ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 65/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 20/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016839
65/04
20/03/2024
ვებგვერდი, 21/03/2024
220010000.18.011.016839
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №65/04

2024 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 38-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის №248/04 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი

მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო

1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში − ეროვნული ბანკი) ინფორმაციის წარდგენის წესს.

2. ანგარიშგების მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, გაანალიზდეს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში (შემდგომში – პუნქტი) არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები.

3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი პუნქტები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;

გ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის, უცხოური კომპანიის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი/წარმომადგენლობა);

ე) რეგისტრირებული – შექმნილი – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში;

ვ) ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა);

ზ) ოფშორული ზონა − ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები;

თ) პოლიტიკურად აქტიურ პირებთან ასოცირებული პირები − „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირები.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. ზოგადი დებულებები

1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება პუნქტის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება პუნქტის მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.

2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდების მიხედვით.

3. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტი იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის (კონვერტაციის) ოპერაციები (შემდგომში − ოპერაციები).

4. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს საანგარიშო პერიოდში კლიენტების მიერ ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებს. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების მომენტისთვის არსებული გადაცვლის (კომერციული) კურსით.

5. ოპერაციების მოცულობაში აისახება ვალუტის ნაღდი ფორმით ყიდვა-გაყიდვისას კლიენტისგან მიღებული (შემოსავალი) ნაღდი ფულის ოდენობა, ეროვნულ ვალუტაში.

6. თუ კლიენტს, საანგარიშო პერიოდში, რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის დონის შესაბამისად.

7. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის 38-ე და 39-ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.

მუხლი 4. ანგარიშგების ფორმები

ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:

ა) ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესახებ (ფორმა №1);

ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2);

გ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №3);

დ) ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №4);

ე) სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №5);

ვ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №6);

ზ) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №7);

თ) ინფორმაცია ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №8);

ი) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №9).

მუხლის 5. ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესახებ (ფორმა №1)

1. ანგარიშგების ფორმა №1 მოიცავს პუნქტის დასახელებას, რეგისტრაციის ნომერს, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (10% და მეტი), ბენეფიციარი მესაკუთრეების, დირექტორ(ებ)ის, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, ასევე, ფილიალების რაოდენობისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ბოლო შემოწმების თარიღის შესახებ ინფორმაციას.

2. მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრეების, დირექტორების, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას მიეთითება საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში − სახელი, გვარი, პირადი ნომერი (არარეზიდენტი პირის შემთხვევაში − საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი) და მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და რეგისტრაციის ქვეყანა).

3. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ბოლო შემოწმების თარიღში აისახება ფულის გათეთრების კუთხით ადგილზე შემოწმების აქტის თარიღი.

4. ანგარიშგების ფორმა №1-ში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით.

მუხლი 6. ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2)

1. ანგარიშგების ფორმა №2 შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ანგარიშგების ფორმა №2-ში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

2. ანგარიშგების ფორმა №2-ის შევსების მიზნით პუნქტმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. ანგარიშგების ფორმა №2 მოიცავს კლიენტი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები. ანგარიშგების ფორმა №2 ასევე მოიცავს კლიენტსა და პუნქტს შორის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.

4. ანგარიშგების ფორმა №2-ში, ველში „პირები, რომელთა მიმართ არ გატარდა პრევენციული ღონისძიებები“, აისახება ინფორმაცია იმ იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული კლიენტების შესახებ, რომელთა მიმართ პრევენციული ღონისძიებები სრულად არ განხორციელებულა და რომლებსაც მინიჭებული არ აქვთ რისკის შესაბამისი დონე (მხოლოდ იდენტიფიცირებული და ვერიფიცირებული კლიენტები).

მუხლი 7. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №3)

1. ანგარიშგების ფორმა №3-ში აისახება რეზიდენტობის მიხედვით კლიენტების მიერ განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

2. ანგარიშგების ფორმა №3 მოიცავს რეზიდენტობის მიხედვით კლიენტი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები, ასევე, განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.

3. ანგარიშგების ფორმა №3-ში, ველში „ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ტერიტორიების რეზიდენტების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

4. ანგარიშგების ფორმა №3-ში, ველში „ვერიფიკაციის გარეშე განხორციელებული ოპერაციები“, დიფერენცირებულად აისახება ინფორმაცია ისეთი ფიზიკური პირებისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ, რომელთა ვერიფიკაცია არ განხორციელებულა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ შესაბამისად.

5. იმ შემთხვევაში, თუ ვერიფიცირებული კლიენტის მიერ განხორციელდა ოპერაცია, რომლის მოცულობაც არ აღემატება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-5 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ ზღვარს, ასეთი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია აისახება რეზიდენტობის მიხედვით კლიენტთა მიერ განხორციელებული ოპერაციების შესაბამის ველებში, ვერიფიცირებული კლიენტების მიერ განხორციელებულ სხვა ოპერაციებთან ერთად.

მუხლი 8. ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №4)

1. ანგარიშგების ფორმა №4 მოიცავს მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე, სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.

2. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით რეგულირებული პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებს, გარდა „ბ.ბ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა.

3. სხვა პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო, მარკეტინგული, სარეკლამო და სხვა მსგავსი ტიპის პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. ანგარიშგების ფორმა №4-ში არ აისახება საპროექტო/საინჟინრო/არქიტექტურული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია.

4. პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია მოიცავს პირებს, რომელთა საქმიანობას წარმოადგენს/რომელთა საქმიანობაშიც ფიქსირდება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.

5. ლატარიის ორგანიზატორები, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორები მოიცავს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ლატარიის ბილეთების გაყიდვას, აზარტული თამაშობების ავტომატების ექსპლუატაციას, ვირტუალური აზარტული თამაშების ვებგვერდების ექსპლუატაციას, ბუკმეკერობას და ფსონების დადების საქმიანობას, კაზინოების ფუნქციონირებას („მცურავი კაზინოების“ ჩათვლით).

6. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობა (წარმოება/რეალიზაცია) ასევე მოიცავს ძვირფასეულობის მაღაზიებს.

7. ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა (რეალიზაცია) ასევე მოიცავს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებსა და აუქციონის მომწყობ პირებს.

8. ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ეწევიან ამ მუხლის მე-2-მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინფორმაცია ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ ოპერაცია ხორციელდება ხსენებული საქმიანობისთვის.

9. ანგარიშგების ფორმა №4-ში არ აისახება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირების შესახებ ინფორმაცია.

10. ანგარიშგების ფორმა №4-ში არ აისახება რეზიდენტი, ასევე, არარეზიდენტი სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის/ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, ასევე, ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირის, ლითონის მადნების, ძვირფასი ქვების მოპოვება და ნავთობპროდუქტების წარმოება, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციებად ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.

11. ქიმიკატების და ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოიცავს ფეთქებადი ნივთიერებების, არაორგანული და ორგანული ძირითადი ქიმიკატების, სამრეწველო აირების ან/და აზოტის ნაერთების მწარმოებელ კომპანიებს. დეტალური კლასიფიკაცია მოცემულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ ბოლო რედაქციაში.

12. საქველმოქმედო ორგანიზაციებში ასეთი სტატუსის მქონე პირებთან ერთად აისახება ის პირებიც, რომელთაც საქმიანობის სფეროდ უფიქსირდებათ საქველმოქმედო საქმიანობა.

13. გრანტის გამცემი და გრანტის მიმღები ორგანიზაციები არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. გრანტის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, გარდა საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტისა. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებში იგულისხმება იმავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ და „თ“-ი1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები.

14. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, მოიცავს ფონდებს, ფედერაციებს, ასოციაციებს და არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

15. საქველმოქმედო და გრანტის გამცემი/მიმღები ორგანიზაციები, ასევე სხვა ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, არ მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს (თუ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 100%-ს შეადგენს, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციაში ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციებისა), უცხო ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებს, ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს (EBRD, WB, IMF და სხვა) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.

16. ანგარიშგების ფორმა №4-ში გათვალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა.

17. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების შესახებ.

18. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლია.

19. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი არარეზიდენტი კომპანიების შესახებ.

20. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შესახებ, რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ განახორციელოს აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.

21. კომპანიები სატრასტო სამართლებრივი ურთიერთობით მოიცავს პირებს, რომელთა მფლობელობის ან მმართველობის სტრუქტურაშიც გვხდება ისეთი სამართლებრივი სტრუქტურა (legal arrangement – (მაგ., trust, fideicomiso, treuhand, fiducie)), სადაც ფიქსირდება საკუთრების მიმნდობი (settlor), მინდობილი მესაკუთრე (trustee), ბენეფიციარი (beneficiary), ან/და სხვა პირები (protector და სხვა).

22. უძრავი ქონების აგენტი გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებსაც და არ მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც საკუთარ ქონებას გასცემენ იჯარით.

23. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია სავაჭრო პლატფორმაზე ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტებით (ე.წ. CFD) და ბინარული ოფციონებით (Binary Options) ვაჭრობასთან და არ მოიცავს ინფორმაციას ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების შესახებ.

24. ანგარიშგების ფორმა №4-ში, ველში „კონვერტირებად ვირტუალურ აქტივთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები“ აისახება ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების შესახებ.

25. ქეშ-ინტენსიური ბიზნესის პროფილის იურიდიულ პირებში აისახება ინფორმაცია იმ პირებზე, რომელთა ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა საანგარიშო პერიოდში აღემატება 500 000 (ხუთასი ათას) ლარს.

26. მაღალშემოსავლიანი პირები (ე.წ. High-net-worth Individuals) მოიცავს ფიზიკურ პირებს, რომელთაგან კონვერტაციის მიზნით მიღებული ნაღდი ფულის ოდენობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მეტია ან ტოლია 100 000 (ასი ათასი) ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის, ხოლო პუნქტებად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმეების შემთხვევაში − 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის.

27. თუ პოლიტიკურად აქტიური პირი, ამავდროულად არის მაღალშემოსავლიანი პირი, ინფორმაცია აისახება ანგარიშგების ფორმა №4-ის „პოლიტიკურად აქტიური პირების“ ველში.

28. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე, კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

29. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებაში, ოპერაციის/გარიგების მონაწილე მხარე არის ერთდროულად რამდენიმე კლიენტი, რაოდენობრივ მაჩვენებელში ფიქსირდება ყველა მათგანი, ხოლო ოპერაციების მოცულობაში, როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე მათ მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

30. ოპერაციის/გარიგების დადების მცდელობის შესახებ ანგარიშგების საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნის შემთხვევაში, ოპერაციების მოცულობაში აისახება, როგორც ამ კონკრეტული ოპერაციის/გარიგების თანხა, ასევე, ოპერაციის/გარიგების მონაწილე კლიენტ(ებ)ის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

31. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია.

32. კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირები არიან, არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ პირებს.

33. ანგარიშგების ფორმა №4-ში გათვალისწინებული კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი მოიცავს ისეთ პირებსაც, რომელთა სტრუქტურაში ნომინალური მფლობელობის ფაქტი არ არის დადასტურებული დოკუმენტურად, თუმცა პუნქტს ამის შესახებ სხვაგვარად აქვს მოპოვებული ინფორმაცია.

34. ანგარიშგების ფორმა №4 მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტებზე, რომელთაც პუნქტმა საანგარიშო პერიოდში შეუწყვიტა ან/და შეუჩერა მომსახურება ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით იდენტიფიცირებული რისკის მატარებელი გარემოებების გამო.

35. კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს მოიცავს ე.წ. Bearer Shares გამომშვებ პირებს.

36. ანგარიშგების ფორმა №4-ში რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას. საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად.

37. თუ კლიენტი ერთდროულად არის ანგარიშგების ფორმა №4-ით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში, რომელიც პუნქტის შიდა პოლიტიკის თანახმად, უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით. გამონაკლისია ფაქტორები „პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, „თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული პირები“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირია“, „რეზიდენტი კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე არარეზიდენტი პირია“, „კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი“, „კლიენტები, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ მომსახურება“, „კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს“, „რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, სადაც ქვეფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემები უნდა გამეორდეს, თუ კლიენტის მახასიათებლები შეესაბამება 2 ან მეტ ფაქტორს ერთდროულად. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ამ ორივე ფაქტორში.

38. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ამ მუხლის 37-ე პუნქტში ჩამოთვლილ ფაქტორებს, ინფორმაცია აღირიცხება ყველა მათგანში.

39. პუნქტის მიერ ანგარიშგების ფორმა №4-ში ასევე უნდა აისახოს მის მიერ საქმიანობის თუ სხვა კრიტერიუმების (გეოგრაფიული რისკი, ორგანიზაციული ფორმა და სხვა) მიხედვით, მომეტებული რისკის მატარებლად მიჩნეული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ამავე ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან.

 

მუხლი 9. სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №5)

1. ანგარიშგების ფორმა №5 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.

2. საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, იმის მითითებით, თუ რა ნიშნით („ტერორიზმის დაფინანსება“, „სხვა“) გაიგზავნა ანგარიშგება საეჭვო სტატუსით.

მუხლი 10. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა 6)

1. ანგარიშგების ფორმა №6 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.

2. პუნქტმა, ანგარიშგების ფორმა №6-ის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში ასახული ინფორმაციის დახარისხება ოპერაციის მონაწილე კლიენტების რეზიდენტობისა და ოპერაციის/გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება“, „სხვა“) მიხედვით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმა №6-ში, სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი.

მუხლი 11. ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №7)

1. ანგარიშგების ფორმა №7-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც, საანგარიშო პერიოდში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე დაედო ყადაღა.

2. ანგარიშგების ფორმა №7-ში, შესაბამის სვეტში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაედო ყადაღა.

3. ანგარიშგების ფორმა №7-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც, საანგარიშო პერიოდში, შეჩერდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე.

4. ანგარიშგების ფორმა №7-ში, ველში „ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების ფორმა №7-ში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

მუხლი 12. ინფორმაცია ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ (ფორმა 8)

1. ანგარიშგების ფორმა №8-ში აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში პუნქტის მიერ კომერციულ ბანკთან, მიკრობანკთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან, ასევე სხვა პუნქტთან ნაღდი ფორმით განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ.

2. ანგარიშგების ფორმა №8-ში ასევე აისახება საანგარიშო პერიოდში პუნქტის სალაროში სხვა ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ნაღდი ფორმით განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ ინფორმაცია.

3. ოპერაციების მოცულობაში აისახება მხოლოდ პირის მიერ შეტანილი ნაღდი ფულის ოდენობა.

მუხლი 13. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №9)

1. ანგარიშგების ფორმა №9-ში აისახება ეროვნული ბანკის, როგორც ადგილზე შემოწმების, ასევე, დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად განსაზღვრული რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მათი შესრულების მდგომარეობა.

2. ანგარიშგების ფორმა №9-ში უნდა აისახოს თითოეული რეკომენდაცია, მისი შესრულებისთვის დადგენილი ვადა, შესრულების მდგომარეობა, გატარებული ზომები და შესრულების თარიღი.

3. თითოეული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ანგარიშგების ფორმა №9-ში აღწერილი გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს პუნქტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.

მუხლი 14. პუნქტის მიერ დამატებით წარსადგენი ინფორმაცია

1. ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, პუნქტი, ეროვნულ ბანკს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პუნქტში არსებულ პოლიტიკა-პროცედურებს და დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას, ასევე, სხვა დამატებით ინფორმაციას, რომლის წარდგენასაც ეროვნული ბანკი, ზედამხედველობის პროცესში, მიზანშეწონილად მიიჩნევს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია კითხვარის სახით, რომლის ფორმასაც განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

მუხლი 15. ანგარიშგებისა და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები

1. პუნქტი ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:

ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) –  არაუგვიანეს 31 ივლისისა;

ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.

2. ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.

3. კონკრეტული პუნქტის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, პუნქტის მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ანგარიშგება ან/და დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს ვადაზე ადრე. ამასთან, ანგარიშგების/დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს პუნქტთან ასოცირებულმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.

4. ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, პუნქტი ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირებას.

მუხლი 16. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი

1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, პუნქტი, ამ წესის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ანგარიშგებას ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომში – პორტალი).

2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.

3. ანგარიშგება მზადდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.

4. პუნქტი, მოთხოვნის შემთხვევაში, პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით ეროვნულ ბანკს ასევე წარუდგენს ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

5. პუნქტისგან დამოუკიდებელი მიზეზით პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.

მუხლი 17. გარდამავალი დებულებები

პუნქტების მიერ ამ წესით გათვალისწინებული ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის პირველადი წარდგენა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 31 ივლისისა, რომელშიც უნდა აისახოს 2024 წლის იანვარი-ივნისის მონაცემები.