საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3133-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016095
3133-XIმს-Xმპ
13/06/2023
ვებგვერდი, 21/06/2023
010190030.06.001.016095
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2071 მუხლი:

„მუხლი 2071. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის წესი

1. პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრს. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ახალი წევრი პარლამენტმა უნდა აირჩიოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის არჩევისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.

2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. აღნიშნულ ორგანიზაციათაგან თითოეული უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის თითო კანდიდატი. პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

3. პარლამენტმა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

4. კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები) და კანდიდატის წერილობითი თანხმობა.

5. კანდიდატები პარლამენტს უნდა წარედგინოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის:

ა) უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა;

ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

6. კანდიდატების წარდგენის ვადებს პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

7. პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტმა აღნიშნული საბუთების განხილვა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად უნდა დაასრულოს კანდიდატების წარდგენის ვადის გასვლიდან:

ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც წარდგენილი არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ და შეესაბამებიან ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს ამ პუნქტში აღნიშნულ კანდიდატთაგან იმ კანდიდატების შესახებ, რომელთაც კომიტეტი უწევს რეკომენდაციას საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის თანამდებობაზე განსაწესებლად. პარლამენტის ბიურო კანდიდატთა სიას და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს.

9. ფრაქციებს უფლება აქვთ, წარდგენილი კანდიდატურები განიხილონ პარლამენტის ბიუროსთვის კანდიდატთა სიის წარდგენიდან:

ა) 2 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ბ) 1 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

10. პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულების შემდეგ უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით განისაზღვრება. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა შესახებ მონაცემებს.

11. პარლამენტის მიერ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის პროცედურა საჭიროების შემთხვევაში იმართება 2 ტურად. სადისციპლინო კოლეგიის წევრებად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით დადგენილი წესით.

12. თუ კენჭისყრის პირველ ტურში იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებმაც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმები მიიღეს, არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატები. თუ არჩეული კანდიდატი ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.

13. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ კანდიდატთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. მათი რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით დადგენილი წესით.

14. თუ კენჭისყრის ორივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, კანდიდატთა არჩევის პროცედურა 70 კალენდარული დღის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით, ხელახლა გაიმართება. ასეთ შემთხვევაში კანდიდატურების წარდგენის ვადას იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ იყოს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადებში განიხილონ, ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი

1. პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი პარლამენტმა უნდა აირჩიოს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა. პარლამენტის მიერ ასარჩევი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევის მიზნით კონკურსი ცხადდება თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 2 თვისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ამ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. აღნიშნულ ორგანიზაციათაგან თითოეული უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატი. პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

3. პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

4. კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები) და კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ კანდიდატის წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე აღნიშნული იურიდიული პირის მიერ სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში  წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობასთან დაკავშირებით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილების დამადასტურებელი საბუთები.

5. კანდიდატები პარლამენტს უნდა წარედგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის:

ა) უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა;

ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

6. კანდიდატების წარდგენის ვადებს პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

7. პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საჯარო სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს. კომიტეტმა პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთების განხილვა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენა უნდა დაასრულოს კანდიდატების წარდგენის ვადის გასვლიდან:

ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული განხილვის/მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს იმ კანდიდატების შესახებ, რომელთაც კომიტეტი უწევს რეკომენდაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე განსაწესებლად. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დასკვნას და იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც წარდგენილი არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ და შეესაბამებიან ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო კანდიდატთა სიას და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს.

9. ფრაქციებს უფლება აქვთ, წარდგენილი კანდიდატურები განიხილონ პარლამენტის ბიუროსთვის კანდიდატთა სიის წარდგენიდან:

ა) 2 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ბ) 1 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

10. პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულების შემდეგ უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით განისაზღვრება. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა შესახებ მონაცემებს.

11. პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცედურა საჭიროების შემთხვევაში იმართება 3 ტურად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-12−მე-14 პუნქტებით დადგენილი წესით.

12. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებმაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმები მიიღეს. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატები. თუ არჩეული კანდიდატი ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, რომელმაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმები მიიღო.

13. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ კანდიდატთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. მათი რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით საჭირო რაოდენობის ხმები მიიღო.

14. თუ კენჭისყრის მეორე ტურში კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, 2 დღის შემდეგ გაიმართება კენჭისყრის მესამე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ კანდიდატთაგან მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით.

15. თუ კენჭისყრის სამივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, კანდიდატთა არჩევის პროცედურა 70 კალენდარული დღის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით, ხელახლა გაიმართება. ასეთ შემთხვევაში კანდიდატურების წარდგენის ვადას იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ იყოს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადებში განიხილონ, ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

13 ივნისი 2023 წ.

N3133-XIმს-Xმპ