საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3269-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.020947
3269-XIმს-Xმპ
15/06/2023
ვებგვერდი, 04/07/2023
420000000.05.001.020947
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები:

„ზ1) ავტორიზაცია − უფლებამოსილება, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს ენიჭება მაღალი რისკის კომერციული სპეციალიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოების)  მიზნებისთვის;

2) დეკლარაცია − ფიზიკური ან იურიდიული პირის განცხადება, რომელსაც იგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარუდგენს და რომლითაც აღნიშნული პირი თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას ადასტურებს;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ექსპლუატანტის სერტიფიკატი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ საჰაერო ხომალდის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მიზნებისთვის;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას ახორციელებს;“;

დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა − ფრენა, რომელსაც საჰაერო ხომალდი მგზავრების გადასაყვანად, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის გადასაზიდად საზღაურის სანაცვლოდ ან დაქირავებით ახორციელებს;“;

ე) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“−„ნ3“ ქვეპუნქტები:

„ნ1) პარაპლანი − საფრენი აპარატი, რომლის ცარიელი მასა ძრავის გარეშე არ აღემატება 70 კგ-ს, ძრავით − 115 კგ-ს, მფრინავის ან/და მგზავრის ჩასაჯდომი ეტლის წონა ძრავით არ აღემატება 300 კგ-ს, ხოლო საწვავის ავზის მოცულობა − 20 ლიტრს და რომლის საფრენი კონსტრუქციის კომპონენტია პარაშუტი;

2) პარაპლანით კომერციული ფრენა − ფრენა, რომელიც ორადგილიანი პარაპლანით საზღაურის სანაცვლოდ ხორციელდება;

3) პარაპლანით საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა − ფრენა, რომელიც ორადგილიანი პარაპლანით ხორციელდება და რომლის განმახორციელებელ მფრინავსა და მგზავრს აქვთ პარაპლანის მფრინავის მოქმედი მოწმობა;“;

ვ) „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) საერთაშორისო აეროპორტი – აეროპორტი, რომელიც მომსახურებას უწევს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს და რომელშიც უზრუნველყოფილია სასაზღვრო, სანიტარიულ-საკარანტინო და საბაჟო კონტროლი;

უ) სამოქალაქო ავიაცია – საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის, საერთო დანიშნულების ავიაციისა და სპეციალიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოების) მიზნებისთვის:

უ.ა) სატრანსპორტო ავიაცია – საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომელიც გამოიყენება კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მიზნებისთვის;

უ.ბ) საერთო დანიშნულების ავიაცია – საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომელიც გამოიყენება მხოლოდ პირადი მიზნით და არა სატრანსპორტო ავიაციისა და სპეციალიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოების) მიზნებისთვის;

უ.გ) სპეციალიზებული ავიაცია (საავიაციო სამუშაოები) − საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომელიც გამოიყენება როგორც პირადი, ისე კომერციული მიზნით, საავიაციო სამუშაოების (სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო სამუშაოები, აეროფოტოგადაღება, მონიტორინგი, სარეკლამო და კვლევითი ოპერაციები და სხვა) შესასრულებლად;“;

ზ) „ჰ7“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) „ჰ30“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ31“ ქვეპუნქტი:

„ჰ31) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი − საფრენი აპარატი, რომელშიც არის არაუმეტეს 2 სავარძლისა და რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა ხმელეთის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას არ აღემატება 600 კგ-ს, ხოლო წყლის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას − 650 კგ-ს.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად;“.

3. 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდი, რომელიც რეგისტრირებულია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 212−21მუხლები:

„მუხლი 212. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი

1. ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 26-ე, 31-ე და 56-ე მუხლების მოთხოვნები.

2. სააგენტო ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის განაცხადის საფუძველზე ახორციელებს აღნიშნული მწარმოებლის იდენტიფიკაციასა და შესაბამისი მონაცემების აღრიცხვას.

3. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება დეკლარაციის საფუძველზე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის პასუხისმგებლობით.

4. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი აღირიცხება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში.

5. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის, აგრეთვე ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიმართ მოთხოვნები და დეკლარაციის პირობები, ფრენის სახეობიდან გამომდინარე, განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.

მუხლი 213. საერთო დანიშნულების ავიაცია

1. საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია გულისხმობს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას, რომელსაც ფიზიკური ან იურიდიული პირი პირადი მიზნით ახორციელებს.

2. პირადი მიზნით საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს სააგენტო.

მუხლი 214. პარაპლანით ფრენის რეგულირება

1. პარაპლანით ფრენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილ საჰაერო სივრცეში.

2. პარაპლანით ფრენის რეგულირებას, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირებას, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებასა და გაუქმებას, პარაპლანის ვარგისობის დადგენას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირის მიერ პარაპლანით ფრენის განხორციელებისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვისა და შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელების კონტროლს ახორციელებს სააგენტო.  

4. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) უნდა ჰქონდეს პარაპლანერიზმის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;

ბ) მისი, როგორც საზოგადოების, ორგანოს წევრი უნდა იყოს არანაკლებ 50 პირი;

გ) უნდა ჰქონდეს პარაპლანის ვარგისობის შემოწმებისთვის საჭირო  ტექნიკური აღჭურვილობა და სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც იგი აწარმოებს შესაბამის რეესტრებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირი პარაპლანით ფრენით რეგულირებას, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიკატების, აგრეთვე პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებასა და გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განხორციელებული განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირი და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.  

7. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია გამოავლინოს შესაბამისი წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და განსაზღვროს მათი აღმოფხვრის გონივრული ვადა. ამასთანავე, გამოვლენილი ნაკლოვანებების სიმძიმიდან გამომდინარე, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაკლოვანებები განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა, სააგენტო უფლებამოსილია შეზღუდოს ან შეაჩეროს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, პარაპლანით ფრენის განხორციელების წესის დაცვისთვის პასუხისმგებელი შესაბამისი იურიდიული პირის საქმიანობა, რის შემდეგაც დაუშვებელია პარაპლანით ფრენა, ან გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა. სააგენტოს მიერ პარაპლანით ფრენის განხორციელების წესის დაცვისთვის პასუხისმგებელი შესაბამისი იურიდიული პირის საქმიანობის შეზღუდვის ან შეჩერების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ფრენის აკრძალვის კონტროლს.

8. სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირის საქმიანობის შეზღუდვის, შეჩერებისა და აღდგენის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

9. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირის წარმომადგენლის/სერტიფიცირებული საფრენი ადგილის ოპერატორის მითითებებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში აღნიშნული იურიდიული პირის წარმომადგენელი/სერტიფიცირებული საფრენი ადგილის ოპერატორი უფლებამოსილია რეაგირებისთვის მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასეთ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.

10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, აღკვეთოს სერტიფიცირებულ საფრენ ადგილზე პარაპლანით ფრენის საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე ან შეჩერებული სერტიფიკატით ოპერირება.

11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, აღკვეთოს პარაპლანით პარაპლანის მფრინავის მოწმობის გარეშე ან შეჩერებული მოწმობით ფრენა, აგრეთვე სერტიფიცირებული საფრენი ადგილის მიღმა არსებულ ნებისმიერ სხვა საფრენ ადგილზე პარაპლანით კომერციული ფრენა.

12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს  უფლება აქვს, აღკვეთოს არაკომერციული ფრენა, მათ შორის, საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ხორციელდება, აგრეთვე ნებისმიერი ფრენა, რომელიც გამოყოფილი შესაბამისი საჰაერო სივრცის მიღმა ხორციელდება. 

13. სერტიფიცირებული საფრენი ადგილებისა და პარაპლანის ექსპერიმენტული და საჩვენებელი ფრენების შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აწვდის ამ კანონის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირი.

14. პარაპლანის მფრინავი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი მოქმედი სადაზღვევო პოლისი.

15. პარაპლანის მფრინავის მოწმობის მიღების მსურველ პირს უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მქონე იურიდიული პირის მიერ გაცემული სერტიფიკატი. აღნიშნული მოწმობის გაცემის მიმართ დამატებით მოთხოვნებს ადგენს სააგენტო.

16. პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის მიმართ მოთხოვნებს ადგენს სააგენტო. 

მუხლი 215. პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის შემოწმების, საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირებისა და პარაპლანის მფრინავის მოწმობისთვის დადგენილი საფასურის განაკვეთები

1. საფრენი ადგილის სერტიფიცირების საფასურია 3 000 ლარი.

2. პარაპლანის შემოწმების საფასურებია:

ა) ერთადგილიანი პარაპლანის შემოწმებისა − 50 ლარი;

ბ) ორადგილიანი პარაპლანის შემოწმებისა − 100 ლარი;

გ) ერთადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომ-ჩასაბმელი სისტემის შემოწმებისა − 50 ლარი;

დ) ორადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომ-ჩასაბმელი სისტემის შემოწმებისა − 100 ლარი;

ე) ერთადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის შემოწმებისა − 100 ლარი;

ვ) ორადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის შემოწმებისა − 120 ლარი;

ზ) ერთადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის ვარგისობის აღიარებისა − 50 ლარი;

თ) ორადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის ვარგისობის აღიარებისა − 75 ლარი;

ი) პარამოტორის ვარგისობის შემოწმებისა − 200 ლარი;

კ) პარამოტორის ვარგისობის აღიარებისა − 50 ლარი.

3. საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების საფასურია 1 500 ლარი.

4. თეორიულ გამოცდაზე დაშვების საფასურია 80 ლარი.

5. პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების საფასურია 180 ლარი.

6. პარაპლანის მფრინავის მოწმობის დამზადების, აგრეთვე დაკარგული მოწმობის აღდგენის საფასურია 50 ლარი.

7. პარაპლანის მფრინავის კატეგორიის აღიარების საფასურია 350 ლარი ერთი ქვეკატეგორიისთვის.“.

5. 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდი რეგისტრირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში.“.

6. 56-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელიც კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას ახორციელებს, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო, აეროდრომი, ვერტოდრომი, სააერნაოსნო მომსახურების (გარდა საძებნ-სამაშველო მომსახურებისა) საწარმო, სამოქალაქო საავიაციო საგანმანათლებლო დაწესებულება, ავიასამედიცინო ცენტრი, ავიასამედიცინო ექსპერტი, საჰაერო ხომალდის საწვავ-გასამართი საწარმო და მისი ტექნიკური პერსონალი, შესაბამისი სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები, საავიაციო პერსონალი, ბორტკვების საწარმო, ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ არის დაკავშირებული ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან, საჰაერო ხომალდი და მისი ძრავა ექვემდებარებიან სერტიფიცირებას. აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნებთან შესაბამისობას.“.

7. 59-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში სხვა ქვეყანაში  რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები) ხორციელდება შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის ან სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების ნებართვის საფუძველზე.“.

8. 72-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 72. სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები) და მისი (მათი) განხორციელების წესი

1. სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები) შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის პირადი მიზნებისთვის, ისე დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, კომერციული მიზნით.

2. სპეციალიზებულ ექსპლუატაციას (საავიაციო სამუშაოებს) საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ახორციელებს დეკლარაციის ან ავტორიზაციის საფუძველზე, ხოლო სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი − შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

3. სპეციალიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოების) მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს სააგენტო.

4. თუ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილია პირობები, რომლებითაც გარკვეულ ტერიტორიაზე ეკოლოგიის ან ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაწესებული განსაკუთრებული რეჟიმის გამო იზღუდება ან იკრძალება სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელება, სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების ამ ორგანოებთან შეთანხმების ვალდებულება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს ეკისრება.“.

9. 73-ე და 74-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 31 აგვისტომდე უზრუნველყოს „პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების მიღება.  

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ:

ა) 2023 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს შემდეგი წესების დამტკიცება:

ა.ა) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესი;

ა.ბ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესი;

ა.გ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის წესი;

ა.დ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესი;

ა.ე) სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების წესი;

ა.ვ) საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესი;

ბ) 2023 წლის 31 აგვისტომდე უზრუნველყოს პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცება. 

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის:

ა) მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის:

ა.ა) 212 და 21მუხლები და მე-8 ნაწილი ამოქმედდეს 2023 წლის 31 დეკემბრიდან;

ა.ბ) 21და 215 მუხლები ამოქმედდეს 2023 წლის 31 აგვისტოდან;

ბ) მე-6 და მე-9 ნაწილები ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივნისი 2023 წ.

N3269-XIმს-Xმპ