საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1981-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016086
1981-IXმს-Xმპ
02/11/2022
ვებგვერდი, 03/11/2022
010190030.06.001.016086
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-40 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს ფრაქციის მიმართვიდან ან კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა უგზავნის კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს კომიტეტის სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. კომიტეტი მოწვეულ პირს უსმენს ამ ვადის გასვლიდან პირველსავე კომიტეტის სხდომაზე. ამ წესის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პერიოდულად შეისწავლის კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხს. ამ მიზნით პარლამენტის კომიტეტები კალენდარული წლის ყოველი მესამე თვის (მარტი, ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უგზავნიან ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვას კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე ინფორმაციას კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის გამართვის თაობაზე. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამ პუნქტით კომიტეტებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 15 დღეში შეისწავლის მიღებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას, მათ შორის, შეიმუშავებს რეკომენდაციებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

10. ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვა კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნები, აგრეთვე მოწვეული თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე მოსმენის აუდიოჩანაწერი ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.“.

2. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. კომიტეტის თავმჯდომარე ამ მუხლით გათვალისწინებულ კომიტეტის გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა უგზავნის შესაბამის თანამდებობის პირს.“.

3. 148-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თითოეული ორგანო, თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 10 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. ეს ვადა  კითხვის ავტორისადმი ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს 10 დღით. კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრი.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კალენდარული წლის თებერვლისა და ყოველი მომდევნო მესამე თვის (მაისი, აგვისტო, ნოემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.“.

4. 149-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება, როგორც წესი, მორიგი სესიის განმავლობაში ყოველი თვის (გარდა დეკემბრისა და ივნისისა) პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს და უპასუხებს ყველა შეკითხვას, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.“.

5. 153-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინისტრის საათი გულისხმობს წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას. აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს წარედგინება საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე არაუგვიანეს 5 დღისა.

2. საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების პარლამენტის წინაშე წარდგომის განრიგს მთავრობის წევრებთან შეთანხმებით და პარლამენტის კომიტეტების ინიციატივების გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ადგენს პარლამენტის ბიურო. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია განრიგში ცვლილების შეტანა. განრიგი ისე უნდა შედგეს, რომ  სულ მცირე პლენარული სხდომების ყოველ 2 კვირაში ერთხელ (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის კვირისა) გაიმართოს 1 მინისტრის საათი მაინც. ამასთანავე, დაუშვებელია 1 დღეს 2-ზე მეტი მინისტრის საათის გამართვა.“.

6. 155-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტის წევრი უფლებამოსილია კომიტეტს წარუდგინოს შემოსული განცხადებების ანალიზის, მიმდინარე მოვლენების, საჯარო ინტერესისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით მომზადებული თემატური მოკვლევის საკითხი/საკითხები. აღნიშნულ საკითხზე/საკითხებზე მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომიტეტი.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თემატური მოკვლევის ჯგუფი მოკვლევის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ამზადებს დასკვნას, რომელიც წარედგინება პარლამენტის ბიუროს ან შესაბამის კომიტეტს. ეს ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. აღნიშნული დასკვნა პარლამენტის ბიუროს წარედგინება, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით თემატური მოკვლევის ჯგუფი სხვადასხვა კომიტეტის წევრებისგან შედგება ან საკითხზე მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის მუდმივმოქმედმა საბჭომ მიიღო. თუ საკითხზე მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტმა მიიღო, თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა წარედგინება კომიტეტს. კომიტეტი უფლებამოსილია ეს დასკვნა წარუდგინოს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე შესაბამისი კომიტეტი ან პარლამენტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს ან ახორციელებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. კომიტეტის, პარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ეგზავნება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.“.

 7. 171-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშს. აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2–მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

2 ნოემბერი 2022 წ.

N1981-IXმს-Xმპ