„შპს იხტიოსი“, ზაზა პატარიძე, ნიკოლოზ ბერიაშვილი, შალვა ონიანი, ვახტანგ კობეშავიძე და მანანა ხარხელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

„შპს იხტიოსი“, ზაზა პატარიძე, ნიკოლოზ ბერიაშვილი, შალვა ონიანი, ვახტანგ კობეშავიძე და მანანა ხარხელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/3/1421,1448,1451
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 11/04/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016813
2/3/1421,1448,1451
11/04/2023
ვებგვერდი, 13/04/2023
000000000.00.000.016813
„შპს იხტიოსი“, ზაზა პატარიძე, ნიკოლოზ ბერიაშვილი, შალვა ონიანი, ვახტანგ კობეშავიძე და მანანა ხარხელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/3/1421,1448,1451

2023 წლის 11 აპრილი

 ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ხვიჩა კიკილაშვილი წევრი;

თეიმურაზ ტუღუშიწევრი.

სხდომის მდივანი : მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება : შპს იხტიოსი“, ზაზა პატარიძე, ნიკოლოზ ბერიაშვილი, შალვა ონიანი, ვახტანგ კობეშავიძე და მანანა ხარხელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი : ) №1421 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268- მუხლის 11 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ) №1448 და №1451 კონსტიტუციურ სარჩელებზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268- მუხლის 11 ნაწილის პირველი წინადადებისა და 269- მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები : მოსარჩელე მხარის, „შპს იხტიოსისწარმომადგენელი – კონსტანტინე ბოხუა; მოსარჩელე ზაზა პატარიძე და მისი წარმომადგენელი რევაზ რიჟამაძე; მოსარჩელე მხარის, მანანა ხერხელის წარმომადგენელი – რევაზ რიჟამაძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა, რუსუდან მუმლაური, ლევან ღავთაძე და ხატია პაპიძე.

 I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1421) მომართა „შპს იხტიოსმა“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1448) მომართეს ზაზა პატარიძემ, ნიკოლოზ ბერიაშვილმა, შალვა ონიანმა და ვახტანგ კობეშავიძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1451) მომართა მანანა ხარხელმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის №2/1/1421, №2/2/1448 და №2/3/1451 საოქმო ჩანაწერებით №1421, №1448 და №1451 კონსტიტუციური სარჩელები ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №2/3/1451 საოქმო ჩანაწერით, დასახელებული სამი კონსტიტუციური სარჩელი გაერთიანდა ერთ საქმედ. №1421, №1448, №1451 კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2021 წლის 27 ოქტომბერს.

2. №1421 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-4 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებები, მე-5 პუნქტის პირველი წინადადება, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, 31- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-3 პუნქტის პირველი წინადადება, 34- მუხლი, 59- მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის პირველი წინადადება, მე-60 მუხლის პირველი პუნქტი და მე-4 პუნქტისქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი, 31- მუხლის პირველი პუნქტი, 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი.

3. №1448 და №1451 კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 273, 31- და 39- მუხლები.

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268- მუხლი განსაზღვრავს იმ გადაწყვეტილებების ჩამონათვალს, რომლებიც სასამართლოს შეუძლია გადასცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. თავის მხრივ, აღნიშნული კოდექსის 268- მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას, მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269- მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

6. საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის კონსტიტუციური უფლება.

7. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავო ნორმა მხარეთა შეთანხმების ფარგლებში აქცევს საპროცესო მოქმედებების შესრულებას და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც რისკის ქვეშ აყენებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიაზრებს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და იმგვარი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც აღსრულებადია. შესაბამისად, მხარეთა შეთანხმების ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობა ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოსარჩელე განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებში მხარეთა ავტონომიური ნების პირობებშიც კი, დაუშვებელია, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი საერთოდ იყოს მხარეთა შეთანხმების საგანი.

8. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი მხარის სასარგებლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა ბათილი სახელშეკრულებო პირობაა. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების, როგორც საგამონაკლისო საპროცესო ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისას არ ითვალისწინებს მოპასუხის ან სხვა კერძო პირის ინტერესებს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას, გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიების პროპორციულობის შეფასების ტესტი. მოსარჩელეების განმარტებით, მოსამართლე იმ შემთხვევაშიც ვალდებულია, გამოიყენოს აღნიშნული სახის გადაწყვეტილება, როდესაც მიიჩნევს, რომ ზარალის უზრუნველყოფის მიუხედავად, დაუყოვნებლივი აღსრულება მომეტებულად ზღუდავს პირის უფლებას.

9. მოსარჩელე მხარის მითითებით, სახელშეკრულებო დავის გადაწყვეტისას სასამართლო იკვლევს თავად ხელშეკრულების შინაარსს და, შესაბამისად, განსაზღვრავს, თუ რამდენად ითვალისწინებს იგი დაუყოვნებლივ აღსრულებას. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულების შესაბამისი ნორმა აშკარად დისკრიმინაციულია ან/და ქმნის არაერთგვაროვანი განმარტების საშუალებას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მხარეები როგორ ახსნიან ამგვარ მდგომარეობას, მიზეზებს, გამოვლენილი ნების ნამდვილობას და სხვა. ამდენად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი არ არის ფორმალური ხასიათის და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა, საჭიროებდეს საკითხის გამოკვლევას. შესაბამისად, მოსარჩელეების პოზიციით, აღნიშნული გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღება ასევე არღვევს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

10. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

11. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, ზოგადად, მხარეთა უფლება, ხელშეკრულებით შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე, აღმჭურველი ხასიათისაა. შესაბამისად, სადავო ნორმა ადგენს არაერთი რომელიმე მხარის ინტერესის საწინააღმდეგო წესს, არამედ ორივე მხარის ნებელობის შემთხვევაში, იძენს პრაქტიკულ შინაარსს. მოპასუხე მხარის განმარტებით, აღნიშნული ნორმის მიზანია მხარის დარღვეულ უფლებებში სწრაფად აღდგენა და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება. ამავდროულად, სადავო ნორმა მიზნად ისახავს მხარეთა კერძო ავტონომიის და დისპოზიციურობის პრინციპის უზრუნველყოფას.

12. მოპასუხე მხარის მითითებით, მხარეები, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე შეთანხმების დროს, ითვალისწინებენ იმ რისკებს და შესაძლო შედეგს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას მოჰყვება. ამასთან, სადავო ნორმის საფუძველზე, მხარეს არ ერთმევა სამართლიანი სასამართლოს გარანტიებით სარგებლობის უფლება, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე და 375-ე მუხლების საფუძველზე, დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს და, იმავდროულად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს, გადაავადოს ან საერთოდ გააუქმოს დაუყოვნებლივი აღსრულება.

13. დამატებით, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ მხარის სასარგებლოდ, რომლის წინააღმდეგაც მოხდა დაუყოვნებლივი აღსრულების გამოყენება, მას შეუძლია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ან/და დამდგარი შედეგის აღმოფხვრა, რაც აძლევს პირს სრული რესტიტუციის საშუალებას. იმავდროულად, თუ კონკრეტულ მხარეს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების რომელიმე პირობა არ არის ნამდვილი, იგი დაიდო მოტყუებით ან სათანადო ცოდნის გარეშე, მხარეს შეუძლია, მოითხოვოს ამ ხელშეკრულების როგორც მთლიანად ბათილობა, ასევე ხელშეკრულების კონკრეტული ნაწილის ან/და კონკრეტული პუნქტის ბათილობა.

14. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პოზიციით, სადავო ნორმით საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვეტა ემსახურება პროცესის ეკონომიურობის პრინციპს. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო შემოიფარგლება მარტოოდენ იმის შემოწმებით, ხელშეკრულება ითვალისწინებს თუ არა მხარეთა შეთანხმებას, რა დროსაც არ არსებობს ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საჭიროება. შესაბამისად, ზეპირი მოსმენის არსებობის შემთხვევაშიც, მხარე გავლენას ვერ მოახდენს საკითხის გადაწყვეტაზე. მოპასუხე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა აკმაყოფილებს სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნებს.

15. №1421, 1448 და 1451 კონსტიტუციურ სარჩელებზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარმოადგინეს გიორგი რუსიაშვილმა და „შპს ბიგვავა ბატიაშვილმა“. სასამართლოს მეგობრის პოზიციით, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიაზრებს საქმის, მინიმუმ, ერთი ინსტანციით განხილვის შესაძლებლობას. ამდენად, აპელაციისა თუ კასაციის შეზღუდვა საკანონმდებლო დონზე არ წარმოადგენს ძირითადი უფლების შეზღუდვას. გარდა აღნიშნულისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე და 375-ე მუხლების თანახმად, დაუყოვნებლივი აღსრულების განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, ასევე შესაძლებელია საერთო სასამართლოთა მიერ აღსრულების შეჩერებაც. შესაბამისად, სასამართლოს მეგობრის მითითებით, არასწორია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს ერთმევა ორი ინსტანციით საქმის განხილვის შესაძლებლობა.

16. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, დაუყოვნებელი აღსრულების საკითხი წარმოადგენს ინდივიდის სახელშეკრულებო თავისუფლების ნაწილს და მისი არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს ჩარევას ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპში. ამავდროულად, სასამართლოს მეგობრის არგუმენტაციით, სამოქალაქო სამართალი იცნობს მთელ რიგ ბევრად უფრო ინტენსიურ ინსტიტუტებს, რომელთა ფარგლებშიც მხარეს უფლება აქვს, სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით, უარი თქვას/შეიკვეცოს საკუთარი უფლებები. მისი მოსაზრებით, კანონმდებელი ვერ მოსთხოვს ინდივიდს საკუთარი ინტერესების იმაზე მეტად დაცვას, ვიდრე ის თავად თვლის საჭიროდ.

  II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება

1. №1421, №1448 და №1451 კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების და 269-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, „ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები“. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი. იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, იზღუდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური გასაჩივრების უფლება, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლებრივ კომპონენტს წარმოადგენს. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო რეგულირება, ამ თვალსაზრისით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

3. გარდა ამისა, №1448 და №1451 კონსტიტუციური სარჩელების დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 წინადადება. ხსენებული სადავო ნორმის თანახმად, თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი არ იქნა განხილული იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. შესაბამისად, დასახელებული ნორმა სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხი განიხილოს და გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის ჩატარების და ამ საკითხზე მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის გარეშე. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ხსენებულ საკითხზე ზეპირი მოსმენის ჩაუტარებლობა ხელყოფს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

4. მაშასადამე, მოსარჩელე მხარეთათვის პრობლემურია სადავო ნორმების საფუძველზე სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტის შეზღუდვა. აღნიშნულის გამო, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელებით საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დასმული საკითხები მიზანშეწონილია, შეფასდეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

2.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცული სფერო

5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

6. საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად – ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არსებობს სწორედ კონსტიტუციით დამკვიდრებულ ინსტიტუციურ სისტემაში. კერძოდ, უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსტრაქტული და მოიაზრებს უფლების დაცვის შესაძლებლობას კონსტიტუციის ინსტიტუციური სისტემით განსაზღვრული სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით, კონსტიტუციაში მოცემული ინსტიტუციური მოთხოვნების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი(დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები –ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68). ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მართლმსაჯულების ინსტიტუციური გარანტიების, საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით უფლების დაცვის შესაძლებლობა კი, მათ შორის, გულისხმობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამავე სისტემის ზემდგომ ინსტანციაში.

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება იზღუდება, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ფორმალურად ახდენს უფლების რეალიზაციის რეგლამენტირებას, მაგრამ სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორების გამო მისი ეფექტიანი, ქმედითი განხორციელება ვერ ხდება. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

9. მაშასადამე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს ისეთი სამართლებრივი მექანიზმის არსებობას, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს, სასამართლოსადმი მიმართვის გზით, უფლებების დაცვას და დარღვეული უფლებების აღდგენას. გასაჩივრების უფლებასთან მიმართებით, ეფექტიანობა მოიაზრებს ზედა ინსტანციის სასამართლოს შესაძლებლობას, ჰქონდეს ადეკვატური საპროცესო მექანიზმები, რათა მოახდინოს სათანადო რეაგირება, მათ შორის, სადავო საკითხის გადაწყვეტისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორების თვალსაზრისით. შესაბამისად, პირს, რომელსაც კანონი აღჭურავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით, იმავდროულად, უნდა გააჩნდეს რეალური შესაძლებლობა, გამოხატული ქმედით სამართლებრივ ბერკეტებში, ეფექტიანად დაიცვას საკუთარი უფლებები.

10. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილია სასამართლოსადმი ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება. საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც ზღუდავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანი გასაჩივრების შესაძლებლობას, გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებაში ჩარევას და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას.

2.2. სადავო ნორმის შინაარსის, უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი აწესრიგებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ჩამოთვლის იმ საქმეებს, რომლებიც სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით, მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს. ხოლო, სადავო ნორმა ადგენს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ვალდებულებას, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე დროს, ხსენებულ შემთხვევაში, გამოირიცხება მოსარჩელისათვის გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის მოთხოვნა.

12. მოქმედი კანონმდებლობით, როგორც წესი, იძულებით აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ანუ გადაწყვეტილება, რომელზედაც ამოწურულია პირდაპირი გასაჩივრების მექანიზმები. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება აღნიშნული ზოგადი წესიდან გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს. ხსენებული ინსტიტუტი გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილება აღსრულდება, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ, ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების გზით, მიაღწიონ მის შეცვლას.

13. უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საერთო სასამართლოები ახორციელებენ მართლმსაჯულებას. შესაბამისად, კონსტიტუციის მიხედვით, სწორედ მათ აქვს მინდობილი მანდატი, სამართლის საფუძველზე გადაწყვიტონ ესა თუ ის სახელშეკრულებო დავა. ამავე დროს, ეფექტური მართლმსაჯულება თავის თავში მოიაზრებს სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების აუცილებლობას. შესაბამისად, ის, რომ სამართლის საფუძველზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, კონსტიტუციის პირდაპირი მოთხოვნაა. გადაწყვეტილების დროული აღსრულება პირდაპირ განაპირობებს მართლმსაჯულების დროულობასა და ეფექტიანობას.

14. სწრაფ და ეფექტიან მართლმსაჯულებასთან ერთად, კონსტიტუცია ასევე განამტკიცებს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. გადაწყვეტილების სამართალთან შეუსაბამობის სასამართლოს გზით დამტკიცება წარმოადგენს მექანიზმს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, პირმა მოითხოვოს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების თავიდან აცილება.

15. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ გასაჩივრების ან/და სხვა მექანიზმების გამოყენებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროში ხელოვნური გახანგრძლივება კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს არ წარმოადგენს. კონსტიტუცია გასაჩივრების უფლებას განამტკიცებს სამართლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების გაუქმების და არა სამართლის შესაბამისი გადაწყვეტილების დროში მოქმედების ეფექტის გადავადების მიზნით. ამრიგად, ბუნებრივია, მანამ, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს და, შესაბამისად, არსებობს მისი სისწორის პრეზუმფცია, ასევე სახეზეა მისი აღსრულების კონსტიტუციით დაცული ინტერესიც, მიუხედავად იმისა, გასაჩივრებულია თუ არა იგი. ამდენად, სადავო ნორმის საფუძველზე, უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რამდენად ახდენს გავლენას გადაწყვეტილების აღსრულება მის გასაჩივრებაზე.

16. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, როგორც წესი, ვერ შეაფერხებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილად გამოკვლევასა და სათანადოდ გადაწყვეტას. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე მოითხოვს, რომ სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ეფექტიანად მოახდინოს პირის ინტერესების დაცვა. შესაბამისად, სწორედ გასაჩივრების უფლებით არის დაცული, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამ არ დააყენოს ისეთი შედეგი, რომელიც, თავისი ბუნებით, შეუქცევადი იქნება, რომლის გამოსწორება ვერ მოხდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც კი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან ერთად, რამდენად ითვალისწინებს კანონი გამოუსწორებელი შედეგის დადგომის პრევენციას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

17. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლი, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ, სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. მოცემული ვადის ათვლა იწყება მხარისათვის განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავდროულად, განჩინების გასაჩივრება ავტომატურად არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს შესაძლებლობას, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შეაჩეროს გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულება.

18. ამასთან, დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების წესის არსებობის მიღმა, მხარეს აგრეთვე ენიჭება უფლება, სააპელაციო საჩივრის წარდგენისას/განხილვისას იშუამდგომლოს აღსრულების დროებით შეჩერების, აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გაუქმების ან/და უზრუნველყოფის გარანტიების გამოყენების მოთხოვნით. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით“. მაშასადამე, განხილული ნორმატიული მოცემულობის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია: 1. გარკვეული ვადით შეაჩეროს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული და სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება; 2. გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები; 3. გააგრძელოს აღსრულება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, რომლის ათვლაც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. იმავდროულად, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს რაიმე სპეციალურ, დროში შემჭიდროებულ პროცედურას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების ან სხვა მასთან დაკავშირებული შუამდგომლობის განხილვასთან დაკავშირებით.

19. ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებების გასაჩივრებისას, სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი. კერძოდ, საკასაციო სასამართლო, ცალკეულ საქმეებში, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული მექანიზმის იმპერატიულ შინაარსზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას, შეაჩეროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. მაგალითად, საქართველოს საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-415-2020). სხვა საქმეებზე კი, სასამართლო მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობაზე – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დააბალანსოს დაპირისპირებული ინტერესები და შეაჩეროს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება, მათ შორის, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებშიც კი (იხ. მაგალითად, საქართველოს საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ას-756-2021).

20. ამდენად, საერთო სასამართლოების პრაქტიკა არ სცემს ნათელ პასუხს, რამდენად არის შესაძლებელი, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლოს მიერ სადავო ნორმის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. თუმცა, კანონმდებლობის ანალიზი ცხადად მიუთითებს, რომ მსგავსი შესაძლებლობა სააპელაციო სასამართლოს რომც ჰქონდეს, მის მიერ ხსენებული გადაწყვეტილების მიღებამდე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არ ჩერდება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილება, რომლის წერილობითი დასაბუთებაც, როგორ წესი, გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მომენტში არ არსებობს. მისი გასაჩივრება უკავშირდება დასაბუთებული გადაწყვეტილების მოპასუხე მხარისათვის ჩაბარებას და შესაბამისი საჩივრის მომზადებას. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრებამდე და საჩივარზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობამდე, შესაძლებელია, რამდენიმე თვეც კი გავიდეს. ამდენად, ბუნებრივია, სადავო ნორმა ქმნის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების რეალურ შესაძლებლობას მანამ, სანამ სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს აღსრულების შედეგად გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საკითხზე. აღნიშნული კი, რიგ შემთხვევებში, აზრს უკარგავს ან/და მნიშვნელოვნად აუფასურებს სააპელაციო საჩივრის შემდგომ განხილვასა და გადაწყვეტას. სააპელაციო სასამართლოს მიერ საკითხის პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებულად გადაწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა, ვეღარ მოხდეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, რადგანაც ეს პრაქტიკულად არ იყოს განხორციელებადი.

21. შესაბამისად, სადავო ნორმა ზღუდავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური გასაჩივრების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის აპელანტის სასარგებლოდ გადაწყვეტამ კი, ცალკეული საქმის ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ვერ უზრუნველყოს პირის უფლებრივი რესტიტუცია და, შედეგად, არსებობს რისკი იმისა, რომ თავად გასაჩივრების ინსტრუმენტი იქცეს საკანონმდებლო ფორმალობად რეალური, ხელშესახები ეფექტის გარეშე.

22. ამავდროულად, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის არსებობას ვერ გამორიცხავს ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება წარმოადგენს ხელშეკრულებაში ასახულ მხარეთა შეთანხმებას. ზოგადად, სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება დამოკიდებულია პირის მიერ ამ უფლებით სარგებლობაზე. თუ პირი სასამართლოს არ მიმართავს, გარკვეულ მოთხოვნებს არ დააყენებს ან პოზიციას არ დააფიქსირებს, ხსენებულის მის ნაცვლად გაკეთება, როგორც წესი, სახელმწიფოს ფუნქციას არ წარმოადგენს. გასაჩივრების შესაძლებლობით არსარგებლობა ან/და გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება პირის უფლებაა და აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, მისი ნების ავტონომიის ნაწილია. თუმცა მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს უფლებით სარგებლობაზე უარის თქმა და უფლების არქონა (უფლებაზე უარის თქმა). იმისდა მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პირი, როგორ ნებას გამოხატავს, იგი სამართლიანი სასამართლოს უფლების (ისევე, როგორც სხვა უფლებების) სუბიექტად რჩება. იმის დაშვება, რომ პირზე სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნები არ გავრცელდეს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ასე შეთანხმდა ხელშეკრულებით, თავად უფლების არსს ეწინააღმდეგება. კონსტიტუცია განამტკიცებს ეფექტიან სასამართლოზე წვდომას, შესაბამისად, იმ სასამართლოს ეფექტიანობა, რომელიც საქმეს განიხილავს, ორი კერძო პირის შეთანხმებაზე დამოკიდებული ვერ იქნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირობა, რომელიც სასამართლოს (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოს) ეფექტიან ხელმისაწვდომობას ზღუდავს, შეფასებადია თავად სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.

2.3. შეფასების ტესტი

23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება, მისი მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის აბსოლუტური და იგი „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასება ხდება თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას ემსახურება სადავო რეგულაცია და რამდენად შეესაბამება იგი თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.

  2.4. ლეგიტიმური მიზანი

24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-15).

25. სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებად მოპასუხე მხარემ დაასახელა მხარის დარღვეულ უფლებებში სწრაფი აღდგენა და მართლმსაჯულების ეფექტიანობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად და ეფექტურად აღსრულება სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სამართლიანი სასამართლოს უფლება შესაძლებელია, შეიზღუდოს სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად და ეფექტურად აღსრულების ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის №2/5/879 გადაწყვეტილება საქმეზე „ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ვინაიდან მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). შესაბამისად, უფლების დროული და შემჭიდროებულ ვადაში აღდგენა ნამდვილად უნდა ჩაითვალოს ისეთ ლეგიტიმურ მიზნად, რომლის საპირწონედაც დასაშვებია სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა.

26. მოპასუხე მხარემ სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად ასევე დაასახელა სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში პირთა კერძო ავტონომიის პრიმატი. უდავოა, რომ მხარეთა კერძო ავტონომიის პრინციპი კერძოსამართლებრივი ურთიერთობების ფუნდამენტი და ამ ტიპის ურთიერთობების ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია, რომლის არსიდანაც მნიშვნელოვნად გამომდინარეობს სხვადასხვა სამოქალაქოსამართლებრივი ინსტიტუტების ძირითადი ასპექტები. ამავდროულად, მოდერნული საბაზრო ეკონომიკის პირობებში, დიდწილად, სწორედ ხსენებული პრინციპი გვევლინება ეკონომიკური წინსვლისა და კეთილდღეობის საფუძვლად, თუმცაღა, თავისთავად, კერძო ავტონომიის პრინციპის დაცვა ვერ გამოდგება სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის თვითკმარ საფუძვლად. იმ მოცემულობის გასამართლებლად, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო საჯაროსამართლებრივ წესრიგს მხარეთა ნებაზე დამოკიდებულს ხდის და აყალიბებს საკანონმდებლო სივრცეს, რომელშიც, პროცესუალური ასპექტები მხარეების სურვილის მიხედვით მოდიფიცირდება, თვითკმარ არგუმენტად მხარეთა ნების ავტონომიის დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლების ქმედითობისთვის ცალკეული პროცესუალური ასპექტის ეფექტიანობის მხედველობაში მიღების გარეშე, საკმარისი ვერ იქნება. ხსენებული მოცემულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის არსებობას და მყარ კონსტიტუციურ გამართლებას მოითხოვს. ამდენად, მხარეთა კერძო ნების გამოვლენის დაცვა ვერ იქნება მიჩნეული სამართლიანი სასამართლოს უფლების შემზღუდველ ლეგიტიმურ მიზნად, რამდენადაც იგი თავად უფლებით სარგებლობას აყენებს ეჭვქვეშ.

  2.5. გამოსადეგობა და აუცილებლობა

27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის და აუცილებლობის კრიტერიუმებს. კერძოდ, ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). იმავდროულად, გამოსადეგობასთან ერთად, შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას. უფრო კონკრეტულად, „საშუალების აუცილებლობას ობიექტური გარემოებები იწვევს და მას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საშუალებისადმი ასეთი მიდგომა გამორიცხავს შეზღუდვის ხელოვნურობას. აუცილებლობით გამოწვეული შეზღუდვა აუცილებელი საშუალების გამოყენებით გამართლდება. მხოლოდ ასეთი შეზღუდვა შეიძლება პასუხობდეს პრაქტიკული გონიერების მოთხოვნებს და სუბიექტის მზაობას, უფლების შეზღუდვა მიიჩნიოს, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-30).

28. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. საერთო სასამართლოთა გადატვირთულობის, ასევე სამართალწარმოების ვადებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, უდავოა, რომ სადავო რეგულირება მნიშვნელოვნად აჩქარებს სამართალწარმოების შედეგების აღსრულებას. სადავო ნორმის არარსებობის შემთხვევაში, ნაცვლად საგამონაკლისო წესით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულებისა, აღსრულებას დაექვემდებარებოდა კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს, ორი ან სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და, რიგ შემთხვევებში, საქმის მახასიათებლებიდან გამომდინარე, რამდენიმე წლიან სამართალწარმოების პროცესს. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება, უზრუნველყოფს დარღვეული უფლებების სწრაფ აღდგენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა მნიშვნელოვნად ახალისებს კერძო ინიციატივებს, უზრუნველყოფს სამოქალაქო ბრუნვის მოქნილობას.

29. იმავდროულად, სადავო რეგულირება აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნასაც, რამდენადაც საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ იკვეთება უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი სხვა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტურობით უზრუნველყოფს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორც ეს სადავო ნორმის საფუძველზე ხდება.

30. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება აკმაყოფილებს გამოსადეგობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს.

2.6. პროპორციულობა ვიწრო გაგებით

31. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს სადავო ნორმების პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ „თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით. აუცილებელია, უფლებაშემზღუდველი ღონისძიების შემუშავებისას სახელმწიფომ დაადგინოს სამართლიანი ბალანსი იმგვარად, რომ დაცული სიკეთე და მისი დაცვის ინტერესი აღემატებოდეს შეზღუდული უფლების დაცვის ინტერესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/1/752 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28).

32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „იმისთვის, რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები/რეგულაციები, რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან/და კანონიერ ინტერესებს“ (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია, დადგენილი საპროცესოსამართლებრივი წესრიგი რამდენად ითვალისწინებს ყველა დაპირისპირებულ ინტერესს.

33. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმა ადგენს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ბლანკეტურ წესს. კერძოდ, პირველი ინსტანციის მოსამართლე ვალდებულია, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს მაშინაც კი, როდესაც მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ აღსრულების შედეგად, მოპასუხის შელახული ინტერესი, თავისი მნიშვნელობით, აღემატება მოსარჩელის დაცულ ინტერესს. კერძოდ, რიგ შემთხვევებში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებამ შესაძლოა, მოპასუხე მხარეს იმგვარი ზიანი მიაყენოს, რომლის გამოსწორებაც ვერ მოხდება, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში. ამის საპირისპიროდ, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს გააჩნია სარჩელის უზრუნველყოფის მექანიზმები, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანი, შეიძლება იყოს ბევრად უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე მოპასუხის ზემოხსენებული ინტერესი. ამდენად, აშკარაა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის იმგვარი უფლებამოსილების მინიჭებით, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღოს ხსენებულ ინტერესთა შეპირისპირების შედეგად, კანონმდებელს შეეძლო, დაედგინა უკეთესი ბალანსი სადავო ნორმით შეზღუდულ სიკეთესა და დაცულ ინტერესებს შორის.

34. როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, კანონმდებელმა შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურად გასაჩივრებას. პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მხარეთა ინტერესების დაბალანსების საფუძველზე მიღების უფლებამოსილების მინიჭება, ბუნებრივია, ვერ იქნება გასაჩივრების ეფექტურობის უზრუნველყოფის თვითკმარი საშუალება. ასევე მნიშვნელოვანია, კანონმდებელმა შექმნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სააპელაციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ქმედითი ზედამხედველობის შესაძლებლობას.

35. მოქმედი კანონმდებლობით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დაწყება არ უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი კანონიერების რაიმე ფორმით შეფასებას. უფრო მეტიც, როგორც უკვე აღინიშნა, შესაძლებელია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ისე აღსრულდეს, რომ დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაც კი ვერ მოესწროს. ხსენებულმა კი შესაძლებელია, გამოიწვიოს მხარისათვის ისეთი ზიანის მიყენება, რომელიც ვერ იქნება გამოსწორებადი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

36. ასევე აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხსენებული საკითხის განხილვასთან დაკავშირება, ბუნებრივად, იწვევს აღსრულების გადავადებას ყველა იმ საქმეზეც, რომელზეც ზემოაღნიშნული ინტერესი არ არსებობს. ამავე დროს, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი გამოიხატება, უმეტესად, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დროის გახანგრძლივებაში და არა მისი ეფექტურობის შეფერხებაში, ვინაიდან კანონმდებელი ქმნის სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მექანიზმებს, რომლებიც, დიდწილად, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულებას.

37. აღნიშნულის საპირისპიროდ, ისეთ შემთხვევაში, როდესაც აპელანტს გამოუსწორებელი ზიანი ადგება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელება ფორმალურ/დეკლარაციულ ხასიათს იძენს, რამდენადაც მას არ შესწევს რესურსი, უზრუნველყოს დარღვეული უფლებების სრულყოფილი აღდგენა. შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს უწევს, მიიღოს და განიხილოს სააპელაციო საჩივარი იმ პირობებში, როდესაც მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ვერ შეძლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაყენებული შედეგების უკუქცევა. აღნიშნული ლახავს არა მხოლოდ პირის უფლებას, ისარგებლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს ეფექტიანი გასაჩივრების შესაძლებლობით, არამედ საფრთხეს უქმნის თავად სასამართლოს ავტორიტეტსაც. სასამართლოსთვის (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოსთვის) მიმართვის პროცესის ილუზორულად ქცევას უარყოფითი ეფექტი გააჩნია არა მხოლოდ კონკრეტული აპელანტის, არამედ, ზოგადად, სასამართლო სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და მისი უფლებების დაცვის ეფექტურ მექანიზმად აღქმაზე.

38. ამდენად, სამართლიანი ბალანსის მისაღწევად მნიშვნელოვანია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდეს მანამ, სანამ სააპელაციო სასამართლო არ შეაფასებს დაუყოვნებლივი აღსრულების შედეგების გავლენას მისსავე გადაწყვეტილების ეფექტურობაზე და იმსჯელებს დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე. სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, დროებითი ღონისძიებების (უზრუნველყოფის ან სხვა ღონისძიება) გამოყენებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა, მეორე მხარისათვის მიყენებული პოტენციური ზიანის მოცულობა, ზიანის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ა.შ. ხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, მხარეთა ინტერესების დაბალანსების შედეგად, სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გადაწყვიტოს, გამოიყენოს თუ არა ესა თუ ის დროებითი ღონისძიება (მათ შორის, გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება).

39. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების რამდენიმე თვით (გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საკითხის სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებამდე) გახანგრძლივების თავიდან აცილების ინტერესი ვერ გაამართლებს, თუნდაც გამონაკლის შემთხვევაში, სააპელაციო პროცესის დაკნინებას, მის ილუზორულ წარმოებად გადაქცევას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კანონმდებელი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას დაუშვებდა, მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ აღსრულების დასაშვებობის ზემოთ ხსენებული კრიტერიუმებით შეფასების შემდეგ, ის შეძლებდა, უკეთ დაეცვა სამოქალაქო დავის მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსი. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, კანონმდებელს შეუძლია, განსაზღვროს სპეციალური პროცედურა/ვადები, რომლის ფარგლებში, სურვილის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივართან ერთად, პირი წარადგენს შუამდგომლობას გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე ან გამოუსწორებელი შედეგის პრევენციის სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით და, ასეთ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ ხსენებული საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.

40. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

 3.1. შესაფასებელი მოცემულობა

41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, „გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვეტა იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაც მიექცევა გადაწყვეტილება აღსასრულებლად, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სასამართლოს, ზეპირი მოსმენის ფორმატში, წარუდგინოს მოსაზრებები ხელშეკრულების პირობასთან დაკავშირებით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით დადგენილი საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის წესი არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

42. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, ზეპირი მოსმენით განხილვის გარეშე, რამდენად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. თავის მხრივ, განსახილველი საქმის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხს.

43. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა, ამავე კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძვლის დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას, შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილებით საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. თუმცაღა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შებოჭილი იყო რა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით, სასამართლომ შეაფასა მარტოოდენ სადავოდ გამხდარი ნორმის შინაარსი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველთან მიმართებით.

 3.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო და უფლების შეზღუდვა

44. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს უფლებრივ კომპონენტს წარმოადგენს. „საქმის ზეპირი მოსმენა ითვალისწინებს რა მხარეთა უშუალო მონაწილეობას საქმის განხილვაში, რაც ნიშნავს მათ შესაძლებლობას, წარადგინონ მტკიცებულებები, გამოთქვან მოსაზრებები, დაიცვან თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სწორედ ამ გზით წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას პროცესის შეჯიბრებითობის, დაცვის უფლებით ადეკვატურად სარგებლობისთვის, ამასთან, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მხარეთა შესაძლებლობას, უკეთ დაიცვან საკუთარი ინტერესები, გავლენა მოახდინონ საქმის გადაწყვეტაზე, ხელი შეუწყონ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-61).

45. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხარის მიერ საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლება ხელს უწყობს გადაწყვეტილების დასაბუთებულობას, აძლიერებს მომავალში მხარის გასაჩივრების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას და ამცირებს გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი საფუძვლების დაუსაბუთებლობის ან/და უკანონობის არსებობას/არსებობის ალბათობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41).

46. ამდენად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი უფლებრივი კომპონენტია. იგი ხელს უწყობს საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას და, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურად განხორციელებას.

47. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 წინადადებით, მოწესრიგებულია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის განხილვის წესი, კერძოდ, სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ამდენად, სადავო რეგულირება უშვებს დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ ზეპირი მოსმენის საშუალებით საკითხის განხილვა სამართლიანი სასამართლოს უმნიშვნელოვანესი უფლებრივი კომპონენტია, ხოლო სადავო ნორმა აფერხებს მის რეალიზებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას.

 3.3. ზოგადი პრინციპები/შეფასების ტესტი

48. მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურ-სამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

49. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შეზღუდვას ექვემდებარება სამართლიანი სასამართლოს უფლების ისეთი უფლებრივი კომპონენტიც, როგორიცაა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით. „მიუხედავად იმისა, რომ საქმის ზეპირი განხილვა ... სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია, ზეპირი მოსმენის გარეშე საკითხის განხილვა/გადაწყვეტა თავისთავად და ყოველთვის არ ნიშნავს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-65). მაშასადამე, სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გზითაც.

50. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, უფლების შეზღუდვის დროს აუცილებელია, დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნები. როგორც აღინიშნა, „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

3.4. ლეგიტიმური მიზანი

51. უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო ნორმებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს ისეთი უფლებრივი კომპონენტის შეზღუდვა, როგორიცაა ზეპირი მოსმენა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თუ არ არსებობს შესაფერისი ღირებული მიზანი, ზედმეტია იმ საშუალებების შეფასება, რითაც ეს მიზანი მიიღწევა ან რამდენად აღმატებულია მიზნიდან გამომდინარე სიკეთე იმ ნეგატიურ ეფექტზე, რომელიც შეზღუდული უფლებიდან გამომდინარეობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დემოკრატია ეყრდნობა რა კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის არსებობას, „უფლებათა უმრავლესობის შეზღუდვა აუცდენელია, რადგან მათი რეალიზაცია ხშირად წარმოშობს ღირებულებათა კონფლიქტს... მაშინ როდესაც ინტერესების დაპირისპირება აუცდენელია, წარმოიშობა მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45).

52. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საკუთარი პრაქტიკის თანახმად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად სასამართლოს გადატვირთვის პრევენციას და პროცესის ეკონომიურობის პრინციპის უზრუნველყოფას განიხილავს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქმეზე ზეპირი მოსმენის გამართვა, როგორც მინიმუმ, თავის თავში გულისხმობს სასამართლოში სხდომის ჩატარებას და სასამართლო პროცესზე მხარის/მხარეების მოწვევას. აღნიშნული, თავის მხრივ, დაკავშირებულია მოსამართლის საქმის განხილვის პროცესში უშუალო მონაწილეობასთან, აგრეთვე, ორგანიზაციული თვალსაზრისით, სასამართლოში სხდომის დარბაზის გამოყოფასთან და როგორც უშუალოდ პროცესის მონაწილეების, ისე ამ პროცესის კანონით განსაზღვრულ მიმდინარეობაზე პასუხისმგებელი შესაბამისი პირების მობილიზებასთან. ეს ყოველივე, ერთი მხრივ, ზრდის სასამართლოს/მოსამართლის დატვირთვას, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს, დამატებითი ორგანიზაციული, ადამიანური და მატერიალური რესურსის გამოყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/2/1428 გადაწყვეტილება საქმეზე „კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). შესაბამისად, სადავო ნორმა, რომელიც ადგენს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხის ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვეტას, ემსახურება, ერთი მხრივ, სასამართლო სისტემის განტვირთვას/გადატვირთვისგან დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ, ზეპირი მოსმენის გამართვისთვის საჭირო ორგანიზაციული, ადამიანური თუ მატერიალური რესურსის დაზოგვას.

53. ამავდროულად, მოპასუხე მხარემ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა დაასახელა. როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). შესაბამისად, მართლმსაჯულების განხორციელების სისწრაფე ნამდვილად წარმოადგენს ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს, რომლის დაცვის მოტივითაც შესაძლოა, შეიზღუდოს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლება.

54. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „მხოლოდ ეფექტური მართლმსაჯულების მეშვეობით არის შესაძლებელი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ამდენად, სამართალწარმოების ეფექტიანად განხორციელების მიზნის მისაღწევად, სახელმწიფომ შესაძლოა, შესაბამისი პროცედურების მომწესრიგებელი ნორმებით შეზღუდოს სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტები, მათ შორის, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის უფლება. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც ამცირებს სასამართლოს მიერ დახარჯულ დროსა და რესურსს, ემსახურება პროცესის ეკონომიურობას, რაც, საბოლოო ჯამში, იცავს სასამართლოს გადატვირთულობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 1 ივლისის №2/8/734 გადაწყვეტილება საქმეზე „ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).

55. ამდენად, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პროცესის ეკონომიურობას და სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას მიიჩნევს იმ ღირებულ საჯარო ლეგიტიმურ მიზნად, რომლის უზრუნველსაყოფადაც შესაძლოა, შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის უფლება.

3.5. გამოსადეგობა და აუცილებლობა

56. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, საჯარო ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის და აუცილებლობის კრიტერიუმებს.

57. ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. იმავდროულად, გამოსადეგობასთან ერთად, შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას. საჭიროა, არ არსებობდეს ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).

58. როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეში სადავო ნორმა უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის გარეშე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა ამარტივებს სამართალწარმოების პროცედურას, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა კი პირიქით, მოითხოვს მეტ დროსა და რესურსს. „სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის ეფექტურად განხორციელება დაკავშირებულია სასამართლოს დროისა და რესურსების ხარჯვასთან. საქმის ზეპირი განხილვა, მხარეების მტკიცებულებების შესწავლა და მათი პოზიციის მოსმენა, შეჯიბრებითი და თანასწორი პროცესის ჩატარება, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესუალური უფლებების განხორციელება სასამართლოში მოითხოვს გარკვეულ დროის დათმობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/8/734 გადაწყვეტილება საქმეზე „ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).

59. ამდენად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ზეპირი მოსმენის გარეშე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხის გადაწყვეტა, ერთი მხრივ, გულისხმობს, ნაკლები ადამიანური თუ მატერიალური რესურსის გამოყენების გზით, საკითხის გადაწყვეტას, ხოლო, მეორე მხრივ, სრულად აზღვევს, ზეპირი მოსმენების გამართვის გზით გამოწვეულ, სასამართლოს გადატვირთვის თანმდევ პოტენციურ რისკებს.

60. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა წარმოადგენს დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. ამასთანავე, არ იკვეთება უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი სხვა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტურობით უზრუნველყოფდა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. ამდენად, სადავო რეგულირება, გამოსადეგობასთან ერთად, ასევე აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობის კრიტერიუმსაც.

3.6. პროპორციულობა ვიწრო გაგებით

61. ვინაიდან სადავო ნორმები აკმაყოფილებს გამოსადეგობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით. პროპორციულობა ვიწრო გაგებით, მოითხოვს, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

62. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „პროცესის ეკონომიურობა, ისევე, როგორც არდაშვება სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვისა, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურ გავლენას ახდენს მართლმსაჯულების ხარისხზე, უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზნებია, ვინაიდან თითოეული მათგანის დაცვა ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობას ემსახურება. თუმცა, ამ ინტერესების დაცვის აუცილებლობა ვერ გაამართლებს ზეპირი მოსმენის გარეშე საქმეთა განხილვას, თუ ამის შედეგი იქნება კონკრეტული პირების უფლებების დარღვევა, უფლებების დაცვის შეუძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-90).

63. ამასთანავე, „სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა არ წარმოადგენს თვითმიზანს, ის არის მხოლოდ შესაძლებლობა სხვა უფლებების დაცვისა. შესაბამისად, მისი უფლებრივი კომპონენტებიც იმ შემთხვევაში და იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისთვის/დარღვევის თავიდან აცილებისთვის. მაშასადამე, თითოეული უფლებრივი კომპონენტით სარგებლობა, საბოლოო ჯამში, ემსახურება რა სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობას და, შესაბამისად, კონკრეტული უფლებების დაცვას, ამ უფლებრივი კომპონენტების გამოყენებაც არ უნდა იყოს თვითმიზანი. მათი უზრუნველყოფა საჭიროა მაშინ, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია, გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-66).

64. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ზეპირი მოსმენის ჩატარების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როდესაც საქმის გადაწყვეტა საჭიროებს ფაქტების გამოკვლევას და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენას. „უმთავრესი საკითხი, რომელიც მხედველობაში მიიღება ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის უფლების შეზღუდვისას, არის – როგორია კონკრეტული საკითხის განმხილველი სასამართლოს კომპეტენცია იმ მოცემულ შემთხვევაში, კერძოდ კი, თვისობრივად რა საკითხების შესწავლა/შეფასება/გამოკვლევა უწევს სასამართლოს. ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტია, სასამართლო იხილავს მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს, თუ, იმავდროულად, ახდენს ფაქტების (ფაქტობრივი გარემოებების) შეფასება/შესწავლასაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-74). „ზეპირი განხილვის უფლების დაცვის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამართალწარმოების შინაარსზე. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვა უკავშირდება ფორმალურ-სამართლებრივი საკითხების დადგენას, ნაკლებია ზეპირი მოსმენის გამართვის ინტერესი. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი „jura novit curia“ („სასამართლომ იცის კანონი“) და მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს. განსხვავებულია მიდგომა იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წყვეტს როგორც ფორმალურ-სამართლებრივ საკითხებს, ასევე აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს. ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზეპირი მოსმენის ჩატარებასა და პირისთვის მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42).

65. გარდა ამისა, სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევის შეფასებისას, „მხედველობაშია მისაღები იმ უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის მნიშვნელობა, რომლის დაცვის შესაძლებლობაც არის შეზღუდული. ცხადია, შეფასების სტანდარტები განსხვავებული იქნება განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი ინტერესების შემთხვევაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).

66. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას, სასამართლო ახდენს მხოლოდ სამართლებრივი ასპექტების შეფასებას, თუ საჭიროა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევაც. ამასთან, შესაფასებელია, რამდენად მნიშვნელოვანია ის უფლება თუ სამართლებრივი ინტერესი, რომლის დაცვის შესაძლებლობასაც სადავო ნორმა ზღუდავს.

67. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა ადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის წესს. აღნიშნული საფუძვლის არსებობის შემოწმება, იმთავითვე მოითხოვს სასამართლოსგან კონკრეტული ფაქტის – თავად ხელშეკრულების პირობის განსაზღვრას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1 1 ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ მხარეთა ნების საკითხის კვლევისას, საკითხის თავისებურებებიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოს წინაშე შესაძლოა, წარმოიშვას სხვადასხვა ტიპის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს. მაგალითად, ცალკეულ შემთხვევაში, სასამართლოს, მხარეთა მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოუწიოს ისეთი საკითხების გამოკვლევა, როგორებიცაა სახელშეკრულებო პირობის ნამდვილობის საკითხი, ასევე საკითხი იმის შესახებ, არსებობდა თუ არა რაიმე ფაქტობრივი გარემოება, რომლის საფუძველზეც, პირობა დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ ბათილობას დაექვემდებარება. ამასთან, ხომ არ არსებობს სხვა საგამონაკლისო პირობა, რომლის საფუძველზეც, მხარეს შესაძლოა, უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე და სხვა. სწორედ ამ და სხვა დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად შესწავლის გზით მიდის საქმის განმხილველი სასამართლო საბოლოო დასკვნამდე – სახეზეა თუ არა ნამდვილი სახელშეკრულებო პირობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. იმავდროულად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასამართლომ, ასევე უნდა შეაფასოს მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, არსებობს თუ არა სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებდა დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე სახელშეკრულებო ჩანაწერს. ამგვარად, სადავო ნორმით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს სასამართლოს მიერ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ შესწავლას და ზოგიერთი ახალი ფაქტობრივი გარემოების დადგენას/შეფასებას, რომელთან დაკავშირებითაც ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად მნიშვნელოვანია მხარეთა პოზიციების მოსმენა და ურთიერთშეჯერება.

68. ამასთანავე, როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმით გათვალისწინებული საკითხის განხილვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირის უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ხდება პირის საკუთრებასთან დაკავშირებით, ინტენსიური ხასიათის ღონისძიებების გატარება მაშინ, როდესაც ხსენებული საკუთრებითი უფლებების დაცვის ლეგიტიმური ინტერესიც მხარეს მომეტებულ ხარისხში გააჩნია. მაგალითად, შესაძლოა, აღსრულების საგანს წარმოადგენდეს საცხოვრებელი ბინა/სახლი, ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული ქონება და სხვა, რომლის აღსრულების გზით გასხვისებაც იწვევს პირის სამართლებრივი მდგომარეობის მნიშვნელოვნად გართულებას/გაუარესებას. შესაბამისად, სადავო ნორმით მოწესრიგებული საკითხის გადაწყვეტის მიმართ პირს გააჩნია განსაკუთრებული სამართლებრივი ინტერესი, რათა მის მიმართ არ მოხდეს იმგვარი სამართლებრივი ზომების გატარება, რომელიც მნიშვნელოვნად შელახავს მის უფლებებს.

69. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს პრაქტიკით, უკვე დადგენილია ზოგადი საპროცესოსამართლებრივი სტანდარტი ამა თუ იმ სამართლებრივი საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით. დასახელებული სტანდარტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს მხრიდან მოითხოვს ფაქტების გამოკვლევას, დადგენას და ამასთან ერთად, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირის უფლებრივ მდგომარეობაზე, რის გამოც, განსაკუთრებით დიდია ამ პირის მხრიდან საკითხის ზეპირი მოსმენის გზით განხილვის ინტერესი, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაა, რომ დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში, კანონმდებლობა უზრუნველყოფდეს საკითხის განხილვას ზეპირი მოსმენის გამართვის ფორმით. ამავდროულად, წინამდებარე საქმის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სადავო ნორმით მოწესრიგებული სამართალწარმოების ფარგლებში, ერთი მხრივ, არსებობს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საჭიროება, ხოლო, მეორე მხრივ, გადასაწყვეტი საკითხის მიმართ პირს მომეტებული სამართლებრივი ინტერესი გააჩნია. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირის ინტერესი, არ მოხდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა, მნიშვნელოვნად აღემატება საქმის განხილვის ეკონომიურობისა და სწრაფ მართლმსაჯულებაზე სამოქალაქოსამართლებრივი სამართალწარმოების მონაწილე მეორე მხარის ინტერესს.

70. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია, მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაც მიექცევა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, არც გააჩნდეს ზეპირი განხილვის ინტერესი, რამდენადაც საჭიროდ არ თვლიდეს მოწინააღმდეგესთან შედავებას, უდავოდ მიიჩნევდეს აღსრულების საკითხზე სახელშეკრულებო ჩანაწერს ან/და სხვა მოტივაციით აღიარებდეს მას. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, მხარის მიერ გაცხადებული თანხმობა ხელშეკრულების პირობის ნამდვილობასა და უდავოობაზე, ფორმას უცვლის, ამარტივებს სასამართლოს წინაშე დასმულ საკითხს და ნაცვლად ფაქტობრივისა, სასამართლოს შესაფასებელია ფორმალურსამართლებრივი საკითხი, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ზეპირი მოსმენის გამართვის აუცილებლობას. ამავდროულად, შესაძლოა, პირის პოზიცია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ემყარებოდეს სასამართლო პროცესზე უკვე გამოკვლეულ ფაქტებს. ამდენად, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მხარის პოზიცია, საკითხის გადაწყვეტა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, სასამართლოს არ დააყენებს ფაქტების დადგენის საჭიროების წინაშე. თუმცაღა, მსჯელობა იმის თაობაზე, თუ როდის შეიძლება გამოირიცხოს საკითხის ზეპირი მოსმენით ჩატარების აუცილებლობა, რელევანტურობას შეიძენდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოიკვლევდა მხარის ნებას. განსახილველ შემთხვევაში, შესაძლოა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხი მოსამართლემ განიხილოს იმგვარად, რომ მხარეს არათუ პოზიციის გამოთქმისთვის არ განესაზღვროს შესაბამისი დრო, არამედ მან შესაძლოა, ვერც შეიტყოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ საქმის განხილვის მიმდინარეობის თაობაზე.

71. ამასთანავე, მოსარჩელის უფლების შეზღუდვის დამაბალანსებელი მექანიზმი ვერ იქნება სასამართლოს უფლებამოსილება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევის საკითხის გადაწყვეტისთვის ჩაატაროს სხდომა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 წინადადება ითვალისწინებს სხდომის ჩატარების შესაძლებლობას და ადგენს, რომ „სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას“. როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, თუ რა სახისა თუ სირთულის სამართლებრივ ურთიერთობას ეხება საქმე, სასამართლოს ყოველ ჯერზე სჭირდება სათანადო სამართლებრივი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება მხარის პოზიციის გამორკვევა, მისთვის წარდგენილი გარემოების/მტკიცებულების შეფასება. ამგვარი მექანიზმის არარსებობის პირობებში, ცალკეულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სხდომის ჩატარების შესაძლებლობის არსებობა ვერ ჩაანაცვლებს მხარის პოზიციების ან/და ცალკეული გარემოებების/მტკიცებულებების შეფასებისათვის საჭირო მყარი სამართლებრივი მექანიზმის საჭიროებას და ვერ უზრუნველყოფს ამ მექანიზმის არარსებობასთან დაკავშირებულ, წინამდებარე გადაწყვეტილებაში განხილულ სამართლებრივი საფრთხეების დაზღვევას. ამავდროულად, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა მსგავს შემთხვევებში ზეპირი მოსმენის ჩატარებით სასამართლოს გადატვირთვის ხელშესახებ რისკებს.

72. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს, ამავე კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

 4. სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის გადავადება

73. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268- მუხლის 11 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მექანიზმი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენება ხდება წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული მოთხოვნების დაცვის გარეშე. ამავე დროს სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ მიუჩნევია, ზოგადად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების ინსტიტუტის არსებობა, იმ შემთხვევაში თუ დაცული იქნება კონსტიტუციური სტანდარტები. სადავო ნორმის დაუყოვნებლივ, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, ძალადაკარგულად ცნობის შედეგად, გაუქმდება ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებელს უნდა მიეცეს გონივრული ვადა სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაციისთვის საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად და სადავო საკითხის ახლებურად მოსაწესრიგებლად, რათა საფრთხე არ შეექმნას მხარეთა სამართლებრივ ინტერესს, რაც შესაძლოა, გამოწვეულ იქნეს სადავო ნორმის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადებით.

74. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268- მუხლის 11 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებები ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა, საკითხი მოაწესრიგოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად.

 III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, 21- მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23- მუხლის პირველი პუნქტის, 25- მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27- მუხლის მე-5 პუნქტის, 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, 43- მუხლისა და 45- მუხლის საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
:

1. დაკმაყოფილდეს 1421, 1448 და 1451 კონსტიტუციური სარჩელები ( „შპს იხტიოსი“, ზაზა პატარიძე, ნიკოლოზ ბერიაშვილი, შალვა ონიანი, ვახტანგ კობეშავიძე და მანანა ხარხელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:

) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268- მუხლის 11 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებები;

ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269- მუხლის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს, ამავე კოდექსის 268- მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას.

2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268- მუხლის 11 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან.

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს, ამავე კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოსსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები :

  მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში