საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3/4424-18
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 10/01/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2023
სარეგისტრაციო კოდი
3/4424-18
10/01/2019
ვებგვერდი, 11/08/2023
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქმე №3/4424-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

 2019 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი


მოსარჩელე – ალბერტ ნურბეგიანი

წარმომადგენელი მიხეილ გელუკაშვილი

მოპასუხე საქართველოს მთავრობა

წარმომადგენელი – ლალი თევდორაშვილი

მესამე პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმომადგენელი ბექა პატარაია

დავის საგანი – ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ბათილად იქნეს ცნობილი „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი.

2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია

2.1. მოპასუხე – საქართველოს მთავრობამ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ნორმა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

2.2. მესამე პირმა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მხარი დაუჭირა მოპასუხის პოზიციას და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

„შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათშორისი კომისიის 2018 წლის 9 მარტის №32 გადაწყვეტილებით (ოქმით) მოსარჩელე ალბერტ ნურბეგიანს „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების საფუძველზე დაენიშნა ფულადი დახმარება, როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში დაინვალიდებულ მაძიებელს ყოველთვიურად 662.19 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათშორისი კომისიის 2018 წლის 9 მარტის №32 გადაწყვეტილება (ოქმი) (ს.ფ. 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ალბერტ ნურბეგიანის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტით ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის  პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე, ხოლო იმავე კოდექსის 22-ე მუხლის, პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით და თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყევტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში - უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად, მთავრობის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომლის მომზადების, მიღებისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მთავრობის რეგლამენტით. ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს შეესაბამება, თუ არა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების გასაჩივრებული ნორმა საქართველოს კანონმდებლობას.

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საკანონმდებლო იერარქიაში საქართველოს კონსტიტუციას უმაღლესი ადგილი უკავია და მას პირდაპირი მოქმედების ძალა და ეფექტი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი სამართლებრივ ურთიერთობებში უშუალოდ და პირდაპირ უნდა იქნეს გამოყენებული.

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.

სასამართლო განმარტავს, რომ სოციალური სახელმწიფოს შინაარსი გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, როგორც საკანონმდებლო შემოქმედებით, ისე კანონმდებლობის აღსრულების პროცესში, ორიენტირებული იყოს სოციალური საჭიროებების შესაძლებლობისამებრ ეფექტურად და ადეკვატურად უზრუნველყოფაზე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება. შესაბამისად, კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობილი მატერიალური, თუ ფინანსური სარგებლის მიღების უფლება პირის საკუთრების უფლებით დაცული სფეროს შემადგენელი ნაწილია და მისი განკარგვის, დაცვის, შეცვლის და ა.შ. მოთხოვნის შესაძლებლობა საკუთრების ძირითადი უფლებიდან გამომდინარეობს.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის

უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტების მიხედვით, მთავრობა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალურ დაცვას.

„შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის შესაბამისად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების (შემდგომში დახმარება) დანიშვნისა და გაცემის წესი (შემდგომში წესი) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე დახმარების მიმღებ პირთა წრეს, დახმარების ოდენობებს, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს დახმარების ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მითითებული წესის მე-5 მუხლის 21 პუნქტისა და მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად დახმარება შეიძლება ასევე დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის

სისტემაში მუშაობისას დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ან შრომითი მოვალეობის შესრულებისას დამსაქმებლის ბრალეულობით მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და კანონით დადგენილი წესით დანიშნული სარჩოს მიღება შეუწყდა 2007 წლის 17 აგვისტოდან და 1 სექტემბრიდან (საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მომენტიდან) „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით, მათ შორის, სასამართლოს მიერ ამავე დადგენილებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე. თუ ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის სასამართლო გადაწყვეტილებით ვერ დგინდება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა, დახმარების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო მასალებში დაცული დოკუმენტაციით/ცნობით ყოველთვიური გასაცემლის შესახებ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის (დანართი №1) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადებას ყველა საჭირო დოკუმენტებით იხილავს და გადაწყვეტილებას დახმარების დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს უწყებათაშორისი კომისია.

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის მითითებული დადგენილება, ერთი მხრივ, თვითონ განსაზღვრავს დახმარების მიმღებ პირთა წრეს და დახმარების ოდენობას, ხოლო მეორე მხრივ, დახმარების დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილებას აღნიშნულ კომისიას ანიჭებს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათშორისი კომისიის 2018 წლის 9 მარტის №32 გადაწყვეტილებით (ოქმით), მოსარჩელე ალბერტ ნურბეგიანს „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების საფუძველზე დაენიშნა ფულადი დახმარება, როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში დაინვალიდებულ მაძიებელს ყოველთვიურად 662.19 ლარის ოდენობით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო – „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ამ წესის შესაბამისად დანიშნული დახმარება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

ამრიგად, სასამართლო, სადვო ნორმის სიტყვა-სიტყვითი და ლოგიკური მეთოდით შეფასების შედეგად განმარტავს, რომ დანიშნული დახმარების ოდენობის შეცვლა, რა მოტივითაც არ უნდა ხორციელდებოდეს იგი – დანიშვნის დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომის აღმოფხვრის, სოციალური დახმარების ოდენობის გაზრდის თაობაზე სახელმწიფო პოლიტიკის და ა.შ. აკრძალულია. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ერთი მხრივ, თვით მთავრობას ეკრძალება გადასინჯოს და გადაიანგარიშოს დახმარების ოდენობა, ხოლო მეორე მხრივ, მის დანიშვნაზე უფლებამოსილ კომისიას ეკრძალება თუნდაც დახმარების დანიშვნის დროს დაშვებული შეცდომის შემთხვევაში, თავისი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გადაიანგარიშოს და შეცვალოს დახმარების ოდენობა.

სასამართლო მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების)) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს.

ამასთან, მითითებული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანა, ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებაა, რომელიც არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების ეფექტურად განხორციელებას, არამედ დაინტერესებული პირების უფლებების და ინტერესების დაცვას ემსახურება, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის უფლებამოსილება კანონმდებლობის და ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის მოქნილობის მიზნით არის დეტერმინირებული, რომელიც საზოგადოების მოწყვლადი სეგმენტის ინტერესების ეფექტურად დაცვას უნდა ემსახურებოდეს. საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლის უფლებამოსილება, ადმინისტრაციული ორგანოს ეფექტურობას და თვითკონტროლის მიზანს ემსახურება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს – საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა, სადავო ნორმის მიზნად შეზღუდული საბიუჯეტო რესურსების რაციონალურად გადანაწილების საფუძვლით დანიშნული დახმარების ცვლილების აკრძალვა დაასახელა, რაზეც სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ნორმის არ არსებობა არ გულისხმობს მექანიკურად დახმარების ოდენობის გაზრდას და შესაბამისად საბიუჯეტო დანახარჯების ზრდას, რადგან აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და შესაბამისი, დასაბუთებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს შესაძლებლობა უარი თქვას მის განხორციელებაზე. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სადავო ნორმის სხვა მიზანი და შინაარსი, რომელიც მის საფუძვლიანობას, რაციონალურობას და კანონთან შესაბამისობას დაადასტურებდა, დასახელებული არ ყოფილა.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

ამრიგად, სამართლებრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ნორმა იმპერატიულად უზღუდავს ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილებას ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის გზით, სხვადასხვა საფუძვლით, თუ მოტივით გადაიანგარიშოს დანიშნული დახმარება, რაც ეწინააღმდეგება კანონის ზემოთ აღნიშნული ნორმებს.

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს, ხოლო იმავე კოდექსის 601 მუხლის, პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

მითითებული მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებას ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შესახებ აქვს სავალდებულო ძალა. თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ანდა გამოიწვევს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას, სასამართლო უფლებამოსილია ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადების ნაცვლად გამოაცხადოს ძალადაკარგულად. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა გამოქვეყნდეს იმავე წესით, რა წესითაც იყო გამოქვეყნებული ნორმატიული აქტი.

გამოქვეყნება ხორციელდება ნორმატიული აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ხარჯით.

ამრიგად, ზემოთ აღნიშნული ნორმების შეფასებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს იგი ცნობილი.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

:

1. ალბერტ ნურბეგიანის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნეს ცნობილი „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი;

3. დაევალოს საქართველოს მთავრობას, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნება იმავე წესით, რა წესითაც გამოქვეყნდა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილება.

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

მოსამართლე    დავით წერეთელი