დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3947-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 060000000.05.001.102143 |
|
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 186-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) არსებობს ამ კოდექსის 36350 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა, გარდა იმავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“. 2. 275-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) არსებობს ამ კოდექსის 36350 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა, გარდა იმავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე10 კარი: „კარი მეშვიდე10 „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საქმის განხილვის თავისებურებანი თავი XLIV17 „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საქმის განხილვის თავისებურებანი
მუხლი 36346. ტერმინთა განმარტება ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამავე თავის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონვენცია − „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია; ბ) ცენტრალური ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; გ) კრედიტორი − ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც არსებობს ან, სავარაუდოდ, არსებობს ალიმენტის გადახდის ვალდებულება; დ) მოვალე − ფიზიკური პირი, რომელიც ვალდებულია ან, სავარაუდოდ, ვალდებულია გადაიხადოს ალიმენტი; ე) გადაწყვეტილება − კონვენციის ფარგლებში სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება; ვ) მოდიფიკაცია − კონვენციის ფარგლებში მისი ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ახალი გადაწყვეტილებით შეცვლა; ზ) საჯარო ორგანო − ორგანო, რომელიც მოქმედებს იმ კრედიტორის ნაცვლად, რომლის მიმართაც არსებობს ალიმენტის გადახდის ვალდებულება, ან რომელმაც კრედიტორის სასარგებლოდ ალიმენტის გადაუხდელობის გამო ხარჯი გასწია. მუხლი 36347. რეგულირების სფერო 1. მშობელსა და არასრულწლოვან შვილს ან/და მეუღლეებს შორის არსებულ რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები კონვენციის შესაბამისად, ამ თავით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. 2. სასამართლო კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია განიხილოს: ა) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობის ან ცნობისა და აღსრულების საკითხი; ბ) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციის შესახებ სასარჩელო განცხადება; გ) რჩენის ვალდებულების შესახებ სასარჩელო განცხადება. მუხლი 36348. უფლებამოსილი სუბიექტები 1. კრედიტორი კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, მოდიფიკაცია ან გადაწყვეტილების გამოტანა. 2. მოვალე კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ან მოდიფიკაცია. 3. საჯარო ორგანო კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება. მუხლი 36349. კონვენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება 1. საქართველო ცნობს და აღასრულებს კონვენციის ხელშემკვრელი უცხო ქვეყნის მიერ კონვენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას. 2. კონვენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების უფლებამოსილების მქონე სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო. 3. სასამართლო კონვენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხს განიხილავს უფლებამოსილი სუბიექტის ან ცენტრალური ორგანოს შესაბამისი მიმართვის ან/და შუამდგომლობის საფუძველზე. 4. კონვენციის ფარგლებში კონვენციის ხელშემკვრელი უცხო ქვეყნის სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების ცნობა და აღსრულება განხორციელდება კონვენციის V თავის (გარდა 23-ე მუხლისა) და VI−VIII თავების შესაბამისად. მუხლი 36350. გადაწყვეტილების მოდიფიკაცია 1. კრედიტორი და მოვალე უფლებამოსილი არიან მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ კონვენციის ფარგლებში ალიმენტის გადახდევინების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ან საქართველოში ცნობილი გადაწყვეტილების მოდიფიკაცია. 2. კონვენციის ფარგლებში მისი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაცია (მათ შორის, დაკისრებული თანხის გაზრდის ან შემცირების მოთხოვნით) ნებადართულია, როდესაც მომხდარია კრედიტორის ან მოვალის მატერიალური, ოჯახური ან იმ ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოების არსებითი ცვლილება, რომლის საფუძველზედაც თავდაპირველი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 3. თუ ალიმენტის გადახდევინების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, დაუშვებელია მოვალის მიმართვის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების მოდიფიკაციის მიზნით საქმის წარმოების დაწყება, თუკი კრედიტორი მუდმივად ცხოვრობს ისევ იმ სახელმწიფოში, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილი არ გამოიყენება, თუ: ა) მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს იურისდიქციის საკითხზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი დავა ეხება ბავშვის რჩენის ვალდებულებას; ბ) კრედიტორი აშკარად ეთანხმება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ იურისდიქციის გავრცელებას ან პირველი შესაძლებლობისთანავე, იურისდიქციის საკითხის სადავოდ გახდომის გარეშე იღებს მონაწილეობას საქმის არსებით განხილვაში; გ) გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს არ შეუძლია იურისდიქციის გავრცელება ან უარს ამბობს იურისდიქციის გავრცელებაზე ამ გადაწყვეტილების მოდიფიკაციისთვის/მასში ცვლილებების შესატანად ან ახალი გადაწყვეტილების მისაღებად; დ) გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს გადაწყვეტილების ცნობა ვერ მოხდება ან ეს გადაწყვეტილება აღსრულებას არ ექვემდებარება იმ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოიაზრება უკვე მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციის ან ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცედურების განხორციელება. მუხლი 36351. რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილება კრედიტორი კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია ალიმენტის გადახდევინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, მშობლობის დადგენის თაობაზე მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანა. მუხლი 36352. ხანდაზმულობა ნებისმიერი ხანდაზმულობის ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია დავალიანების გადახდევინება, უნდა განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანი ითვალისწინებს უფრო ხანგრძლივ ხანდაზმულობის ვადას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან. |
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N3947-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები