„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017647
7
13/01/2023
ვებგვერდი, 16/01/2023
200090000.22.033.017647
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №7

2023 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხული პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება

1. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის  საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება გულისხმობს  შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი სტატუსის დაფიქსირებას.

2. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების საფუძველია:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს/საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პირის გარდაცვალების თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის მოწოდებული ინფორმაცია;

ბ) დაინტერესებული პირის მიერ გარდაცვლილი პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების შესახებ წარდგენილი განცხადება, პირის გარდაცვალების მოწმობასთან ერთად.  გარდაცვალების მოწმობას, თუ იგი გაცემულია უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, უნდა ერთვოდეს ნოტარიული წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

3. გაერთიანების, ამხანაგობის და სხვა მსგავსი წარმონაქმნის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარედგინება:

ა)  საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მონაწილეთა გადაწყვეტილება ან/და

ბ) საქმიანობის შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.

4. უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის, მისი მუდმივი დაწესებულების, აგრეთვე არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად შექმნილი კორპორაციების, კომპანიების, ფირმების და სხვა მსგავსი წარმონაქმნების  საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარედგინება ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დადასტურებული საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება – მხოლოდ მისი ნოტარიულად დადასტურებული თარგმანი ქართულ ენაზე.

5. დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარედგინება  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქმიანობის შეწყვეტის ფაქტი.

6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის და საბიუჯეტო ორგანიზაციის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარედგინება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

7.  საგადასახადო ორგანო, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას, ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადასახადის გადამხდელთა რეესტრში.

8. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვა უქმდება საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოში შესაბამისი დოკუმენტის წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი.

9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვა უქმდება პირის გარდაცვალების თარიღიდან.

10. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვა უქმდება:

ა) პირის მიერ საქმიანობის შეწყვეტის თარიღიდან;

ბ) საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე ადმინისტრაციული წარმოების/სამართალწარმოების დასრულების თარიღიდან.

11. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვა უქმდება ამ პირების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თარიღიდან.

12. თუ საგადასახადო ორგანოსათვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პირების საქმიანობის შეწყვეტის  შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღნიშნულ პირებს საგადასახადო აღრიცხვა გაუუქმოს საკუთარი ინიციატივით.

13.  ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს (გარდა ფიზიკური პირისა)  საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება უკვე დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელთა რეესტრში;

ბ) სრულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები;

გ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები პირის შესაბამისი უფლებამოსილება ან/და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის გადაწყვეტილებაუნარიანობა;

დ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე განცხადება არ არის წარდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ;

ე) პირს, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საბიუჯეტო ორგანიზაციისა და დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციისა, გააჩნია საგადასახადო დავალიანება;

ვ) მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება ან გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ;

ზ)  პირს გააჩნია რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება;

თ) პირს რეგისტრაციიდან არ მოუხსნია საკონტროლო-სალარო აპარატი;

ი) პირს არ განუხორციელებია ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის განაშთვა;

კ) პირს არ განუხორციელებია მატერიალური ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) განაშთვა;

ლ) პირს საბანკო დაწესებულებაში არ აქვს დახურული ბოლო საბანკო ანგარიში.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ბ-დ“ და „თ-ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს მიეცემა არანაკლებ 15 დღე არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. 

15. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებისას, შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელი ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი