აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მისაღებ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ

აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მისაღებ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017208
31
15/02/2024
ვებგვერდი, 16/02/2024
120000000.22.026.017208
აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მისაღებ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის

ბრძანება №31

2024 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მისაღებ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ

თავდაცვის კოდექსის 90-ე მუხლის მე-9 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მისაღებ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა (დანართი №1).

2. კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით, რაც აისახება კონტრაქტში. კონტრაქტის ხანგრძლივობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ორი, სამი ან ოთხი წლის ვადით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადისა და ყოველი მომდევნო კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ.

4. კონტრაქტის გაფორმების უფლებამოსილება დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მიენიჭოს:

ა) სარდალს;

ბ) ეროვნული გვარდიის უფროსს;

გ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს;

დ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს;

ე) კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის უფროსს;

ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორს.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №44 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 13 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი



 

დანართი №1

 

აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მისაღებ პირთან

გასაფორმებელი კონტრაქტი


კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღი:              „_______“ „ ____________ “ 20 ____ წ.

 

            ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შემდგომში წოდებული ,,სამინისტროდ“, წარმოდგენილი __________________ მიერ და, მეორე მხრივ, ფიზიკური პირი _______________________ მოქალაქეობა __________________________

პირადობის მოწმობის/პასპორტის ნომერი________________გაცემული ___________წლის _____________________________________________________________________________მიერ,

(თვე და რიცხვი) პირადი ნომერი _______________________________, რეგისტრირებულ მისამართზე: ____________________________________________________________,

შემდგომში, კონტრაქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წოდებული ,,აქტიურ რეზერვისტად“, ხოლო ერთობლივად წოდებულნი ,,მხარეებად“, ვმოქმედებთ რა, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე კონტრაქტს და ვთანხმდებით შემდეგზე:

მუხლი 1. კონტრაქტის საგანი

1.1. წინამდებარე კონტრაქტის საგანია აქტიური რეზერვისტის მიერ აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება.

1.2. კონტრაქტის თანახმად, აქტიური რეზერვისტი ირიცხება __________________________________ .

                                                                                                     (აქტიური რეზერვის სახე)

1.3. აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ამ კონტრაქტით არ წესრიგდება, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 2. კონტრაქტის მოქმედების ვადა

2.1. ამ კონტრაქტის ვადა შეადგენს __________ კალენდარულ წელს.

2.2. ამ კონტრაქტის მოქმედების ვადა აითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის დღიდან და გრძელდება ამ კონტრაქტის 2.1 ქვეპუნქტით განსაზღვრული კონტრაქტის მოქმედების ვადის ბოლო დღის დამთავრებისთანავე. იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტის მოქმედების ვადის ბოლო დღე ემთხვევა საომარ/საგანგებო მდგომარეობას ან/და საგანგებო სიტუაციას, კონტრაქტის ვადა მთავრდება ამ მდგომარეობის ან/და სიტუაციის გაუქმებიდან მე-10 დღის დასასრულს.

2.3. ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის გაგრძელება წარმოადგენს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საგანს.

2.4. ამ კონტრაქტის მოქმედება შეიძლება ვადამდე შეწყდეს:

ა) მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;

ბ) აქტიური რეზერვისტის მიერ წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომის სამჯერ ჩადენის შემთხვევაში;

გ) თავდაცვის კოდექსის 108-ე მუხლის პირველი (გარდა „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებისა) და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში;

დ) აქტიური რეზერვისტის მიერ წლის განმავლობაში საპატიო მიზეზით სარეზერვო სამხედრო სამსახურის საერთო ჯამში ხუთი კალენდარული დღის ოდენობით არგავლის შემთხვევაში;

ე) საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აქტიური რეზერვისტის აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში.

2.5. კონტრაქტი ვადამდე შეწყვეტილად ითვლება აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან.

მუხლი 3. აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოძახება და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი

3.1. აქტიური რეზერვისტის აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოძახება წესრიგდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

3.2. აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 4. აქტიური რეზერვისტის შრომის ანაზღაურება

4.1. აქტიურ რეზერვისტს ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ყოველთვიურად  მიეცემა შრომის ანაზღაურება, რაც შეადგენს მისი წოდებრივი სარგოს 20%-ს, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში – წოდებრივი სარგოს სრულ ოდენობას.

4.2. შრომის ანაზღაურება გაიცემა არაუგვიანეს ყოველი თვის ბოლო რიცხვისა და მისი დარიცხვა ხდება შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

4.3. აქტიური რეზერვისტის ანაზღაურება შეიძლება შეიცვალოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

მუხლი 5. მხარეთა უფლება-მოვალეობები

5.1. სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს აქტიური რეზერვისტის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების რეალიზების პირობები.

5.2.  აქტიური რეზერვისტი  უფლებამოსილია ისარგებლოს აქტიური რეზერვისტისთვის, როგორც სამხედრო მოსამსახურისათვის,  საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და ისარგებლოს სოციალური  გარანტიებით.

5.3. აქტიურ რეზერვისტს ეკისრება სამხედრო ფიციდან/წერილობითი ვალდებულებიდან გამომდინარე, აგრეთვე აქტიური რეზერვისთვის, როგორც სამხედრო მოსამსახურისთვის, ამ კონტრაქტით, მის მიერ დაკავებული თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

მუხლი 6. პასუხისმგებლობა

6.1. აქტიურ რეზერვისტს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით შეიძლება დაეკისროს დისციპლინური, ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

6.2. აქტიურ რეზერვისტს ეკისრება ვალდებულება აანაზღაუროს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი, მათ შორის, იმ ქონების ღირებულება, რომელიც არ დააბრუნა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის გამო.

6.3. ამ მუხლის 6.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით, აქტიურ რეზერვისტს შრომის ანაზღაურებიდან შეიძლება დაექვითოს (შრომის ანაზღაურებიდან დასაქვითი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფაქტობრივად მისაღები ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 30%-ს) ქონებრივი ზიანის ასანაზღაურებელი  თანხა.

6.4. იმ შემთხვევაში, თუ ეს კონტრაქტი ვადამდე შეწყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილს ეკისრება ვალდებულება სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ გადაიხადოს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, კონტრაქტის შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში.

6.5. ამ მუხლის 6.4 პუნქტი არ ვრცელდება:

ა) ამ კონტრაქტის მე-2 მუხლის 2.4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებზე;

ბ) მეორე ან მომდევნო კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევებზე.

მუხლი 7. დავების გადაწყვეტა

7.1. წინამდებარე კონტრაქტიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა წყდება  მხარეთა შორის მოლაპარაკებით. თუ მოლაპარაკების გზით დავა არ გადაწყდება, მაშინ დავას განიხილავს სასამართლო.

მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

8.1. კონტრაქტის შესრულების ადგილია იმ სამხედრო ნაწილის იურიდიული ადგილმდებარეობა, რომლის შემადგენლობასაც მიეკუთვნება აქტიური რეზერვისტი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ვალდებულების ფაქტობრივი შესრულების ადგილი შეიძლება განსხვავებული იყოს.

8.2. კონტრაქტის ცალკეული დებულებების ბათილობა არ იწვევს კონტრაქტის დანარჩენი დებულებების ბათილობას.

8.3.  კონტრაქტში ცვლილება შედის მხარეთა მიერ ხელმოწერილი წერილობითი შეთანხმების ოქმით, რომელიც წარმოადგენს ამ კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს.  

8.4. კონტრაქტი შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომლის თითოეული ეგზემპლარი ინახება მხარეებთან.

მხარეთა ხელმოწერა

 

აქტიური რეზერვისტის ხელმოწერა __________________________

 

 

სამინისტრო:                                                                                      აქტიური რეზერვისტი:

___________________________                                          __________________________