საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3338-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016098
3338-XIმს-Xმპ
28/06/2023
ვებგვერდი, 29/06/2023
010190030.06.001.016098
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვადები, რომლებიც ამ რეგლამენტით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს სამუშაო დღეებს, გარდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადებისა და კანონითა და ამ რეგლამენტით პირდაპირ გათვალისწინებული კალენდარული დღეებისა. ამ რეგლამენტით დღეებით განსაზღვრული ვადების ათვლისას არ იანგარიშება შესაბამისი ვადის ათვლის პირობის წარმოშობის დღე, გარდა ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, კანონები და ეს რეგლამენტი;“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და წინადადებას განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.“.

4. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ჰყავდეს ერთი თანაშემწე.“.

5. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტის წევრი მისი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების შემთხვევაში იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, აგრეთვე პარლამენტის წევრი, რომელიც იყო წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, უზრუნველყოფილია იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც სარგებლობს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.“.

6. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის საკონსულტაციო საბჭოს. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით;“;

ბ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:

„უ1) ბრძანებით განსაზღვრავს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში პარლამენტის წევრებისა და სხდომაზე დამსწრე სხვა პირებისთვის სპეციალური ადგილების განაწილების წესს;“;

გ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“ ქვეპუნქტი:

„ღ1) ბრძანებით ადგენს პარლამენტის ავტოპარკის განახლებისა და სამსახურებრივი ავტომობილების  განაწილებისა და შესყიდვის წესს;“;

დ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის მედლითა და პარლამენტის სამკერდე ნიშნით პირის დაჯილდოების შესახებ;“.

7. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ 2 ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თუ შესაბამისი ფრაქცია/ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს არ წარადგენს/წარადგენენ, კანდიდატის წარდგენის უფლება თანამიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო. შესაბამისი ფრაქცია/ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს წარადგენს/წარადგენენ სათანადო უფლების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში.“.

8. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოიწვიონ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროს და პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად იღებს. ამ ფაქტის ცნობად მიღებისთანავე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეუწყდება უფლებამოსილება, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.“.

9. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებასა და თანდართულ მასალებს შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს; იღებს გადაწყვეტილებას პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ;“.

10. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტს შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარის, კომიტეტის, ფრაქციის, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის დასაბუთებული მოთხოვნით გააუქმოს ან შეცვალოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის ინიციატორს დასაბუთებისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, რის შემდეგაც საკითხს კენჭი ეყრება. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, და ფორმდება საოქმო ჩანაწერით.“.

11. 28-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უფრაქციო პარლამენტის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება ამ მუხლის მე-4 და  მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით, პარლამენტის წევრის პირადი განცხადების საფუძველზე. უფრაქციო პარლამენტის წევრი პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას წყვეტს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მის მიერ ფრაქციის შექმნის მომენტიდან, აგრეთვე მისი ფრაქციაში გაწევრების შესახებ განცხადების პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. თუ უფრაქციო პარლამენტის წევრებს შეუმცირდათ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, ისინი ვალდებული არიან კვოტების შესაბამისად თვითონ განსაზღვრონ პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან გამოსვლის საკითხი. უფრაქციო პარლამენტის წევრთა მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი უფრაქციო პარლამენტის წევრის გამოწვევის საკითხს სათანადო ორგანოს სხდომაზე წილისყრით წყვეტს სხდომის თავმჯდომარე.“.

12. 31-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. ერთდროულად კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის რამდენიმე კანდიდატურის წარდგენა დაუშვებელია. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ხოლო ერთი მოადგილის კანდიდატურისა – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს, თუ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ვერ აირჩა, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლე უნდა აირჩეს.“.

13. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას  მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიურო, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი.“.

14. 34-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია კომიტეტის სხდომამდე წერილობით აცნობებს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ მისი კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არაუმეტეს ხუთჯერ. ამასთანავე, აღნიშნულ რაოდენობაში არ ჩაითვლება, თუ ფრაქციის წევრს კომიტეტის სხდომაზე დასწრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის გამო არ შეუძლია. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სხდომამდე წერილობით მიეწოდება ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ პუნქტის მიზნებისთვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა. კომიტეტის წევრის კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი განსახილველ საკითხებთან ერთად ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. კომიტეტის სხდომა შეიძლება გაიმართოს კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის გამოქვეყნების დღიდან არაუადრეს მე-3 კალენდარული დღისა. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა არ ვრცელდება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაზე, აგრეთვე კომიტეტის სხდომის იმავე დღისთვის გადადების შემთხვევაზე.“;

დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებში კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება ან კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის შემთხვევებისა.“.

15. 36-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას;“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების მიერ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტის ერთ-ერთ წევრს ავალებს.“.

16. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველ ყველა საკითხს, გარდა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის საკითხისა, აგრეთვე ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისებისა, განიხილავს შესაბამისი კომიტეტი.“.

17. 42-ე მუხლის:

ა) მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე კანონპროექტის განხილვის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან დანიშნულებისამებრ იგზავნება.

3. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომიტეტის რეკომენდაცია შესაძლებელია პარლამენტს წარედგინოს ან რეაგირებისთვის ქვემდებარეობით გადაიგზავნოს. მისი განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები არაუგვიანეს 1 თვისა ან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში ეცნობება კომიტეტს.

4. კომიტეტი იმ საკითხზე, რომელზეც იგი დასკვნას ან რეკომენდაციას არ შეიმუშავებს, იღებს გადაწყვეტილებას.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. კომიტეტის მიერ მიღებული აქტი, როგორც წესი, უნდა შეიცავდეს კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხის მოკლე აღწერილობას, კომიტეტის დასაბუთებულ პოზიციას ან/და რეაგირების კონკრეტულ ზომებს.“.

18. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომიტეტის თავმჯდომარე საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშს და შესაბამის მოხსენებას ყოველი წლის შედეგების მიხედვით.“.

19. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 47. საკონსულტაციო საბჭო

1. კომიტეტთან, მისი დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისგან. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა, მისი საქმიანობის ვადა და წესი განისაზღვრება კომიტეტის გადაწყვეტილებით. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს მხოლოდ იმავე კომიტეტის წევრი.

2. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საჭიროებისამებრ იწვევს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარე.“.

20. 50-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  49-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, მას რეგისტრაციაზე უარი ეთქმება. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. აღნიშნულის თაობაზე ფრაქცია, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, წერილობით მიმართავს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფრაქციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას თავდაპირველად სიტყვით გამოდის იმ ფრაქციის წარმომადგენელი, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, რომელსაც გამოსვლისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, შემდეგ − პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის (პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის) წარმომადგენელი, რომლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო ბოლოს სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები, რომელთაგან თითოეულს გამოსვლისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 5 წუთისა, რის შემდეგაც პარლამენტი კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას.“.

21. 51-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისთვის წერილობით შეტყობინების მომენტიდან, აგრეთვე ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გამოწვევის შესახებ განცხადების პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი კანდიდატურა.

3. ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში, თუ ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. ასეთ შემთხვევაში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტების დამტკიცება არ იწვევს აღნიშნული კვოტების დამტკიცებამდე პარლამენტის შესაბამის ორგანოში წარდგენილ იმ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას, რომლებსაც უშუალოდ არ შეხებიათ ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებები.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია თვითონ განსაზღვროს პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან თავისი წევრების გამოწვევის საკითხი. ფრაქციის მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი ფრაქციის წევრის გამოწვევის საკითხს სათანადო ორგანოს სხდომაზე წილისყრით წყვეტს სხდომის თავმჯდომარე.“.

22. 52-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. წევრი ფრაქციაში მიღებულად ჩაითვლება პარლამენტის ბიუროს მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან. წევრი ფრაქციიდან გასულად ან გარიცხულად ჩაითვლება ამის შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისთვის წერილობით შეტყობინების მომენტიდან. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წევრი ფრაქციიდან გასულად ჩაითვლება მისი ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენისთანავე, ხოლო ფრაქციიდან გარიცხულად − ფრაქციის მიერ მისი გარიცხვისთანავე. ამასთანავე, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წევრი შესაბამის ფრაქციაში მიღებულად ჩაითვლება მის მიერ ფრაქციაში გაწევრების შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან.“.

23. 55-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტში კანონპროექტის ან სხვა საკითხის მოსამზადებლად ან მისი განხილვისას წარმოშობილი აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრისა და ცალკეულ დებულებათა დაკონკრეტება-შეჯერების მიზნით, ფრაქციებთან კონსულტაციის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი.

2. ინტერფრაქციული ჯგუფი უფლებამოსილია კანონპროექტის ან სხვა საკითხის თაობაზე საკუთარი მოსაზრებით ან წინადადებით მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს.“.

24. 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ არის საპარლამენტო თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის საპარლამენტო თანამდებობასთან შეთავსება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფილია იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც სარგებლობს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

3. ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა. იგი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ აცნობებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. თუ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარლამენტის წევრი საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით განახლებულ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო. პარლამენტის ბიურო საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიას რეგისტრაციაში არ გაატარებს, თუ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 76-ზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა დაშლილად ითვლება. საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შემდეგ პარლამენტის ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს.“.

25. 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. პარლამენტის დადგენილების პროექტი უნდა შეიცავდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროების სათანადო დასაბუთებას. პარლამენტის დადგენილების პროექტი გადაეცემა პარლამენტის ბიუროს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება. პარლამენტის დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე და კომისიის უფლებამოსილების ვადა.“.

26. 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახორციელებს ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

27. 67-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოების გამო მოიწვიოს ნებისმიერი პირი და მას წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

28. 68-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის გამართვა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პლენარული სხდომა არ იმართება.“.

29. 72-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დროებითი კომისიის საქმიანობაზე ვრცელდება დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დროებითი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები რეგლამენტით სხვაგვარად არის მოწესრიგებული. ამასთანავე, დროებითი კომისიის საქმიანობაზე არ ვრცელდება ამ რეგლამენტის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 67-ე მუხლის მე-3 და მე-5–მე-11 პუნქტებისა და 70-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნები.“.

30. 73-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დროებითი კომისიის შექმნის საკითხის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს.“.

31. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 81. სათათბირო ორგანოს სხდომის გამართვის შეზღუდვა

პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებში სათათბირო ორგანოს სხდომის გამართვა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პლენარული სხდომა არ იმართება. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ხაზინადართა საბჭოს სხდომის გამართვის შემთხვევაზე. ამასთანავე, ხაზინადართა საბჭოს სხდომის პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას გამართვა დაუშვებელია.“.

32. 82-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარლამენტის მორიგი სესია გახსნილად ცხადდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო დახურულად − შესაბამისად პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის ან საქართველოს მთავრობის მოთხოვნით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას − რიგგარეშე სხდომას.

8. პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედი პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ერთვის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა, ხოლო პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას – რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.“;

გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. პარლამენტის რიგგარეშე სესიასა და რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 88-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების მოთხოვნები.“.

33. 84-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილები საქართველოს მთავრობის წევრებისთვის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისთვის, პლენარულ სხდომაზე მოწვეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, პარლამენტის ოფიციალური და საპატიო სტუმრებისთვის, პარლამენტის აპარატის პასუხისმგებელი პირებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე განსაზღვრული წესით დასწრების მსურველი მოქალაქეებისთვის.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პარლამენტის მუშაობის გაცნობის მიზნით, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, განსაზღვრული დროით სხდომათა დარბაზში სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაიშვებიან საზოგადოების წარმომადგენლები.“.

34. 86-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პარლამენტის წევრი, რომლის უფლებამოსილების ცნობაც გადაიდო ან რომელიც პარლამენტის წევრად არჩეულ იქნა გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად, ფიცის ტექსტს ხელმოწერით ადასტურებს უფლებამოსილების ცნობისთანავე.“.

35. 88-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირას, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით. სხვა შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა და იმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომისთვის ამ რეგლამენტის 82-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

36. 89-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით (ხელის აწევით). სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საკითხების თანამიმდევრობის შეცვლა ან/და საკითხის რიგგარეშე განხილვა.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წევრი, პარლამენტის კომიტეტი ან ფრაქცია მოითხოვს საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას ან დღის წესრიგიდან ამოღებას, პლენარული სხდომის თავმჯდომარე განმარტავს საკითხის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. პარლამენტი საკითხის დღის წესრიგში შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას ან საკითხის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განხილვის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. ამასთანავე, საკითხის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. თუ კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის (გარდა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა) პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 6 თვის განმავლობაში არ გამოიტანს კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისთვის, კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება.“.

37. 90-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კანონპროექტის/სხვა საკითხის განხილვისას საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრაზე აყენებს განხილვის შეჩერებისა და მხარეთა მონაწილეობით საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის საკითხს;“.

38. 91-ე მუხლის:

ა) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ფრაქციის თავმჯდომარე დილის სხდომის გახსნისას რეგისტრაციამდე პარლამენტის თავმჯდომარესა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წერილობით აწვდის ინფორმაციას ამ ფრაქციის წევრთა მიერ პარლამენტის პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზების შესახებ. უფრაქციო პარლამენტის წევრი მის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე რეგისტრაციამდე თვითონ წერილობით აცნობებს პარლამენტის თავმჯდომარესა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები განსაზღვრულ ვადაში არ მიაწვდიან ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარესა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, შესაბამის პარლამენტის წევრს პარლამენტის პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება.“;

ბ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

39. 94-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის პლენარული სხდომების (გარდა რიგგარეშე სხდომებისა) კვირის სამშაბათს დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის წევრებს ამ მუხლით დადგენილი წესით ეთმობათ დრო განცხადებებისთვის. თითოეული პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს. მისთვის გამოყოფილი დროის გაზრდა ან სხვა პარლამენტის წევრისთვის დათმობა დაუშვებელია. განცხადებებისთვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 12 და არაუმეტეს 72 წუთისა. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის მიხედვით განსაზღვრული დრო ოთხზე უნაშთოდ არ იყოფა, ნაკლული დრო შესაბამისად შეივსება ოთხის ჯერადამდე.

2. განცხადებებისთვის უფრაქციო პარლამენტის წევრები პირადად, ხოლო ფრაქციის წევრები − ფრაქციის ხელმძღვანელ პირთა მეშვეობით, დღის წესრიგის დამტკიცებამდე  ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელიც დგება პარლამენტის პლენარული სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ასევე შესაძლებელია, პარლამენტის წევრი განმცხადებელთა სიაში ჩაეწეროს განცხადებების მიმდინარეობისას. პარლამენტის წევრები სიტყვით გამოდიან შემდეგი თანამიმდევრობით: თავდაპირველად − ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციის წარმომადგენლები, შემდეგ − რიგითობის მიხედვით უფრო მცირერიცხოვანი ფრაქციების წარმომადგენლები, ხოლო ბოლოს − უფრაქციო პარლამენტის წევრები. ამასთანავე, სიტყვით არ უნდა გამოვიდეს ზედიზედ ერთი ფრაქციის ორზე მეტი წევრი და ზედიზედ ორი ან ორზე მეტი უფრაქციო პარლამენტის წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელთა სიაში არ არის ჩაწერილი სხვა ფრაქციის წევრი ან უფრაქციო პარლამენტის წევრი. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრი განმცხადებელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისთვის სხდომას არ ესწრება ან კუთვნილი დროით არ სარგებლობს, მას აღარ აქვს გამოსვლის უფლება.“.

40. 95-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, მას პირველ რიგში ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.“.

41. 96-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა, კენჭისყრის ელექტრონული სისტემით გვარების ამობეჭდვა, სახელობითი ბიულეტენებით, აგრეთვე ბიულეტენების გარეშე − სახელობითი კენჭისყრა ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან ფარული (კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენებით ან ბიულეტენებით კენჭისყრა ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში).“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს სახელობითი კენჭისყრა (ბიულეტენების გარეშე, პარლამენტის წევრთა სიის ამოკითხვით). აღნიშნული ფორმით კენჭისყრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით (ხელის აწევით), პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეოთხედისა.“.

42. 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კენჭისყრის ელექტრონული სისტემის მიერ პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის სიგნალის მიუღებლობის შემთხვევაში მისი ხმა მიცემულად ჩაითვლება, თუ ეს კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე დადასტურდება. თუ დადასტურდა, რომ შესაბამისი განცხადების მიზანი კენჭისყრის შედეგების გაყალბება იყო, ეს კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ ახდენს. თუ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, დაუყოვნებლივ დადასტურდა, რომ კენჭისყრის ელექტრონულმა სისტემამ არ მიიღო პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის სიგნალი ან სხვისი ბარათი იქნა გამოყენებული და ეს ხმა გადამწყვეტია, იმართება ხელახალი კენჭისყრა.“.

43. 101-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტი გადაეცემა აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს;“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი მას განიხილავს ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისთვის მოსამზადებლად. კომიტეტი განიხილავს აგრეთვე კანონპროექტის თაობაზე ალტერნატიულ წინადადებებს;“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კანონპროექტის ორი ან ორზე მეტი პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან ფრაქციის მიერ ინიციირების შემთხვევაში იგი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება შესაბამისად კანონპროექტის ინიციატორი ყველა პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან ფრაქციის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

5. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე ფრაქციის გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პარლამენტის წევრის/ფრაქციის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტებზე, რომლებიც განხილვის პროცესშია და პირველი მოსმენით არის მიღებული, მომხსენებელს დანიშნავს წამყვანი კომიტეტი. ამის შესახებ წამყვანი კომიტეტი აცნობებს პარლამენტის ბიუროს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონპროექტები, რომლებიც პირველი მოსმენით არ არის მიღებული, გათხოვილად ითვლება წამყვანი კომიტეტის მიმართვის საფუძველზე აღნიშნული ფაქტის პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.“.

44. 102-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი მატერიალური სახით, აგრეთვე ადვილად დამუშავებადი ელექტრონული დოკუმენტის სახით გადაეცემა პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც მას აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს.“.

45. 106-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს განსახილველად წარადგენს მისი ინიციატორი პარლამენტის წევრი, პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტს − პარლამენტის წევრთა მიერ დანიშნული წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კანონპროექტზე მომხსენებლად/თანამომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ არის/არიან დანიშნული, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – შესაბამისად ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ანდა ფრაქციის ან კომიტეტის მიერ შესაბამისი ფრაქციის ან კომიტეტის წევრთაგან დანიშნული წარმომადგენელი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – მის მიერ დანიშნული შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე ან კომიტეტის/კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის დაწყებისას სხდომათა დარბაზში მომხსენებლის არყოფნის შემთხვევაში საკითხი იხსნება ამ პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან და გადადის მომდევნო პლენარული სხდომის დღის წესრიგში, ხოლო თანამომხსენებლის არყოფნა არ აბრკოლებს საკითხის განხილვას.“.

46. 107-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუადრეს 3 დღისა და არაუგვიანეს 5 კვირისა წამყვანი კომიტეტი იწვევს კომიტეტის სხდომას (გარდა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევისა). წამყვანი კომიტეტის სხდომა მოწვეული უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული ის კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წამყვან კომიტეტს გადასცემენ კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად კანონპროექტი შეიძლება ცნობილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კომიტეტის მიერ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად ცნობა არ აბრკოლებს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას. თუ კანონპროექტის ინიციატორი ორი თანამიმდევრული მორიგი სესიის განმავლობაში კომიტეტში კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მოწვეულ კომიტეტის სხდომაზე არ გამოიტანს კანონპროექტს, იგი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება, ხოლო კანონპროექტის მეორე ან მესამე მოსმენით განხილვის შემთხვევაში მისი განხილვა წყდება წამყვანი კომიტეტის მიმართვის საფუძველზე აღნიშნული ფაქტის პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.“.

47. 108-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წამყვანი კომიტეტი ალტერნატიული კანონპროექტის ინიციატორის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი შეჯერებული ვარიანტის წარდგენის შესახებ. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, წარდგენილი იქნება ძირითადი კანონპროექტი და ალტერნატიული კანონპროექტი. პარლამენტი დადგენილებით წყვეტს ერთ-ერთი მათგანის საფუძვლად მიღების ან უარყოფის საკითხს.“.

48. 111-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა იწყება კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლით.

3. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოსვლის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შეკითხვების დასრულების შემდეგ კანონპროექტზე მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში მომხსენებლის პასუხის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.“;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. კანონპროექტზე მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის წარმომადგენელი, ფრაქციის წარმომადგენელი, უფრაქციო პარლამენტის წევრი სიტყვით გამოდის სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან, თუ მისი გამოსვლის ხანგრძლივობა 3 წუთს აღემატება. თუ გამოსვლისთვის განსაზღვრული დრო 3 წუთს არ აღემატება, პარლამენტის წევრს (გარდა მომხსენებლისა) უფლება აქვს, სიტყვით გამოვიდეს აგრეთვე სხდომათა დარბაზში მისთვის განკუთვნილი ადგილიდან.“;

ე) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. კანონპროექტის პირველი მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტი კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შესახებ.“.

49. 112-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის წარმომადგენელი, ფრაქციის წარმომადგენელი, უფრაქციო პარლამენტის წევრი სიტყვით გამოდის სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან, თუ მისი გამოსვლის ხანგრძლივობა 3 წუთს აღემატება. თუ გამოსვლისთვის განსაზღვრული დრო 3 წუთს არ აღემატება, პარლამენტის წევრს (გარდა მომხსენებლისა) უფლება აქვს, სიტყვით გამოვიდეს აგრეთვე სხდომათა დარბაზში მისთვის განკუთვნილი ადგილიდან.“.

50. 113-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკანონმდებლო პაკეტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვისა და მიღების თავისებურებანი“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საკანონმდებლო პაკეტის პირველი ან მეორე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე, რომელთა მისაღებად თანაბარი რაოდენობის ხმებია საჭირო, კენჭისყრა ერთიანად იმართება. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ინიციატივით პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ პროექტზე კენჭისყრის ცალკე გამართვის თაობაზე. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.“.

51. 114-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამოსვლების დასრულების შემდეგ რედაქციულ შენიშვნებზე პასუხისთვის სიტყვით გამოდის კანონპროექტზე მომხსენებელი. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე კანონპროექტის განხილვას დასრულებულად მიიჩნევს.“.

52. 117-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ შესაძლებელია მიიღოს როგორც კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ისე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვამდე. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პარლამენტის ბიურომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს კანონპროექტის ინიციატორის წერილობითი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.“.

53. 118-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის წინადადების საფუძველზე. კანონპროექტი გამარტივებული წესით განიხილება კომიტეტში კანონპროექტის განხილვისთვის ამ რეგლამენტის 107-ე მუხლით დადგენილი ვადების დაცვით.“.

54. 122-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს პარლამენტს, მაგრამ გამოცხადებულია საპარლამენტო არდადეგები, შენიშვნების განსახილველად შეიძლება დადგენილი წესით მოწვეულ იქნეს პარლამენტის რიგგარეშე სესია.“.

55. 123-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 123. პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი

პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადასცემს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მისთვის გადაცემიდან 1 კვირის ვადაში ამოწმებს ხელმოწერებს და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით. პარლამენტის ბიუროს იმავე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.“.

56. 124-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის ბიუროს წარუდგენს განცხადებას რეგისტრაციაში გატარების შესახებ. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს მასალები წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საინიციატივო ჯგუფისთვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შესაგროვებლად საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამომრჩეველი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებამდე პარლამენტის ვებგვერდის შესაბამის ველში ელექტრონულად აღნიშნავს ტელეფონის ნომერს და ასრულებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას.“;

დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა და არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი. პარლამენტის ბიუროს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით. პარლამენტის ბიუროს იმავე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.“.

57. 126-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა იწყება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი წევრის მოხსენებით, რომელიც სხდომაზე დამსწრეთ გააცნობს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს. ამის შემდეგ ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს პლენარულ სხდომაზე წარადგენს საინიციატივო ჯგუფის მიერ დანიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებულ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს − პარლამენტის წევრთა მიერ დანიშნული წარმომადგენელი.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენა, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების წარდგენა დაუშვებელია.“.

58. 127-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის ბიუროს წარუდგენს განცხადებას რეგისტრაციაში გატარების შესახებ. განცხადებას უნდა ერთოდეს კანონპროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს მასალები წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და კანონპროექტი განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საინიციატივო ჯგუფისთვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შესაგროვებლად კანონპროექტი  განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამომრჩეველი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებამდე  პარლამენტის ვებგვერდის შესაბამის ველში ელექტრონულად აღნიშნავს ტელეფონის ნომერს და ასრულებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას.“;

დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა და წარმოდგენილი კანონპროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს. კანონპროექტს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი.“.

59. 132-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონცეფცია არის დოკუმენტი, რომლითაც პარლამენტი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.“.

60. 143-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირება ხდება შესაბამისი კომიტეტების, ფრაქციების, ხაზინადართა საბჭოს და პარლამენტის აპარატის წინადადებების საფუძველზე. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ბიუჯეტის პროექტს განსახილველად წარადგენს პარლამენტის აპარატის უფროსი. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტში პარლამენტისთვის (პროგრამული კლასიფიკაციის კოდი – 01 01) გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობის შემცირება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას სავალდებულოა ამ პროექტის დარიგება. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტი უნდა ასახავდეს საბიუჯეტო კლასიფიკაციის ძირითადი ჯგუფების მიხედვით ბიუჯეტის ხარჯების ფინანსური ოპერაციებისა და არაფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაციას.“.

61. 149-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ინტერპელაციის დასრულების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება. მისი პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება და დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 130-ე მუხლით განსაზღვრული წესით.“.

62. 150-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ მოხსენების განხილვა გრძელდება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად. მოხსენების განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება. მისი პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება და დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 130-ე მუხლით განსაზღვრული წესით.“.

63. 151-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა. ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის თაობაზე კომიტეტის ან ფრაქციის გადაწყვეტილება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესაბამისი კომიტეტის ან ფრაქციის წარმომადგენელს ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის დასაბუთებისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, რის შემდეგაც საკითხს კენჭი ეყრება. ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება ფორმდება საოქმო ჩანაწერით და დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიში განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად. ანგარიშის განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება. მისი პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება და დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 130-ე მუხლით განსაზღვრული წესით.“.

64. 152-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტი კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით პლენარულ სხდომაზე იწვევს საქართველოს მთავრობის წევრს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს. თითოეული მათგანი ვალდებულია გამოცხადდეს პლენარულ სხდომაზე, ამ მუხლით დადგენილი წესით პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის თაობაზე კომიტეტის ან ფრაქციის გადაწყვეტილება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესაბამისი კომიტეტის ან ფრაქციის წარმომადგენელს თანამდებობის პირის მოწვევის მოთხოვნის დასაბუთებისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, რის შემდეგაც საკითხს კენჭი ეყრება. პარლამენტის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ პარლამენტმა შეიძლება მიიღოს დადგენილება. მისი პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება და დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 130-ე მუხლით განსაზღვრული წესით.“.

65. 163-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის მარტში, წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიაზე −  მოხსენებას ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელთა განხილვის საფუძველზედაც პარლამენტი იღებს დადგენილებას. პარლამენტის დადგენილება უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებას, აგრეთვე პარლამენტის დავალებებს და მათი შესრულების მონიტორინგის ვადებს.“.

66. 165-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აუდიტის ჯგუფის მეშვეობით ზედამხედველობას უწევს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების აღსრულებას და მისი აღსრულების შესახებ ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს ინფორმაცია შესაძლებელია წარდგენილ და განხილულ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აუდიტის ჯგუფი ანგარიშვალდებულია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე. აუდიტის ჯგუფის დებულებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.“.

67. 176-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად გამოდის შესაბამისი თანამდებობის პირი ან შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად გამოდის საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ არის/არიან დანიშნული. პარლამენტის სხდომაზე ანგარიშის თაობაზე თანამომხსენებლად გამოდის წამყვანი კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი.“.

68. XV თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1941 მუხლი:

„მუხლი 1941. საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი

1. საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია.

2. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს ცესკოს მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.

3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას.

4. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გამართვას უზრუნველყოფს პარლამენტი ცესკოს მეშვეობით.

5. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღს ნიშნავს პარლამენტი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში. არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში. თუ არჩევის თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან 45 დღის ვადაში. თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში.

6. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის დღის მომდევნო დღისა.

7. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე, ან ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ პირებს, ცესკოს წევრებს, პარლამენტისა და ცესკოს აპარატის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

8. საარჩევნო კოლეგიის წევრები საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიაში ხელმოწერებით ადასტურებენ საარჩევნო ბიულეტენის მიღებას, რის შემდეგაც შემოხაზავენ მათთვის სასურველ მხოლოდ 1 საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს და საარჩევნო ბიულეტენს წინასწარ დალუქულ, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში ათავსებენ.

9. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტის  ხელახალ არჩევნებს ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამისი გარემოების დადგომიდან 3 დღის ვადაში.

10. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო არჩევნების დასრულებისთანავე, თავის სხდომაზე, რომელიც პარლამენტის სასახლეში იმართება.“.

69. 215-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან დეპარტამენტები, მანდატურის სამსახური, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, პარლამენტის კომიტეტების აპარატები, საპარლამენტო ფრაქციების აპარატები, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამდივნოები, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სამდივნო, საბჭოებისა და სახელმწიფო კომისიების სამდივნოები, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.“.

70. 216-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. დასაშვებია პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლა. პარლამენტის აპარატში სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე. პარლამენტის აპარატში სტაჟირება ცხადდება წელიწადში ორჯერ. პარლამენტის აპარატში  სტაჟირების გავლის წესს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

მუხლი 2

1. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლის 39-ე პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის 39-ე პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2023 წ.

N3338-XIმს-Xმპ