ირაკლი მარგველაშვილი და ვახტანგ ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ირაკლი მარგველაშვილი და ვახტანგ ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/30/1764
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016885
2/30/1764
15/12/2023
ვებგვერდი, 09/01/2024
000000000.00.000.016885
ირაკლი მარგველაშვილი და ვახტანგ ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/30/1764

2023 წლის 15 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი : სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება : ირაკლი მარგველაშვილი და ვახტანგ ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით.

  I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1764) მომართეს ირაკლი მარგველაშვილმა და ვახტანგ ჭელიძემ. №1764 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 27 იანვარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 დეკემბერს.

2. №1764 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს ნივთის ან/და სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აგრეთვე მისი საბარგულის ვიზუალურ დათვალიერებას“.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს ადამიანის პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ გარანტიას.

5. №1764 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, პოლიციელთა მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერებისას, უმეტეს შემთხვევაში, პირებს ავტოსატრანსპორტო საშუალების დატოვებას სთხოვენ და მიუთითებენ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებულ საგნებს შეუცვალონ მდგომარეობა. კერძოდ, გახსნან საბარგული, მასში არსებული ნივთები გამოიღონ და განაცალკეონ, მეტად თვალსაჩინოდ წარმოადგინონ არსებული ნივთები და მასში არსებული შიგთავსი, ასევე გადააადგილონ, ასწიონ მანქანის ხალიჩები, რათა შემოწმდეს მათ ქვეშ არსებული სივრცე და ა.შ. შესაბამისად, პოლიციელის დავალებით, მანქანაში მყოფი პირის მიერ ხდება მანქანის დეტალური და დაწვრილებითი დათვალიერება, რაც არ განსხვავდება ჩხრეკისგან, უფრო მეტიც, აღნიშნული პროცესი „ვიზუალური დათვალიერების“ სარჩულით, სხვისი ხელით განხორციელებულ ჩხრეკას წარმოადგენს.

6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერებისგან განსხვავებით, ჩხრეკისას ხდება არა მხოლოდ ობიექტის ვიზუალური დათვალიერება, არამედ საგანთა გადაადგილება, მათი მდებარეობის შეცვლა. მოსარჩელეები ასევე უთითებენ, რომ უფლებამოსილი პირის მიერ ჩხრეკის განხორციელება საჭიროებს დასაბუთებულ ვარაუდს, სასამართლოს განჩინებას ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობას. ამის ფონზე, სადავო ნორმა „ვიზუალური დათვალიერების“ შესაძლებლობას იძლევა, რაც გულისხმობს უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების და მისი საბარგულის ვიზუალურ დათვალიერებას და არა რაიმე ფორმით (გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა) დასათვალიერებელი საგნისთვის მდგომარეობის შეცვლას.

7. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირი განაცხადებს უარს პოლიციელის მოთხოვნაზე, შეუცვალოს მდგომარეობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებულ საგნებს, აღნიშნულ პირს შესაძლოა, დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის და შეეფარდოს სანქცია. მოსარჩელე მხარე არაკანონიერად მიიჩნევს პოლიციელთა მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების არსებულ პრაქტიკას და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმას გააჩნია დაუზუსტებელი შინაარსი და არ ითვალისწინებს, ვიზუალური დათვალიერების პროცესის განმავლობაში, პოლიციელის უფლებას, მოსთხოვოს პირს იმგვარი ქმედების განხორციელება, რაც სცდება „ვიზუალური დათვალიერების“ ფარგლებს და წარმოადგენს ჩხრეკას.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლს.

  II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 31- მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის 2/3/412 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეებიშალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1764 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით. გასაჩივრებული ნორმა განმარტავს, რომ „ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს ნივთის ან/და სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აგრეთვე მისი საბარგულის ვიზუალურ დათვალიერებას“.

3. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, პოლიციელთა მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერებისას, უმეტეს შემთხვევაში, პირებს ავტოსატრანსპორტო საშუალების დატოვებას სთხოვენ და მიუთითებენ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებულ საგნებს შეუცვალონ მდგომარეობა. კერძოდ, გახსნან საბარგული, მასში არსებული ნივთები გამოიღონ და განაცალკეონ, მეტად თვალსაჩინოდ წარმოადგინონ არსებული ნივთები და მისი შიგთავსი, ასევე გადააადგილონ, ასწიონ მანქანის ხალიჩები, რათა შემოწმდეს მათ ქვეშ არსებული სივრცე და ა.შ. მოსარჩელის პოზიციით, მოცემულ შემთხვევებში, პოლიციელის დავალებით, მანქანაში მყოფი პირის მიერ ხდება მანქანის დეტალური და დაწვრილებითი დათვალიერება, რაც არ განსხვავდება ჩხრეკისგან, და უფრო მეტიც, აღნიშნული პროცესი „ვიზუალური დათვალიერების“ სარჩულით, სხვისი ხელით განხორციელებულ ჩხრეკას წარმოადგენს. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის საფუძველზეც პოლიციელი უფლებამოსილია, პირს მოსთხოვოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებული საგნებისთვის მდგომარეობის შეცვლა.

4. სადავო ნორმა განმარტავს, რომ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს ნივთის ან/და სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აგრეთვე მისი საბარგულის ვიზუალურ დათვალიერებას. სადავო ნორმას გააჩნია განმარტებითი მნიშვნელობა, ხოლო პოლიციელის უფლებამოსილება, განახორციელოს ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება, განსაზღვრულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის თანახმად, პოლიციის პრევენციული უფლებამოსილების ფარგლებში, პოლიციელს უფლება აქვს, განახორციელოს ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება, თუ: ა) იგი ახორციელებს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელის ზედაპირულ შემოწმებას; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში იმყოფება სამართალდამრღვევი ან უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდული პირი; გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში არის ნივთი, რომელიც ამოღებული უნდა იქნეს; დ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ეს ნივთი ან სატრანსპორტო საშუალება არის იქ, სადაც შესაძლებელია, ჩადენილ იქნეს დანაშაული, რომლის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ზედაპირული დათვალიერების განხორციელება.

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა, პოლიციელთა მიერ პირის მიმართ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებული საგნებისთვის მდგომარეობის შეცვლის მოთხოვნასთან დაკავშირებით, არ მიემართება სადავო ნორმას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვასთან დაკავშირებით. სადავოდ გამხდარი ნორმა განმარტავს, თუ რას გულისხმობს ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება და იგი არ ადგენს პოლიციელის უფლებამოსილებას, პირს დაავალოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებულ საგნებს შეუცვალოს მდგომარეობა.

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რომ კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს მის მიერ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე უფლების შემზღუდველი წესის იდენტიფიცირება. კერძოდ, როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს პოლიციელის უფლებამოსილებას, განახორციელოს ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება, თუმცა იმ შემთხვევაშიც, აღნიშნული ნორმა მოსარჩელე მხარეს სადავოდ რომ გაეხადა, იგი მაინც ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა განსაზღვრავს იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის საფუძველზეც, პოლიციელი უფლებამოსილია, პირს დაავალოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებულ საგნებს შეუცვალოს მდგომარეობა.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თავის მხრივ, იმისათვის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასაჩივრებულ ნორმაში ამოიკითხოს მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსი, იგი „ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4).

8. როგორც აღინიშნა, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს პოლიციის პრევენციული უფლებამოსილების ფარგლებში პოლიციელის უფლებას, განახორციელოს ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება და განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, რომელიც ქმნის საფუძველს პოლიციელის მიერ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერებისთვის. ცალსახაა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ისევე როგორც კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა, არ ითვალისწინებს პოლიციელის უფლებამოსილებას, დაავალოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მყოფ პირს, შეუცვალოს მდგომარეობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებულ საგნებს.

9. ვინაიდან თავად ნორმის ტექსტუალური ანალიზი არ იძლევა მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის გასაჩივრებულ რეგულაციაში ამოკითხვის შესაძლებლობას, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, წარმოდგენილი იყოს საქართველოს საერთო სასამართლოების შესაბამისი პრაქტიკა, რომელიც დაადასტურებს ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით გამოყენებას.

10. საგულისხმოა, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორს 1764 კონსტიტუციურ სარჩელზე, მტკიცებულებების სახით, არ წარმოუდგენია საქართველოს საერთო სასამართლოების შესაბამისი პრაქტიკა, სასამართლოს აქტი, რომელიც მიუთითებდა სადავო ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით გამოყენების პრაქტიკაზე. ამგვარად, აშკარაა, რომ განსახილველ საქმეზე, სადავოდ გამხდარი ნორმის, მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული შინაარსით განმარტების/გამოყენების შესაძლებლობაზე არ მიუთითებს თავად სადავო ნორმის ტექსტი და ასევე მოსარჩელესაც არ წარმოუდგენია საქართველოს საერთო სასამართლოების აქტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით გამოყენების პრაქტიკაზე მიუთითებდა. ამდენად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ გასაჩივრებულ ნორმას გააჩნია მის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1764 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

  III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1764 კონსტიტუციური სარჩელი („ირაკლი მარგველაშვილი და ვახტანგ ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში