არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 66/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 20/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016838
66/04
20/03/2024
ვებგვერდი, 21/03/2024
220010000.18.011.016838
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №66/04

2024 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

 

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 38-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 ივლისის №70/04 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი

მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო

1. „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში − ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში − ეროვნული ბანკი) ინფორმაციის წარდგენის წესს.

2. ანგარიშგების მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, გაანალიზდეს კონკრეტულ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში − საკრედიტო კავშირში (შემდგომში − საკრედიტო კავშირი) არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები.

3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი საკრედიტო კავშირები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;

გ) რეგისტრირებული – შექმნილი − იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში;

დ) პარტნიორი – საკრედიტო კავშირის წევრი, რომელსაც აქვს საკრედიტო კავშირის წესდებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები;

ე) კლიენტი – პარტნიორი ან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირი;

ვ) საბლანკო სესხი – სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს უზრუნველყოფაში მიღებული დეპოზიტი, გირავნობა ან იპოთეკა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება ან/და ღირებულების მიუხედავად იგი არ არის აღსრულებადი, რეგისტრაციის წესების დარღვევის ან სხვა საფუძვლით. მხოლოდ თავდებობით უზრუნველყოფილი სესხი განიხილება საბლანკო სესხად;

ზ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და მისი მეუღლე;

თ) ოფშორული ზონა – ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები;

ი) აგენტი/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელი − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. ზოგადი დებულებები

1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება საკრედიტო კავშირის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება საკრედიტო კავშირის მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.

2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

3. ანგარიშგება მოიცავს კლიენტსა და საკრედიტო კავშირს შორის საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებს. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების მომენტისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

4. ანგარიშგებაში, სესხების შემთხვევაში, აისახება მხოლოდ ათვისებული თანხების შესახებ ინფორმაცია და არ მოიცავს რესტრუქტურიზებულ სესხებს. სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ფორმაში აისახება რეფინანსირების შედეგად და თავდაპირველად ათვისებულ თანხების ოდენობას შორის სხვაობა.

5. თანამსესხებლების მიერ სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ფორმაში ინფორმაცია აისახება ყველა მსესხებლის შესახებ, ხოლო ათვისებული თანხა მიეთითება ერთ-ერთი მსესხებლის (რომელიც უფრო მომეტებული რისკის მატარებელია) მონაცემებში.

6. ანგარიშგების არც ერთ ველში არ აისახება ინფორმაცია საკრედიტო კავშირის მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ კლიენტისგან მიღებული საკომისიოს, ასევე ჯარიმების, საურავების და დარიცხული პროცენტების (სარგებლის) შესახებ.

7. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.

9. თუ კლიენტს საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის კატეგორიის შესაბამისად.

მუხლი 4. ანგარიშგების ფორმები

ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:

ა) ინფორმაცია საკრედიტო კავშირის შესახებ (ფორმა №1);

ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2);

გ) ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა№3);

დ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №4);

ე) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №5);

ვ) ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №6);

ზ) ინფორმაცია განხორციელებული ინვესტიციებისა და სასესხო ვალდებულებების შესახებ (ფორმა №7);

თ) სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №8);

ი) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №9);

კ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტებისა და ოპერაციების/გარიგებების მიხედვით (ფორმა №10);

ლ) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტებისა და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №11);

მ) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №12);

ნ) ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №13).

მუხლის 5. ინფორმაცია საკრედიტო კავშირის შესახებ (ფორმა №1)

1. ანგარიშგების ფორმა №1 მოიცავს საკრედიტო კავშირის დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (პაის 10%-ის და მეტის მფლობელი პარტნიორი), ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის (პაის 25%-ის და მეტის მფლობელი პარტნიორი), გამგეობის წევრების, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის/საკონტაქტო პირის, საქართველოში არსებული ფილიალების, ასევე ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ბოლო შემოწმების თარიღის შესახებ ინფორმაციას.

2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის, გამგეობის წევრებისა და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის/საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას მიეთითება საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მოქალაქეობა).

3. საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალების არსებობის შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმა №1-ში მიეთითება მათი რაოდენობა და ადგილმდებარეობა (ქვეყნების ჩამონათვალი).

4. ეროვნული ბანკის მიერ ბოლოს განხორციელებული ადგილზე შემოწმების თარიღში აისახება ფულის გათეთრების კუთხით ადგილზე შემოწმების აქტის თარიღი.

5. ანგარიშგების ფორმა №1-ში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით.

მუხლი 6. ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2)

1. ანგარიშგების ფორმა №2 შედგება ფაქტორებისა და ქვეფატორებისგან. რისკის დონეების და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმა №2-ში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

2. ანგარიშგების ფორმა №2-ის შევსების მიზნით, საკრედიტო კავშირმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.

3. ანგარიშგების ფორმა №2 მოიცავს კლიენტთა რაოდენობრივ მაჩვენებელს, მათ შორის, იმ პირების შესახებ ინფორმაციას, რომელთაც საანგარიშო პერიოდში არ განუხორციელებიათ ოპერაცია ან/და საანგარიშო პერიოდში გავიდნენ საკრედიტო კავშირის წევრობიდან.

4. ანგარიშგების ფორმა №2-ში, სვეტში „სულ პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში საკრედიტო კავშირთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი ყველა კლიენტის შესახებ.

5. ანგარიშგების ფორმა №2-ში, სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

მუხლი 7. ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №3)

1. ანგარიშგების ფორმა №3-ში აისახება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გარკვეული კატეგორიის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

2. მთლიანი ბრუნვის მონაცემებში აისახება „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებთან დაკავშირებული ოპერაციების საერთო რაოდენობისა და მოცულობის (მათ შორის, ფორმაში მითითებული ოპერაციების) შესახებ ინფორმაცია.

3. ანგარიშგების ფორმა №3-ში აისახება ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ ინფორმაცია, რომელთა ოდენობა აღემატება 15 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

4. ანგარიშგების ფორმა №3-ში აისახება საბლანკო სესხების შესახებ ინფორმაცია, რომელთა ოდენობა აღემატება 15 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

5. ანგარიშგების ფორმა №3-ში აისახება ინფორმაცია სესხების შესახებ, რომელთა თანხის ოდენობა აღემატება 15 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში და უზრუნველყოფას წარმოადგენს ძვირფასი ლითონები, ქვები, ანტიკვარიატი ან/და ხელოვნების ნიმუშები.

6. თუ სესხის უზრუნველყოფა არის შერეული (მოიცავს, მაგალითად, ფასიან ქაღალდებსა და ძვირფას ლითონებს), სესხის მოცულობა აისახება ანგარიშგების ფორმა №3-ით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ-ერთ ქვეფაქტორში, რომელიც საკრედიტო კავშირის შიდა პოლიტიკის თანახმად, უფრო მაღალი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.

7. ანგარიშგების ფორმა №3-ში არ აისახება ინფორმაცია ძვირფასი ლითონებით, ქვებით, ანტიკვარიატით, ხელოვნების ნიმუშებით, დეპოზიტით ან/და ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ, თუ სესხი ამავდროულად უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით ან გირავნობის სხვა ნებისმიერი საგნით.

8. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები მოიცავს ინფორმაციას სესხების შესახებ, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს მესამე პირთა უძრავი ქონება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირი არის კლიენტის ოჯახის წევრი ან კლიენტი იურიდიული პირის დამფუძნებელი/დამფუძნებლის ოჯახის წევრი.

9. იმ შემთხვევაში, თუ სესხი ერთდროულად უზრუნველყოფილია ძვირფასი ლითონებით, ქვებით, ანტიკვარიატით, ხელოვნების ნიმუშებით, ფასიანი ქაღალდებით ან/და დეპოზიტით და ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებით, მონაცემები აისახება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ ინფორმაციაში.

10. სასესხო ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია მოიცავს მაღალი რისკის იურისდიქციებში/ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირებისგან საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულ სესხებს.

მუხლი 8. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა 4)

1. ანგარიშგების ფორმა №4-ში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

2. ანგარიშგების ფორმა №4 მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. ანგარიშგების ფორმა №4 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებიც საანგარიშო პერიოდში გავიდნენ საკრედიტო კავშირის წევრობიდან.

3. ანგარიშგების ფორმა №4-ში, ველში „ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია კლიენტების შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

4. ანგარიშგების ფორმა №4-ში, შესაბამის სვეტში, ცალკე აისახება რეზიდენტობის მიხედვით კლიენტების შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ ოპერაცია საანგარიშო პერიოდში, მათ შორის, აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა საკრედიტო კავშირთან.

მუხლი 9. ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №5)

1. ანგარიშგების ფორმა №5-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია განხორციელდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად.

2. ანგარიშგების ფორმა №5-ში აისახება მონაცემები იმ ორგანიზაციის შესახებ (რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), რომელსაც დაეყრდნო საკრედიტო კავშირი პირის იდენტიფიკაციისას, ასევე, ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემები.

3. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშგების ფორმა №5 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა საკრედიტო კავშირთან.

მუხლი 10. ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა 6)

1. ანგარიშგების ფორმა №6 მოიცავს მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ასევე სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.

2. პირების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშგების ფორმა №6 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებიც საანგარიშო პერიოდში გავიდნენ საკრედიტო კავშირის წევრობიდან.

3. ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები არ მოიცავს უშუალოდ ხელოვან პირებს.

4. უძრავი ქონების აგენტი არ მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც საკუთარ ქონებას გასცემენ იჯარით.

5. იმ პირების გარიგების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაიგზავნა, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი გარიგების, ასევე ამ კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული გარიგებების ჯამური მოცულობა.

6. გარიგების დადების მცდელობის შესახებ ანგარიშგების საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნის შემთხვევაში, გარიგების მოცულობაში აისახება როგორც ამ კონკრეტული გარიგების თანხა, ასევე გარიგების მონაწილე პირის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული გარიგებების თანხების ჯამური მოცულობა.

7. ანგარიშგება ფორმა №6 მოიცავს ინფორმაციას იმ პირებზე, რომელთაც საკრედიტო კავშირმა საანგარიშო პერიოდში შეუწყვიტა ან/და შეუჩერა მომსახურება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით იდენტიფიცირებული რისკის მატარებელი გარემოებების გამო. ოპერაციის მოცულობაში აისახება აღნიშნული პირების მიერ მომსახურების შეჩერებამდე/შეწყვეტამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობა.

8. საკრედიტო კავშირის მიერ ანგარიშგების ფორმა №6-ში აისახება მის მიერ, საქმიანობის მიხედვით, მომეტებული რისკის მატარებლად განსაზღვრული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან.

9. თუ კლიენტი ერთდროულად არის ანგარიშგების ფორმა №6-ით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში. გამონაკლისია ფაქტორები „პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“ და „პირები, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ მომსახურება“, სადაც დაშვებულია ფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემების განმეორება (მაგალითად, თუ პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა ანგარიშგება ან პოლიტიკურად აქტიურ პირს შეუჩერდა/შეუწყდა მომსახურება, ინფორმაცია აისახება ორივე ფაქტორში).

მუხლი 11. ინფორმაცია განხორციელებული ინვესტიციებისა და სასესხო ვალდებულებების შესახებ (ფორმა №7)

1. ანგარიშგების ფორმა №7-ში აისახება ინფორმაცია საკრედიტო კავშირის მიერ იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ (გარდა პარტნიორებისა) არსებული სასესხო ვალდებულებების და საკრედიტო კავშირის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ.

2. ანგარიშგების ფორმა №7-ში აისახება მხოლოდ იმ კრედიტორი ფიზიკური/იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია, რომელთაგან საანგარიშო პერიოდში აღებულ იქნა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის ტოლი ან მეტი ოდენობის სასესხო ვალდებულება.

3. ანგარიშგების ფორმა №7-ში აისახება „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია, გარდა სახაზინო ვალდებულებებში სახსრების ინვესტირებისა.

4. ანგარიშგების ფორმა №7-ში მითითებული რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება/კოდი უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების/კოდის იდენტური.

მუხლი 12. სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №8)

ანგარიშგების ფორმა №8 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.

მუხლი 13. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა 9)

1. ანგარიშგების ფორმა №9 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი თითოეული ანგარიშგების შესახებ ინფორმაციას.

2. საკრედიტო კავშირმა, ანგარიშგების ფორმა №9-ის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება გარიგების მონაწილე კლიენტების რეზიდენტობისა და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება“, „სხვა“) მიხედვით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმა №9-ში, სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი, ამასთან, მონაცემები უნდა აღირიცხოს ცალ-ცალკე ველებში, საფუძვლების შესაბამისად.

მუხლი 14. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტებისა და ოპერაციების/გარიგებების მიხედვით (ფორმა 10)

1. ანგარიშგების ფორმა №10 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.

2. საკრედიტო კავშირმა, ანგარიშგების ფორმა №10-ის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება პროდუქტების/გარიგებების ტიპების (სესხის გაცემა, დეპოზიტის მიღება და სხვა) და გარიგების/ოპერაციების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.

3. თუ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ გარიგებაში/ოპერაციაში გარიგების/ოპერაციის მონაწილე მხარის მიერ გამოყენებულია ერთდროულად რამდენიმე პროდუქტი, ანგარიშგების ფორმა №10-ში ინფორმაცია აისახება თითოეული მათგანის შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმა №10-ში, სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი, ამასთან, მონაცემები უნდა აღირიცხოს ცალ-ცალკე ველებში, საფუძვლების შესაბამისად.

მუხლი 15. ინფორმაცია სანქცირებული კლიენტებისა და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №11)

1. ანგარიშგების ფორმა №11-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც, საანგარიშო პერიოდში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე დაედო ყადაღა.

2. ანგარიშგების ფორმა №11-ში, შესაბამის სვეტში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაედო ყადაღა.

3. ანგარიშგების ფორმა №11-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც, საანგარიშო პერიოდში, შეჩერდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე.

4. ანგარიშგების ფორმა №11-ში, ველში „ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია პირთა შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ანგარიშგების ფორმა №11-ში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

მუხლი 16. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა 12)

1. ანგარიშგების ფორმა №12-ში აისახება ეროვნული ბანკის როგორც ადგილზე შემოწმების, ასევე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად განსაზღვრული რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მათი შესრულების მდგომარეობა.

2. ანგარიშგების ფორმა №12-ში უნდა აისახოს თითოეული რეკომენდაცია, მათი შესრულებისთვის დადგენილი ვადები, შესრულების მდგომარეობა, გატარებული ზომები და შესრულების თარიღი.

3. თითოეული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ანგარიშგების ფორმა №12-ში აღწერილი გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს საკრედიტო კავშირის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.

მუხლი 17. ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №13)

1. ანგარიშგების ფორმა №13-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ პროდუქტების, ასევე, მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხის) შესახებ, რომლებიც საკრედიტო კავშირმა მიიჩნია მომეტებული რისკის მატარებლად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით (საწყისი რისკის გათვალისწინებით), მიუხედავად იმისა, თუ როდის დანერგა აღნიშნული პროდუქტი (მიწოდების არხი) საკრედიტო კავშირმა.

2. ანგარიშგების ფორმა №13-ში მითითებული ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს პროდუქტის/მიწოდების არხის აღწერილობას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ რისკებსა და იდენტიფიცირებული რისკების მიტიგაციის მიზნით საკრედიტო კავშირის მიერ განსაზღვრულ ზომებს.

3. ანგარიშგების ფორმა №13-ში აისახება ინფორმაცია პროდუქტის ბრუნვის/მიწოდების არხის საშუალებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ.

მუხლი 18. საკრედიტო კავშირის მიერ დამატებით წარმოსადგენი ინფორმაცია

1. ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, საკრედიტო კავშირი ეროვნულ ბანკს წარუდგენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საკრედიტო კავშირში არსებულ ყველა პოლიტიკა-პროცედურას და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა ხდება ამ წესის მე-19 მუხლით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. პოლიტიკა-პროცედურები და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობა არ საჭიროებს საანგარიშო პერიოდების მიხედვით განმეორებით წარდგენას, თუ მასში არ არის განხორციელებული რაიმე სახის ცვლილება, ხოლო ცვლილების შემთხვევაში იგზავნება მხოლოდ განახლებული ინფორმაცია.

4. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საკრედიტო კავშირისგან გამოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია.

5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია კითხვარის სახით, რომლის ფორმასაც განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

მუხლი 19. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები

1. საკრედიტო კავშირი ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:

ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) − არაუგვიანეს 31 ივლისისა;

ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) − არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.

2. საკრედიტო კავშირი ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკა-პროცედურებსა და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას ეროვნულ ბანკს წარუდგენს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებულ ანგარიშგებასთან ერთად.

3. კონკრეტული საკრედიტო კავშირის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, საკრედიტო კავშირის მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ანგარიშგება ან/და დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს ვადაზე ადრე. ამასთან, ანგარიშგების/დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს საკრედიტო კავშირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.

4. ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, საკრედიტო კავშირი ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირებას.

მუხლი 20. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი

1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ამ წესის მე-19 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, საკრედიტო კავშირი ანგარიშგებას ტვირთავს „AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომში − პორტალი).

2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.

3. ანგარიშგება მზადდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.

4. საკრედიტო კავშირი ეროვნულ ბანკს ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას წარუდგენს პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით, იმავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში.

5. ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საკრედიტო კავშირში არსებული პოლიტიკა-პროცედურები, ასევე პოლიტიკა-პროცედურებში შეტანილი ცვლილებები ეროვნულ ბანკს წარედგინება ქართულ ენაზე, ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით. თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე, ხელმოწერილ და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც.

6. საკრედიტო კავშირისგან დამოუკიდებელი მიზეზით, პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.

მუხლის 21. გარდამავალი დებულებები

საკრედიტო კავშირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის პირველადი წარდგენა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 31 ივლისისა, რომელშიც უნდა აისახოს 2024 წლის იანვარი-ივნისის მონაცემები.