გადახდისუუნარობის საქმის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

გადახდისუუნარობის საქმის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/32741-23
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 28/11/2023
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2023
სარეგისტრაციო კოდი
2/32741-23
28/11/2023
ვებგვერდი, 15/12/2023
გადახდისუუნარობის საქმის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე 330210323008218893

საქმე № 2/32741-23

 

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის საქმის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

 

 2023 წლის   28 ნოემბერი 

თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  არჩილ კოჭლამაზაშვილი

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი  შპს „ნერგები“ (ს/ნ 224071028)

შპს ,,ნერგები “ (ს/ნ 224071028) დირექტორის შპს ,,რეაბილიტაციის“ (ს/ნ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი  თამარ მუმლაძე (პ/ნ 01005022906)

მოთხოვნა   შპს „ნერგების“ მიმართ   გაკოტრების რეჟიმის გახსნა

სასამართლომ გამოარკვია:     

2023 წლის 24 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ნერგების“ წარმომადგენელმა/ ხელმძღვანელმა, რომელმაც მოითხოვა შპს „ნერგების“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, ამჟამად კომპანია არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, არ ფუნქციონირებს და არ ჰყავს დასაქმებული. შპს ,,ნერგებს“  საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალებები არ ერიცხება. კომპანია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში. შპს ,,ნერგებს“ (ს/ნ 224071028)  დებიტორული მოთხოვნები, უზრუნველყოფილი კრედიტორული, სამომავლო, პირობითი და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები არ აქვს, ხოლო არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს  სსიპ შემოსავლების სამსახური (ს/ნ 204525858) ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა №16. მის მიმართ კომპანიას ერიცხება საგადასახადო დავალიანება - 30 930.9 ლარის ოდენობით (17462 ლარი (ძირითადი) + 8741 (ჯარიმა) +4727.9 (საურავი)).

შპს ,,ნერგებს“ (ს/ნ 224071028) არ გააჩნია მიმდინარე ხელშეკრულებები, ამასთან, კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს სააღსრულებო და სხვა გადახდიუუნარობის საქმის წარმოება.

სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ  საბანკო ანგარიშების შესახებ გაცემული  2023 წლის 24 ნოემბრის  ID 13734831, შტრიხკოდი: 3168278 ცნობა, წარმოადგენს მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ შპს ,,ნერგებს“ (ს/ნ 224071028) მოქმედი საბანკო ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,ლიბერთი ბანკში“. კომპანიას ფულადი თანხა  საბანკო ანგარიშზე და სალაროში არ გააჩნია.

ამრიგად, შპს ,,ნერგები“ (ს/ნ 224071028) გადახდისუუნაროა, რადგან ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, კომპანიას აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი, სახეზეა ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის  მე-3 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოება და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს წარმომადგენელი გაკოტრების რეჟიმის გახსნას. ამასთან, ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში შპს ,,ნერგები“ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“  კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე  თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ შპს ,,ნერგები“ (ს/ნ 224071028) გადახდისუუნაროა და არა მოსალოდნელი გადახდისუუნარო, გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განცხადების წარდგენა არ საჭიროებს პარტნიორთა კრების თანხმობას.

სასამართლო  გაეცნო  წარმოდგენილ  განცხადებას,  თანდართულ  მასალებს  და  მიაჩნია, რომ შპს „ნერგების“ წარმოამდგენელს უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე  შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე სატრანსპორტო საშუალებები არ ერიცხება; კომპანია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში.

კომპანიას ჰყავს მხოლოდ ერთი არაუზრუნველყოფილი კრედიტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური, შპს ,,ნერგებს“ ერიცხება  დავალება 30 930.9 ლარის ოდენობით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას შპს „ნერგების“ (ს/კ: 224071028) დირექტორს შპს ,,რეაბილიტაციის“ (ს/ნ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირს თამარ მუმლაძეს (პ/ნ 01005022906) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ელექტრონულ სისტემაში.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.   

 

 მოსამართლე                                                     არჩილ კოჭლამაზაშვილი