სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის შენობა-ნაგებობასთან მისა­სვლელი გზის დაგეგმარება და აგება. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებიდან და შენობ­ა-ნაგებობის სიმაღლიდან გამომდინარე, შენობ­ა-ნაგ­ებობასთან მისასვლელი გზა ისე უნდა დაგეგმარდეს და აიგოს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს სახანძრო ავტოკიბეების მექანიზმების სრული გაშლა.

915.7  სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისასვლელი გზა შენობასთან, რომლის სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე არ აღემატება 10 მეტრს. ახალი ან არსებული განაშენიანების ტერიტორიაზე სც, თვ, სვ, სქ, სმ, სწ და დს ჯგუფის შენობებთან, რომელთა სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე არ აღემატება 10 მეტრს, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის მისასვლელი გზა უნდა მიდიოდეს შენობის მთავარ შესასვლელ კარამდე არა უმეტეს 15 მეტრის დაშორებით. მისასვლელი გზა უნდა  მოეწყოს ისე, რომ შენობის პირველი სართულის გარე კედლის ნებისმიერი ნაწილი განთავსებული იყოს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის მისასვლელი გზიდან არა უმეტეს 45 მეტრის მანძილზე.

915.8 სახანძრო ავტოკიბეების მისასვლელი გზა შენობასთან, რომლის სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე აღემატება 10 მეტრს. ყველა ჯგუფში შემავალ შენობებთან, რომელთა სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე აღემატება 10 მეტრს, ამ თავით მოთხოვნილი სახა­ნძრო ავტოკიბეების მისასვლ­ელი გზა ისე უნდა დაგეგმარდეს და აიგოს, რომ შესაძლებელი იყოს სახანძრო ავტოკიბეების გაჩერება/დგომა, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

1. თუ შენობის სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე 10 მეტრზე მეტია და არ აღემატება 30 მეტრს, სახა­ნძრო ავტოკიბეების მისა­სვლ­ელი გზა შენობის მხარეს მდებარე გზის კიდიდან თარაზულად შენობის გარე მხარის უახლოეს ნაწილამდე დაცილებული უნდა იყოს არანაკლებ 4.5 მეტრისა და არა უმეტეს 9 მეტრის მანძილით.

2. თუ შენობის სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე 30 მეტრი ან/და მეტია, სახა­ნძრო ავტოკიბეების მისა­სვლ­ელი გზა შენობის მხარეს მდებარე გზის კიდიდან თარაზულად შენობის გარე მხარის უახლოეს ნაწილამდე დაცილებული უნდა იყოს არანაკლებ 9 მეტრისა და არა უმეტეს 12 მეტრის მანძილით.

გამონაკლისი: საფეხუროვანი შენობის შემთხვევაში, ძირითადი შენობის გამოწეული ნაწილის სიმაღლე მიწის დონიდან არ უნდა აღემატებოდეს 15 მეტრს, ხოლო გამოწეული ნაწილის უკიდურესი კედლიდან ძირითადი შენობის გარე მხარის უკიდურეს ნაწილამდე უნდა იყოს 15 მეტრი.

915.9 შენობის ნაწილებთან სახანძრო-ტექნიკის მისაწვდომი თავისუფალი სივრცე ავტოკიბეებისათვის. სადაც შენობის სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე აღემატება 10 მეტრს, შენობის ნაწილებთან მისაწვდომად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახანძრო-ტექნიკის მისაწვდომი თავისუფალი სივრცე, რომლის თავისუფალი სიგანე უნდა იყოს, სულ მცირე, 8 მეტრი.

915.10  შენობა-ნაგებობასთან სახანძრო ავტოკიბ­ეებისათის მისა­სვლელი გზის მოწყობა. შენობა-ნაგებობასთან სახანძრო ავტოკიბ­ეებისათვის მისა­სვლელი გზის დაგეგმარება და აგება უნდა შეესაბამებოდეს 915.11 – 915.13 ქვეთავებს.

915.11  ერთი მხრიდან შენობა-ნაგებობის მთელ სიგრძეზე სახანძრო ავტოკიბ­ეებისათვის მისასვლელი და მისადგომი გზა. ერთი მხრიდან შენობა-ნაგებობის მთელ სიგრძეზე სახანძრო ავტოკიბ­ეებისათვის მისა­სვლელი და მისადგომი გზის მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. სც-2 ჯგუფის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის/შენობებისთვის, რომელთა სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე 30 მეტრს არ აღემატება, სულ მცირე, გზა უნდა მოეწყოს ერთი მხრიდან მთელ სიგრძეზე, გარდა ამ წესების ცხრილ 1021.2(1)-ით განსაზღვრულისა.  

2. სც, თვ, სვ, სქ, დწ და დს ჯგუფებში შემავალი შენობები, რომელთა სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე 23 მეტრს არ აღემატება, სულ მცირე, ერთი მხრიდან მთელ სიგრძეზე გზის მოწყობას.

915.12 ორი მხრიდან შენობა-ნაგებობის მთელ სიგრძეზე სახანძრო ავტოკიბ­ეებისათვის მისა­სვლელი და მისადგომი გზა ორი მხრიდან შენობა-ნაგებობის მთელ სიგრძეზე სახანძრო ავტოკიბ­ეებისათვის მისა­სვლელი და მისადგომი გზის მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. სც-2 ჯგუფის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის, რომელთა სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე 30 მეტრზე მაღლაა, გზა უნდა მოეწყოს ღიობების მქონე ფასადის მხრიდან  შენობის მთელ სიგრძეზე. 

2. სც, თვ, სვ, სქ, დწ და დს ჯგუფებში შემავალი შენობები, რომელთა  სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე 23 მეტრზე მაღლაა, გზა უნდა მოეწყოს, სულ მცირე, ორი მხრიდან მთელ სიგრძეზე, გარდა დწ და სც-1 ჯგუფის უნარშეზღუდულთა და მარტოხელა მოხუცთა თავშესაფრებისა.

915.13  ყველა მხრიდან სახანძრო ავტოკიბ­ეებისათვის მისა­სვლელი გზა. შენობა-ნაგებობის ყველა მხრიდან სახანძრო ავტოკიბ­ეებისათვის მისა­სვლელი გზის მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. სც-1 ჯგუფის უნარშეზღუდულთა და მარტოხელა მოხუცთა თავშესაფრების, დწ-2 ჯგუფის საავადმყოფოების, სგ ჯგუფის შენობებისათვის გზა უნდა მოეწყოს ყველა მხრიდან.

2. სც, თვ, სვ და სქ ჯგუფების შენობებისათვის, რომელთა სიგანე აღემატება 100 მეტრს ან/და  სიმაღლე – 75 მეტრს, გზა უნდა მოეწყოს ყველა მხრიდან.

915.14  სმ და სწ ჯგუფში შემავალ ცალკე მდგომ შენობა-ნაგებობასთან სახანძრო ავტოკიბეებისათვის მისა­სვლელი  გზის მოწყობა. სმ  და სწ ჯგუფში შემავალ შენობა-ნაგებობასთან სახანძრო ავტოკიბ­ეებისათვის მისა­სვლელი გზა უნდა  მოეწყოს:

1. 30 მეტრი და ნაკლები სიგანის მქონე შენობა-ნაგებობის მთელ სიგრძეზე, სულ მცირე, ერთი მხრიდან.

2. 30 მეტრზე მეტი სიგანის მქონე შენობა-ნაგებობის მთელ სიგრძეზე, სულ მცირე, ორი მხრიდან.

915.15 დსშ ჯგუფი. დსშ ჯგუფში შემავალ შენობა-ნაგებობას უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, ორი მხრიდან სახანძრო ავტოკიბ­ეებისათვის მისასვლელი გზა.

915.16 სახანძრო ავტოკიბეების დგომის ადგილის დახრა. სახანძრო ავტოკიბეების ხანძრის ჩაქრობისა და სამ­აშ­ველო სამუშაოების ჩატარების მიზნით, შენობასთან დგომის ადგილის დახრა არ უნდა აღემატებოდეს  10%-ს.

915.17   10%-ზე მეტი დახრა. თუ შეუძლებელია, სახანძრო ავტოკიბეების ხანძრის ჩაქრობისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით, შენობასთან დგომის ადგილისათვის არა უმეტეს 10%-მდე დახრის მოწყობა, ასეთ შემთხვევაში შენობის სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მეტრს.

915.18   10%-ზე მეტი დახრის მქონე სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილე­ბისათვის განკუთვნილი გზა. თუ, არსებული მდგომარეობიდან ან რელიეფის თავისებურებებიდან გამომდინარე, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილე­ბისათვის განკუთვნილი მისადგომი გზის დახრა აჭარბებს 10%-ს, იგი არ უნდა გამოიყენებოდეს სახანძრო ავტოკიბეების  დგომის ადგილად.

915.19  საავტომობილო შესასვლელი. სმ და სწ ჯგუფების შენობა-ნაგებობებს, რომელთა ტერიტორიის შემოღობილი ფართობი 5 ჰექტარზე მეტია, უნდა ჰქონდეს ორი დამოუკიდებელი შესასვლელი, რომლებიც ერთმანეთისგან დაცილებული უნდა იყოს ტერიტორიის  ყველაზე დიდი დიაგონალის ნახევარზე მეტი მანძილით.

915.20 ჭიშკრის სიგანე. შენობა-ნაგებობის შემოღობილ ტერიტორიაზე შესასვლელი ჭიშკრის მოწყობის შემთხვევაში, ჭიშკრის სიგანემ უნდა უზრუნველყოს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის დაუბ­რკო­ლებელი გადაადგილება და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4.5 მეტრს, ხოლო ჩაუხერგავი შვეული სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 4,5 მეტრისა.

915.21 სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილე­ბა. ყველა ჯგუფის შენობების შემოზღუდული ან ნახევრად შემოზღუდული შიგა ეზოების მოწყობისას, რომელთა ფართობი 250 მ2-ს აღემატება, გათვალისწინებული უნდა იყოს ეზოში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილე­ბისათვის განკუთვნილი გზის მოწყობა.

915.22 შენობა-ნაგებობის გამჭოლი გასასვლელების სიგანე და სიმაღლე. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილე­ბისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის გამჭოლი გასასვლელების (მათ შორის, თაღის) სიგანე უნდა იყოს არა ნაკლებ 6 მეტრისა, ხოლო სიმაღლე 4.50 მეტრისა.

გამონაკლისი: კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებისათვის დასაშვებია შენარჩუნებულ იქნეს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის შიდა ეზოებში გადაადგილებისათვის განკუთვნილი გამჭოლი გასასვლელების არსებული ზომები.

915.23 ჩიხები და მოსაბრუნებელი მოედნები. სახანძრო-ტექნიკის მისადგომ ჩიხურ გზებს, რომელთა სიგრძე აღემატება 45 მეტრს, უნდა ჰქონდეს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთის შესაბამისი სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის მოსაბრუნებელი:

1. ჩიხის ბოლოში მოსაბრუნებლად გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი გზა, რომლის გარე რადიუსი, სულ მცირე, 15 მეტრია, ხოლო შიგა რადიუსი არა უმცირეს 7.5 მეტრია.

2. ჩიხის ბოლოში მოსაბრუნებლად გათვალისწინებული უნდა იყოს მოედანი, რომლის ზომებია, სულ მცირე, 15მ×15მ-ზე.

3. ჩიხის ბოლოში მოსაბრუნებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ჩიხის ბოლოდან თანაბრად გადანაწილებული, არა უმცირეს 36 მეტრის სიგრძის T-ფორმის  მოსაბრუნებელი გზა.

4. ჩიხის ბოლოში მოსაბრუნებლად გათვალისწინებული უნდა იყოს Y-ფორმის მოსაბრუნებელი გზა, რომლის თითოეული მხარის სიღრმე არა უმცირეს 18 მეტრია.

5. 150 მეტრზე მეტი ჩიხური მონაკვეთის მოწყობა დაუშვებელია.

915.24  შენობა-ნაგებობის გადახურვა, რომელიც განკუთვნილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შენობა-ნაგებობასთან ან მის ნაწილთან მისასვლელად. შენობა-ნაგებობის გადახურვამ, რომელიც განკუთვნილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შენობა-ნაგებობასთან ან მის ნაწილთან მისასვლელად, უნდა გაუძლოს არანა­კლებ 16 ტონა დატვირთვას სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ერთ ღერძზე.

915.25 სახანძრო-ტექნიკის მისადგომი გზების ჩახერგვა. სახანძრო-ტექნიკის მისადგომი გზები არ უნდა ჩაიხერგოს არცერთ შემთხვევაში, მათ შორის, ავტოსადგომი სივრცეებით. შესაბამისი მინიმალური სიგანე, თავისუფალი სიმაღლე და მოხვევის რადიუსი ყოველთვის უნდა იქნეს შენარჩუნებული.

გამონაკლისი:

იმ შემთხვევაში, თუ განაშენიანების ტერიტორიაზე არსებული რელიეფი ან/და ტერიტორიის უკვე არსებული კეთილმოწყობა ვერ უზრუნველყოფს ამ ტექნიკური რეგლამენტის 915-ე ქვეთავის მოთხოვნების დაცვას, დასაშვებია შენობა-ნაგებობის ყველა მხრიდან სახა­ნძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის მისასვლელი გზის მოწყობის საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა, გარდა ამ თავის 915.5 ქვეთავით დადგენილი პირობისა. ასეთ შემთხვევაში, სახანძრო-უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, აკრედიტებული ორგანოს/სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ შედგენილი კონცეფციის საფუძველზე.

                                                                

ქვეთავი – 916 მაღლივი შენობებისთვის სახანძრო-სამაშველო კაბინისათვის მოედნის მოწყობა

 

916.1 შვეულმფრენის მეშვეობით ევაკუაციისთვის განკუთვნილი სახანძრო-სამაშველო კაბინის მოედანი. შვეულმფრენის მეშვეობით ევაკუაციისთვის განკუთვნილი სახანძრო-სამაშველო კაბინის მოედნის დაგეგმარება, აგება და გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს ამ ქვეთავს.

916.2 სახანძრო-სამაშველო კაბინის მოედნის საჭიროება. 75 მეტრზე მაღალი შენობის სახურავზე, ადამიანთა ევაკუაციის მიზნით, უნდა მოეწყოს სახანძრო-სამაშველო კაბინისთვის განკუთვნილი, სულ მცირე, ერთი მოედანი.

916.3 სახანძრო-სამაშველო კაბინის მოედნისადმი მოთხოვნები. სახანძრო-სამაშველო კაბინის მოედანი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:

1. სახანძრო-სამაშველო კაბინის მოედანი უნდა იყოს არანაკლებ 5მ×5მ (25მ2) ზომის/ფართობის და განთავსდეს სახურავის შუა ნაწილში.

2. სახანძრო-სამაშველო კაბინის მოედანი უნდა უძლებდეს, სულ მცირე, 25 კნ (2500 კგ) საერთო დატვირთვას.

3. სახანძრო-სამაშველო კაბინის მოედნის ზედაპირის დახრა არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს.

4. სახანძრო-სამაშველო კაბინის მოედნის ცენტრიდან, არა უმცირეს 10 მეტრის რადიუსში უნდა იქმნებოდეს თავისუფალი სივრცე და ასეთი თავისუფალი სივრცის მიღმა დასაშვებია მოედნიდან არა უმეტეს 3 მეტრ სიმაღლემდე შენობის ნაწილების განთავსება.

5. სახანძრო-სამაშველო კაბინის მოედნის ზემოთ, თავისუფალ სივრცეში, აკრძალულია ანძების, ელექტროსადენებისა და სხვა გაყვანილობების განთავსება.

6. სახანძრო-სამაშველო კაბინის მოედნის პერიმეტრი უნდა მოინიშნოს 300 მმ სიგანის ყვითელი ზოლით.

916.4 სახანძრო-სამაშველო კაბინის მოედნის გასასვლელი საშუალებები. სახანძრო-სამაშველო კაბინის მოედნის გასასვლელი საშუალებები უნდა უზრუნველყოფდეს ყველა აუცილებელი გასასვლელის გზა-კიბესთან მისადგომს და უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი