წყლის რესურსების მართვის შესახებ

წყლის რესურსების მართვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3423-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 400000000.05.001.021003
3423-XIმს-Xმპ
30/06/2023
ვებგვერდი, 20/07/2023
400000000.05.001.021003
წყლის რესურსების მართვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

წყლის რესურსების მართვის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის მიზანი და ამოცანა

1. ამ კანონის მიზანია ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, სუფთა წყალთან მოქალაქეთა წვდომის უფლებას, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინტეგრირებული მართვის პრინციპების შესაბამისად, წყლის რესურსების დაცვასა და მდგრად გამოყენებას.

2. ამ კანონის ამოცანაა, შეიქმნას წყლის რესურსების მდგრადი ინტეგრირებული მართვის ისეთი სისტემა, რომელიც: 

ა) იცავს წყლის ეკოსისტემის სტატუსს, მათ შორის, წყლის ხარისხს, და გამორიცხავს მის შემდგომ გაუარესებას;

ბ) იცავს და აუმჯობესებს წყლის რესურსების მდგომარეობას და წყალზე საჭიროებიდან გამომდინარე, წყლის ეკოსისტემებზე უშუალოდ დამოკიდებული ხმელეთისა და ჭარბტენიანი ეკოსისტემების მდგომარეობას;

გ) ხელს უწყობს წყალდიდობის რისკის შეფასებისა და მართვის სისტემის შექმნას; 

დ) ქმნის სამართლებრივ საფუძველს წყლის რესურსების მდგრადი გამოყენებისთვის, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით;

ე) ხელს უწყობს წყლის რესურსების მართვის სფეროში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკის შემცირებას;

ვ) უზრუნველყოფს წყლის რესურსებისა და გარემოს დაცვას და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პრიორიტეტული დამაბინძურებელი ნივთიერებების წყლის ობიექტში მოხვედრის ან/და ჩაშვების და, აღნიშნულიდან გამომდინარე, წყლის დანაკარგის ეტაპობრივი შემცირების და თავიდან აცილების გზით;

ზ) ქმნის სამართლებრივ საფუძველს მიწისქვეშა წყლის დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მოქცეული ზონების განსაზღვრისთვის, დაბინძურების ეტაპობრივი შემცირების და შემდგომი დაბინძურებისგან დაცვისთვის;

თ) იცავს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში.

მუხლი 2. კანონის რეგულირების საგანი

ეს კანონი ადგენს წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის ძირითად პრინციპებს, ასევე, არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს: 

ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების კომპეტენციებს წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით.

მუხლი 3. კანონის რეგულირების სფერო

1. ამ კანონის რეგულირების სფერო მოიცავს ზედაპირულ წყალს და მიწისქვეშა წყალს და მათ დაცვით ზონებს.

2. მიწისქვეშა წყლის სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონითა და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. ეს კანონი არ არეგულირებს საქართველოს საზღვაო სივრცესთან დაკავშირებულ საკითხებს (გარდა ამ კანონით სანაპირო წყლებისთვის განსაზღვრული შემთხვევებისა). საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. იმ მდინარეების, ტბებისა და სანაპირო წყლების რეგულირების ერთიანი რეჟიმი, რომელიც სცდება საქართველოს საზღვრებს (წყლის საერთაშორისო რესურსები), განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამასთანავე, აღნიშნული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში წყლის საერთაშორისო რესურსების მართვა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფოების ერთობლივი კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე.

5. ტრანსსასაზღვრო წყლების სააუზო უბნების, ტბებისა და სანაპირო წყლების საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნაწილთან მიმართებით მოქმედებს ეს კანონი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთანავე, წყლის საერთაშორისო რესურსების ამ კანონის შესაბამისად ერთობლივი მართვის მიზნით, სახელმწიფო უზრუნველყოფს დაინტერესებულ სახელმწიფოსთან კოორდინირებულ თანამშრომლობას საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

6. საქართველოს ტერიტორიის სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში არსებული წყლის რესურსების სარგებლობისას დაცული უნდა იქნეს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) წყლის რესურსები – ზედაპირული წყლების (მათ შორის, წყლის ხელოვნური ობიექტების) და მიწისქვეშა წყლების ერთობლიობა;

ბ) წყლის რესურსების მართვა − წყლის რესურსებით სარგებლობის რეგულირება, აღრიცხვა, მონიტორინგი და კონტროლი;

გ) წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა − პროცესი, რომელიც ხელს უწყობს წყლის, მიწის და მათთან დაკავშირებული რესურსების კოორდინირებულ განვითარებას და მართვას ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის თანაბრად ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, ეკოსისტემის მდგრადობისთვის ზიანის მიუყენებლად;

დ) ზედაპირული წყლები – შიდა წყლები (გარდა მიწისქვეშა წყლებისა), გარდამავალი წყლები, სანაპირო წყლები, ტერიტორიული წყლები და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები;

ე) შიდა წყლები – მდინარეები, ტბები, მყინვარები, ჭაობები, თოვლის მუდმივი საფარი, წყალსაცავები, არხებსა და ტბორებში არსებული წყლები, ასევე, მიწისქვეშა წყალი;

ვ) გარდამავალი წყლები – მდინარის ზღვის შესართავთან ახლომდებარე ზედაპირული წყლები, რომლებიც ნაწილობრივ დამლაშებულია სანაპირო წყლების ზემოქმედების შედეგად, მაგრამ რომლებიც, ამავე დროს, არსებითად გაჯერებული არიან მტკნარი წყლით;

ზ) სანაპირო წყლები – ნაპირის ხაზიდან ზღვის მიმართულებით ერთი საზღვაო მილის მანძილზე არსებული წყლები;

თ) მიწისქვეშა წყალი − დედამიწის ქერქის ამგებ ქანებში თხევად, მყარ და აირად მდგომარეობაში არსებული წყალი, რომელიც გავრცელებულია ფხვიერ, ფოროვან და ნაპრალოვან ქანებში, აგრეთვე − კარსტულ სიცარიელეებში;

ი) მდინარე − წყლის ნაკადი, რომელიც მუდმივად მიედინება მისსავე გამომუშავებულ კალაპოტში, იკვებება წყალშემკრები აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენებით და უერთდება ზღვას, ტბას ან სხვა მდინარეს;

კ) ტბა − ხმელეთის ქვაბულში მოქცეული შიდა ზედაპირული წყლის დამდგარი, შენელებული წყალცვლის ბუნებრივი წყალსატევი;

ლ) წყალსარგებლობა − წყლის რესურსებით სარგებლობა სასმელად, საყოფაცხოვრებო, ეკონომიკური და სხვა საქმიანობის განხორციელებისთვის, რომელიც გამოიხატება ზედაპირული წყლის ან მიწისქვეშა წყლის აღებაში, შეგროვებაში, გადამუშავებაში ან/და განაწილებაში ტექნიკური საშუალებებით ან მათ გარეშე; ასევე, ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლების ჩაშვება;

მ) წყალმოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი (განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა), რომელიც ახორციელებს წყალსარგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ნ) მდინარის აუზი – წყალგამყოფით შემოსაზღვრული ტერიტორია, საიდანაც მდინარის სისტემა იკრებს ჩამონადენ წყლებს. მდინარის აუზი შეიძლება შედგებოდეს მდინარის ქვეაუზებისგან;

ო) მდინარის ქვეაუზი − მთავარი მდინარის აუზის ის ნაწილი, საიდანაც შენაკადი მდინარე იკრებს ზედაპირულ წყალს და მიწისქვეშა წყალს. შენაკადი მდინარეები ჰიდროგრაფიულად განირჩევა − პირველი რიგის (მთავარი მდინარის შენაკადი), მეორე რიგის (პირველი რიგის მდინარის შენაკადი) და ა.შ. შენაკადებად;

პ) მდინარეების სააუზო უბანი − ერთზე მეტი მოსაზღვრე მდინარის აუზებისგან, მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა წყლებისა და სანაპირო წყლების გავრცელების ფართობებისგან შემდგარი ტერიტორიისა და აკვატორიის ერთობლიობა;

ჟ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ტერიტორიული ერთეული − მდინარის აუზი ან მდინარეების სააუზო უბანი (მათ ფარგლებში გავრცელებული და მათთან ასოცირებული მიწისქვეშა წყლით და სანაპირო წყლებით), რომელიც წარმოადგენს მდინარეების აუზების/სააუზო უბნების მართვის მთავარ ერთეულს;

რ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმა − მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ინსტრუმენტი, კერძოდ, ღონისძიებების გეგმა, რომელსაც ეფუძნება კონკრეტული მდინარის აუზის/სააუზო უბნის ტერიტორიაზე მდებარე წყლის ობიექტისა და წყლის ობიექტის მიწის მართვა წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ძირითადი პრინციპების შესაბამისად;

ს) ზედაპირული წყლის ობიექტი − ზედაპირული წყლის დამოუკიდებლად არსებული ელემენტი, როგორიცაა მდინარე, ტბა, ჭაობი, წყალსაცავი, ნაკადული, არხი ან მისი ნაწილი, გარდამავალი წყლები ან სანაპირო წყლები;

ტ) მიწისქვეშა წყლის ობიექტი − მიწისქვეშა წყლის გარკვეული/კონკრეტული მოცულობის შემცველი კომპლექსი, ჰორიზონტი ან მისი ნაწილი (წყალშემცველი შრე, ფენა, უბანი);

უ) ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტი − ზედაპირული წყლის ობიექტი, რომელმაც ადამიანის ქმედების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა თავისი ბიოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები;

ფ) წყლის ხელოვნური ობიექტი − ადამიანის მიერ შექმნილი ზედაპირული წყლის ობიექტი;

ქ) ზედაპირული წყლის სტატუსი – ზედაპირული წყლის ობიექტის ზოგადი მდგომარეობა, რომელიც განისაზღვრება ზედაპირული წყლის რაოდენობრივი სტატუსის, ეკოლოგიური სტატუსისა და ქიმიური სტატუსის უარესი მაჩვენებლის საფუძველზე;

ღ) მიწისქვეშა წყლის სტატუსი − მიწისქვეშა წყლის ობიექტის ზოგადი მდგომარეობა, რომელიც განისაზღვრება მიწისქვეშა წყლის რაოდენობრივი სტატუსისა და ქიმიური სტატუსის უარესი მაჩვენებლის საფუძველზე;

ყ) ეკოლოგიური სტატუსი – ზედაპირულ წყლებთან დაკავშირებული წყლის ეკოსისტემების სტრუქტურისა და ფუნქციონირების ხარისხის გამოხატულება, რომელიც განისაზღვრება ბიოლოგიური ხარისხობრივი ელემენტებისა და ამ ელემენტებისთვის საჭირო ჰიდრომორფოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური ხარისხობრივი ელემენტების საფუძველზე;

შ) ჭაობი − ლანდშაფტის ნაწილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია გადაჭარბებული ტენიანი ზედაპირი და რომელიც ხასიათდება ბიომრავალფეროვნებით;

ჩ) დაბინძურება – ადამიანის საქმიანობის შედეგადმყარი ან თხევადი ნივთიერებების ან ნებისმიერი ფორმის ენერგიის (სითბო, ხმაური, რადიოაქტიურობა) პირდაპირი ან არაპირდაპირი გავრცელება ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში, რაც შესაძლოა საზიანო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, წყლის ეკოსისტემებისთვის ან მიწის იმ ეკოსისტემებისთვის, რომლებიც დამოკიდებული არიან წყლის ეკოსისტემებზე, და იწვევს საკუთრებისთვის ზიანის მიყენებას, ან რომელიც აზიანებს ან ხელს უშლის გარემოს მდგომარეობას ან სხვა კანონიერი მიზნებისთვის გარემოს გამოყენებას;

ც) მდინარის კალაპოტი − მდინარის ხეობის უდაბლესი ნაწილი, რომელშიც წყალი გაედინება წყალდიდობებს შორის პერიოდში;

ძ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

წ) მინისტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

ჭ) საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდი − საქართველოში მდებარე წყლის ყველა ობიექტში არსებული წყლის ერთობლიობა;

ხ) საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა (წყლის ობიექტის მიწა) − მიწა, რომელიც დაკავებულია საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდში შემავალი წყლის ობიექტებით (გარდა მიწისქვეშა წყლისა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის დაცვით ზონად (წყალდაცვითი ზოლი, სანიტარიული დაცვის ზონა);

ჯ) მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯი − წყლის ხარჯის რაოდენობა, რეჟიმი, ხარისხი და დონე, რომელიც აუცილებელია მტკნარი წყლის ეკოსისტემებისა და ამ ეკოსისტემებზე დამოკიდებული ადამიანების საარსებო წყაროს და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად;

ჰ) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა – სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, რომლითაც მის მფლობელს უფლება აქვს, ზედაპირული წყლის ობიექტიდან განსაზღვრული ვადით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, აიღოს გარკვეული რაოდენობის წყალი;

1) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა − სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, რომლითაც მის მფლობელს უფლება აქვს, განსაზღვრული ვადით განახორციელოს სამეურნეო-საყოფაცხოვრებო, საწარმოო, სადრენაჟე, სანიაღვრე და სხვა წყლების ორგანიზებული ჩაშვება ზედაპირული წყლის ობიექტში, ამ წყლების შემადგენლობისთვის დადგენილი ნორმების დაცვით;

2) ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა − სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, რომლითაც მის მფლობელს უფლება აქვს, განსაზღვრული ვადით განახორციელოს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვება;

3) ურბანული ჩამდინარე წყალი − დასახლების სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყალი ან დასახლების სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლის სამრეწველო ჩამდინარე წყლებთან ან/და ჩამონადენ წვიმის წყალთან ნარევი წყალი;

4) ზემოქმედება − ადამიანის ნებისმიერი საქმიანობით გამოწვეული წყლის მდგომარეობის შეცვლა;

5) დამაბინძურებელი ნივთიერება − დაბინძურების გამომწვევი ნებისმიერი ნივთიერება; დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩამონათვალი განისაზღვრება ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების შესახებ დადგენილებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;

6) მიწისქვეშა წყლის რაოდენობრივი სტატუსი − მიწისქვეშა წყლის ობიექტზე პირდაპირი ან ირიბი წყალაღებით გამოწვეული ზემოქმედების დონე;

7) ევტროფიკაცია − წყლის ობიექტის გამდიდრება ბიოგენური ელემენტებით (აზოტი, ფოსფორი), რაც, თავის მხრივ, იწვევს წყალში გახსნილი ჟანგბადის შემცირებას და, შესაბამისად, უარყოფით გავლენას ახდენს წყალქვეშა სიცოცხლეზე;

8) ეკოლოგიური პოტენციალი − ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტის ან/და წყლის ხელოვნური ობიექტის მდგომარეობა (სტატუსი);

9) დაცული ზონა − თითოეული მდინარის აუზის უბანზე არსებული ტერიტორიები, რომლებიც საჭიროებს საგანგებო დაცვას, მათი ზედაპირული წყლების და მიწისქვეშა წყლების ან წყალთან უშუალოდ დაკავშირებული ჰაბიტატების და წყლის სახეობების დაცვისთვის; მათ შორის, ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია წყალაღებისთვის მოსახლეობის სასმელი წყლით წყალმომარაგების მიზნით, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი წყლის სახეობების დაცვისთვის, აგრეთვე, სარეკრეაციო ტერიტორია და ბიოგენური ნივთიერებების (საკვები ნივთიერებების) მიმართ მოწყვლადი ტერიტორია;

10) წყალდიდობა − თოვლის დნობით ან/და ინტენსიური წვიმების შედეგად მდინარის წყლის დონის ხანგრძლივი აწევა იმ სიმაღლემდე, რაც იწვევს მდინარის კალაპოტის იმ მიმდებარე ტერიტორიის დატბორვას, რომელიც ჩვეულებრივ წყლით არ იფარება; 

11) წყალდიდობის რისკი − დროის გარკვეულ პერიოდში შესაძლო წყალდიდობის მოსალოდნელი შედეგი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხესთან, ეკონომიკურ ან/დასოციალურ ზიანთან ან/და ზარალთან;

12) წყალმოვარდნა − მდინარის წყლის დონის უეცარი მოკლევადიანი აწევა იმ სიმაღლემდე, რაც იწვევს მდინარის კალაპოტის იმ მიმდებარე ტერიტორიის დატბორვას, რომელიც ჩვეულებრივ წყლით არ იფარება;

13) აგლომერაცია − ტერიტორია, სადაც მოსახლეობა ან/და ეკონომიკური საქმიანობა კონცენტრირებულია ურბანული ჩამდინარე წყლის შეგროვებისთვის და გამწმენდ ნაგებობაში გადაცემისთვის, ან საბოლოო წერტილში ჩაშვებისთვის;

14) წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემა − „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წყალარინების სისტემა;

15) ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსები;

16) ტრანსსასაზღვრო წყლები − ნებისმიერი ზედაპირული წყალი და მიწისქვეშა წყალი, რომლებიც აღნიშნავენ, კვეთენ ორ ან ორზე მეტ სახელმწიფოს შორის საზღვრებს ან მდებარეობენ ორ ან ორზე მეტ სახელმწიფოს შორის საზღვრებზე;

17) წყალმომარაგების სისტემა − „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წყალმომარაგების სისტემა;

18) წყალმომარაგება/წყალმომარაგების საქმიანობა – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წყალმომარაგების საქმიანობა;

19) წყლის რესურსების გამოყენება − წყლის რესურსების მოხმარება, რომელიც ხორციელდება როგორც ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ამოღებით, ასევე წყლის ამოღების გარეშე;

20) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება − გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება;

21) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა − „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვა.

მუხლი 5. წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ძირითადი პრინციპები

1. წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ძირითადი პრინციპებია:

ა) წყლის რესურსების კომპლექსური დაცვა და მდგრადი გამოყენება ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე, წყალმოსარგებლეებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

ბ) წყლის რესურსების რეგულირება მდინარეების სააუზო მართვის მექანიზმის საშუალებით, მდინარეთა წყალშემკრები აუზების დონეზე.

2. წყლის რესურსებზე ზემოქმედების მქონე საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დროს ფიზიკური და იურიდიული პირები, ხელისუფლების ორგანოები და სხვა საჯარო დაწესებულებები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ ამ კანონისა და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებით.

თავი II

კომპეტენციები წყლის რესურსების
დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში

მუხლი 6. წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში კომპეტენტური ორგანოები

1. წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ:

ა) სამინისტრო;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

ზ) მუნიციპალიტეტი;

თ) საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები.

2. სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ბ) წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

გ) მდინარეების სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება;

დ) სპეციალურ წყალსარგებლობაზე ნებართვების გაცემა;

ე) წყლის დაცვისა და წყლის რესურსების გამოყენების ერთიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში;

ვ) წყლის რესურსების ხარისხობრივი, რაოდენობრივი და ჰიდრომორფოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება;

ზ) წყლის რესურსების გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ორგანიზება, წყალსარგებლობის ანგარიშგების მონაცემების ანალიზი, მონაცემთა ბაზის შექმნა და ოპერირება;

თ) წყლის რესურსების საინფორმაციო სისტემის ორგანიზება და წყლის რესურსების თაობაზე ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ი) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

კ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ლ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;

მ) წყალდიდობისა და წყალმოვარდნის საფრთხეების იდენტიფიცირების, შეფასების, რუკებზე დატანის, პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინების სისტემების ორგანიზება;

ნ) წყალდიდობისა და წყალმოვარდნის შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადების/შემუშავების ორგანიზება;

ო) ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მოქცეული ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონების განსაზღვრა;

პ) ურბანული ჩამდინარე წყლით ზემოქმედების რისკის ქვეშ მოქცეული სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება;

ჟ) ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტის შემუშავება;

რ) საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწებზე დაცული ზონების განსაზღვრა;

ს) ჰიდრომელიორაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ტ) სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა;

უ) სასმელი წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის თაობაზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;

ფ) ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისთვის სამოქმედო გეგმების შემუშავება და კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განხორციელება;

ქ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ხარისხის მონიტორინგის პროგრამებში ნიტრატების კონცენტრაციის განსაზღვრა;

ღ) წყალდაცვითი ზოლების იდენტიფიცირება და მათი გეოსაინფორმაციო სისტემაში ასახვა;

ყ) ყოველწლიურად წყლის ბალანსის შედგენა;

შ) მტკნარი ზედაპირული წყლების, ესტუარებისა და სანაპირო წყლების ევტროფიკაციის მდგომარეობის შესწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სასმელი წყლის ხარისხობრივი ნორმების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ბ) ცალკეულ წყლის ობიექტზე საერთო წყალსარგებლობის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ რეკომენდაციის მუნიციპალიტეტებისთვის წარდგენა (აღნიშნული ინფორმაცია, ცნობის სახით, ასევე ეგზავნება სამინისტროს);

გ) სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის შექმნის, საზღვრების დადგენის, სარტყლების გამოყოფისა და მათ ფარგლებში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალის და საქმიანობის განხორციელების წესის შემუშავება.

4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციას საკუთარი უფლებამოსილების (ეკონომიკური პოლიტიკა, მდგრადი განვითარება, სასარგებლო წიაღისეულის მართვა, ენერგეტიკა, ენერგოეფექტიანობის, კლიმატის ცვლილებისა და განახლებადი ენერგიების სფეროები, დასახლებათა განვითარების დაგეგმვა და სხვა) ფარგლებში განეკუთვნება წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონიდან და სხვა საკანონმდებლო აქტებიდან გამომდინარე შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება.

8. მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) წყალმომარაგებისა და ტექნიკური წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება, მათ შორის:

ა.ა) წყალმომარაგების სისტემებისა და ურბანული ჩამდინარე წყლის შეგროვებისა და გაწმენდისთვის ტექნიკური და საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ა.ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების დამტკიცება;

ბ) მოსახლეობისთვის სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონისა და მისი სარტყლების საზღვრების, აგრეთვე ამ ზონის ფარგლებში მოქმედი რეჟიმების გაცნობა;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა.

9. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსების მართვაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი III

წყლის რესურსები და მათი სამართლებრივი სტატუსი,
წყლის ობიექტები და მათი დაცვითი ზონები

მუხლი 7. საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდი

1. საქართველოს წყლის ობიექტები, მათი მიწის ზედაპირზე და წიაღში განლაგების ნიშნით, რესურსების ფორმირებისა და გამოყენების თავისებურებათა მიხედვით, იყოფა ზედაპირულ წყლებად და მიწისქვეშა წყლად.

2. ზედაპირულ წყლებს მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი ყველა წყლის ობიექტის წყლები, გარდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწისქვეშა წყლისა.

3. საქართველოს წყლის ყველა ობიექტში არსებული წყლის ერთობლიობა ქმნის საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს.

4. საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, წყლის სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ობიექტები, აგრეთვე არხებისა და ტბორების წყლები;

ბ) მიწისქვეშა წყალი;

გ) მყინვარები და თოვლის მუდმივი საფარი;

დ) ჭაობები;

ე) საქართველოს ტერიტორიული წყლები;

ვ) განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები;

ზ) გარდამავალი წყლები და სანაპირო წყლები.

მუხლი 8. წყლის რესურსებზე საკუთრების უფლება

1. წყლის რესურსები სახელმწიფო საკუთრებაა.

2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში შეიძლება არსებობდეს ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები, რომელთა მართვაც ხორციელდება ამ კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მათ საფუძველზე გამოცემული/მიღებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლევა ამ მიწაზე არსებული ან/და გამდინარე ზედაპირული წყლებით ან მიწისქვეშა წყლით სარგებლობის უფლებას, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული საერთო წყალსარგებლობის წესით სარგებლობისა.

მუხლი 9. წყლის ობიექტის იდენტიფიკაცია, საზღვრების დადგენა და გამიჯვნა

1. წყლის ობიექტი წარმოადგენს წყლის რესურსების მართვის საბაზო ერთეულს, რომლის იდენტიფიკაციასა და საზღვრების დადგენას, აგრეთვე მდინარის აუზის/სააუზო უბნის მახასიათებელთა ანალიზს ახორციელებს სამინისტრო.

2. წყლის ობიექტის იდენტიფიკაციის ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენს გეოგრაფიული აღწერილობა, ჰიდროლოგიური პარამეტრები, ეკოლოგიური სტატუსი, წყალსარგებლობა.

3. წყლის ობიექტის იდენტიფიკაციადა საზღვრების დადგენა ხორციელდება „წყლის ობიექტების იდენტიფიკაციისა და საზღვრების დადგენის წესით“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 10. წყლის ობიექტის მიწა 

1. წყლის ობიექტის მიწად მიიჩნევა:

ა) მიწა, რომელიც დაკავებულია წყლის ობიექტით (გარდა მიწისქვეშა წყლისა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით;

ბ) მიწა, რომელიც განსაზღვრულია წყლის ობიექტის დაცვით ზონად (წყალდაცვითი ზოლი, სანიტარიული დაცვის ზონა).

2. წყლის ობიექტის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა (მათ შორის, მაგისტრალური მილსადენების) მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ წყალზე სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას.

3. წყლის ობიექტის მიწა შეიძლება გადაეცეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში (გარდა ბუნებრივი ტბის ფსკერისა, მდინარის კალაპოტისა, ასევე წყალმომარაგების წყლის ობიექტის სანიტარიული დაცვის ზონის პირველი სარტყლისა („სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გამონაკლისის გათვალისწინებით)) და სარგებლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით.

4. წყლის ობიექტის მიწაზე დაშვებულია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. 

5. წყლის ობიექტის მიწით სარგებლობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 11. წყლის ობიექტის დაცვითი ზონა

1. წყლის ობიექტის დაცვით ზონას (წყალდაცვით ზონას) განეკუთვნება:

ა) წყალდაცვითი ზოლი – ტერიტორია, რომელიც ესაზღვრება წყლის ობიექტს და რომელზედაც დადგენილია ამ ტერიტორიის საყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და სხვა სამეურნეო საქმიანობის განხორციელების სპეციალური რეჟიმი. წყალდაცვით ზოლს, მათ შორის, მიეკუთვნება მდინარის, ტბის, წყალსაცავისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლები, მაგისტრალური არხებისა და სხვა არხების გასხვისების ზოლები;

ბ) სანიტარიული დაცვის ზონა – ტერიტორია, რომელიც განთავსებულია სასმელი წყლის აღების, სამკურნალო მინერალური წყლის, მიწისქვეშა ან ზედაპირული წყაროს (სასმელიწყლის წყალმომარაგების ობიექტები) ირგვლივ და რომელზედაც დადგენილია ამ ტერიტორიის საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოყენების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და სხვა სამეურნეო (მათ შორის, საკურორტო-ბალნეოლოგიური) საქმიანობის განხორციელების სპეციალური რეჟიმი.

2. წყლის ობიექტის წყალდაცვითი ზოლის საზღვრის დადგენის წესი, მათ შორის, ამ ზოლში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალი, საქმიანობის განხორციელების პირობები და რეჟიმი განისაზღვრება „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის შექმნის, საზღვრების დადგენის, სარტყლების გამოყოფისა და მათ ფარგლებში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალს და საქმიანობის განხორციელების წესს შეიმუშავებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

თავი IV

წყალსარგებლობა

მუხლი 12.წყალსარგებლობის ობიექტი და წყალსარგებლობის სახეები

1. წყალსარგებლობის ობიექტია ამ კანონით განსაზღვრული წყლის ობიექტები.

2. წყალსარგებლობა მოიცავს:

ა) საერთო წყალსარგებლობას;

ბ) სპეციალურ წყალსარგებლობას.

მუხლი 13. წყალსარგებლობის ზოგადი პირობები

წყალსარგებლობისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს დაბინძურებისგან და დანაგვიანებისგან საიმედოდ დაცული ზედაპირული წყალი ან/და მიწისქვეშა წყალი, რომლის ხარისხი ბუნებრივ მდგომარეობაში ან სათანადო დამუშავების შემდეგ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს;

ბ) სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა საწარმოები, რომლებსაც წარმოექმნებათ დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლები და რომლებიც ექვემდებარებიან ამ კანონით გათვალისწინებულ, ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების სანებართვო რეჟიმს წყლის ობიექტებისა და წყალშემკრები აუზების დაბინძურებისგან დასაცავად, უნდა აღიჭურვონ საწარმოს სპეციფიკის შესაბამისი, ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობით (მოწყობილობით);

გ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი საქონლის გადარეკვისას ვალდებულია, დაიცვას საქონლის გადასარეკ ტრასაზე განლაგებული წყალმომარაგების წყაროები დაბინძურებისა და დაშრეტისგან, ხოლო წყალსამეურნეო ნაგებობები და მოწყობილობები − დაზიანებისგან;

დ) წყალმოსარგებლე ვალდებულია, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას, უსაფრთხოების ნორმებისა და არსებული ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, დაუბრკოლებლად დაუშვას თავის ტერიტორიაზე და მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ე) განსაკუთრებული მცირეწყლიანობის, წყლის ობიექტზე ავარიული სიტუაციის, ეპიდემიის ან/და ეპიზოოტიის გაჩენის საშიშროების, სტიქიური უბედურების, სამხედრო მოქმედებების დროს ან/და სხვა ექსტრემალურ ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში წყალმოსარგებლეთა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მოსახლეობის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე − სხვა წყალმოსარგებლეთა ინტერესების გამო;

ვ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ვალდებულია, ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის დაბინძურების აღკვეთის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ნიადაგის გატენიანება-განოყიერება განახორციელოს რწყვის და ნიადაგში შესატანი საკვები ნივთიერებების დასაშვები ნორმების დაცვით; ასევე, ზედაპირული წყლის ობიექტში ევტროფიკაციის განვითარების აღკვეთის მიზნით, არ დაუშვას ორგანული ნივთიერებების მოხვედრა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ნიადაგების ეროზია.

მუხლი 14. მოსახლეობის დაკმაყოფილება სასმელი და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის განკუთვნილი წყლით

1. წყლის რესურსები სარგებლობაში პირველ რიგში გაიცემა მოსახლეობის სასმელი ან/და საყოფაცხოვრებო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. წყალზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში უზრუნველყოფილია მოსახლეობის უსაფრთხო წყლით უწყვეტად, საკმარისი რაოდენობითა და ხელმისაწვდომ ფასად მიწოდება.

2. სხვა მიზნებისთვის წყალსარგებლობის პრიორიტეტები განისაზღვრება მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმებით.

3. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სამინისტრო შეიმუშავებს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმს და 3 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს ანგარიშს ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის თაობაზე. ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის ანგარიშის შინაარსი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

4. ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხი განისაზღვრება „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 15. საერთო წყალსარგებლობა

1. საერთო წყალსარგებლობა, ზედაპირული წყლით ან/და მიწისქვეშა წყლით, ხორციელდება:

ა) არაკომერციული მიზნით, მათ შორის, პირადი (სასმელი, საყოფაცხოვრებო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მსგავსი) მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ისეთი ნაგებობის ან/და მოწყობილობის გამოყენების გარეშე, რომელიც არსებით გავლენას ახდენს იმ წყლის ობიექტის მდგომარეობაზე, საიდანაც წყალაღება იგეგმება ან/და წყალდაცვით ზოლზე;

ბ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით.

2. საერთო წყალსარგებლობა ხორციელდება სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

3. საერთო წყალსარგებლობა უფასოა.

4. საერთო წყალსარგებლობა შეიძლება შეიზღუდოს მოსახლეობის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის.

5. მოსახლეობის სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებების არსებობისას, მუნიციპალიტეტები, ამ კანონის საფუძველზე, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) სამინისტროსთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით განსაზღვრავენ ადგილებს, სადაც ბანაობა აკრძალულია;

ბ) სამინისტროსთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით განსაზღვრავენ ადგილებს, სადაც აკრძალულია წყლის აღება სასმელად ან/და საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის, პირუტყვის დარწყულებისთვის ან/და თევზჭერისთვის.

6. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვების დადგენისთანავე გამოაქვეყნოს, ან სხვა ფორმით (ინფორმაციის ცნობის სახით გავრცელება, მოქალაქეებისთვის საინფორმაციო ფურცლების დარიგება, შესაბამის წყლის ობიექტთან საინფორმაციო აბრის განთავსება და სხვა) მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია საერთო წყალსარგებლობის შესაძლებლობისა და მისი შეზღუდვის პირობების თაობაზე.

მუხლი 16. სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე

1. სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე არის წყალსარგებლობა ისეთი ნაგებობის ან/და მოწყობილობის გამოყენებით, რომელიც არსებით გავლენას ახდენს იმ წყლის ობიექტის მდგომარეობაზე, საიდანაც წყალაღება იგეგმება. წყლის ობიექტის მდგომარეობაზე არსებით გავლენად ითვლება:

ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება დღე-ღამეში 15 მ3-ზე მეტი ოდენობით (გარდა ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლის ნებისმიერი ოდენობით ჩაშვება.

2. სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე ამ კანონის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების საფუძველზე:

ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა;

ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა;

გ) ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა.

3. ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა მის მფლობელს ანიჭებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელების უფლებას.

4. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი სპეციალური წყალსარგებლობის უფლებას იღებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წყალსარგებლობის ნებართვის აღების გარეშე. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობის განმახორციელებელ პირს სჭირდება ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წყალსარგებლობა, იგი ვალდებულია, სპეციალური წყალსარგებლობის უფლების მისაღებად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადებასთან ერთად, უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ სპეციალური წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლის მიხედვით და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით. ამასთანავე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული წყალსარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აიღოს სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, ამ კანონით დადგენილი წესით.

5. ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების აღების ვალდებულება აგრეთვე ვრცელდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელ პირზე, რომელსაც საქმიანობაზე შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდგომ ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება ისე, რომ არ იცვლება საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგია ან/და ექსპლუატაციის პირობები.

6. თუ საქმიანობის განმახორციელებელ პირს საქმიანობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდგომ ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლით განსაზღვრული, საქმიანობის სკრინინგის პროცედურის ფარგლებში უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული, სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია.

7. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი სპეციალური წყალსარგებლობის უფლებას იღებს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წყალსარგებლობის ნებართვის აღების გარეშე. კერძოდ,იმ შემთხვევაში, თუ „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელ პირს სჭირდება ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წყალსარგებლობა, იგი ვალდებულია, წყალსარგებლობის უფლების მისაღებად, უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღების თაობაზე განაცხადი, რომელშიც ასახავს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას. ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლის მიხედვით და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით. ამასთანავე, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით განსაზღვრული წყალსარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, აიღოს სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, ამ კანონით დადგენილი წესით.

8. ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების აღების ვალდებულება აგრეთვე ვრცელდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მქონე პირზე, რომელსაც საქმიანობაზე ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შემდგომ ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება და, ამასთანავე, აღნიშნული ცვლილება, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას არ წარმოადგენს.

9. თუ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შემდეგ, იცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადში ასახოს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. ამასთანავე, წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლის მიხედვით და შესაბამისი გადაწყვეტილებით. 

მუხლი 17. სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები

1. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის VII თავისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვას გასცემს:

ა) სამინისტრო;

ბ) მუნიციპალიტეტი (ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსებზე).

3. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, თან უნდა ერთოდეს:

ა) საქმიანობის მოკლე ტექნიკური (ტექნოლოგიური) დახასიათება;

ბ) წყალსარგებლობის პარამეტრები;

გ) წყალსარგებლობის სისტემის სქემატური გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა, წყლის აღების წერტილების კოორდინატებისა და წყალსადინარების (ბუნებრივ ან ხელოვნურ კალაპოტებში რელიეფის დახრილობის მიხედვით გამდინარე წყლის ნაკადი (მდინარე, ნაკადული, ღელე, ხევი, არხი)) მოხაზულობის დატანით;

ე) წყალსარგებლობისთვის გამიზნული წყლის ობიექტის ჰიდროლოგიური და ხარისხობრივი(ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური) დახასიათება.

4. ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვის მისაღებად, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, წარდგენილი უნდა იქნეს ჩამდინარე წყალთან ერთად ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების (შემდგომ − ზდჩ-ის ნორმები) პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) წყალსარგებლობისთვის გამიზნული წყლის ობიექტის ჰიდროლოგიურ და ხარისხობრივ(ჰიდროქიმიურ და ჰიდრობიოლოგიურ) დახასიათებას;

ბ) მოკლე ცნობებს წყალმოსარგებლის თაობაზე (საწარმოს სიმძლავრე, ტექნოლოგიური პროცესების, გამოყენებული ნედლეულისა და გამოშვებული პროდუქციის დახასიათება, მუშაობის რეჟიმი და ა.შ.);

გ) საწარმოში წყლის გამოყენების დახასიათებას, ჩამდინარე წყლის წყაროების აღწერას ჩაშვების წერტილის GPS კოორდინატების (UTM WGS 1984 კოორდინატთა სისტემაში) მითითებით, მათ რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებს;

დ) გამწმენდ ნაგებობათა სიმძლავრეს და გაწმენდის პარამეტრებს;

ე) ზდჩ-ის ნორმების გაანგარიშებას;

ვ) ჩამდინარე წყლის ავარიული ჩაშვების თავიდან აცილებისთვის საჭირო ღონისძიებებს;

ზ) ზდჩ-ის ნორმების დაცვის კონტროლს (წყლის გამოყენებისა და ჩაშვების აღრიცხვის ხერხებს, ჩამდინარე წყლის ხარისხის საკონტროლო პარამეტრებს და სინჯების აღების პერიოდულობას);

თ) ზდჩ-ის ნორმების დაცვისთვის აუცილებელ ღონისძიებათა გეგმას.

5. ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვის მისაღებად, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, წარდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

6. ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებულ ნებართვას მუნიციპალიტეტი გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წყალაღებაც და წყალჩაშვებაც ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსს უკავშირდება (გარდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობისა და ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობისა). სხვა შემთხვევაში, ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებულ ნებართვას გასცემს სამინისტრო.

7. სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა 45 კალენდარული დღის ვადაში. წყლის რესურსების სარგებლობაში გადაცემისას მოსახლეობის სასმელი ან/და საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილების პრიორიტეტის გათვალისწინებით, ნებართვის გაცემისას სამინისტრო ამოწმებს, მუნიციპალიტეტის მიერ ხომ არ იგეგმება წყალსარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადებაში მითითებული ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება მოსახლეობის სასმელი ან/და საყოფაცხოვრებო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ გარემოებას გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იღებს.

8. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა შესაბამისი, მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმისა და მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის გათვალისწინებით, მდინარეების გარემოსდაცვითი ხარჯის შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც მინისტრის ბრძანებით მტკიცდება.

9. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით.

10. სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება „ზედაპირული წყლის ობიექტებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 18. სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა არ გაიცემა, თუ:

ა) დარღვეულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები;

ბ) წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს;

გ) ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვებით დაინტერესებულ პირს არ გააჩნია სათანადო მოწყობილობა (ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, დანადგარი), რომელიც უზრუნველყოფს წყლის დაბინძურების, დანაგვიანების ან მასზე სხვაგვარი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებას;

დ) ნებართვის გაცემა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 19. სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრება

სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

მუხლი 20. სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მოქმედების ვადა

1. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვები გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, შესაბამისი მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის გათვალისწინებით, გაიცემა:

ა) საირიგაციო სისტემების წყალსარგებლობისთვის − არაუმეტეს 25 წლის ვადით;

ბ) მოსახლეობის სასმელი წყლით წყალმომარაგებისთვის − არაუმეტეს 30 წლის ვადით;

გ) ჰიდროელექტროსადგურისა და თბოელექტროსადგურის წყალსარგებლობისთვის − არაუმეტეს 49 წლის ვადით (სახელმწიფოსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის მიხედვით).

3. წყალსარგებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია სახელმწიფო მონიტორინგის არანაკლებ ბოლო 10 წლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, კლიმატის ცვლილების ფონზე წყლის რაოდენობრივი მაჩვენებლების ბუნებრივი პირობებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში, გადახედოს გაცემული წყალსარგებლობის ნებართვას და შეიტანოს მასში ცვლილება.

თავი V

წყლის რესურსების მართვის სისტემა

მუხლი 21. წყლის რესურსების მართვის სისტემა

1. წყლის რესურსების მართვის სისტემა აერთიანებს წყლის რესურსების დაცვისა და სარგებლობის დაგეგმვისა და მართვის მექანიზმებს ეროვნულ დონეზე და მდინარის აუზის/სააუზო უბნის დონეზე.

2. წყლის რესურსების მართვა ხორციელდება სააუზო მართვის პრინციპების შესაბამისად.

მუხლი 22. მდინარის აუზის/სააუზო უბნის განსაზღვრა

1. მდინარის აუზი/სააუზო უბანი განისაზღვრება „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. მდინარის აუზის/სააუზო უბნის განსაზღვრა ხორციელდება შემდეგი წესების დაცვით:

ა) ნებისმიერი ზედაპირული წყლის ობიექტი, მიწისქვეშა წყალი და სანაპირო წყლები უნდა მიეკუთვნებოდეს მდინარის კონკრეტულ აუზს ან სააუზო უბანს;

ბ) შესაძლებელია მდინარის აუზი, სხვა მდინარის აუზთან ერთად, ერთ სააუზო უბნად განისაზღვროს და ამ მდინარეთა აუზების ძირითადი მდინარეების სახელწოდებებით იწოდებოდეს;

გ) მდინარის აუზის ფარგლებში გავრცელებული მიწისქვეშა წყალი მიეკუთვნება აღნიშნულ აუზს;

დ) თუ მიწისქვეშა წყლის მდებარეობა ზუსტად არ ემთხვევა მდინარის აუზის მდებარეობას, უნდა მოხდეს მისი იდენტიფიცირება და ასოცირება ყველაზე ახლომდებარე ან ყველაზე შესაფერის აუზთან;

ე) სანაპირო წყლების მიკუთვნება ხდება მათთან ყველაზე ახლომდებარე აუზთან.

მუხლი 23. წყლის რესურსების დაგეგმვისა და მართვის მექანიზმი

1. წყლის რესურსების დაგეგმვისა და მართვის საფუძველს მდინარის აუზის/სააუზო უბნის დონეზე წარმოადგენს მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმა.

2. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმას სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმა მტკიცდება 6 წლის ვადით და მისი განახლება ხდება ყოველ 6 წელიწადში ერთხელ.

4. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურას ადგენს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 24. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავება

1. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავებასა და მის საჯარო განხილვას ორგანიზებას უწევს სამინისტრო.

2. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმით გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) მდინარის აუზის/სააუზო უბნის ინტეგრირებული მართვის სააუზო ტერიტორიული ერთეულის მახასიათებლების ანალიზი (მათ შორის, მახასიათებლების შესწავლის შედეგებზე დაფუძნებული აღწერა, რომელიც ზედაპირული წყლებისთვის მოიცავს წყლის ობიექტების საზღვრებს, ზედაპირული წყლების ტიპოლოგიას, სარეფერენციო პირობებს, ხოლო მიწისქვეშა წყლისთვის − მიწისქვეშა წყლის მდებარეობასა და საზღვრებს);

ბ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ობიექტების სტატუსზე მნიშვნელოვანი ანთროპოგენური ზეწოლისა და ზემოქმედების აღწერა (მათ შორის, წერტილოვანი წყაროებიდან დაბინძურების შეფასება, დიფუზური წყაროებიდან დაბინძურების შეფასება − მიწათსარგებლობის სქემის მოკლე აღწერის ჩათვლით), წყლის რაოდენობრივ სტატუსზე ზეწოლის შეფასება − წყალაღების შეფასების ჩათვლით, ადამიანის საქმიანობის სხვა ზემოქმედების ანალიზი წყლის სტატუსზე;

გ) წყლის უარყოფითი ზემოქმედების რისკის ზონების ჩამონათვალი და რისკის მართვის პროგრამა;

დ)დაცული ზონების საზღვრების ამსახველი რუკა;

ე) ეკოლოგიური სტატუსის დადგენის მიზნით შემუშავებული მონიტორინგის ქსელის რუკა, რომელიც ასევე უნდა ასახავდეს იმ მონიტორინგის პროგრამების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც მოხდა სტატუსის დადგენა;

ვ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ობიექტებისთვის, ასევე დაცულ ზონებზე არსებული წყლის ობიექტებისთვის დადგენილი გარემოსდაცვითი მიზნების ჩამონათვალი, იმ ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი მიზნების დადგენის გამონაკლისების დაშვების შემთხვევებს და მასთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას;

ზ) წყალსარგებლობის ეკონომიკური ანალიზის მოკლე მიმოხილვა (მათ შორის, წყალმოხმარებასთან დაკავშირებული ყველაზე ხარჯეფექტიანი იმ ღონისძიებების იდენტიფიცირება, რომლებიც ღონისძიებათა პროგრამაში უნდა შევიდეს და სხვა);

თ) გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის მიზნით დადგენილ ღონისძიებათა პროგრამის მიმოხილვა;

ი) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში შემუშავებული იმ სხვა პროგრამებისა და მართვის გეგმების ჩამონათვალი და მოკლე აღწერა, რომელთაც გავლენა აქვთ ან შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ სააუზო ტერიტორიულ ერთეულში არსებულ წყლის ობიექტზე;

კ) ინფორმაცია მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების ეტაპზე ჩატარებული საჯარო განხილვებისა და კონსულტაციების თაობაზე და მათი შედეგების გეგმაში ასახვის შესახებ;

ლ) ინფორმაცია მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ორგანოსა და მისი ადგილობრივი წარმომადგენლობის თაობაზე, აგრეთვე ინფორმაცია საკონტაქტო პირის შესახებ და საბაზისო დოკუმენტებისა და ამ დოკუმენტების გამოთხოვის პროცედურა.

3. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის განხორციელების მოქმედებათა/ღონისძიებათა პროგრამა, რომლითაც უნდა განისაზღვროს გეგმის განხორციელების ორგანიზაციული, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური ასპექტები. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის ცალკეული ელემენტის შემუშავების მეთოდოლოგიები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 25. საზოგადოების მონაწილეობა მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში

1. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესი საჯაროა. საზოგადოებას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროცესში.

2. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავების შემდეგ, გეგმის პროექტს განიხილავს ტერიტორიული პრინციპით შექმნილი სააუზო მართვის შესაბამისი საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“ და „სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის თაობაზე“საქართველოს მთავრობის დადგენილებებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

3. სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოები წარმოადგენენ სამინისტროსთან არსებულ სათათბირო ორგანოებს, რომელთა მიზანია, შესაბამისი სააუზო უბნის ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიზნით სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სუბიექტების თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

4. სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამინისტროსა და ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სხვა კომპეტენტური ორგანოების (მათი ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოების ჩათვლით) თანამშრომლები, შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, აგრეთვე შესაბამისი მდინარის სააუზო უბნის ტერიტორიაზე ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების (წყალმომარაგების საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიები, ჰიდროენერგოგენერაციის კომპანიები და ა.შ.) წარმომადგენლები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ წყლის რესურსების მდგომარეობაზე, მსხვილი წყალმომხმარებლები, წყალმომხმარებელთა ასოციაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

5. სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი.

6. სამინისტრო უზრუნველყოფს მდინარის აუზთან/სააუზო უბანთან დაკავშირებით ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნებას, მოსაზრებების მიღების მიზნით მისი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას.

7. სამინისტრო ვალდებულია:

ა) ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გამოაქვეყნოს შემდეგი ინფორმაცია: 

ა.ა) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შექმნისთვის, განახლებისთვის საჭირო განრიგი და სამუშაო პროგრამა იმ საკითხებზე მითითებით, რომლებზედაც გაიმართება საჯარო განხილვა;

ა.ბ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვის წესი და მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტი;

ბ) უზრუნველყოს:

ბ.ა) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავებისას გამოყენებული ძირითადი დოკუმენტებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (მოთხოვნის საფუძველზე);

ბ.ბ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვის მოწყობა.

8. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს მიერ განხილვის შემდეგ, სამინისტრო უზრუნველყოფს გეგმის პროექტისთვის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარებას, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის III თავის (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება) შესაბამისად.

9. ამ მუხლის მოთხოვნები ასევე ვრცელდება მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის განახლებულ გეგმაზედაც. განახლებული გეგმა აგრეთვე უნდა მოიცავდეს იმ ღონისძიებების მოკლე მიმოხილვას, რომლებიც განსაზღვრული იყო წინა გეგმით, თუმცა არ განხორციელებულა, ასევე ცვლილებებისა და დამატებების მოკლე აღწერას, პროგრესის შეფასებას გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის კუთხით, მათ შორის, მონიტორინგის შედეგებს წინა გეგმის პერიოდისთვის (რუკის სახით) და იმ შემთხვევების ახსნა-განმარტებას, როცა გეგმით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდა. 

მუხლი 26. წყლის ობიექტების კლასიფიკაცია

1. წყლის ობიექტების კლასიფიკაცია წარმოებს მათი ეკოლოგიური სტატუსის მიხედვით.

2. ზედაპირული წყლის ობიექტის კლასიფიკაციის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს წყლის რაოდენობრივი, ბიოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური, ხოლო მიწისქვეშა წყლის ობიექტის შემთხვევაში − გეოლოგიურ-ჰიდროლოგიური, წყლის რაოდენობრივი და ფიზიკურ-ქიმიური და ხარისხობრივი მაჩვენებლები. ეს მაჩვენებლები განსაზღვრავს ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის სტატუსს.

3. წყლის ხელოვნური ობიექტის და ძლიერ მოდიფიცირებული ზედაპირული წყლის ობიექტის დიფერენციაცია წარმოებს მათთან ყველაზე მეტად დაახლოებული ზედაპირული წყლის მახასიათებლებიდან გამომდინარე.

4. ეკოლოგიური სტატუსიდან გამომდინარე (რომელსაც განსაზღვრავს წყლის ობიექტის ბიოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები), ზედაპირული წყლის ობიექტი კლასიფიცირდება შემდეგი სტატუსის მქონე ობიექტებად:

ა) მაღალი;

ბ) კარგი;

გ) დამაკმაყოფილებელი (საშუალო);

დ) ცუდი;

ე) ძალიან ცუდი.

5. ქიმიური სტატუსიდან გამომდინარე, ზედაპირული წყლის ობიექტი კლასიფიცირდება შემდეგი სტატუსის მქონე ობიექტებად:

ა) კარგი;

ბ) ცუდი.

6. მიწისქვეშა წყლის სტატუსიდან გამომდინარე,მიწისქვეშა წყლის ობიექტი კლასიფიცირდება შემდეგი სტატუსის მქონე ობიექტებად:

ა) კარგი რაოდენობრივი სტატუსის მქონე მიწისქვეშა წყლის ობიექტი;

ბ) ცუდი რაოდენობრივი სტატუსის მქონე მიწისქვეშა წყლის ობიექტი;

გ) კარგი ქიმიური სტატუსის მქონე მიწისქვეშა წყლის ობიექტი;

დ) ცუდი ქიმიური სტატუსის მქონე მიწისქვეშა წყლის ობიექტი.

7. ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტი ან/და წყლის ხელოვნური ობიექტი ეკოლოგიური პოტენციალის მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

ა) მაღალი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე;

ბ) კარგი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე;

გ) დამაკმაყოფილებელი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე;

დ) ცუდი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე;

ე) ძალიან ცუდი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე.

8. წყლის ობიექტების კლასიფიკაციის კრიტერიუმები განისაზღვრება „წყლის ობიექტების ეკოლოგიური სტატუსისა და ეკოლოგიური პოტენციალის კლასიფიკაციის მეთოდოლოგიით“, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

9. ყველა ტიპის ზედაპირული წყლის ობიექტისთვის განისაზღვრება ტიპური ფონური ჰიდრომორფოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური პირობები, რომლებიც შეესაბამება მაღალი ეკოლოგიური სტატუსის, ან ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტის ან/და წყლის ხელოვნური ობიექტის შემთხვევაში − მაღალი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე ამავე ტიპის წყლის ობიექტების შესაბამის მაჩვენებლებს, რაც წარმოადგენს წყლის ხარისხის სტანდარტის დადგენის საფუძველს. მაღალი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე ზედაპირული წყლის ფონური მაჩვენებლების გადახედვა წარმოებს ყოველ 6 წელიწადში.

10. ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტი არის კონკრეტული დამაბინძურებლის ან/და დამაბინძურებელთა ჯგუფის ზღვრული კონცენტრაცია წყალში ან ნალექში, რომლის გადამეტება დაუშვებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით.

11. ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტები განისაზღვრება „ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 27. ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის მიზნობრივი მაჩვენებლები

1. თითოეული ზედაპირული წყლის ობიექტისთვის, რომელიც ხასიათდება წყლის საშუალო, ცუდი ან ძალიან ცუდი სტატუსით, დგინდება წყლის სტატუსის მიზნობრივი მაჩვენებლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წყლის ობიექტი განიცდის ძლიერ ანთროპოგენურ ზემოქმედებას, ან მისი ბუნებრივი მდგომარეობა იმგვარია, რომ შეუძლებელია წყლის კარგი სტატუსის მიღწევა, ან მოითხოვს არაადეკვატური ხარჯის გაწევას. ასეთ შემთხვევაში, დასაშვებია ნაკლებად მკაცრი გარემოსდაცვითი მიზნების დასახვა და წყლის სტატუსის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელება.

2.თითოეული ზედაპირული წყლის ობიექტისთვის მიზნობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს მისი „წყლის კარგი სტატუსი“, „კარგი ეკოლოგიური სტატუსის“ და „კარგი ქიმიური სტატუსის“ ჩათვლით, ხოლო ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტის ან/და წყლის ხელოვნური ობიექტისთვის − „კარგი ეკოლოგიური პოტენციალი“ და „კარგი ქიმიური სტატუსი“.

3. თითოეული მიწისქვეშა წყლის ობიექტისთვის, რომელიც ხასიათდება წყლის ცუდი რაოდენობრივი და ხარისხობრივი სტატუსით, დგინდება წყლის სტატუსის მიზნობრივი მაჩვენებლები.

4. თითოეული მიწისქვეშა წყლის ობიექტისთვის მიზნობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს მისი კარგი რაოდენობრივი და ქიმიური სტატუსი.

მუხლი 28. წყლის ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებათა პროგრამები

1. წყლის ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებათა პროგრამა მოიცავს:

ა) დაბინძურების თანამიმდევრულ შემცირებას და ზედაპირულ წყლებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვების შეწყვეტის ღონისძიებებს;

ბ) წყლის ობიექტის მიერ მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის ღონისძიებებს;

გ) მაღალი სტატუსის ზედაპირული წყლებისა და მაღალი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტის ან წყლის ხელოვნური ობიექტის წყლის სტატუსის შენარჩუნების ღონისძიებებს;

დ) მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევის შემთხვევაში, წყლის სტატუსის შენარჩუნების, ხოლო, რიგ შემთხვევებში, მისი მაღალ ეკოლოგიურ სტატუსამდე, შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებებს;

ე) ადამიანის საქმიანობით გამოწვეული მიწისქვეშა წყლის დაბინძურების ზრდის ნებისმიერი მნიშვნელოვანი და მდგრადი ტენდენციის აღკვეთის სპეციალურ ღონისძიებებს;

ვ) მიწისქვეშა წყლის კარგი რაოდენობრივი და ქიმიური სტატუსის შენარჩუნების ღონისძიებებს;

ზ) არსებული წყლის დაცვის მოთხოვნათა განხორციელების ღონისძიებებს;

თ) წყლის ეფექტიანი გამოყენების ღონისძიებებს;

ი) სასმელი წყლის ხარისხის დაცვის ღონისძიებებს;

კ) დაბინძურების წერტილოვანი და დიფუზური წყაროების კონტროლის ღონისძიებებს;

ლ) სხვა ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია მნიშვნელოვანი ზემოქმედების თავიდან აცილებისკენ და აღმოფხვრისკენ.

2. კონკრეტული წყლის ობიექტისთვის რამდენიმე შესაძლო მიზნობრივი მაჩვენებლის არსებობის შემთხვევაში, იგეგმება მათ შორის უპირატესი მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევის ღონისძიებები.

თავი VI

წყლის რესურსების დაცვა და აღდგენა

მუხლი 29. წყლის რესურსების დაცვის ძირითადი მოთხოვნები

წყლის რესურსების დაცვისა და მათი უარყოფითი ზემოქმედებისგან დაცვის მიზნით, აკრძალულია:

ა) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვება, თუ არ არის დაცული ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვით დადგენილი პირობები. მიწისქვეშა წყალში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ნებისმიერი პირდაპირი ჩაშვება;

ბ) ნარჩენების განთავსება ან/და დამარხვა წყლის ობიექტსა და მისი დაცვის ზონაში;

გ) წყალსაცავის ავსება, ვიდრე არ განხორციელდება მისი ქვაბურის მოსამზადებლად გათვალისწინებული ღონისძიებები;

დ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ამოღება, თუ ამან შეიძლება გამოიწვიოს წყლის დონის დასაშვებზე დაბლა დაწევა ან/და წყლის ობიექტის დაშრეტა (მიწისქვეშა წყლის ამოღება, თუ ამან შეიძლება გამოიწვიოს მიწისქვეშა წყლის ობიექტის ბალანსის დარღვევა);

ე) მდინარიდან წყლის ამოღება, ჰიდროტექნიკური და საწარმოო ობიექტების მშენებლობა/ექსპლუატაცია, სარწყავი სისტემების მოწყობა/ექსპლუატაცია და სხვა მიზნით წყალაღება მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის გათვალისწინების გარეშე;

ვ) წყლის დანაგვიანება ან/და დაბინძურება ზეთის, მერქნის, ქიმიური პროდუქტების, ნავთობის, მინერალური და ორგანული სასუქების, შხამქიმიკატებისა და სხვა პროდუქტების დანაკარგებით წყლის ტრანსპორტიდან, მილსადენიდან, წყლის ობიექტზე არსებული მცურავი და სხვა ნაგებობებიდან;

ზ) ხე-ტყის დაცურება;

თ) ისეთი საქმიანობა, რამაც შესაძლოა დააზიანოს წყალამღები ნაგებობა, გააუარესოს წყლის ხარისხი ან/და შეამციროს წყლის დებიტი;

ი) წყალსარგებლობა სანიტარიული დაცვის ზონების გათვალისწინების გარეშე.

მუხლი 30. მოთხოვნები ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდასთან დაკავშირებით

1. ურბანული ჩამდინარე წყლის ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვების ნორმები და ურბანული ჩამდინარე წყლით ზემოქმედების რისკის ქვეშ მოქცეული სენსიტიური არეალების განსაზღვრის კრიტერიუმები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით „ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. ურბანული ჩამდინარე წყლის წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში და გამწმენდ ნაგებობაში შემავალი საწარმოო ჩამდინარე წყლის ხარისხი, სულ მცირე, უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ პირობებს და ისეთ მდგომარეობაში უნდა იყოს, რომელიც:

ა) საფრთხეს არ უქმნის აღნიშნული სისტემებისა და გამწმენდი ნაგებობების მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობას;

ბ) არ იწვევს აღნიშნული სისტემის, გამწმენდი ნაგებობისა და შესაბამისი აღჭურვილობის დაზიანებას;

გ) უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის შეუფერხებელ მუშაობას, გაწმენდის ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვასა და ნალექის გაუვნებელყოფას;

დ) უზრუნველყოფს ურბანული ჩამდინარე წყლის ჩაშვების პირობების დაცვასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებას.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები არ არის დაცული, აუცილებელია საწარმოო ჩამდინარე წყლის შესაბამისი წინასწარი გაწმენდა.

4. ურბანული ჩამდინარე წყლის წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩაშვების ტექნიკური პირობები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

თავი VII

წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების კონტროლი

მუხლი 31. წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები და კონტროლის ფარგლები

1. წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ:

ა) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი);

ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სურსათის ეროვნული სააგენტო);

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო);

დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო);

ე) მუნიციპალიტეტი.

2. დეპარტამენტი ახორციელებს:

ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების, ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვებისა და ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვების პირობების შესრულების კონტროლს;

ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, წყლის რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას;

გ) წყლის რესურსების დაბინძურების ან/და დანაგვიანების ფაქტების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას.

3. სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლს და სასმელი წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის თაობაზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

4. მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ახორციელებს მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს.

5. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს ნახშირწყალბადების შემცველი ფლუიდიდან სეპარირებული წყლის განკარგვას და კონტროლს.

6. მუნიციპალიტეტი ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსებით სარგებლობის კონტროლს.

თავი VIII

წყლის რესურსების მონიტორინგისა და წყლის გამოყენების აღრიცხვის

სახელმწიფო სისტემა

მუხლი 32. წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა

1. წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა წარმოადგენს ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ობიექტების ჰიდროლოგიურ, ჰიდრომორფოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, ქიმიურ, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, წყლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე რეგულარული დაკვირვებისა და მონაცემთა ანალიზის ერთიან სისტემას, რომლის მიზანია წყლის ობიექტების მდგომარეობის, მისი გარემოსთან (ბუნებრივ და ანთროპოგენურ) ურთიერთქმედების, მდინარის აუზში მიმდინარე ბუნებრივი და ანთროპოგენური პროცესების, საშიში და კატასტროფული მოვლენების თაობაზე ინფორმაციის მიღება, რისკ-ფაქტორების ანალიზი, შეფასება და პროგნოზირება.

2. წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა მოიცავს მონიტორინგის ერთიან ეროვნულ ქსელს, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ჰიდროლოგიური, ჰიდროქიმიური, ჰიდრობიოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის პროგრამები.

3. წყლის სახელმწიფო მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომ − გარემოს ეროვნული სააგენტო), რომელიც დაინტერესებული მხარეების მოთხოვნით, უზრუნველყოფს მათთვის დაკვირვების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების მიწოდებას. გარემოს ეროვნული სააგენტო რეგულარულად ავრცელებს ჰიდროლოგიურ პროგნოზებსა და გაფრთხილებებს მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების თაობაზე; ასევე საზოგადოებას, დაინტერესებულ მხარეებს, რეგულარულად აწვდის ინფორმაციას წყლის ობიექტების დაბინძურების ხარისხის შესახებ.

4. წყლის სახელმწიფო მონიტორინგის გეგმას ყოველწლიურად შეიმუშავებს გარემოს ეროვნული სააგენტო და ამტკიცებს მინისტრი.

5. წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 33. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა

1. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას ექვემდებარება მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირების წყალსარგებლობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:

ა) ამ წყალსარგებლობისას ხორციელდება წყლის ობიექტიდან დღე-ღამეში 1 მ3-ზე მეტი მოცულობის წყლის აღება;

ბ) ამ წყალსარგებლობისას ხორციელდება წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება.

2. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებსსამინისტრო.

3. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება ელექტრონული ფორმით.

4. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესი და პირობები დგინდება „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესით“, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

5. აღრიცხვას ასევე ექვემდებარება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოსაპოვებელი ჭაბურღილები ტექნიკური რეგლამენტის − „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესის“ შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

თავი IX

წყალდიდობის რისკის მართვა

მუხლი 34. წყალდიდობის რისკის მართვა

1. გარემოს ეროვნული სააგენტო, ყოველ 6 წელიწადში ერთხელ ახორციელებს წყალდიდობის რისკის წინასწარ შეფასებას ყველა მდინარის სააუზო უბნისთვის და განსაზღვრავს არეალებს, სადაც წყალდიდობის პოტენციური მნიშვნელოვანი რისკი არსებობს.

2. გარემოს ეროვნული სააგენტო ამზადებს წყალდიდობის საფრთხეების რუკებს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) − წყალდიდობის რისკების რუკებს ყველა არეალისთვის, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც წყალდიდობის პოტენციური მნიშვნელოვანი რისკის არეალი. ეს რუკები განსაზღვრავს ზონებს წყალდიდობის საშუალო ალბათობით (სულ მცირე, ერთი მოვლენა 100 წელიწადში), მცირე და მაღალი ალბათობის შემთხვევებს. მდინარეთა აუზების იმ ზონებში, რომლებიც აღნიშნულია როგორც წყალდიდობის რისკის ზონები, აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს პოტენციური რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა და ეკონომიკური საქმიანობისა და გარემოს დაზიანების პოტენციური რისკი.

3. წყალდიდობის რისკის მართვის გეგმა მზადდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. წყალდიდობის რისკის მართვის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს წყალდიდობის პრევენციის, მისგან დაცვისა და მზადყოფნის საკითხებს, მათ შორის, წყალდიდობის პროგნოზსა და ადრეული შეტყობინების სისტემებს. წყალდიდობის რისკის მართვის გეგმები უნდა აისახოს მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმაში.

4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით, კომპეტენტური სახელმწიფო უწყებები შეიმუშავებენ წყალდიდობის რისკის მართვის გეგმებს. წყალდიდობის რისკის მართვის გეგმები მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სახელმწიფო უწყებების ფუნქციები და კომპეტენციები წყალდიდობასთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციებისთვის მზადების, რეაგირების, პრევენციისა და ადრეულ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარების საკითხში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

6. საქართველოს მთავრობა გამოსცემს დადგენილებას „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ“.

თავი X

წყლის რესურსების მართვის ეკონომიკური მექანიზმები

მუხლი 35. წყლის მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ეკონომიკური მექანიზმები

1. წყლის მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ეკონომიკური მექანიზმები ეფუძნება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპს.

2. „ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპის განხორციელებისთვის, წყალსარგებლობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და წყლის რესურსების სარგებლობის ხარჯები გათვალისწინებული იქნება ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის დადგენისას.

3. სპეციალური წყალსარგებლობის ფორმით ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების შემთხვევაში წყალმოსარგებლე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის იხდის მოსაკრებელს, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის ოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს წყლის რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მდგრად მართვას და, შესაბამისად, გარემოსდაცვითი მიზნების განხორციელებას.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება აგრეთვე ვრცელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, რომლებსაც აქვთ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან/და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა.

თავი XI

პასუხისმგებლობა წყლის კანონმდებლობის დარღვევისთვის 

მუხლი 36. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისთვის

1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისგან. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან აანაზღაურონ ამ კანონის დარღვევით გარემოსთვის მიყენებული ზიანი, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი XII

გარდამავალი დებულებები

მუხლი 37. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები

1. 2026 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების მიღება:

ა) „წყლის ობიექტების იდენტიფიკაციისა და საზღვრების დადგენის წესი“;

ბ) „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“;

გ) ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ“;

დ) „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“;

ე) „წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესი“;

ვ) „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ“;

ზ) ტექნიკური რეგლამენტი „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“;

თ) „სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მის ფარგლებში საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“;

ი)„ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“;

კ) ტექნიკური რეგლამენტი „ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები“;

ლ) ტექნიკური რეგლამენტი „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები“;

მ) „ზედაპირული წყლის ობიექტებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“;

ნ) ტექნიკური რეგლამენტი − „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესი“;

ო) „სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის თაობაზე“.

2. 2026 წლის 1 სექტემბრამდე მინისტრმა უზრუნველყოს:

ა) „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის ანგარიშის შინაარსის შესახებ“ ბრძანების გამოცემა;

ბ) წყლის რესურსების მართვის სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი მეთოდოლოგიების დამტკიცება;

გ) ზედაპირულ წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მყოფი ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა;

დ) ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისთვის კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის წესების განსაზღვრა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება;

ე) „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესის“ დამტკიცება;

ვ) მიწისქვეშა წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მოქცეული ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა;

ზ) ურბანული ჩამდინარე წყლებით ზემოქმედების რისკის ქვეშ მოქცეული სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება.

3. 2027 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, უზრუნველყოს:

ა) ქალაქებისა და სოფლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების აღწერა;

ბ) კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება ქალაქებისა და სოფლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საკანალიზაციო ჩამდინარე წყლებით წყლის რესურსების დაბინძურებისგან დასაცავად.

4. სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა უწყებებმა 2026 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ ამ კანონით მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად შესასრულებლად საჭირო სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაქმნელად ან/და მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად შესაბამისი კონკურსების გამოსაცხადებლად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება.

5. „წყლის შესახებ“ 1997 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 123) საფუძველზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას მათ ძალადაკარგულად გამოცხადებამდე ან ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს.

მუხლი 38. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი პირების მიერ სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის აღებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება

1. პირი, რომელზედაც ამ კანონით გათვალისწინებული, სპეციალურ წყალსარგებლობაზე სანებართვო რეჟიმის ამოქმედებამდე, გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, სპეციალურ წყალსარგებლობას ახორციელებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესაბამისად. ამასთანავე, წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობების ცვლილების ან/და ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების საჭიროების შემთხვევაში, ისე, რომ არ იცვლება საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგია ან/და ექსპლუატაციის პირობები, საქმიანობის განმახორციელებელმა სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა უნდა აიღოს ამ კანონით დადგენილი წესით.

2. თუ საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლით განსაზღვრული, საქმიანობის სკრინინგის პროცედურის ფარგლებში, უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული, წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია. წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლის მიხედვით და შესაბამისი გადაწყვეტილებით. 

მუხლი 39.ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების შეთანხმებულ ტექნიკურ პირობებთან და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების განმახორციელებელ პირთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება

1. პირი, რომელსაც „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, შეთანხმებული აქვს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობები და წყალსარგებლობას ახორციელებს შეთანხმებული ტექნიკური პირობებით დადგენილი წესით, ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა არ სჭირდება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების შეთანხმების ვადის ამოწურვამდე.

2. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების შეთანხმებული ტექნიკური პირობების ცვლილების შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა აიღოს სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, ამ კანონით დადგენილი წესით. 

3. პირი, რომლის საქმიანობაც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და რომელიც ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვებას ახორციელებს, ვალდებულია, შესაბამისი სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა აიღოს 2027 წლის 1 სექტემბრამდე.

მუხლი 40. სამელიორაციო დამშრობი სისტემების მომსახურე სუბიექტების და ცენტრალიზებული წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების მიერ ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვის აღებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება

1. სამელიორაციო დამშრობი სისტემებით ზედაპირული წყლის ობიექტებში წყალჩაშვებისთვის ნაგებობების ან/და ტექნიკური საშუალებების მოწყობის საჭიროება განისაზღვრება საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს/პირების მიერ, სამელიორაციო დამშრობი სისტემის მფლობელის მიერ წარმოდგენილი ლაბორატორიული ანალიზების შედეგების საფუძველზე მომზადებული დასკვნით.

2. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა) მოქმედება არსებულ, ცენტრალიზებული წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემებზე გავრცელდეს 2028 წლის 1 იანვრიდან.

თავი XIII

დასკვნითი დებულებები

მუხლი 41. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყლის შესახებ“ 1997 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 123).

მუხლი 42. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−36-ე მუხლებისა, 37-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 38-ე−41-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი−მე-5 მუხლები, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი,მე-2 პუნქტის „ა“−„ღ“, „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები, მე-3−მე-7 პუნქტები, მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-9 პუნქტი, მე-7 მუხლი, მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, მე-9−მე-16 მუხლები, მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3−მე-5 და მე-7−მე-10 პუნქტები, მე-18−30-ე მუხლები, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტები და მე-2−მე-5 პუნქტები, 32-ე−34-ე მუხლები, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები, 36-ე მუხლი, 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 38-ე−41-ე მუხლები ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. 

3. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი და 35-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან.

4. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-6 პუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ივნისი 2023 წ.

N3423-XIმს-Xმპ