,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების და სხვა ავიასაწარმოების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების და სხვა ავიასაწარმოების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 14/03/2024
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 310050020.54.066.016332
65
14/03/2024
ვებგვერდი, 15/03/2024
310050020.54.066.016332
,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების და სხვა ავიასაწარმოების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №65

2024 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების და სხვა ავიასაწარმოების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე

„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-17 დანართის („საავიაციო უშიშროება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან“), საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილების, იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC-8973 („საავიაციო უშიშროების სახელმძღვანელო“), ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) ოფიციალური გამოცემის DOC-30 (ECAC-ის პოლიტიკა საავიაციო უშიშროების სფეროში) საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №260 ბრძანება.

 

მუხლი 3
ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული პიროვნებების და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუდმივი საშვები მოქმედია ვადის ამოწურვამდე. 
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი



საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების  და  სხვა ავიასაწარმოების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების და სხვა ავიასაწარმოების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ (შემდგომ – წესი) მიზანია საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების და სხვა ავიასაწარმოების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრა და ამ ზონებში პიროვნებების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.

2. წესის მოთხოვნები ვრცელდება ავიასაწარმოებზე, სხვა ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე (მათ შორის, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ პირებზე), რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების და სხვა ავიასაწარმოების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში.

3. პიროვნება/ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს სამოქალაქო აეროპორტის და სხვა ავიასაწარმოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში არ დაიშვება, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი საშვი. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის 50-ე პუნქტით განსაზღვრულ პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

4. საშვი აძლევს პიროვნებას/ავტოსატრანსპორტო საშუალებას   აეროპორტის და სხვა ავიასაწარმოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ იმ ზონებში დაშვების უფლებას, რომელიც საშვით არის განსაზღვრული.

5. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პიროვნების საშვი – დოკუმენტი, რომლის საფუძველზე პიროვნება  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით დაიშვება საქართველოს შესაბამისი სამოქალაქო აეროპორტ(ებ)ის ან/და სხვა ავიასაწარმოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში (ზონებში);

ბ) ავტოსატრანსპორტო   საშუალების საშვი  –   დოკუმენტი, რომლის  საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების  მიზნით,  ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიშვება საქართველოს  შესაბამისი          სამოქალაქო  აეროპორტ(ებ)ის ან/და სხვა ავიასაწარმოს კონტროლირებადი და  შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში (ზონებში);

გ) პირადი ნივთები – მგზავრის სტატუსის არმქონე პირის ხელთ არსებული ნებისმიერი საგანი, მათ შორის, ჩანთა და სხვა თანმქონი ნივთ(ებ)ი;

დ) ეკიპაჟის წევრი – პირები (ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის წევრი(პილოტი) და მომსახურე ეკიპაჟის წევრი (ბორტგამყოლი), რომელთაც საფრენოსნო დავალების შესრულებისას საჰაერო ხომალდის მართვისა და მომსახურების განსაზღვრული მოვალეობები აკისრიათ;

ე) ავიასაწრმო – საწარმო, მათ შორის, აეროპორტი, რომლის საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციასთან.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს და ცნებებს აქვს საქართველოს საჰაერო კოდექსითა და საქართველოს მთავრობის  2023 წლის 29  დეკემბრის №556 დადგენილებით დამტკიცებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან          სამოქალაქო ავიაციის უშიშროების  დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“ (შემდეგში – სახელმწიფო პროგრამა)  განსაზღვრული მნიშვნელობა.


მუხლი 3. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები 
1. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პიროვნებების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების კონტროლი და შემოწმება.

2. შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებს განეკუთვნება სულ მცირე შემდეგი:

ა) საჰაერო ხომალდები;

ბ) საჰაერო ხომალდების სადგომად გამოყოფილი ტერიტორია;

გ) საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ობიექტები (ანგარი, საავიაციო და რადიოელექტრონული აღჭურველობის ლაბორატორია, სახელოსნო, საჰაერო ხომალდისთვის განკუთვნილი სათადარიგო ნაწილების სათავსი);

დ) საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს ობიექტები;

ე) მგზავრთა მომსახურების ობიექტები (სტერილური ზონები, მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, ხელბარგის და ბარგის შემოწმება-დახარისხების ზონები);

ვ) ბაქანი;

ზ) სატვირთო ტერმინალები/საწყობები;

თ) საბორტო/აეროპორტის მარაგის განთავსების ადგილი;

ი) ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების დახარისხების ობიექტები;

კ) საწვავ-საცხები მასალების (შემდგომ – სსმ) განთავსების ადგილები/საწყობები;

ლ) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტები.

3. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების რაოდენობას, საზღვრებს და მდებარეობას რისკის შეფასების საფუძველზე, განსაზღვრავს შესაბამისი ავიასაწარმო, რაც დეტალურად აისახება ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში.


მუხლი 4. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი საშვები
1. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი საშვების სახეებია:

ა) პიროვნების მუდმივი საშვი;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მუდმივი საშვი;

გ) პიროვნების დროებითი საშვი;

დ) პიროვნების ერთჯერადი საშვი;

ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთჯერადი საშვი.

2. პიროვნების მუდმივი საშვი გაიცემა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 24 თვისა, რომელიც აითვლება ანკეტური მონაცემების დადასტურების თარიღიდან. პიროვნების მუდმივ საშვს   უნდა გააჩნდეს  გაყალბებისგან დამცავი კოდური სისტემა.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალების მუდმივი საშვი გაიცემა არაუმეტეს 12 თვის ვადით. საშვზე აღინიშნება შემდეგი ინფორმაცია:

ა) საშვის მოქმედების ვადა;

 ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი, მარკა/მოდელი;

გ) საშვის გამცემის ლოგო;

 დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის დამსაქმებელი, ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი იურიდიული პირის, ან სახელმწიფო უწყების დასახელება;

ე) საშვის გამცემი პირის ხელმოწერა;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის სახელი და გვარი.

შენიშვნა: ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთზე მეტი მძღოლის მიერ მართვის შემთხვევაში საშვზე დაიტანება  ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველა მძღოლის სახელი და გვარი. (საშვის ფორმა განსაზღვრულია №2 დანართით).

4.   პიროვნების დროებითი საშვი გაიცემა არაუმეტეს 30 დღის ვადით, რომელზეც აისახება:

 ა) საშვის ნომერი;

ბ) საშვის მფლობელის სახელი და გვარი, ფოტოსურათი;

გ) საშვის გამცემის ლოგო,  ავიასაწარმოს/აეროპორტის დასახელება;

დ) საშვის მოქმედების ვადა;

ე)  საშვის მოქმედების ზონა;

ვ) საშვის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი;

ვ) გამცილებლის სახელი და გვარი.

5. პიროვნების დროებითი საშვის მფლობელს, კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების ზონებში დაშვების და გადაადგილების  მიზნით თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. პიროვნების  ერთჯერადი საშვი  და ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთჯერადი საშვი მოქმედია გაცემიდან 24 საათის განმავლობაში.

7. პიროვნების ერთჯერად საშვზე აისახება:

ა) საშვის ნომერი;

ბ) საშვის მფლობელის სახელი და გვარი;

გ)  საშვის გამცემის ლოგო;

დ) ავიასაწარმოს დასახელება;

ე) საშვის მოქმედების ვადა და გაცემის დრო;

ვ) საშვის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი;

ზ) გამცილებლის სახელი და გვარი.

8. ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთჯერად საშვზე აისახება:

ა) საშვის ნომერი;

ბ)საშვის გამცემი ავიასაწარმო;

გ) მძღოლის სახელი და გვარი;

დ) საშვის მოქმედების ზონა;

ე) საშვის მოქმედების ვადა და დრო;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა/მოდელი;

ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი;

თ) საშვის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი. 

9. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს, რომ მინიმუმადე იყოს დაყვანილი  ტერიტორიაზე დასაშვებ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა.


მუხლი 5. საშვის გაცემის წესი  და  კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვება
1. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დასაშვები პიროვნებებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საშვები გაიცემა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე.

2. სააგენტო გასცემს საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში დასაშვებ:

ა) პიროვნებების მუდმივ საშვებს საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის წევრებზე;

ბ) პიროვნებებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუდმივ საშვებს სააგენტოს თანამშრომლებზე;

გ) პიროვნებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მუდმივ საშვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის სფეროს კურატორ მინისტრის მოადგილეზე;

დ) პიროვნებებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუდმივ საშვებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი       განვითარების          სამინისტროს           ტრანსპორტისა        და ლოგისტიკის          განვითარების          პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებზე;

ე) პიროვნებებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუდმივ საშვებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს თანამშრომლებზე.

ვ) საშვს სააგენტოს  ვიზიტორებისთვის, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, ესაჭიროებათ დაშვება სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში (დანართი №10).

3. სააგენტოს მიერ გაცემული საშვების მოქმედება ვრცელდება ამ საშვით განსაზღვრულ საქართველოს ყველა სამოქალაქო აეროპორტის კონტროლირებადი და/ან შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში.

4. აეროდრომის ექსპლუატანტი საშვს გასცემს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის გარდა, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში დასაშვებ სხვა, ნებისმიერ პირთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე  მისი საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული საშვ(ებ)ის დამზადების, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის და ამოღების ინსტრუქციის შესაამისად.

5. თითოეული ავიასაწარმო თავად  ახორციელებს საკუთარი ავიასაწარმოს ტერიტორიაზე დასაშვებ პირთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების     საშვ(ებ)ის დამზადებას, შენახვას, აღრიცხვას, გაცემას, შეჩერებას, გაუქმებას და ამოღებას საკუთარი საავიაციო უშიშროების პროგრამის შესაბამისად.

6. საშვის გამცემი – უზრუნველყოფს საშვების აღრიცხვის უწყებრივი ელექტრონული ბაზის/რეესტრის შექმნას, დაცვას, წარმოებას და მის მუდმივ განახლებას.  

7. უწყებრივ ელექტრონულ ბაზაში/რეესტრში შეიტანება:

ა) საშვით განსაზღვრული მონაცემები;

ბ) მონაცემები საშვის გაცემის, შეჩერბის/გაუქმების, მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;

გ) ამ მუხლის  33-ე პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.  

8. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია  ხარისხის შიდა კონტროლის წლიური ანგარიშის ფარგლებში, განახორციელოს  საშვის დამცავი მექანიზმების ეფექტურობის პერიოდული ანალიზი, რომლის   საფუძველზე, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს საშვის დამცავი მექანიზმების ან/და საშვის დადგენილი დიზაინის  განახლებას.

9. საშვის დამცავი მექანიზმების ეფექტურობის პერიოდული ანალიზი უნდა ითვალისწინებდეს როგორც ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებების შედეგებს, ასევე სხვა გარემოებებს, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს სასაშვო სისტემის მოწყვლადობაზე.

10. აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ, მის თანამშრომლებზე გაცემული საშვების მოქმედება ვრცელდება აეროდრომის ექსპლუატანტის ყველა აეროდრომზე, ხოლო სხვა  პირზე გაცემული საშვის მოქმედება – საშვით განსაზღვრულ კონკრეტული აეროპორტის კონტროლირებადი და/ან შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში.

11. პირებზე, რომლებიც არ  წარმოადგენენ აეროდრომის ექსპლუატანტის პერსონალს  და  სისტემატურად უწევთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება საქართველოს ერთზე მეტ სამოქალაქო აეროპორტში, აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ, სააგენტოსთან შეთანხმებით, გაიცემა  საშვი, აეროპორტების მითითებით.

12. საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, სხვა ავიასაწარმოების შეზღუდული დაშვების დაცული ზონებში დაშვების მიზნით,  პიროვნების მუდმივი საშვის მისაღებად პირი ექვემდებარება ანკეტური მონაცემების შემოწმებას.

13. პირის ანკეტური მონაცემების შემოწმებას უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ანკეტური მონაცემების  შემოწმების ორგანიზებას, რომელიც მოიცავს ანკეტური მონაცემების შემოწმების დაგეგმვას, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას და გადაგზავნას შესაბამის უწყებასთან, უზრუნველყოფს პირის დამსაქმებელი.

14. ანკეტური მონაცემების შემოწმებისთვის, პირის დამსაქმებელი ვალდებულია მიმართოს საშვის გამცემს შუამდგომლობით წარუდგინოს ანკეტური მონაცემების შემოწმებისთვის საჭირო დოკუმენტაცია, საშვის გამცემის მოთხოვნის შესაბამისად. საშვის გამცემი, თავის მხრივ, დოკუმენტაციას, ანკეტური მონაცემების შესამოწმებლად, უგზავნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

15. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს ან არ ადასტურებს ანკეტურ მონაცემებს პირის შესახებ,  (უარყოფითი პასუხი), რასაც წერილობით აცნობებს საშვის  გამცემს. უარყოფითი პასუხი წარმოადგენს საშვის გაცემაზე უარის თქმის/საშვის მოქმედების ვადის შეჩერების/გაუქმების საფუძველს.

16. დაუშვებელია ავიასაწარმოს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში პირის გამცილებლის გარეშე დაშვება, ავიასაწარმოს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში შესასვლელი პიროვნების მუდმივი და დროებითი საშვის გაცემა,  ვიდრე პირის ანკეტური მონაცემები არ იქნება დადასტურებული, ან თუ ანკეტური მონაცემების შემოწმების შედეგად დადგენილია სახელმწიფო პროგრამის მე-4 მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები.

17. საშვის გამცემის საავიაციო უშიშროების პროგრამა უნდა მოიცავდეს   საშვის, ასევე განცხადების ფორმებს, საშვის მიმღებისთვის საჭირო დეტალურ ინფორმაციას.

18. საშვის გამცემი საშვის დამზადებას უზრუნველყოფს პირის განცხადების, შემოწმებული ანკეტური მონაცემების და „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 12 მარტის №61 ბრძანებით  დადგენილი შესაბამისი მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტის  საფუძველზე.

19. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, უფლებამოსილების ფარგლებში, მიმართავს საშვის გამცემს, კონკრეტულ პირზე გაცემული პიროვნების  საშვის გაუქმების ან მის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

20. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მუდმივი საშვის გაცემა ხდება ამ უკანასკნელის მიერ საქართველოში ბინადრობის მოწმობის მიღების საფუძველზე.

21. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, საშვის მისაღებად, საშვის გამცემს უნდა წარუდგინონ  იმ ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული სათანადოდ დამოწმებული ცნობა ნასამართლეობის შესახებ, ნათარგმნი ქართულ ენაზე, რომლის მოქალაქეს/რეზიდენტსაც  წარმოადგენს პირი. 

22. ავიასაწარმოს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში შესასვლელი პიროვნების დროებითი საშვის გაცემის მიზნით,  ანკეტური  მონაცემების შემოწმება ხორციელდება  გამარტივებული წესით,  სრული ანკეტური მონაცემების შემოწმების გარეშე. საშვის მაძიებელი ვალდებულია  საშვის გამცემს წარუდგინოს ცნობები ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის  შესახებ (ფორმა №2).

23. პიროვნების დროებითი საშვი გაიცემა  კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დროებით მომუშავე პირებზე, ასევე იმ პირებზე, რომლებმაც დაკარგეს პიროვნების მუდმივი ან დროებითი საშვი, ახალი საშვის გაცემამდე.

24. პირი, რომელზეც გაიცემა ამ წესით გათვალისწინებული პიროვნების დროებითი საშვი,  კონტროლირებად და შეზღდული დაშვების დაცულ  ზონაში უნდა გადაადგილდეს მუდმივი საშვის მქონე გამცილებლის თანხლებით, გარდა იმ პირებისა, რომელთა ანკეტური მონაცემები შემოწმებულია და რომლებსაც გავლილი აქვთ საავიაციო უშიშროების სფეროში  შესაბამისი მომზადება.

25. პიროვნების ერთჯერადი საშვის გაცემა ხორციელდება  დასაბუთებული წერილობითი განცხადების და ტერიტორიაზე დასაშვები პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, პასპორტის ან მართვის მოწმობის საფუძველზე.

26. პირი, რომელზეც გაიცემა პიროვნების ერთჯერადი საშვი, კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ  ზონაში უნდა გადაადგილდეს მუდმივი საშვის მქონე გამცილებლის თანხლებით. პირი ვალდებულია, საშვის მოქმედების ამოწურვისთანავე დაუბრუნოს იგი საშვის გამცემს.

27. შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში დასაშვები ავტოსატრანპორტო საშუალების ერთჯერადი საშვი გაიცემა, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე. საშვი დამაგრებული უნდა იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე.

28. ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთჯერადი საშვის გაცემა ხორციელდება მძღოლის შესაბამისი კლასის მართვის მოწმობის საფუძველზე.

29. ერთჯერადი საშვის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალება შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში უნდა გადაადგილდეს გამცილებლის თანხლებით.

30. ერთჯერადი საშვის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების გაცილებას აეროდრომის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს   მუდმივი საშვის მფლობელი პირი, რომელიც ასევე ფლობს ავტოსატრანსპორტო          საშუალების შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის მოწმობას და  "საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ" სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 23 მაისის №66 ბრძანების შესაბამისად გაცემულ მოწმობას.

31. ერთჯერადი საშვის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საშვის მოქმედების ვადის ამოწურვის  ან სამუშაოს დასრულებისთანავე, საშვი დაუბრუნოს საშვის გამცემს.

32. აეროპორტის სასაზღვრო და საბაჟო ზონაში შესვლის უფლების დამადასტურებელი პიროვნების საშვი გაიცემა სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ორგანოებთან შეთანხმებით.

33. დამსაქმებლის ლიკვიდაციის, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაუქმების, პირის სამუშაოდან გათავისუფლების/სხვა დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში, საშვის გაუქმების მიზნით, დამსაქმებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს საშვის გამცემს პირის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რის შემდეგაც საშვის გამცემი დაუყოვნებლივ აუქმებს საშვს. დამსაქმებელმა უნდა ჩააბაროს საშვი მის გამცემს საშვის გაუქმებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

34. შესაბამისი საშვის მქონე პირის დაშვება საჰაერო ხომალდთან შეიძლება შეიზღუდოს საავიაციო უშიშროების სამსახურის, აეროპორტის სასაზღვრო  ან/და საბაჟო კონტროლის ორგანოების მოთხოვნით.

35. ავტოსატრანსპორტო  საშუალების მუდმივი საშვი დამაგრებული უნდა იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე.

36. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მძღოლის გარდა იმყოფება სხვა პირიც, მას უნდა გააჩნდეს აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი საშვი და უნდა გაიაროს დაშვების  კონტროლი.

37. ავტოსატრანსპორტო          საშუალება,   საკონტროლო-გამტარ  პუნქტზე ექვემდებარება          სავალდებულო შემოწმებას აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ. უნდა შემოწმდეს ავტოსატრანსპორტო საშალების სულ მცირე შემდეგი ზონები:

ა) კარების პანელები;

ბ) მზისგან დამცავები;

გ) სახელთათმანე და სხვა სათავსები;

დ) უკანა, წინა სავარძლები და სავარძლის ჯიბეები;

ე) სივრცე სავარძლების ქვეშ;

ვ) ძარის იატაკზე ფეხებისათვის არსებული შეღრმავებები;

ზ) საბარგული;

თ) საბურავსზედა თაღი;

ი) ძრავის ნაკვეთური.

შენიშვნა: აგრეთვე სარკით და ფარნით უნდა შემოწმდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარის (სადაც თვალი ვერ სწვდება) ქვედა ნაწილი და ძრავი. ავიასაწარმომ შეიძლება განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება არაპროგნოზირებადობის პრინციპით, რომლის ფარგლებში შემოწმდება ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვადასხვა  ზონა.

38. ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების დაწყების მომენტიდან მის დამთავრებამდე, მძღოლს წვდომა არ უნდა ჰქონდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან.

39. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვებამდე მძღოლი უნდა შემოწმდეს მგზავრის სტატუსის არმქონე პირის ანალოგიურად და დაიშვას ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მხოლოდ შემოწმების გავლის შემდეგ.

40. ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებული საგნები  უნდა შემოწმდეს, თანმქონი ნივთების შემოწმებისთვის დადგენილი  მოთხოვნების სრული დაცვით.

41. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, აეროპორტის  კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში ერთჯერადი საშვი გაიცემა წინასწარი განაცხადის გარეშე. ავტოსატრანსპორტო საშუალებას აცილებს აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამით დადგენილი წესით.

42. თუ საშვის გაცემის თაობაზე განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს, აღნიშნული წარმოადგენს პირის საშვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

43. საშვი უქმდება, თუ პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილ   მოთხოვნებს.

44. საშვში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საშვით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებების შემთხვევაში, მისი გამცემის მიერ, იმ ავიასაწარმოს ან სხვა იურიდიული პირის განცხადების საფუძველზე, სადაც დასაქმებულია საშვის მფლობელი. საშვში ცვლილებების შეტანისას გაიცემა ახალი საშვი, ხოლო ძველი საშვი ჰბარდება მის გამცემს.

45. საშვის მონაცემებში თვითნებურად შესწორებების შეტანა ან გადაკეთება, ასევე საშვის სხვა პირზე გადაცემა  აკრძალულია.

46. საშვის დაკარგვის შემთხვევაში, საშვის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე დამსაქმებელს და საშვის გამცემს ტელეფონის საშუალებით, ხოლო შემდგომ – წერილობით. საშვის გამცემმა უნდა აწარმოოს დაკარგული საშვების აღრიცხვა.

47. ყველა პირი, რომელიც იმყოფება აეროპორტის და სხვა ავიასაწარმოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში, ვალდებულია ატაროს საშვი გარე ტანსაცმელზე, თვალსაჩინო ადგილზე.

48. იმ პირთა საშვზე, რომლებიც აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში  დაიშვებიან ცეცხსასროლი იარაღით, დაიტანება სპეციალური აღნიშვვნა.  საშვის ფორმის ნიმუშს უნდა მოიცავდეს საავიაციო უშიშროების პროგრამა.

49. უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, სასაზღვრო და საბაჟო ორგანოსთან  შეთანხმებით გაცემული საშვით.

50. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის ორგანოების წარმომადგენლები და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც არ გააჩნიათ ამ წესით განსაზღვრული საშვები, კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში სპეციალური ტექნიკური საშუალებებით დაიშვებიან საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ 25-ე მუხლის მე-40- 42-ე პუნქტებით დადგენილი წესით.


მუხლი 6.  საშვის გაცემა სააგენტოს მიერ
1. საშვის მიღების მიზნით სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის სფეროს კურატორ მინისტრის მოადგილეზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის და სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს თანამშრომლები სააგენტოში წარმოადგენენ შევსებულ განცხადებას (დანართი 7). განცხადებას უნდა დაერთოს  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 12 მარტის №61 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამით’’ განსაზღვეული პერსონალის მომზადების გავლის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი. სააგენტოს დირექტორი, განცხადების საფუძველზე, განიხილავს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში პიროვნების დაშვების მიზნობრიობას.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის სფეროს კურატორი მინისტრის მოადგილე, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკისა და სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს თანამშრომლები ამ მუხლის პირველი   პუნქტით განსაზღვრული განცხადების გარდა, ასევე წარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობით შუამდგომლობას

3. სააგენტო უზრუნველყოფს პირების ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზებას და  საშვის დამზადებას.

4. ავიაგადამზიდველი წერილობით მიმართავს სააგენტოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის ანკეტური მონაცემების შემოწმების შესახებ. წერილს უნდა დაერთოს განმცხადებლის მიერ შევსებული, ამ წესის მე-7 დანართით განსაზღვრული  განცხადების პირველი გვერდი.

5. სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვიოს ეკიპაჟის წევრების მონაცენების გაგზავნას.

6. პასუხს ანკეტური მონაცემების დადასტურების/არდადასტურების შესახებ სააგენტო წერილობით აცნობებეს ავიაგადამზიდველს, რის შემდეგ ავიაგადამზიდველი წერილობით მიმართავს სააგენტოს საშვის დამზადების თაობაზე.  წერილს თან უნდა დაერთოს:

ა) განმცხადებლის მიერ შევსებული განცხადება (დანართი №6);

ბ) ეკიპაჟის საავიაციო უშიშროების მომზადების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ეკიპაჟის წევრის მოქმედი მოწმობა.

7. პიროვნების მუდმივი საშვი, სასაზღვრო და საბაჟო ზონებში დაშვებით, გაიცემა ამ მუხლით გათვალისწინებულ იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ესაჭიროებათ სასაზღვრო და საბაჟო ზონებში დაშვება. აღნიშნულ ზონებში დაშვება თანხმდება სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ორგანოებთან, რის შესახებაც აღინიშნება განცხადების შესაბამის გრაფაში.

8. ავიაგადამზიდველი თავად უზრუნველყოფს საკუთარი ეკიპაჟის წევრებისთვის  სასაზღვრო და საბაჟო ზონაში დაშვების შეთანხმებას.  თუ პირს ესაჭიროება  დაშვება სხვადასხვა აეროპორტებში,  საბაჟო და სასაზღვრო ზონა თითოეული აეროპორტისთვის თანხმდება ინდივიდუალურად, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა განცხადების შესაბამის გრაფაში.

9. თუ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს, საშვი არ გაიცემა, რაც წერილობით ეცნობება განმცხადებელს განცხადების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

10. საშვის მიმღებ პირზე ახალი საშვის გაცემამდე, პირი /ავიაგადამზიდველი უზრუნველყოფს ამ პირის ვადაგასული საშვის დაბრუნებას სააგენტოში.

11. სააგენტო ახორციელებს საგენტოს ვიზიტორების  საშვების დამზადებას, შენახვას, გაცემას და ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვას. 

12. ვიზიტორის საშვი  მოიცავს სააგენტოს ლოგოს და უნიკალურ ნომერს.

13. ვიზიტორების საშვი  განკუთვნილია სააგენტოს ვიზიტორებისთვის, რომლებსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ესაჭიროებათ დაშვება აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში.

14. ვიზიტორის დაშვება  აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში  ხორციელდება აეროპორტში ვიზიტორის საშვის წარმოდგენისა და მგზავრის სტატუსის არმქონე პირების შემოწმებისთვის დადგენილი ყველა პროცედურის დაცვით.

15. ვიზიტორის საშვი გაიცემა სააგენტოს დირექტორის წერილობით დასტურის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის წარმოდგენის  საფუძველზე.

16. ვიზიტორი აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვება სააგენტოს  მიერ გაცემული მოქმედი პიროვნების მუდმივი საშვის მფლობელი გამცილებლის თანხლებით. პირი ვალდებულია ვიზიტორის საშვი დაუბრუნოს საშვის გამცემს.

17. ავტოსატრანსპორტო საშუალების მუდმივი საშვის მისაღებად სააგენტოს დირექტორს წარედგინება განმცხადებლის მიერ შევსებული განცხადება  (დანართი №8), რომლის  საფუძველზე სააგენტოს დირექტორი განიხილავს ავტოსატრანსპორტო საშუალების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების მიზნობრიობას.

18. ავტოსატრანსპორტო საშუალების მუდმივი საშვი გაიცემა განცხადების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

19. საშვის გაცემისას, საშვის მიმღებს საშვთან ერთად გადაეცემა „საშვის მფლობელის სამახსოვრო“. (დანართი №9).