დავით გამყრელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დავით გამყრელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/8/1613
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016895
3/8/1613
15/12/2023
ვებგვერდი, 10/01/2024
000000000.00.000.016895
დავით გამყრელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის

განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №3/8/1613

2023 წლის 15 დეკემბერი

ქ. ბათუმი

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: დავით გამყრელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-8 პუნქტის „ვ.ა“ (2022 წლის 13 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ.ბ“ ქვეპუნქტების, 7510 მუხლის მე-5 პუნქტის, 7512 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 წინადადებისა და 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი და მე-3 წინადადებების და 34-ე მუხლის პირველი ნაწილის (2022 წლის პირველ მარტამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით; დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; ე) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის ‒ „არსებითი“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-10 პუნქტებთან მიმართებით; ვ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით; ზ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; თ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით; ი) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით; კ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ლ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; მ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ნ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და მე-10 მუხლებთან და 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1613) მომართა დავით გამყრელიძემ. №1613 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2021 წლის 11 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 დეკემბერს.

2. №1613 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივ დასჯადობას სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად, პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. დასახელებული კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოთვლის პროკურორის უფლებამოსილებებს. აღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთ-ერთს განეკუთვნება პროკურორის უფლებამოსილება, საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაავალოს ამა თუ იმ სამართალდამცავ ორგანოს ან გამომძიებელს, საქმე ჩამოართვას ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს. საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობიდან ჩამოაშოროს ქვემდგომი პროკურორი და მისი ფუნქციები დააკისროს სხვა პროკურორს. ამავე კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის (2022 წლის პირველ მარტამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით კი, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის სისტემის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ბრალდებულის უფლებას, იცოდეს მისი საპროცესო უფლებები და გაეცნოს დაკავების ოქმს ან ბრალდების შესახებ დადგენილების ასლს. კერძოდ, აღნიშნული ნორმის შესაბამისად, დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ეცნობოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ დასაბუთებული ვარაუდი. ბრალდებულს უნდა გადაეცეს დაკავების ოქმის ან, თუ ის არ დაუკავებიათ, – ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ „არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია“.

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ, იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილი წარმოადგენს ამოღებისა და ჩხრეკის ოქმის შედგენისა და გაცნობის წესის ნაწილს. კერძოდ, დასახელებული ნორმით დადგენილია, რომ ამოღების ან ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ვალდებულია, სასამართლოს განჩინება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილება გააცნოს პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. განჩინების (დადგენილების) გაცნობას პირი ადასტურებს ხელმოწერით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლი აწესრიგებს ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ოქმის შედგენის თავისებურებებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ყადაღის, ჩხრეკის ან/და ამოღების ოქმში უნდა მიეთითოს: რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი; ის ნებაყოფლობითაა გადაცემული თუ იძულებითაა ჩამორთმეული. ყველა ობიექტი ოქმში უნდა აღიწეროს რაოდენობის, წონის, ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას სცადეს, გაენადგურებინათ ან გადაემალათ მოსაძებნი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ან/და თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლი გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან ჩხრეკა, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სახლის მფლობელს ან/და გარეშე პირს (მეზობელს, ახლო ნათესავს, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელს), რომელიც ამოღებას ან ჩხრეკას ესწრებოდა. თუ ამოღება ან ჩხრეკა ჩატარდა იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ოქმის ასლი გადაეცემა შესაბამისად ამ საგამოძიებო მოქმედების დამსწრე იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამოსაცნობად წარდგენის ოქმში აისახება ამომცნობის, აგრეთვე ამოსაცნობად წარდგენილი პირის ვინაობა (მათ შორის, მისი მისამართი), ამოსაცნობად წარდგენილი სხვა ობიექტის ინდივიდუალური ან/და გვარეობითი ნიშან-თვისებები.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე შესაძლებელია, თუ პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა ამოიცნო. ხსენებული კანონის 174-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით კი, დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა დაკავებულს უნდა გადაეცეს ბრალდების შესახებ დადგენილება. თუ ამ ვადაში დაკავებულს დადგენილება არ გადაეცა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივროს პროკურორმა, ბრალდებულმა ან/და მისმა ადვოკატმა“. აღნიშნული კოდექსის 219-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების შესაბამისად, არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა. ამასთანავე, თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. მოსამართლე საჩივარს ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინების გაუქმების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საქმეს უბრუნებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის მიღებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს წინასასამართლო სხდომის გამართვას ამ კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად. ამავე მუხლის მე-7 ნაწილი კი განსაზღვრავს მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობას და საამისოდ ითვალისწინებს ხუთდღიან ვადას. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს საჩივარს მისი შესვლიდან 5 დღის ვადაში.

11. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „მოსამართლის მიერ კანონის არასწორი განმარტება ან/და გამოყენება, რასაც საფუძვლად უდევს მისი შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა“. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7510 მუხლის მე-5 პუნქტი და 7512 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი გამორიცხავს მოსამართლის მიერ მიღებული აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობას. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ.ა“ (2022 წლის 13 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ.ბ“ ქვეპუნქტები „მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევას“ და „მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას“ მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის სახედ განსაზღვრავს.

12. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით განმტკიცებულია ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაუშვებლად არის გამოცხადებული ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

13. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით გარანტირებულია სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, დაცულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა.

14. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულია მოქალაქეთა უფლება, შეინარჩუნონ/განავითარონ საკუთარი კულტურა და ისარგებლონ დედაენით. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ადგენს პოზიტიურ ღონისძიებებს არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისად, ქალებისა და მამაკაცებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

15. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის თავისუფლება დაცულია. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი თავისუფლების აღკვეთას ან თავისუფლების სხვაგვარ შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „პირს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და დაკავების საფუძველი. პირს დაკავებისთანავე შეუძლია მოითხოვოს ადვოკატის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს“.

16. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია ადამიანის პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლება, დადგენილია აღნიშნული უფლებების შეზღუდვის საფუძვლები და წესი.

17. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსთვის მიმართვის, საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებები. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულია დაცვის უფლება, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი განამტკიცებს უდანაშაულობის პრეზუმფციას. ხსენებული მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტით შესაბამისად, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტი კი განსაზღვრავს კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების იურიდიული ძალის საკითხს.

18.№1613 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 წინადადებისა და 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც გამორიცხავს პროკურორის პასუხისმგებლობას გამომძიებლისა და სამართალდამცავ პირთა დარღვევების, საპროცესო შეცდომებისა და გადაცდომების შემთხვევაში. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ პროკურორს, როგორც საგამოძიებო პროცესზე საზედამხედველო ფუნქციის მქონე სუბიექტს, რომელთანაც შეთანხმებულია ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, უნდა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა იმ გადაცდომებისათვის, რომელსაც უშვებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.

19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ და მე-3 წინადადებებთან, ასევე 34-ე მუხლის პირველი ნაწილის (2022 წლის პირველ მარტამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიულ შინაარსთან მიმართებით, რომლითაც ბრალდების მხარეს შეუძლია არ დაიწყოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო ასეთი შემთხვევა გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ გამოძიების ჩატარების შესაძლებლობას, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები პროკურორსა და გამომძიებელს აძლევს საშუალებას, არ ჰქონდეთ დაზარალებულის მიერ შეტანილ სარჩელზე რეაგირება. მსგავს შემთხვევაში, დაცვის მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება და მოიძიოს მტკიცებულებები. აღნიშნული არღვევს სისხლის სამართლის შეჯიბრებითობის პრინციპს და ეწინააღმდეგება საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებას, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტს.

20. მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს აძლევს უფლებას, ბრალდებულს არ გადასცეს დაკავების ოქმი ან ბრალდების შესახებ დადგენილება და არ განუმარტოს მისთვის მინიჭებული უფლებები. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ, ხშირად, პრაქტიკაში, დაკავებულ პირებს გამომძიებლების მხრიდან არ განემარტებათ უფლებები და არ გადაეცემათ დაკავების ოქმი. შედეგად, ბრალდებული პირები რჩებიან დაუცველნი, რამდენადაც არ გააჩნიათ მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მათთვის არ მომხდარა დაკავების ოქმის გადაცემა. ამრიგად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია არსებობდეს ნეიტრალური მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება უფლებების გაცნობისა და დაკავების ოქმის გადაცემის ფაქტი.

21. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვას, „არსებითი“. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული გარანტია, რომლის შესაბამისადაც, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ აქვს, გულისხმობს კანონის ნებისმიერი სახის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას. ამასთანავე, სადავო ნორმით არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა კანონის არსებითი დარღვევის განსხვავება არაარსებითისგან, აგრეთვე არც შესაძლო დარღვევების ჩამონათვალია ამომწურავად მითითებული, რაც, თავის მხრივ, ზრდის მოსამართლის მხრიდან სუბიექტური მიდგომის გამოყენების შესაძლებლობას.

22. მოსარჩელე ასაჩივრებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ბრალდების მხარეს საშუალებას აძლევს, ბრალდებულის მიერ ზეპირსიტყვიერი მოთხოვნისთანავე არ გადასცეს მას მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, რომლის წარდგენასაც ბრალდების მხარე სასამართლოში აპირებს. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანია და დაზუსტებული არ არის მოთხოვნის ფორმა. მოსარჩელის პოზიციით, საჭიროა დაკონკრეტდეს, რომ აღნიშნულ ტერმინში იგულისხმება როგორც წერილობითი, ისე ზეპირსიტყვიერი ფორმა. მოსარჩელის განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც დაკავებულ პირს არ ეძლევა საშუალება წერილობით მიმართოს ბრალდების მხარეს, რაც მთლიანად გამორიცხავს მოთხოვნის გაჟღერების შესაძლებლობას. აღნიშნული იწვევს იმას, რომ დაცვის მხარეს ერთმევა შესაძლებლობა, თანაბარ პირობებში დაკითხოს მოწმეები.

23. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საშუალებას აძლევს გამომძიებელს, გადაუდებელი აუცილებლობით ჩასატარებელი ჩხრეკის დაწყებამდე არ გადასცეს მესაკუთრეს დადგენილება, ხოლო ჩხრეკის დასრულებისთანავე ჩხრეკის ოქმის ასლი, იწვევს საქმის სამართლიანი და დროული განხილვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევას. მოსარჩელის განმარტებით, ჩხრეკის კანონიერების დასადგენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამართალდამცავთა მიერ ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების წინასწარ წარმოდგენა და ჩხრეკის ოქმის ასლის გადაცემა. საპირისპიროდ, პრაქტიკაში, ხშირად არ ხდება ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების წინასწარ წარდგენა და შესაბამისი ოქმის ასლის გადაცემა, თუმცა ამ ფაქტს მოქალაქეები ვერ ამტკიცებენ. შედეგად, აღნიშნული იწვევს პირთა დაცვის მექანიზმების გარეშე დატოვებას, რამდენადაც არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მათთვის დადგენილებისა და ჩხრეკის ოქმის ასლის გადაცემის ფაქტი. მოსარჩელის აზრით, საჭიროა, სავალდებულო იყოს, წინასწარ, დადგენილების და დასრულებისთანავე ჩხრეკის ოქმის გადაცემა. აუცილებელია, არსებობდეს ნეიტრალური მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება დადგენილებისა და ჩხრეკის ოქმის ასლის გადაცემის ფაქტი. მოსარჩელის პოზიციით, ვინაიდან პრაქტიკაში ამგვარად არ ხორციელდება ჩხრეკის პროცედურები, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს უკანონოდ, ხოლო მის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების შენახვა – საკუთრების უფლების დარღვევად.

24. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მე-6 ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ფოტო ამოცნობისას გამორიცხავს ამოცნობის ოქმში ამოსაცნობი პირების მისამართების ჩაწერას. მოსარჩელის განმარტებით, ამოცნობის ოქმში ამოსაცნობი პირის მისამართის მიუთითებლობისას, შეუძლებელი ხდება მისი სასამართლოში გამოძახება და დაკითხვა. ასეთ დროს, შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენად რეალური ადამიანები არიან წარმოდგენილნი ფოტო ამოცნობისას, არსებობს თუ არა მსგავსება მათსა და ბრალდებულს შორის, იყო თუ არა ამოცნობა ნებაყოფლობითი, ვერ დგინდება გადაღების დრო, ვერ მოწმდება ვიზუალური მდგომარეობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხსენებული იწვევს ადამიანის თავისუფლების, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, დაკავების, მოწმეთა გამოკითხვის თანაბარი შესაძლებლობისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლების დარღვევას.

25. მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობასაც, რომელიც იძლევა პირის მხოლოდ ამოცნობის ოქმზე დაყრდნობით დაკავების შესაძლებლობას. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმის საფუძველზე, პროკურორს აქვს ფართო დისკრეცია იმასთან მიმართებით, რა შეიძლება იქნეს მიჩნეული მიმალვის ფაქტად. მოსარჩელის მოსაზრებით, პირის მიმალვად ითვლება მის მიერ სტანდარტული დღის წესრიგით ცხოვრების გაგრძელებაც კი, რაც მიმალვის ცნებაში არ მოიაზრება. ამასთან ერთად, დაკავებას წინ არ უძღვის მტკიცებულებების არსებობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მიმალვის ფაქტი, რაც განაპირობებს იმას, რომ დაკავების საფუძვლად რჩება მხოლოდ ამოცნობის ოქმი. თავის მხრივ, ამოცნობა არის მარტივად ჩასატარებელი და დაბალი გარანტიების მქონე საგამოძიებო მოქმედება. შესაბამისად, ამოცნობის ოქმზე დაყრდნობით და ყოველგვარი მტკიცებულებების არარსებობისას, მიმალვის ფაქტთან მიმართებით, დაკავება არის უფლების დაუშვებელი ზომით შეზღუდვა და წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ადამიანის თავისუფლების, საქმის სამართლიანი და დროული განხილვის, ისევე, როგორც დაკავებისთანავე, პირისათვის უფლებებისა და დაკავების საფუძვლის განმარტების და ბრალდებულის მიერ მოწმეთა ბრალდების თანაბარ პირობებში დაკითხვის კონსტიტუციურ უფლებებთან.

26. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის მე-5 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს პირის 48 საათში სასამართლოში წარდგენის აუცილებლობას, ეწინააღმდეგება სასამართლოში საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებას, ისევე, როგორც საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებას, რომელიც ადგენს, რომ დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, არაუგვიანეს 48 საათისა. მოსარჩელის განმარტებით, აუცილებელია დაკავებული პირი 48 საათში წარდგეს სასამართლოს წინაშე, რათა დაცული იყოს მისი უფლებები და სასამართლოს კონტროლი საქმის მსვლელობაზე იყოს დროული და ეფექტიანი. საპირისპიროდ, პრაქტიკაში, სადავო ნორმა განიმარტება იმგვარად, რომ პირის დაკავება ხდება 72 საათით და სასამართლოში პირველი წარდგენაც ემთხვევა დაკავებისთვის განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადას.

27. №1613 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას შეუძლია, განუხილველად დატოვოს საჩივარი წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების შესახებ. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი არ აკონკრეტებს პროცესის რომელ ეტაპზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი, რაც უნდა განიმარტოს, როგორც ნებისმიერ სტადიაზე გასაჩივრების შესაძლებლობა. მოსარჩელის მითითებით, საპირისპიროდ, პრაქტიკაში, სასამართლო განიხილავს მხოლოდ ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე მიღებულ განჩინებას, ხოლო წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების დატოვების შესახებ განჩინებაზე საჩივარს განუხილველად ტოვებს. მოსარჩელის აზრით, მსგავსი გადაწყვეტა არღვევს საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებას.

28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებთან მიმართებით, რომლებიც შეეხება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, მოსამართლის მხრიდან, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებას, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ წინასასამართლო სხდომა სისხლის სამართლის პროცესის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომელზეც წყდება საქმის არსებითად განხილვისთვის გადაცემის საკითხი და ამ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ორივე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სადავო ნორმების საფუძველზე, მოსამართლე მოკლებულია შესაძლებლობას, მხედველობაში მიიღოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებსაც შესაძლოა, მნიშვნელობა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მოსარჩელის განმარტებით, შეჯიბრებითობასა და თანასწორობაზე დაფუძნებულ სისხლის სამართლის პროცესში თანაბრად უნდა შეფასდეს ორივე მხარის მტკიცებულებები და მხოლოდ მათი შეპირისპირების საფუძველზე გადაწყდეს, საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე რა დოზითა და მიზნობრიობითაც იკვლევს ბრალდების მტკიცებულებებს, იმავე დოზითა და მიზნობრიობით უნდა იქნეს გამოკვლეული დაცვის მხარის მტკიცებულებები. არსებული ჩანაწერი კი, პირდაპირ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე მიუთითებს, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

29. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მხარეებს ეზღუდებათ მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. მოსარჩელის პოზიციით, აუცილებელია, დაცვის მხარეს გააჩნდეს ამგვარი უფლება, რათა შესაძლებელი იყოს მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტროლი. ამასთან ერთად, გასაჩივრების მექანიზმის არარსებობა მოსამართლეებს აძლევს დავის თავიდან არიდების, საქმის სწრაფად და მარტივად გადაწყვეტის თავისუფლებას, ორივე მხარის ყველა მტკიცებულების ავტომატურად დასაშვებად მიჩნევის შესაძლებლობას, მათი კანონიერებისა თუ უკანონობის მიუხედავად.

30. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსს, რომელიც დასრულებული დანაშაულის კვალიფიკაციას აფუძნებს პირის სუბიექტურ შეხედულებას და გამორიცხავს ისეთ ობიექტურ გარემოებებს, როგორიცაა მოტივი, პრეისტორიული კავშირი, განზრახვა და კოგნიტურ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები. მოსარჩელის განმარტებით, ქმედების ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად კვალიფიკაციისას, კანონმდებელი იყენებს მხოლოდ სუბიექტურ გარემოებას. ნორმის ამგვარი შინაარსი იძლევა ისეთი ქმედების დანაშაულად კვალიფიცირების შესაძლებლობას, რომელსაც არ აქვს მოტივი, განზრახვა, ფიზიკური ზიანი და არსებობს მხოლოდ მუქარის ადრესატის სუბიექტური აღქმა. ამასთანავე, ამგვარი სუბიექტური აღქმა არ ფასდება ექსპერტის მიერ და ბრალდება ემყარება მხოლოდ მუქარის ადრესატის მიერ იმის მტკიცებას, რომ მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, აღნიშნული ნორმატიული შინაარსი წინააღმდეგობაში მოდის პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტებთან, ღირსების ხელშეუვალობისა და სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებებთან.

31. მოსარჩელე მხარე განცალკევებით მიუთითებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-8 პუნქტის „ვ.ა“ (2022 წლის 13 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ.ბ“ ქვეპუნქტების, 7510 მუხლის მე-5 პუნქტისა და 7512 პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურობაზე. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმების საფუძველზე, დისციპლინურ გადაცდომას არ წარმოადგენს საერთო სასამართლოების მოსამართლის მიერ კანონის არასწორი განმარტება ან/და გამოყენება, როდესაც აღნიშნული მოსამართლის შინაგანი რწმენით არის განპირობებული. მოსარჩელის პოზიციით, კანონის არასწორი განმარტებისას ან/და გამოყენებისას იმის დადგენა და ობიექტური მტკიცებულებებით გამყარება, მოქმედებდა თუ არა მოსამართლე შინაგანი რწმენის საფუძველზე, კეთილსინდისიერად, ფაქტობრივად შეუძლებელია. შესაბამისად, მოსარჩელეს, კანონის შეფარდების პროცესში, რჩება სუბიექტივიზმის გამოვლინების დიდი დისკრეცია, რაც წარმოშობს მოსამართლის მხრიდან თვითნებობის რისკებს, იმ პირობებში, როდესაც ნორმის არასწორმა ინტერპრეტირებამ შესაძლოა, მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის დადგომა გამოიწვიოს. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საზომს, კანონის არასწორი განმარტებით ან/და გამოყენებით, მხარისათვის მიყენებული ზიანი უნდა წარმოადგენდეს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე უშვებს მცირე ხასიათის სამართლებრივ შეცდომას, აღნიშნული არ უნდა გახდეს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, ხოლო თუ მოსამართლის მიერ დაშვებული შეცდომა, საკუთარი ხარისხის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ბრალდებულს ან მოსარჩელეს, მოსამართლის ქმედება დისციპლინურ გადაცდომად უნდა იქნეს მიჩნეული.

32. ამავდროულად, მოსარჩელის პოზიციით, მოსამართლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს უნდა წარმოადგენდეს არა მხოლოდ მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითი, არამედ ნებისმიერი დარღვევა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი საკანონმდებლო მოწესრიგება მოსამართლეებს აძლევს შესაძლებლობას, გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისაგან, უმეტეს შემთხვევაში, და განგებ გააჭიანურონ საქმის განხილვა. გარდა ამისა, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმ საკანონმდებლო მოწესრიგებასაც, რომელიც დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევს მოსამართლის მხრიდან სასამართლო პროცესის მონაწილის მიმართ მხოლოდ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სიტყვა „აშკარა“ არის შეფასებითი კატეგორია და ნორმას ბუნდოვან შინაარს სძენს, რაც, ამ საფუძვლით, ამცირებს მოსამართლის პასუხისმგებლობის დადგომის შესაძლებლობას.

33. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე.

34. №1613 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავოდ გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის, 83-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების და 219-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების მოქმედების შეუჩერებლობის შემთხვევაში, მის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნება უკანონოდ, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მოსარჩელეს.

35. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარე აგრეთვე შუამდგომლობს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, მოსარჩელის პერსონალურ მონაცემთა დაფარვის თაობაზე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, აგრეთვე ნებისმიერი სახით, საჯარო გამოქვეყნების შემთხვევაში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ რამდენადაც მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე დასრულებული არ არის, არსებობს კონსტიტუციური სარჩელის შემოტანისთვის, მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გარკვეული პრობლემების შექმნის რისკები.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1613 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-8 პუნქტის „ვ.ა“ (2022 წლის 13 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ.ბ“ ქვეპუნქტების, 7510 მუხლის მე-5 პუნქტის და 7512 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. №1613 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტში განხორციელდა ცვლილება. კერძოდ, „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის 1346-VIIრს-Xმპ საქართველოს ორგანული კანონით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

4. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის ზემოთ განხილული სადავო ნორმა ძალადაკარგულია. ამასთანავე, სადავო ნორმამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.

5. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს აღნიშნულ ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგ მიმინოშვილი, ინვერ ჩოკორაია და ჯემალ მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).

6. აღნიშნული პრაქტიკის ცვლილება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც, ერთი მხრივ, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომელსაც სადავო ნორმის მსგავსად, გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

7. თუმცაღა იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა გასაჩივრებული ძალადაკარგული ნორმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საქმეზე წარმოებას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კანონმდებლობაში ძალადაკარგული ნორმის იდენტური/მსგავსი შინაარსის მქონე დებულება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „№3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით, არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/15/1462 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მათ შორის, შეაფასებს, რამდენად არსებობს სასარჩელო მოთხოვნის ზემოაღნიშნულ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

8. განსახილველ საქმეზე გასაჩივრებული რეგულაციები აწესრიგებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეების დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, დისციპლინური პასუხისმგებლობის, ისევე როგორც დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის ან მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძვლებს. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ მოსამართლის მიერ კანონის არასწორი განმარტება ან/და გამოყენება, რასაც საფუძვლად უდევს მოსამართლის შინაგანი რწმენა, არ წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ შეიძლება, დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა. აღნიშნული ორგანული კანონის 7510 მუხლის მე-5 პუნქტისა და 7512 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინური სამართალწარმოების დროს დაუშვებლად არის მიჩნეული მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი შეეხება მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტის კანონიერებას, დამოუკიდებელი ინსპექტორი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების უარის თქმის ან მოსამართლის მიმართ დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ. მეორე მხრივ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ.ა“ (2022 წლის 13 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ.ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს მოსამართლის ქმედება, რომელიც არღვევს კომპეტენციისა და გულისხმიერების პრინციპს, მათ შორის, მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევა (ამ ვადის არსებითად დარღვევის მიზეზი არასაპატიოდ არ ჩაითვლება, თუ მოსამართლემ აღნიშნული ვადა ობიექტურ გარემოებათა (საქმეთა სიმრავლე, საქმის სირთულე და სხვა) გამო ვერ დაიცვა) და მოსამართლის მიერ, მათ შორის, სასამართლო პროცესის მონაწილის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა.

9. მოსარჩელის არგუმენტაციით, პრაქტიკაში, მოსამართლის მიერ კანონის არასწორი განმარტების ან/და გამოყენების დისციპლინურ გადაცდომად მიჩნევისათვის მხედველობაში მიიღება მრავალი ფაქტორი, მათ შორის, გადასაწყვეტი საკითხის მიმართ მოსამართლის შინაგანი რწმენა, მოტივი და კეთილსინდისიერება. მოსარჩელე მხარის მითითებით, ფაქტობრივად, შეუძლებელია იმის განსაზღვრა და ობიექტური ფაქტებით გამყარება, კანონის განმარტებისას ან/და გამოყენებისას, მოსამართლე მოქმედებდა თუ არა შინაგანი რწმენის საფუძველზე, კეთილსინდისიერად. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოსამართლის მიერ კანონის არასწორი განმარტება ან/და გამოყენება, მოსამართლის შინაგან რწმენაზე მითითების გარეშე, უნდა წარმოადგენდეს დისციპლინური დევნის საფუძველს. ამასთანავე, მოსარჩელის პოზიციით, მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით ნებისმიერი დარღვევა, ისევე, როგორც სასამართლო პროცესის მონაწილის მიმართ ნებისმიერი უპატივცემულობის გამოხატვა, უნდა წარმოადგენდეს მოსამართლის დისციპლინური დევნის საფუძველს.

10. თავდაპირველად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ №1613 კონსტიტუციურ სარჩელში თითოეული სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოთხოვნილია, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება და დაუშვებლად არის გამოცხადებული დისკრიმინაცია სხვადასხვა ნიშნის საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი კი განამტკიცებს ადამიანის პირად თავისუფლებას, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი ადამიანის თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამ კონტექსტში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ №1613 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები მიემართება სადავო ნორმიდან მომდინარე სამართლიანი და დროული სასამართლო განხილვის კონსტიტუციურ უფლებებს. საქმეზე არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რატომ მიიჩნევს მოსარჩელე, რომ ხსენებული სადავო ნორმები სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის ან/და ადამიანის თავისუფლების უფლებას ზღუდავს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-8 პუნქტის „ვ.ა“ (2022 წლის 13 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ.ბ“ ქვეპუნქტების, 7510 მუხლის მე-5 პუნქტის, 7512 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტთან და მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, №1613 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

12. №1613 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გასაჩივრებული ნორმები, როგორც აღინიშნა, აწესრიგებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის იმ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც მიემართება, შინაგანი რწმენის საფუძველზე, მოსამართლის მიერ კანონის არასწორი განმარტების ან გამოყენების დისციპლინურ გადაცდომად მიჩნევის საკითხს („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-6 პუნქტი, 7510 მუხლის მე-5 პუნქტის და 7512 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი).

13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს სამართლიანი სასამართლო განხილვის ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც ორგანულ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მიზნად ისახავს პირისათვის ინდივიდუალური უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების, სასამართლოსადმი მიმართვის გზით, ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის მინიჭებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულვებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია ქმნის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს, მათ შორის, საერთო სასამართლოების სისტემის გათვალისწინების გზით, განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაციის საფუძვლებს, სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმებს, კომპეტენციებსა და უფლებამოსილების ფარგლებს, ისევე, როგორც სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ინსტიტუციურ გარანტიებს.

14. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება არსებობს სწორედ საქართველოს კონსტიტუციით დამკვიდრებულ ინსტიტუციურ სისტემაში. კერძოდ, უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე მოიაზრებს ინდივიდუალური უფლებების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის ინსტიტუციური სისტემით განსაზღვრული სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები ‒  ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები ‒ ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68).

15. საქართველოს კონსტიტუცია თავადვე განსაზღვრავს სახელმწიფო ხელისუფლების მქონე თითოეული ორგანოს სამოქმედო არეალს, საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებს, რაც მნიშვნელოვანწილად გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი(დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები ‒ ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები ‒ ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

16. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები განეკუთვნებიან სასამართლო ხელისუფლების შემადგენელ ნაწილს, რომლებიც, აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების საფუძველზე, პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს საერთო სასამართლოების ზოგადი კომპეტენცია, განახორციელონ მართლმსაჯულება და, თავიანთი განსჯადი საქმეების ფარგლებში, გადაწყვიტონ კანონიერების საკითხები, მათ შორის, შეაფასონ სახელმწიფო მოხელეთა და ორგანოების ქმედებების (აქტების) კანონიერება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/10/1264 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).

17. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუცია, ერთი მხრივ, უფლებრივი თვალსაზრისით, ითვალისწინებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ამა თუ იმ ქმედების კანონიერების შემოწმების მიზნით, საერთო სასამართლოებისათვის პირთა მხრიდან მიმართვის შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრავს საერთო სასამართლოების მიერ, სამართალწარმოების გზით, მართლმსაჯულების განხორციელების, სახელმწიფოში კანონიერების კონტროლის კომპეტენციასა და ვალდებულებას, ისევე, როგორც ამგვარი უფლებამოსილების ფარგლებს.

18. საკუთარი კონსტიტუციური მნიშვნელობით, მართლმსაჯულების განხორციელება მოიცავს კანონის პრაქტიკაში აღსრულებას, სასამართლოს/მოსამართლის წინაშე დასმული საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ კანონმდებლობის საფუძველზე და მის შესაბამისად. აღნიშნული, თავის მხრივ, მოითხოვს მოსამართლის მხრიდან საკანონმდებლო აქტებისა თუ მათი ცალკეული დებულებების განმარტებას, ნორმატიული შინაარსის განსაზღვრასა და კანონის გამოყენებას. კანონის ინტერპრეტაცია წარმოადგენს კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების არსებით ნაწილს, რომლის გარეშეც, შეუძლებელია რომელიმე საქმის გადაწყვეტა. ამრიგად, ერთი მხრივ, მოსამართლეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, გააჩნია კონსტიტუციური ვალდებულება, საკუთარი თითოეული გადაწყვეტილება დააფუძნოს კანონს, ხოლო, მეორე მხრივ, თავად განმარტოს აღნიშნული კანონის ნორმატიული შინაარსი და შეუსაბამოს იგი ცალკეული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სხვაგვარად, მიუხედავად იმისა, რომ კანონები ნორმატიულ სივრცეში ობიექტური ფორმით გამოხატული მოცემულობებია, მათი პრაქტიკაში არსებულ მრავალფეროვან ფაქტობრივ გარემოებებთან ინდივიდუალური მისადაგება და, შესაბამისად, აღსრულება, საჭიროებს მოსამართლის მხრიდან სათანადო განმარტებას. მოსამართლის ფუნქციის არსი სწორედ სამართლებრივი წესების დამოუკიდებლად ინტერპრეტირებასა და კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით გამოყენებაში ვლინდება. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი ნორმატიული სამართლებრივი ტესტისათვის მნიშვნელობის მინიჭება, პრაქტიკაში კანონის აღსრულება და მართლმსაჯულების განხორციელება.

19. მიუხედავად იმისა, რომ კანონის ინტერპრეტირების პროცესი მოსამართლეს შეფასების გარკვეულ არეალს უტოვებს, მართლმსაჯულების განხორციელების კონსტიტუციური კომპეტენცია მას აკისრებს საკუთარი ფუნქციების კვალიფიციურად, კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განხორციელების ვალდებულებას. ამგვარი ვალდებულება, ბუნებრივია, მათ შორის, კანონის განმარტებისა და გამოყენების პროცესზეც ვრცელდება. მოსამართლე ვალდებულია, განმარტოს და გამოიყენოს კანონი კეთილსინდისიერად, საკუთარი შინაგანი რწმენის საფუძველზე. ამასთანავე, მოსამართლის კანონგანმარტებითი და კანონაღსრულებითი ფუნქცია შებოჭილია თავადვე კანონით. მოსამართლე ვერ გასცდება კანონის ფარგლებს და მას არარსებულ შინაარსს ვერ მიანიჭებს, თუმცა საქართველოს კონსტიტუცია მას აძლევს კეთილსინდისიერად, შინაგანი რწმენის საფუძველზე, კანონის განმარტების ან გამოყენების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. ამგვარია ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სასამართლო სისტემის შინაარსი.

20. ბუნებრივია, მოსამართლის მიერ კანონის განმარტების უფლებამოსილება არ გულისხმობს მის განზრახ დარღვევას, განზრახ არასწორ განმარტებას. მოსამართლე არ არის უფლებამოსილი, განზრახ არასწორად განმარტოს კანონი, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა იგი მის შინაარსს. შინაგანი რწმენის საფუძველზე კანონის განმარტება გულისხმობს მოსამართლის მიერ ნორმატიულ აქტში იმ შინაარსის ამოკითხვას, რომელსაც იგი სასამართლოს პრაქტიკასა თუ კანონის განმარტების სხვა მეთოდებზე დაყრდნობით, სწორად მიიჩნევს. ამასთანავე, კანონის განმარტებისა და გამოყენების პროცესში, მოსამართლის კეთილსინდისიერების შეფასება მრავალ სხვადასხვა ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, თუმცა, როდესაც დადასტურდება, მოსამართლე მოქმედებდა იმ შეგნებით, რომ კანონის მის მიერ შემოთავაზებული განმარტება ან გამოყენება შეესაბამება კანონის ნამდვილ ნორმატიულ შინაარსს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემდგომში იგი არასწორად იქნება მიჩნეული, საქართველოს კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლისათვის, მათ შორის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგანი რწმენის საფუძველზე, კანონის არასწორად განმარტების ან/და გამოყენების გამო მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ექნებოდა მსუსხავი ეფექტი სამოსამართლო ფუნქციის განხორციელებისათვის, გაუმართლებლად შეზღუდავდა მოსამართლის ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას და საფრთხის ქვეშ დააყენებდა როგორც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, აგრეთვე მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და ეფექტიანობას.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სისტემაში, საქმის განხილვისას, მოსამართლის მიერ კანონის, შინაგანი რწმენის საფუძველზე ინტერპრეტაცია წარმოადგენს სამოსამართლო ფუნქციის არსს და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის ქვაკუთხედს. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, ამ თვალსაზრისით, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

22. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ.ა“ (2022 წლის 13 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებს. სადავო ნორმების თანახმად, საერთო სასამართლოების მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომად არის მიჩნეული მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევა, ისევე, როგორც მოსამართლის მიერ სასამართლო პროცესის მონაწილის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი, ასევე უნდა იყოს საპროცესო ვადების არასაპატიო მიზეზით არაარსებითი დარღვევა ან/და პროცესის მონაწილის მიმართ ნებისმიერი სახის უპატივცემლობის გამოხატვა.

23. სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას უნდა აღინიშნოს, რომ ისინი განსაზღვრავს იმ ქმედებათა ჩამონათვალს, რომელთა ჩადენაც საერთო სასამართლოს მოსამართლის მიერ დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა და არა პირიქით. ხსენებული სადავო ნორმები არ ადგენს, რომ რომელიმე ქმედება არ იწვევს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობას. სადავო ნორმების რეგულირების სფერო ამოიწურება მხოლოდ საერთო სასამართლოების მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების განსაზღვრით.

24. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ.ა“ (2022 წლის 13 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ.ბ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული უფლებაშემზღუდველი შინაარსი ხსენებულ ნორმებს არ გააჩნია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1613 კონსტიტუციური სარჩელი ხსენებულ ნაწილშიც დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

25. ამავდროულად, რამდენადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ.ა“ (2022 წლის 13 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტთან, მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართების ნაწილში არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი და, ამავე დროს, სადავო ნორმა ძალადაკარგულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1613 კონსტიტუციურ სარჩელზე, ზემოაღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, საქმე უნდა შეწყდეს.

26. №1613 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოსაქვეყნებელ აქტებში მისი პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე.

27. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების (გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა) სრული ტექსტი ქვეყნდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრული ტექსტის გამოქვეყნება ემსახურება საკონსტიტუციო კონტროლის საჯაროობის და საზოგადოებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30).

28. საქართველოს კონსტიტუცია, ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევებში, მოსარჩელის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, უშვებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებში პირის პერსონალური მონაცემების დაფარვის შესაძლებლობას იმ პირობით, რომ დადგენილი იქნება სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრულ ტექსტზე, მათ შორის, მოსარჩელის ვინაობის შესახებ ინფორმაციაზე, საზოგადოების ხელმისაწვდომობასა და, მეორე მხრივ, მოსარჩელის შესახებ არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31).

29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „როდესაც მონაცემთა მფლობელს გააჩნია საკუთარი პერსონალური მონაცემების დაფარვის ინტერესი, ეს არ ქმნის ავტომატურად მათი დაფარვის და საზოგადოების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საფუძველს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამასთანავე, „ცალკეულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია, არსებობდეს იმ პირის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის დაცვის მომეტებული ინტერესი, რომელსაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ინფორმაცია. ... სასამართლოს აქტში შესაძლებელია, ასახული იყოს პირის პირადი ცხოვრების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს პირად ცხოვრებაზე და ზიანსაც კი მიაყენებს მას. მაგალითად, სასამართლოს აქტში, შესაძლოა, მითითებული იყოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ცხოვრების ამა თუ იმ ინტიმური დეტალის შესახებ და ა. შ. ამგვარ შემთხვევებში, ცხადია, იზრდება მსგავსი ინფორმაციის დაცვის ხარისხი და საჭიროება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56-57).

30. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოსაქვეყნებელ აქტებში მისი პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე, ეფუძნება მტკიცებას, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის წარდგენისათვის არსებობს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან მოსარჩელისათვის პრობლემების შექმნის რისკები. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, კონკრეტულად, რა სახის არამართლზომიერ ზემოქმედებაზეა საუბარი, ისევე, როგორც არ წარმოუდგენია ამგვარი ზემოქმედების რეალურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ ორგანოების მხრიდან არამართლზომიერი ზემოქმედების რისკებზე, რომელთა ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედაც რომ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამ ფონზე, გაურკვეველია, მოსარჩელის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძვლით, სამართალდამცველი ორგანოები რატომ დაარღვევენ კანონს და იმოქმედებენ საკუთარი ფუნქციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების წინააღმდეგ. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, განსახილველი საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ ხედავს კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანასა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არაკანონიერი ზემოქმედების განხორციელების რისკებს შორის რაიმე ლოგიკურ კავშირს, ამგვარი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები კი მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია. მარტოოდენ მოსარჩელის სუბიექტური შეგრძნება და ჰიპოთეტური შიშები, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის გამო არსებობს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან მასზე ზემოქმედების რისკები, არ ქმნის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებში პირის პერსონალური მონაცემების დაფარვის საფუძველს. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოსაქვეყნებელ აქტებში მოსარჩელის პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე.

31. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, რომ საქმე, რომელიც მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიიღება, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯადია, დაუყოვნებლივ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას 7 დღის ვადაში, ამ კანონის 31​2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს კოლეგიას“. მოცემულ შემთხვევაში, №1613 კონსტიტუციურ სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება, გარდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-6 პუნქტის და მე-8 პუნქტის „ვ.ა“ (2022 წლის 13 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ.ბ“ ქვეპუნქტების, 7510 მუხლის მე-5 პუნქტის და 7512 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, კოლეგიის განსჯადი საკითხია.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 წინადადებისა და 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-11 მუხლთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი და მე-3 წინადადებების და 34-ე მუხლის პირველი ნაწილის (2022 წლის პირველ მარტამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის ‒ „არსებითი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-10 პუნქტებთან მიმართებით; ე) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით; ვ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ზ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით; თ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით; ი) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; კ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ლ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; მ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და მე-10 მუხლებთან და 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით, №1613 კონსტიტუციური სარჩელი უნდა გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1613 („დავით გამყრელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-8 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტის, 7510 მუხლის მე-5 პუნქტის და 7512 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. შეწყდეს საქმე №1613 კონსტიტუციურ სარჩელზე („დავით გამყრელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ.ა“ (2022 წლის 13 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტთან, მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. №1613 კონსტიტუციური სარჩელი („დავით გამყრელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 წინადადებისა და 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-11 მუხლთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი და მე-3 წინადადებების და 34-ე მუხლის პირველი ნაწილის (2022 წლის პირველ მარტამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის ‒ „არსებითი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-10 პუნქტებთან მიმართებით; ე) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით; ვ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ზ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით; თ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით; ი) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; კ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ლ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; მ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და მე-10 მუხლებთან და 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.

4. №1613 კონსტიტუციურ სარჩელზე („დავით გამყრელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოსაქვეყნებელ აქტებში მოსარჩელის პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე.

5. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში