თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3815-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 120000000.05.001.102109
3815-XIIIმს-Xმპ
30/11/2023
ვებგვერდი, 19/12/2023
120000000.05.001.102109
თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. თავდაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.05.001.021033) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საკუთარი სურვილით და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე მიიღება ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი 23 წლამდე. ეს ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირზე, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო.“.

2. 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი: 

„10. პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.“.

3. 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამხედრო მოსამსახურის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში შესაბამისი უწყება ვალდებულია მისი გათავისუფლებიდან 2 კვირის ვადაში ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ პირს რეგისტრაციის ადგილი არ აქვს − ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მის შესაბამის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს გაუგზავნოს დოკუმენტი ამ სამხედრო მოსამსახურის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.“.

4. 65-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პირს, რომელიც არის:

დ.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, − სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე;

დ.ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა სრულად დისტანციური სწავლების ფორმით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც ეს სტატუსი შეჩერებული არ აქვს, − სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე;“;

ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს და გაიაროს ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამები ან ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთი. ამასთანავე, აღნიშნული პირის მიერ ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამების გავლის შემთხვევაში მასზე გავრცელდეს სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმები.“.

5. 67-ე მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე მის მიმართ თავდაცვის კოდექსის საფუძველზე მიღებული, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.“.

6. 72-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო.“.

7. 75-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

„8. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ პირს, რომელსაც ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „ტ“ ან „ფ“ ქვეპუნქტისა და ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოეშვა აღნიშნული სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძველი, საკუთარი სურვილით შეუძლია გააგრძელოს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. ამ შემთხვევაში აღნიშნულ პირს მინისტრის სამართლებრივი აქტით შეიძლება დაუწესდეს დამატებითი მატერიალური უზრუნველყოფის ან/და სოციალური გარანტიები.“.

8. 90-ე მუხლის მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება, თუ მან აქტიურ რეზერვში იმსახურა არანაკლებ 3 წლისა. კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ამასთანავე, მას უნარჩუნდება სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო წოდება.“.

9. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მისი დამფუძნებელი/წევრი არის ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;“. 

10. 178-ე მუხლის:

ა) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-9 ნაწილიდან გამომდინარე, მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა:

ა) უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე − 2 წელი;

ბ) სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე − 3 წელი;

გ) კაპიტნიდან მაიორამდე − 3 წელი;

დ) მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე − 4 წელი;

ე) ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − 5 წელი.“;

ბ) მე-17 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 და მე-19 ნაწილები:

„18. ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება იმ პირზე, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო, არ ვრცელდება, თუ მან სტუდენტის სტატუსი 2024 წლის 1 იანვრამდე მოიპოვა.

19. პირი, რომელმაც 2025 წლის 1 იანვრამდე დაასრულა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს და გაიაროს ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამები ან ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთი. ამასთანავე, აღნიშნული პირის მიერ ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამების გავლის შემთხვევაში მასზე გავრცელდეს სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმები.“. 

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თავდაცვის კოდექსის 178-ე მუხლის მე-10 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 13 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-9 ნაწილებისა და მე-10 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის:

ა) მე-9 ნაწილი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან;

ბ) პირველი, მე-4 და მე-6 ნაწილები და მე-10 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2023 წ.

N3815-XIIIმს-Xმპ