სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 64/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 20/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 220060000.18.011.016840
64/04
20/03/2024
ვებგვერდი, 21/03/2024
220060000.18.011.016840
სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №64/04

2024 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

 

სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 522 მუხლის პირველი პუნქტის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 38-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ოქტომბრის №183/04 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი

მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო

1. „სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული „სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში − ეროვნული ბანკი) ინფორმაციის წარდგენის წესს.

2. ანგარიშგების მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, გაანალიზდეს სესხის გამცემ სუბიექტში (შემდგომში − სგს) არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები.

3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი სგს-ები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;

გ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) რეგისტრირებული – შექმნილი − იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე − ფიზიკური პირის შემთხვევაში;

ვ) საბლანკო სესხი − სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს უზრუნველყოფაში მიღებული დეპოზიტი, გირავნობა ან იპოთეკა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან/და ღირებულების მიუხედავად იგი არ არის აღსრულებადი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი რეგისტრაციით ან სხვა მიზეზებით. მხოლოდ თავდებობით უზრუნველყოფილი სესხი განიხილება საბლანკო სესხად;

ზ) ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა);

თ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და მისი მეუღლე;

ი) ოფშორული ზონა − ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები;

კ) პოლიტიკურად აქტიურ პირებთან ასოცირებული პირები − „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირები;

ლ) აგენტი/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები;

მ) პორტირებული კლიენტი − პორტფელის შეძენის შედეგად დამატებული კლიენტი;

ნ) პორტირებული სესხი − პორტფელის შეძენის შედეგად დამატებული კლიენტის სასესხო ვალდებულება.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. ზოგადი დებულებები

1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება სგს-ს მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება სგს-ს მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.

2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდების მიხედვით.

3. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებს. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების მომენტისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

4. ანგარიშგების არც ერთ ველში არ აისახება ინფორმაცია სგს-ს მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ კლიენტისგან მიღებული საკომისიოს, ასევე ჯარიმების, საურავებისა და დარიცხული პროცენტების (სარგებლის) შესახებ.

5. სგს-ს მიერ სესხის გაცემის შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმაში აღირიცხება საანგარიშო პერიოდში ათვისებული სესხების შესახებ ინფორმაცია, რომელიც არ მოიცავს რესტრუქტურიზებულ სესხებს. სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმაში აისახება თანხის ის მოცულობა, რომელიც დარჩა კლიენტს ძველი სესხის ნაშთის გადაფარვის შემდგომ.

6. პორტფელის შეძენის შემთხვევაში, ანგარიშგებაში აისახება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციების თანხების ოდენობა.

7. თანამსესხებლების მიერ სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ფორმაში ინფორმაცია აისახება ყველა მსესხებლის შესახებ, ხოლო ათვისებული თანხა მიეთითება ერთ-ერთი მსესხებლის (რომელიც უფრო მომეტებული რისკის მატარებელია) მონაცემებში.

8. თუ კლიენტს საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის კატეგორიის შესაბამისად.

9. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-11 მუხლის 34-ე და 35-ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

10. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლობს სგს, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.

11. ანგარიშგებაში, მინდობილი პირის მიერ განხორციელებული ოპერაციები აისახება მხოლოდ მარწმუნებლის ოპერაციების ჭრილში.

12. სგს-ს მიერ რეალიზებული ძვირფასი ლითონებისა და ქვების შესახებ ინფორმაცია აისახება მხოლოდ ანგარიშგების ფორმა №10-ში, ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 4. ანგარიშგების ფორმები

ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:

ა) ინფორმაცია სესხის გამცემი სუბიექტების შესახებ (ფორმა №1);

ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2);

გ) ინფორმაცია ელექტრონულად იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №3);

დ) ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №4);

ე) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №5);

ვ) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №6);

ზ) ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №7);

თ) ინფორმაცია მოზიდული სახსრების შესახებ (ფორმა №8);

ი) ინფორმაცია შეძენილი პორტფელის შესახებ (ფორმა №9);

კ) ინფორმაცია სესხის გამცემი სუბიექტის მიერ რეალიზებული ძვირფასი ლითონებისა და ქვების შესახებ (ფორმა №10);

ლ) სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №11);

მ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტთა რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №12);

ნ) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №13);

ო) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №14).

მუხლი 5. ინფორმაცია სესხის გამცემი სუბიექტის შესახებ (ფორმა №1)

1. ანგარიშგების ფორმა №1 მოიცავს სგს-ს დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (10% და მეტი), ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის, დირექტორ(ებ)ის, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, საქართველოში არსებული ფილიალებისა და შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების), ასევე, ეროვნული ბანკის მიერ ბოლოს განხორციელებული ადგილზე შემოწმების თარიღის შესახებ ინფორმაციას.

2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრეების, დირექტორების, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას მიეთითება საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში − სახელი, გვარი, პირადი ნომერი (არარეზიდენტი პირის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი) და მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და რეგისტრაციის ქვეყანა).

3. ფილიალების შესახებ ანგარიშგების ფორმა №1-ში მიეთითება რაოდენობა, ხოლო შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების) არსებობის შემთხვევაში − თითოეული მათგანის დასახელება.

4. ველში „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ბოლო შემოწმების თარიღი“ აისახება ფულის გათეთრების კუთხით ადგილზე შემოწმების აქტის თარიღი.

5. ანგარიშგების ფორმა №1-ში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით.

მუხლი 6. ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2)

1. ანგარიშგების ფორმა №2 შედგება ფაქტორებისა და ქვეფატორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, ანგარიშგების ფორმა №2-ში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

2. ანგარიშგების ფორმა №2-ის შევსების მიზნით, სგს-მა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.

3. ანგარიშგების ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია სგს-მა განახორციელა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად.

4. სვეტი „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს სგს-თან საანგარიშო პერიოდისთვის საქმიან ურთიერთობაში მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

5. ანგარიშგების ფორმა №2-ში, სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

6. ანგარიშგების ფორმა №2 ასევე მოიცავს ინფორმაციას, საანგარიშო პერიოდში, პორტფელის შეძენის შედეგად პორტირებული კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებლის შესახებ, მიუხედავად იმისა, განახორციელეს თუ არა პორტირებულმა კლიენტებმა ოპერაციები. პორტირებული კლიენტების სასესხო ვალდებულების მოცულობის შესახებ ინფორმაცია აისახება იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში პორტირებულმა კლიენტმა უშუალოდ სგს-სგან აიღო სესხი.

მუხლი 7. ინფორმაცია ელექტრონულად იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №3)

1. ანგარიშგების ფორმა №3-ში აისახება ინფორმაცია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია სგს-მა განახორციელა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად.

2. ანგარიშგების ფორმა №3 შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მოცულობისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.

3. ანგარიშგების ფორა №3-ის შევსების მიზნით, სგს-მა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.

4. ანგარიშგების ფორა №3-ში, სვეტი „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს სგს-თან საანგარიშო პერიოდისთვის საქმიან ურთიერთობაში მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშგების ფორმა №3 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

5. ანგარიშგების ფორა №3-ში, სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

6. ანგარიშგების ფორმა №3-ში არ აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ფიზიკურად გამოცხადდნენ სგს-ს თანამშრომელთან.

მუხლი 8. ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №4)

1. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

2. მთლიანი ბრუნვის მონაცემებში, ანგარიშგების ფორმა №4-ში, ველში „სულ“ აისახება სგს-ს მიერ გაცემული სესხების საერთო რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

3. ანგარიშგების ფორმა №4-ში დიფერენცირებულად აისახება ინფორმაცია სესხების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფილია ანტიკვარიატით, ხელოვნების ნიმუშებით, საკოლექციო საგნებით, ძვირფასი ლითონებითა და ქვებით, ტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებით ან/და უძრავი ქონებით.

4. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება ინფორმაცია სესხების შესახებ, რომელთა თანხის ოდენობა ერთჯერადი ოპერაციის ან/და საანგარიშო პერიოდში ერთი კლიენტის მიერ დადებულ ოპერაციათა ერთობლიობის შემთხვევაში როგორც საბლანკო, ისე ძვირფასი ლითონებით ან/და ქვებით, საკოლექციო ნივთებით, ასევე, ანტიკვარით ან/და ხელოვნების ნიმუშებითა და ტექნიკით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში აღემატება 15 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

5. თუ სესხის უზრუნველყოფა არის შერეული (მოიცავს, მაგალითად, ტექნიკას და ძვირფას ლითონებს), ინფორმაცია აისახება ანგარიშგების ფორმა №4-ით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ-ერთ ქვეფაქტორში, რომელიც სგს-ს შიდა პოლიტიკის თანახმად, უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.

6. უძრავი ქონებითა და სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხები მოიცავს ინფორმაციას სესხების შესახებ, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს მესამე პირთა უძრავი ქონება/სატრანსპორტო საშუალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირი არის კლიენტის ოჯახის წევრი, ან კლიენტი იურიდიული პირის დამფუძნებელი/დამფუძნებლის ოჯახის წევრი.

7. იმ შემთხვევაში, თუ სესხი ერთდროულად უზრუნველყოფილია ტექნიკით, ძვირფასი ლითონებით/ქვებით, ანტიკვარიატით, საკოლექციო ნივთებით ან/და ხელოვნების ნიმუშებით და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებით, მონაცემები ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ ინფორმაციაში.

8. იმ შემთხვევაში, თუ სესხი უზრუნველყოფილია ტექნიკით, ძვირფასი ლითონებით/ქვებით, ანტიკვარიატით, საკოლექციო ნივთებით, ხელოვნების ნიმუშებით ან/და სატრანსპორტო საშუალებით, მონაცემები ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ ინფორმაციაში.

9. იმ შემთხვევაში, თუ სესხი ერთდროულად უზრუნველყოფილია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებით ან/და უძრავი ქონებით, მონაცემები ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება მხოლოდ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ ინფორმაციაში.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ინფორმაცია ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება, თუ საანგარიშო პერიოდში სესხი უზრუნველყოფილი იყო უზრუნველყოფის რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებით, მიუხედავად იმისა, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის უზრუნველყოფა რეალიზებულია თუ არა.

მუხლი 9. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №5)

1. ანგარიშგების ფორმა №5-ში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

2. ანგარიშგების ფორმა №5 მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. ანგარიშგების ფორმა №5 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

3. ანგარიშგების ფორმა №5-ში, ველებში „სულ ფიზიკური პირების რაოდენობა“ და „სულ იურიდიული პირების რაოდენობა“ აისახება რეზიდენტობის მიხედვით იმ კლიენტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქმიან ურთიერთობაში იმყოფებიან სგს-თან, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ ოპერაცია საანგარიშო პერიოდში. ანგარიშგების ფორმა №5-ში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა სგს-თან.

4. ანგარიშგების ფორმის შესაბამის ველებში „სესხის გაცემა“, „იურიდიული პირების რაოდენობა“, „ფიზიკური პირების რაოდენობა“, პორტირებული კლიენტების შესახებ ინფორმაცია“ აისახება იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში, პორტირებულმა კლიენტმა უშუალოდ სგს-სგან აიღო სესხი. ხოლო ველები „სულ ფიზიკური პირების რაოდენობა“ და „სულ იურიდიული პირების რაოდენობა“ მოიცავს ინფორმაციას პორტირებული კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებლის შესახებ, მიუხედავად იმისა, განახორციელეს თუ არა საანგარიშო პერიოდში პორტირებულმა კლიენტებმა ოპერაციები.

5. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია პირთა შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ანგარიშგების ფორმა №5-ში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

მუხლი 10. ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №6)

1. ანგარიშგების ფორმა №6-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია განხორციელდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად.

2. ანგარიშგების ფორმა №6-ში აისახება მონაცემები იმ ორგანიზაციის შესახებ (რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), რომელსაც დაეყრდნო სგს პირის იდენტიფიკაციისას, ასევე, ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემები.

3. ანგარიშგების ფორმა №6-ში კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშგების ფორმა №6 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყვიტეს ურთიერთობა სგს-თან.

მუხლი 11. ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №7)

1. ანგარიშგების ფორმა №7 მოიცავს მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე, სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.

2. სგს-თან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაციები. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებმაც სგს-თან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

3. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით რეგულირებული პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებს, გარდა „ბ.ბ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა.

4. სხვა პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო, მარკეტინგული, სარეკლამო, აგრეთვე, სხვა მსგავსი ტიპის პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. ფორმაში არ აისახება საპროექტო/საინჟინრო/არქიტექტურული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია.

5. პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია მოიცავს პირებს, რომელთა საქმიანობას წარმოადგენს/რომელთა საქმიანობაში ფიქსირდება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.

6. ლატარიის ორგანიზატორები, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორები მოიცავს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ლატარიის ბილეთების გაყიდვას, აზარტული თამაშობების ავტომატების ექსპლუატაციას, ვირტუალური აზარტული თამაშობების ვებგვერდების ექსპლუატაციას, ბუკმეიკერობას და ფსონების დადების საქმიანობას, კაზინოების ფუნქციონირებას („მცურავი კაზინოების“ ჩათვლით).

7. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობა (წარმოება/რეალიზაცია) ასევე მოიცავს ძვირფასეულობის მაღაზიებს.

8. ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა (რეალიზაცია) ასევე მოიცავს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს და აუქციონის მომწყობ პირებს.

9. ანგარიშგების ფორმა №7-ში არ აისახება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირების შესახებ ინფორმაცია.

10. ანგარიშგების ფორმა №7-ში არ აისახება რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის/ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, ასევე, ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირის, ლითონის მადნების, ძვირფასი ქვების მოპოვება და ნავთობპროდუქტების წარმოება, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციებად ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.

11. ქიმიკატებისა და ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოიცავს ფეთქებადი ნივთიერებების, არაორგანული და ორგანული ძირითადი ქიმიკატების, სამრეწველო აირების ან/და აზოტის ნაერთების მწარმოებელ კომპანიებს. დეტალური კლასიფიკაცია მოცემულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ ბოლო რედაქციაში.

12. საქველმოქმედო ორგანიზაციებში ასეთი სტატუსის მქონე პირებთან ერთად აისახება ის პირებიც, რომელთაც საქმიანობის სფეროდ უფიქსირდებათ საქველმოქმედო საქმიანობა.

13. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, მოიცავს ფონდებს, ფედერაციებს, ასოციაციებს და არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებს.

14. გრანტის გამცემი და გრანტის მიმღები ორგანიზაციები არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. გრანტის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, გარდა საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტისა. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებში იგულისხმება ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ და „თ“-„ი1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები.

15. საქველმოქმედო და გრანტის გამცემი/მიმღები ორგანიზაციები, ასევე სხვა ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, არ მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს (თუ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 100%-ს შეადგენს, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციაში ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციებისა), უცხო ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებს, ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებს (EBRD, WB, IMF და სხვა) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.

16. ანგარიშგების ფორმა №7-ში გათვალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა.

17. ანგარიშგების ფორმა №7-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების შესახებ.

18. ანგარიშგების ფორმა №7-ში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლია.

19. ანგარიშგების ფორმა №7-ში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი არარეზიდენტი კომპანიების შესახებ.

20. ანგარიშგების ფორმა №7-ში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო სერვისის მიმწოდებელი კომპანიის შესახებ, რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ განახორციელოს აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.

21. კომპანიები სატრასტო სამართლებრივი ურთიერთობით მოიცავს პირებს, რომელთა მფლობელობის ან მმართველობის სტრუქტურაშიც გვხდება ისეთი სამართლებრივი სტრუქტურა (legal arrangement – (მაგ., trust, fideicomiso, treuhand, fiducie)), სადაც ფიქსირდება საკუთრების მიმნდობი (settlor), მინდობილი მესაკუთრე (trustee), ბენეფიციარი (beneficiary), ან/და სხვა პირები (protector და სხვა).

22. უძრავი ქონების აგენტი გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებსაც და არ მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, ვინც საკუთარ ქონებას გასცემს იჯარით.

23. ანგარიშგების ფორმა №7-ში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია სავაჭრო პლატფორმაზე ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტებით (ე.წ. CFD) და ბინარული ოფციონებით (Binary Options) ვაჭრობასთან და არ მოიცავს ინფორმაციას ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების შესახებ.

24. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციების, ასევე, კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული სხვა ოპერაციების ჯამური მოცულობა.

25. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებაში, ოპერაციის მონაწილე მხარე არის ერთდროულად რამდენიმე კლიენტი, რაოდენობრივ მაჩვენებელში ფიქსირდება ყველა მათგანი, ხოლო ოპერაციების მოცულობაში, როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის, ასევე მათ მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

26. ოპერაციის დადების მცდელობის შესახებ ანგარიშგების საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნის შემთხვევაში, გარიგების/ოპერაციის მოცულობაში აისახება, როგორც ამ კონკრეტული ოპერაციის თანხა, ასევე ოპერაციის მონაწილე კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

27. ანგარიშგების ფორმა №7-ში აისახება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია.

28. ველში „კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები“ აისახება ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების შესახებ.

29. კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირები არიან, არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ პირებს.

30. ანგარიშგების ფორმა №7-ში გათვალისწინებული კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი, მოიცავს ისეთ პირებსაც, რომელთა სტრუქტურაში ნომინალური მფლობელობის ფაქტი არ არის დადასტურებული დოკუმენტურად, თუმცა სგს-ს ამის შესახებ სხვაგვარად აქვს მოპოვებული ინფორმაცია.

31. კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს, მოიცავს ე.წ. Bearer Shares გამომშვებ პირებს.

32. ანგარიშგების ფორმა №7-ში რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას. საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად.

33. თუ კლიენტი ერთდროულად არის ანგარიშგების ფორმა №7-ით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში, რომელიც სგს-ს შიდა პოლიტიკის თანახმად, უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით. გამონაკლისია ფაქტორები „პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება ფმს-ში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, „თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული პირები“, „პირები, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებული ოპერაციებით“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირია“, „რეზიდენტი კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე არარეზიდენტი პირია“, „კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი“, „კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს“, „რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, სადაც ქვეფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემები უნდა გამეორდეს, თუ კლიენტის მახასიათებლები შეესაბამება 2 ან მეტ ფაქტორს ერთდროულად. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ამ ორივე ფაქტორში.

34. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ამ მუხლის 33-ე პუნქტში ჩამოთვლილ ფაქტორებს, ინფორმაცია აღირიცხება ყველა მათგანში.

35. სგს-ს მიერ ანგარიშგების ფორმა №7-ში ასევე უნდა აისახოს მის მიერ საქმიანობის თუ სხვა კრიტერიუმების (გეოგრაფიული რისკი, ორგანიზაციული ფორმა და სხვ.) მიხედვით, მომეტებული რისკის მატარებლად მიჩნეული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ამავე ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან.

მუხლი 12. ინფორმაცია მოზიდული სახსრების შესახებ (ფორმა №8)

1. ანგარიშგების ფორმა №8 მოიცავს ინფორმაციას სგს-ს დამფუძნებლებისა და არარეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდული სახსრების (მხოლოდ ათვისებული თანხების) შესახებ.

2. ანგარიშგების ფორმა №8-ში დიფერენცირებულად აისახება ინფორმაცია იმ პირთა შესახებ (დამფუძნებელი/არარეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტი), ვისგანაც მოხდა სახსრების მოზიდვა.

3. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია სგს-ს მიერ მხოლოდ საანგარიშო პერიოდში მოზიდული სახსრების შესახებ, თუ პირისგან მოზიდულ იქნა 50 000 (ასი ათასი) ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის ტოლი ან მეტი ოდენობის ფულადი სახსრები.

4. რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება/კოდი უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების/კოდის იდენტური.

მუხლი 13. ინფორმაცია შეძენილი პორტფელის შესახებ (ფორმა №9)

1. ანგარიშგების ფორმა №9-ში აისახება ინფორმაცია, საანგარიშო პერიოდში, ფინანსური ინსტიტუტების ან/და სხვა პირებისაგან პორტფელის შეძენასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ.

2. ანგარიშგების ფორმა №9-ში აისახება ინფორმაცია ორგანიზაციის ტიპის შესახებ (ფინანსური ინსტიტუტი/სხვა), ვისგანაც სგს-მა შეიძინა პორტფელი, მათი რეზიდენტობისა და შესაბამისი ქვეყნის კოდის მითითებით.

3. რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება/კოდი უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების/კოდის იდენტური.

4. ანგარიშგების ფორმა №9-ში ასევე აისახება ინფორმაცია პორტირებული კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებლებისა და მათი სასესხო ვალდებულებების მოცულობის შესახებ.

მუხლი 14. ინფორმაცია სესხის გამცემი სუბიექტის მიერ რეალიზებული ძვირფასი ლითონებისა და ქვების შესახებ (ფორმა №10)

1. ანგარიშგების ფორმა №10 შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს მხოლოდ იმ კლიენტთა შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს სგს-სგან ძვირფასი ლითონების ან/და თვლების შეძენა.

2. ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კლიენტების რაოდენობისა და მათ მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ისეთი ოპერაციების შესახებ, რომელთა მოცულობა ერთჯერადი ოპერაციების ან/და საანგარიშო პერიოდში ერთი კლიენტის მიერ დადებულ ოპერაციათა ერთობლიობის შემთხვევაში აღემატება 15 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

3. ანგარიშგების ფორმის შევსების მიზნით, სგს-მა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.

მუხლი 15. სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №11)

1. ანგარიშგების ფორმა №11 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.

2. საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, იმის მითითებით, თუ რა ნიშნით („ტერორიზმის დაფინანსება“, „სხვა“) მოხდა ანგარიშგების საეჭვო სტატუსით გაგზავნა.

მუხლი 16. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტთა რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №12)

1. ანგარიშგების ფორმა №12 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი თითოეული ანგარიშგების შესახებ ინფორმაციას.

2. სგს-მა ანგარიშგების ფორმა №12-ის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება გარიგების/ოპერაციის მონაწილე კლიენტების რეზიდენტობისა და გარიგების/ოპერაციის სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმა №12-ში სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი.

მუხლი 17. ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №13)

1. ანგარიშგების ფორმა №13-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც საანგარიშო პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე, დაედო ყადაღა/განხორციელდა სახსრების გაყინვა (Asset Freezing).

2. ანგარიშგების ფორმა №13-ში, ცალკე, შესაბამის სვეტში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დაედო ყადაღა.

3. ანგარიშგების ფორმა №13-ში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში.

4. ანგარიშგების ფორმა №13-ში, ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია პირთა შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ანგარიშგების ფორმა №13-ში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

მუხლი 18. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №14)

1. ანგარიშგების ფორმა №14-ში აისახება ეროვნული ბანკის, როგორც ადგილზე შემოწმების, ასევე, დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად განსაზღვრული რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მათი შესრულების მდგომარეობა.

2. ანგარიშგების ფორმა №14-ში უნდა აისახოს თითოეული რეკომენდაცია, მისი შესრულებისთვის დადგენილი ვადა, შესრულების მდგომარეობა, გატარებული ზომები და შესრულების თარიღი.

3. თითოეული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ანგარიშგების ფორმა №14-ში აღწერილი გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს სგს-ს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.

მუხლი 19. სგს-ს მიერ დამატებით წარსადგენი ინფორმაცია

1. ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, სგს ეროვნულ ბანკს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სგს-ში არსებულ პოლიტიკა-პროცედურებსა და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას, ასევე, სხვა დამატებით ინფორმაციას, რომლის წარდგენასაც ეროვნული ბანკი, ზედამხედველობის პროცესში, მიზანშეწონილად მიიჩნევს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია კითხვარის სახით, რომლის ფორმასაც განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

მუხლი 20. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები

1. სგს ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:

ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) − არაუგვიანეს 31 ივლისისა;

ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) − არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.

2. ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.

3. კონკრეტული სგს-ს ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, სგს-ს მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ანგარიშგება ან/და დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს ვადაზე ადრე. ამასთან, ანგარიშგების/დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს სგს-თან ასოცირებულმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.

4. ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, სგს ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირებას.

მუხლი 21. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი

1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სგს, ამ წესის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ანგარიშგებას ტვირთავს „AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომში − პორტალი).

2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.

3. ანგარიშგება მზადდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.

4. სგს, მოთხოვნის შემთხვევაში, პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით ეროვნულ ბანკს ასევე წარუდგენს ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

5. სგს-სგან დამოუკიდებელი მიზეზით, პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში ანგარიშგების ან/და ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის მიწოდება ხდება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.

მუხლი 22. გარდამავალი დებულებები

სგს-ს მიერ ამ წესით გათვალისწინებული ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის პირველადი წარდგენა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 31 ივლისისა, რომელშიც უნდა აისახოს 2024 წლის იანვარი-ივნისის მონაცემები.