საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო
მიღების თარიღი 29/06/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1, 30/06/1992
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
0
29/06/1992
საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1, 30/06/1992
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 

საქართველოს რესპუბლიკაში ამ ბოლო დროს გახშირდა სახელმწიფო, საზოგადოებრივი და პირადი ქონების დაზიანებისა თუ განადგურების შემთხვევები ადამიანების დაშინების მიზნით, რათა მათ ხელი ააღებინონ განსაზღვრულ პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ საქმიანობაზე, ხელი შეუშალონ კანონმდებლობით მინიჭებული პოლიტიკური უფლებების განხორციელებაში, აგრეთვე ადგილი აქვს ამავე მიზნით მოქალაქეთა ახლობლების ან მათი ოჯახისათვის ზიანის მიყენების ცდებს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო ადგენს:

I. შეტანილ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის 1960 წლის 30 დეკემბერს დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის ახალი 2281 მუხლი:

მუხლი 2281. აფეთქება

გაზის, ბენზინის, ნავთის ან სხვა ნივთიერების განზრახ აფეთქება და ამით შეგნებულად ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ან ქონებისათვის საფრთხის შექმნა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე“.

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 2281 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეების წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლები.

2. კოდექსის 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 67. ტერორისტული აქტი

სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის ან ხელისუფლების წარმომადგენლის ქონების დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი მის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებებით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, რასაც მოჰყვა განსაკუთრებით დიდი ზარალი ან ადამიანის მსხვერპლი, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის, ან ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობა, ჩადენილი მის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით.

იმავე მიზნით სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის, ან ხელისუფლების წარმომადგენლის სხეულის მძიმე დაზიანება მის სახელმწიფო, ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

განზრახი მკვლელობა, ჩადენილი დაზარალებულის ახლო ნათესავის სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწეობასთან დაკავშირებით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით, ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით.

სხეულის მძიმე დაზიანება, ჩადენილი დაზარალებულის ახლო ნათესავის სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწეობასთან დაკავშირებით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით“.

3. კოდექსის 139-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 139. პოლიტიკური ან შრომითი უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა

მოქალაქის პოლიტიკური ან შრომითი უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა მოტყუებით, მოსყიდვით, მუქარით, ძალადობით ან სხვა გზით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით, ვადით ორ წლამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი მოქალაქის ქონების დაზიანებით ან განადგურებით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

მოქალაქის პოლიტიკური ან შრომითი უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა მისი ქონების საყოველთაოდ საშიში საშუალებით დაზიანებით ან განადგურებით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ქონების კონფისკაციით.

ამ მუხლის მეორე ან მესამე ნაწილით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენა, თუ მას მოჰყვა ადამიანის მსხვერპლი, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით“.

4. 81 მუხლის მეორე ნაწილში სიტყვების „228-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „აფეთქება (2281 მუხლი)“.

5. 44-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ პუნქტში სიტყვების „2091 მუხლის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აფეთქება (2281 მუხლი)“.

6. 541 მუხლის მესამე პუნქტში სიტყვები “(228-ე მუხლის მესამე ნაწილი)“-ს შემდეგ დაემატოს სიტყვები „აფეთქება“ (2281 მუხლი).

II. საქართველოს რესპუბლიკის 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 32-ე მუხლში ციფრების „2091-ს“ შემდეგ დაემატოს ციფრები „228¹“

2. 126-ე მუხლის მეოთხე ნაწილში ციფრების „224-2271“-ს შემდეგ დაემატოს ციფრები „2281“.

III. დეკრეტი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე . შევარდნაძე

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მდივანი ვ. გოგუაძე

 

თბილისი, 1992 წლის 29 ივნისი.