„შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 283
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.024116
283
03/08/2023
ვებგვერდი, 04/08/2023
330130000.10.003.024116
„შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №283

2023 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/07/2021, 330130000.10.003.022905) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:  

მუხლი 11. დამტკიცდეს თანდართული „მოთხოვნები საექსპერტო დასკვნის მომზადებაზე უფლებამოსილი ექსპერტის მიმართ“, ამ დადგენილების დანართ III-ის შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების“:

 ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ახალ შენობაზე (იმ ახალ მშენებლობაზე, რომელზეც მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება წარდგენილი იქნება 2022 წლის 30 ივნისის შემდეგ), ახალი შენობის ნაწილსა და ახალი შენობის ელემენტზე. მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე არსებულ შენობასა და არსებული შენობის ნაწილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება. ხარჯეფექტურობის გამოთვლა ხორციელდება „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიით“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.“;

ბ) მე-19 მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით ხორციელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ III-ით განსაზღვრული ექსპერტების მიერ ან ეროვნული პროგრამის საფუძველზე, ხოლო 2025 წლის 30 ივნისის შემდეგ − საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების  ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებზე საექსპერტო დასკვნის მომზადებაზე უფლებამოსილი ექსპერტების მიერ ეროვნული  პროგრამის დასტურის საფუძველზე.“;

ბ.ბ)  მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის მიზნებისთვის, ეროვნული პროგრამა გულისხმობს ოფიციალურ ვებგვერდზე (https://geecb.ge) ხელმისაწვდომ პროგრამას, რომელიც მასში არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მონაცემების შეყვანის შემთხვევაში, დასტურის გაცემისას ადგენს საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის შესაბამისობას ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებთან. ეროვნული პროგრამის მიერ დასტურის გაცემით აგრეთვე დასტურდება „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგია“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ხარჯეფექტურობის გამოთვლა. ეროვნული პროგრამის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ პირს, ამასთან, ეროვნული პროგრამა მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, გადაამოწმოს პროგრამაში შეყვანილი არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მონაცემების შესაბამისობა შესაბამისი ნებართვის მისაღებად წარდგენილ საპროექტო დოკუმენტაციასთან.“.

3. დანართ II-ის შემდგომ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი III.

მუხლი 2
1. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 30 ივნისამდე,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, უზრუნველყოს შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების  ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებზე საექსპერტო დასკვნის მომზადებაზე უფლებამოსილი ექსპერტების წესის განსაზღვრა. 

2. 2025 წლის 30 ივნისიდან საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილების  შესაბამისად განსაზღვრული შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებზე საექსპერტო დასკვნის მომზადებაზე უფლებამოსილი ექსპერტების მიერ.

3. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2025 წლის 30 ივნისიდან.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



„დანართი III

მოთხოვნები საექსპერტო დასკვნის მომზადებაზე უფლებამოსილი ექსპერტის მიმართ

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

„მოთხოვნები საექსპერტო დასკვნის მომზადებაზე უფლებამოსილი ექსპერტის მიმართ“ (შემდგომში − მოთხოვნები) აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს იმ ექსპერტებისათვის, რომლებიც ადგენენ საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებთან.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ მოთხოვნებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დადგენილება − „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის  №354  დადგენილება;

ბ) ექსპერტი − ფიზიკური პირი, რომელიც ამზადებს საექსპერტო დასკვნას დადგენილების შესაბამისად საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით;

გ) ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები − „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები;

დ) დამკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და ადმინისტრაციული ორგანო, რომლის დაკვეთის საფუძველზეც ექსპერტი ამზადებს საექსპერტო დასკვნას.

2. დადგენილებაში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა

1. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება ხდება საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, საექსპერტო დასკვნა უნდა მომზადდეს ამ მოთხოვნებზე დართული ფორმით ან ფორმის გარეშე, თუმცა ამ ფორმაში გათვალისწინებული მონაცემების სრული მითითებით. ასეთ შემთხვევებში საექსპერტო დასკვნას უნდა დაერთოს დასაბუთება „შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №449 დადგენილების მიხედვით გამოყენებული გამოთვლის მეთოდოლოგიის შესახებ.

2. საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც უნდა გადაეცეს დამკვეთს, უნდა ასახავდეს დადგენილებით განსაზღვრულ ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს.

3. საპროექტო დოკუმენტაცია, მათ შორის, სპეციფიკაციები (ტექნიკური მახასიათებლები) წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალურად, გარკვევით და საპროექტო გადაწყვეტილებები უნდა შეესაბამებოდეს დადგენილებით განსაზღვრულ ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს.

მუხლი 4. ექსპერტის დამოუკიდებლობა და კვალიფიკაცია

1. ექსპერტის მიმართ სრულად ვრცელდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-10 მუხლებით დადგენილი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნები.

2. ექსპერტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნებით დადგენილ ექსპერტად კვალიფიკაციის მოთხოვნებს, რათა შეძლოს საპროექტო დოკუმენტაციის ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება.

მუხლი 5. პროცედურა ექსპერტად კვალიფიკაციისთვის

1. ნებისმიერი პირს, ვინც ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეუძლია, მიმართოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ექსპერტის უფლებამოსილების დადასტურების თხოვნით, რის თაობაზეც სამინისტრო,  მიმართვის შემთხვევაში, ადასტურებს პირის უფლებამოსილებას და აქვეყნებს შესაბამის ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე.

2. პირი, რომელიც მიმართავს სამინისტროს ექსპერტის უფლებამოსილების დადასტურების მოთხოვნით, პასუხს აგებს სამინისტროსთვის წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტების სისწორეზე.

მუხლი 6. ექსპერტად კვალიფიკაციის მოთხოვნები

1. ექსპერტის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირს მიღებული უნდა ჰქონდეს უმაღლესი აკადემიური განათლება ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით:

ა) არქიტექტურა;

ბ) მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია;

გ) მშენებლობის ინჟინერია;

დ) სამოქალაქო ინჟინერია.

2. ექსპერტის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირს, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ განათლებასთან უნდა ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება შემდეგი ხანგრძლივობით:

ა)  ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი − კვალიფიკაციის შესაბამისი გამოცდილების, სულ მცირე, 2 წელი;

ბ) მაგისტრის აკადემიური ხარისხი − კვალიფიკაციის შესაბამისი გამოცდილების, სულ მცირე, 1 წელი;

გ) სხვა უმაღლესი აკადემიური განათლება, რაც არ არის ნახსენები ამ მუხლის პირველ პუნქტში − ენერგოეფექტურობის მიმართულებით გამოცდილების, სულ მცირე, 5 წელი.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული განათლების მოთხოვნა შეიძლება, ჩანაცვლდეს იმ შემთხვევაში, თუ პირს გააჩნია სხვა უმაღლესი აკადემიური განათლება და ქვემოთ მითითებულ შემდეგ ერთ-ერთ ან რამდენიმე სფეროში 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება:

ა) შენობების დიზაინი;

ბ) ტექნიკური გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების დიზაინი, მონტაჟი ან მოვლა;

გ) სამშენებლო მოედნის მენეჯმენტი;

დ) უძრავი ქონების შეფასება;

ე) კადასტრის აზომვა;

ვ) შენობებისთვის ენერგეტიკული გადაჭრის დიზაინი;

ზ) ენერგიის მოხმარების მენეჯმენტის განხორციელება;

თ) ენერგომენეჯმენტი.

4. სამუშაო გამოცდილება დასტურდება სერტიფიკატებით, ლიცენზიებით, ხელშეკრულებებით ან სხვა ოფიციალური დოკუმენტებით.

მუხლი 7. დამოუკიდებელი ექსპერტების ქცევის წესი

1. ექსპერტმა დამატებით უნდა უზრუნველყოს:

ა) დამკვეთისგან დამოუკიდებლობა, ასევე სხვა ისეთი პირებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ზეგავლენა იქონიონ მათ გადაწყვეტილებებზე;

ბ) ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;

გ) ობიექტურობა ანგარიშების შედგენისას; 

დ) ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება, მუდმივი განვითარება და კვალიფიკაციის გაღრმავება ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის სფეროში;

ე) მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა − დამკვეთის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა, გარდა კანონით  გათვალისწინებული შემთხვევებისა და გამჟღავნებაზე დამკვეთის ან/და შესაბამისი უფლებამოსილი პირის თანხმობის შემთხვევებისა. 

2. ექსპერტმა უნდა აცნობოს დამკვეთებს ნებისმიერი საფრთხის შემცველი ან საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო დანადგარის აღმოჩენაზე. ანგარიში უნდა შეიცავდეს რეკომენდაციებს ამგვარ დარღვევებთან მიმართებით.

3. შესაბამისობის შემოწმების შინაარსთან, ხარისხთან ან შედეგებთან დაკავშირებული დავები დამკვეთებსა და ექსპერტებს შორის უნდა გადაწყდეს შეთანხმებით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. უფლებამოსილების დადასტურების გაუქმება

1. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარეობს დავა ექსპერტის მიერ ამ დანართის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ქცევის წესის დარღვევის ან/და ექსპერტის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირის მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორეზე, სამინისტრო უფლებამოსილია, ექსპერტს შეუჩეროს უფლებამოსილება დავის გადაწყვეტამდე და გამოაქვეყნოს ამგვარი უფლებამოსილების შეჩერებაზე ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე. თუკი დავის გადაჭრის შედეგად დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა ექსპერტის მიერ ამ მოთხოვნების მე-7 მუხლით გათვალისწინებული ქცევის წესის დარღვევას ან ექსპერტის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირის მიერ სამინისტროსთვის სწორად არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სამინისტრო უფლებამოსილია, ექსპერტს შეუწყვიტოს უფლებამოსილება და გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.

2. სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

3. სამინისტროს გადაწყვეტილებაში/შესაბამისი უფლებამოსილების/ კვალიფიკაციის შეჩერებაზე/გაუქმებაზე ინფორმაციის გამოქვეყნებისას  უნდა მიეთითოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, ვადა და ადგილი.

4. სამინისტროს მიერ ამ მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს საქართველოს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.