დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 29/05/1973 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1973 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. დაწესდეს, რომ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცება, თუ იგი ჩადენილია პირველად, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – პატიმრობას ვადით ათიდან თხუთმეტ დღემდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ორ თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით ან ჯარიმას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე ანდა საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებას მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებით.
2. წარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მასალებს წვრილმანი გატაცების შესახებ, გადაცდომის ჩადენიდან არაუგვიანეს სამი დღისა, გადასცემს შინაგან საქმეთა ორგანოებს, რომლებიც ამავე ვადაში განიხილავენ მიღებულ ან მათივე ინიციატივით მომზადებულ მასალებს, რასაც გზავნიან, გადაცდომის ხასიათისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, სახალხო სასამართლოში – დამრღვევის ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაში მისაცემად, ან ამხანაგურ სასამართლოში – მის მიმართ საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიების გამოსაყენებლად.
3. სახალხო მოსამართლე მასალებს წვრილმანი გატაცების შესახებ განიხილავს ერთპიროვნულად, არა უგვიანეს სამი დღისა სასამართლოში მასალების მიღების შემდეგ, წვრილმანი გატაცების ჩამდენი პირის თანდასწრებით და, როცა საჭიროა. მოწმეთა გამოწვევით.
სახალხო მოსამართლის დადგენილება ადმინისტრაციული ღონისძიების გამოყენების შესახებ საბოლოოა, გასაჩივრებას არ ექვემდებარება და დაუყოვნებლივ მოყავთ სისრულეში.
4. გაითვალისწინებს რა დამრღვევის პიროვნებას და ჩადენილი გადაცდომის ხასიათს, სახალხო მოსამართლეს უფლება აქვს მისი ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, მასალები განსახილველად გაუგზავნოს ამხანაგურ სასამართლოს საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიების გამოსაყენებლად.
5. ამხანაგური სასამართლო ვალდებულია დამრღვევის მიმართ გამოყენებული საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიების შესახებ აცნობოს სახალხო მოსამართლეს ან იმ შინაგან საქმეთა ორგანოს, რომელმაც გამოგზავნა მასალები წვრილმანი გატაცების შესახებ, ათი დღის ვადაში.
6. წვრილმანი გატაცებისათვის დაპატიმრებული პირები პატიმრობას იხდიან შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში. დაპატიმრებულთ გადახდებათ კვების და შენახვის ღირებულება; პატიმრობაში ყოფნის დროს მათ არ ეძლევათ ხელფასი მუდმივ სამუშაო ადგილზე.
დაპატიმრებულთ შრომის აუნაზღაურებლად იყენებენ ფიზიკურ სამუშაოზე. წვრილმანი გატაცებისათვის დაპატიმრებულ პირთა შრომითი გამოყენების ორგანიზაცია ეკისრება შესაბამის მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებს.
7. ის პირნი, რომლებსაც წვრილმანი გატაცებისათვის მიესაჯათ გამასწორებელი სამუშაოები, ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიან, სახალხო მოსამართლის დადგენილების შესაბამისად, მუდმივ სამუშაო ადგილას ან იმ ადგილებში, რომლებსაც განსაზღვრავენ გამასწორებელ სამუშაოთა აღსრულების განმგებელი ორგანოები, მაგრამ დამრღვევის მუდმივ საცხოვრებელ რაიონში.
თუ დამრღვევმა თავი აარიდა გამასწორებელ სამუშაოთა მოხდას, ადმინისტრაციული ზემოქმედების ეს ღონისძიება სახალხო მოსამართლის დადგენილებით შეიძლება შეიცვალოს პატიმრობით ვადით ათიდან თხუთმეტ დღემდე.
8. წვრილმანი გატაცებისათვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში შეიძლება მიცემულ იქნენ ის პირნი, რომლებსაც გადაცდომის ჩადენამდე შეუსრულდათ თექვსმეტი წელი.
თუ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმან გატაცებას პირველად ჩაიდენენ თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის პირნი, მასალები მათ შესახებ განსახილველად გადაეცემა მშრომელთა დეპუტატების რაიონული, საქალაქო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებულ არასრულწლოვანთა საქმეების კომისიებს.
9. თუ დაპატიმრებულმა თავი აარიდა პატიმრობის მოხდას ან ბოროტად დაარღვია დაწესებული რეჟიმი, საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციის ან მილიციის ორგანოს უფროსის წარდგინებით სახალხო მოსამართლეს შეუძლია დამრღვევს გაუგრძელოს პატიმრობაში ყოფნის ვადა, ამასთან პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოცდაათ დღეს.
10. შეტანილ იქნეს ცვლილებანი საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 95-ე მუხლში და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 95. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცება
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცება ჩადენილი ქურდობის, მითვისების, გაფლანგვის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ან თაღლითობის გზით იმ პირის მიერ, რომლის მიმართ წინათ გამოყენებული იყო ადმინისტრაციული ან საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიება წვრილმანი გატაცებისათვის, ან ასეთი ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული, მაგრამ წვრილმანი გატაცება მას ჩადენილი აქვს არაერთხელ, აგრეთვე ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლის მიმართ საქმის გარემოებათა მიხედვით ვერ იქნება გამოყენებული საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ას მანეთამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან იმ პირის მიერ, რომელმაც წინათ ჩაიდინა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების გატაცება, გათვალისწინებული ამ კოდექსის 78-ე, 91-94-ე, 96-ე, 961-ე, 150-153-ე მუხლებით, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.
11. საქართველოს სსრ ამხანაგური სასამართლოების დებულებაში, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 10 ნოემბრის ბრძანებულებით („საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები“, 1961 წ. №32, მუხ, 478; 1962 წ. №11, მუხ.159; 1964 წ. №4, მუხ.79; 1965 წ. №16, მუხ.341), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი:
ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პირველად ჩადენილი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცება, წვრილმანი ხულიგნობა, წვრილმანი სპეკულაცია. აგრეთვე მოქალაქეთა პირად საკუთრებაში მყოფი მცირედ ღირებული საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნების პირველად ჩადენილი ქურდობა, იმ შემთხვევაში, როცა დამნაშავე და დაზარალებული ერთი კოლექტივის წევრები არიან.
შენიშვნა: ამ პუნქტის მესამე ნაწილში ჩამოთვლილ საქმეებს ამხანაგურ სასამართლოებში გადაგზავნიან მილიციის პროკურატურის ორგანოები ან სასამართლო. როცა დამრღვევის სამუშაო ან საცხოვრებელ ადგილზე ამხანაგური სასამართლო არ არის, აგრეთვე თუ დამრღვევის პიროვნების შესახებ მონაცემები და საქმის გარემოებანი მოწმობენ, რომ ამხანაგურ სასამართლოში მისი განხილვა მიზანშეწონილია, საქმეს კანონით დადგენილი წესით განიხილავს რაიონის, ქალაქის სახალხო სასამართლო. ამხანაგურ სასამართლოში არ განიხილავენ იმ პირთა საქმეს, რომლებიც ამხანაგური სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე იყვნენ გასამართლებული წვრილმანი გატაცებისათვის“.
ბ) მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „წვრილმანი გატაცების განმეორების შემთხვევაში კი – 50 მანეთამდე“.
12. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისათვის მატერიალური პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 28 მაისის ბრძანებულების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები და მე-2 მუხლის „ა“ პუნქტი („საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები“, 1965 წ., №16, მუხ.341).
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1973 წლის 29 მაისი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები