აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/504
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 08/12/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2022
სარეგისტრაციო კოდი
1-1/504
08/12/2022
ვებგვერდი, 14/12/2022
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/504

2022 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2022 წლის 2 აგვისტოს №01/2396 განცხადება – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და, 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი), ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების (I ლოტი - ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი) პროექტს (შემდგომში - პროექტი).

პროექტის დაფინანსება ხორციელდება არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ, საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის გაფორმებული 2017 წლის 17 იანვრის სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი გადის რთულ გეოგრაფიულ-გეოლოგიურ პირობებში. ამჟამად, გზა ცუდ მდგომარეობაშია და საჭიროებს რეაბილიტაციას, ზოგიერთი უბნის რეკონსტრუქციასთან ერთად. აღნიშნული გზის მონაკვეთზე არსებული გზის საფარი ძირითადად ხრეშიანია, გზის ცალკეულ მონაკვეთებში საფარი ასფალტბეტონისაა, რომელიც გაცვეთილია, დაორმოებულია და  დაზიანებული. გზის სავალი ნაწილი, სადრენაჟო სისტემის არარსებობის გამო ჩახრამულია, დარღვეულია განივი პროფილის ქანობები, საფარის ზედაპირზე აღინიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები და დეფექტები. წყალგამტარი მილები მოითხოვს გაწმენდას და აღდგენას, მათი უმრავლესობა უნდა შეიცვალოს ახლით. აღსადგენია არსებული ხიდები, მრუდების გასწორების მიზნით, საჭიროა გზის ვაკისის  ზოგიერთ ადგილას ლოკალური ჩანაცვლება და ახალი ხიდების მშენებლობა.

პირველი ლოტი (საგზაო მონაკვეთი ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე (გზის მე-80 და 110-ე კილომეტრებს შორის) იწყება ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-80 კილომეტრთან, სოფ. ხულოს მახლობლად, გაივლის რამდენიმე პატარა სოფელზე და მთავრდება გზის 110-ე კილომეტრზე მდინარე გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალ აღმართზე. მონაკვეთის მაღალმთიან ნაწილში ხშირია სერპანტინები და აგრეთვე არსებობს რამდენიმე მკვეთრად დაქანებული უბანი. მოცემულ საგზაო მონაკვეთს, რომლის სრული სიგრძე მიახლოებით 30 კმ-ს შეადგენს, გააჩნია ლოკალურად ძლიერი და დაზიანებული ასფალტის საფარი. ეს მონაკვეთი დაახლოებით 25-30 წლისაა და მოგრძო უბნებზე მოხრეშილ საფარიან გზამდეა დასული ასაკისა და არასაკმარისი მოვლა-შენახვის შედეგად. მონაკვეთის უდიდესი ნაწილი არასათანადო მდგომარეობაშია, რაც ძალზედ ართულებს ჩვეულებრივი სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობას. გზის ორივე მხარეს  შეიმჩნევა მეწყერული პროცესები.

პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული ვალერი პაქსაძის (პ/ნ 61009009349), თამარა პაქსაძის (პ/ნ 61009024067), ლევან პაქსაძის (პ/ნ 61009017415) და მერი პაქსაძის (პ/ნ 61009009348) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის (ს/კ№23.01.32.052) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და  დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. 

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების (I ლოტი - ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი) პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ დანისპარაულში მდებარე 7 000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №23.01.32.052) თანამესაკუთრეები არიან: ვალერი პაქსაძე (პ/ნ 61009009349), თამარა პაქსაძე (პ/ნ 61009024067), ლევან პაქსაძე (პ/ნ 61009017415) და მერი პაქსაძე (პ/ნ 61009009348).

დადგენილია, რომ  პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ვალერი პაქსაძის, თამარა პაქსაძის, ლევან პაქსაძის და მერი პაქსაძის თანასაკუთრებაში  არსებული უძრავი ქონების ნაწილი - 482 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობი (ღობე) და მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ №23.01.32.052).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან,  დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების  ჩამორთმევის  საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად,  „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით   შექმნილი კომისიის  2022 წლის 2 დეკემბრის №7 ოქმის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების (I ლოტი - ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი) პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ,  ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დანისპარაულში მდებარე ვალერი პაქსაძის (პ/ნ 61009009349), თამარა პაქსაძის (პ/ნ 61009024067), ლევან პაქსაძის (პ/ნ 61009017415) და მერი პაქსაძის (პ/ნ 61009009348) თანასაკუთრებაში არსებულ 7 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე  - 482 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ ნაგებობასა (ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ №23.01.32.052).

2.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

მინისტრი                                                                           ლევან დავითაშვილი