პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ

პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 011
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 26/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016126
011
26/03/2024
ვებგვერდი, 27/03/2024
110060000.70.082.016126
პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №011

2024 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის და 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის ჩატარების თანდართული  წესი  და პროგრამა.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის

ჩატარების წესი

მუხლი 1. შესაბამისობის გამოცდის მიზნები

პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდას (შემდგომში – შესაბამისობის გამოცდა) ექვემდებარება საქართველოს პროკურატურის პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, რომლის შეფასების შედეგები ვერ აკმაყოფილებს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს.

 

მუხლი 2. შესაბამისობის გამოცდა

1. შესაბამისობის გამოცდა ტარდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. შესაბამისობის გამოცდა ტარდება სისხლის სამართლისა და სისხლის საპროცესო სამართლის დისციპლინებში.

3. შესაბამისობის გამოცდა ტარდება სახელმწიფო ენაზე.

4. შესაბამისობის გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით.

მუხლი 3. შესაბამისობის გამოცდის კომისიის შექმნა

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი შესაბამისობის გამოცდას დასაქვემდებარებელი პირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს გენერალური პროკურატურის  ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისობის გამოცდის ჩატარების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) ბრძანებით, საქართველოს პროკურატურაში იქმნება შესაბამისობის გამოცდის კომისია (შემდგომში – კომისია), რომელსაც ჰყავს თავმჯდომარე და წევრები. კომისია საქმიანობას ახორციელებს შესაბამისობის გამოცდის გამოცხადებიდან გამოცდის საბოლოო შედეგების დამტკიცებამდე.

მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის უფლებამოსილებას წარმოადგენს შესაბამისობის გამოცდის ჩატარების გამოცხადება, შესაბამისობის გამოცდის ჩატარების თარიღის, ასევე ცალკეული პირობებისა და პროცედურების განსაზღვრა, საპრეტენზიო განცხადებების/საჩივრების განხილვა, შესაბამისობის გამოცდის საბოლოო შედეგების დამტკიცება.

3. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.

მუხლი 5. შესაბამისობის გამოცდის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

საქართველოს გენერალური პროკურატურის  პროფესიული განვითარების ცენტრს (სამმართველო) (შემდგომში  პროფესიული განვითარების ცენტრი) ევალება შესაბამისობის გამოცდის მოსამზადებლად აუცილებელი ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, საგამოცდო დავალებების ელექტრონულ სისტემაში შეყვანა, საგამოცდო ინსტრუქტაჟის მომზადება და გამოსაცდელებისათვის გაცნობა და სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება.

მუხლი 6. შესაბამისობის გამოცდის ჩატარების გამოცხადება და ჩატარების ვადები

1. შესაბამისობის გამოცდის ჩატარების თარიღი, პირობები, ვადები და სხვა საკითხები განისაზღვრება საგამოცდო კომისიის მიერ, რაც ეცნობება პროფესიული განვითარების ცენტრს.

2. შესაბამისობის გამოცდა ტარდება მისი გამოცხადებიდან არაუადრეს 1 თვისა.

3. შესაბამისობის გამოცდის პროგრამა განისაზღვრება დანართის შესაბამისად.

მუხლი 7. საგამოცდო ტესტი

1. შესაბამისობის გამოცდა ტარდება ერთ ეტაპად, ელექტრონულად, ტესტური მეთოდით.

2. საგამოცდო ტესტი შეიცავს შესაბამისობის გამოცდისათვის გათვალისწინებული სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 50 (ორმოცდაათ) არჩევით პასუხიან დავალებას, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) სისხლის სამართალი – 25 ტესტი;

ბ) სისხლის საპროცესო სამართალი – 25 ტესტი.

3. ყოველი ტესტური დავალება შედგება ორი ნაწილის – პირობისა და ოთხი სავარაუდო პასუხისაგან. ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი.

4. ყოველ ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 (ერთი) ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 (ნული) ქულით. თუ არცერთი პასუხი არ არის აღნიშნული, ტესტის ამოხსნა შეფასდება 0 (ნული) ქულით.

5. ტესტური გამოცდის მინიმალური შეფასება არის 0 (ნული) ქულა, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 50 (ორმოცდაათი) ქულა.

6. ტესტური გამოცდის შედეგები ელექტრონული სისტემის მეშვეობით ინდივიდუალურად ეცნობება ყველა გამოსაცდელს.

7. გამოსაცდელს, რომელიც ტესტურ გამოცდაში დააგროვებს 26 (ოცდაექვს) ან მეტ ქულას, გამოცდა ჩაბარებულად ეთვლება.

მუხლი 8. საგამოცდო დრო

1. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა სამი საათი. დროის ამოწურვის შემდეგ ელექტრონული სისტემა აფიქსირებს და აფასებს გამოსაცდელის პასუხებს.

2. გამოსაცდელები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ სამჯერ – დროის დამთავრებამდე საათნახევრით ადრე, 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე.

მუხლი 9. საგამოცდო დავალების შედგენა

1. ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს თითოეული გამოსაცდელისათვის საგამოცდო დავალებების თანმიმდევრობის ინდივიდუალურად შედგენას.

2. საგამოცდო დავალების შედგენისას უნდა იქნეს დაცული თანმიმდევრობა შესაბამისობის გამოცდისთვის გათვალისწინებული სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით.

მუხლი 10. საგამოცდო დავალებების საჯაროობა

შესაბამისობის გამოცდაზე გამოყენებული საგამოცდო დავალებები არ არის საჯარო და ხელმისაწვდომი.

მუხლი 11. შესაბამისობის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები

შესაბამისობის გამოცდაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით.  ამ შემთხვევაში გამოცდა ტარდება საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან ერთი კვირის ვადაში.

მუხლი 12. ინსტრუქტაჟი გამოცდის დაწყებამდე

შესაბამისობის გამოცდის დაწყებამდე პროფესიული განვითარების ცენტრის  წარმომადგენელი გამოსაცდელებს უტარებს ინსტრუქტაჟს ელექტრონული სისტემის გამოყენების, შესაბამისობის გამოცდის მიმდინარეობისა და საგამოცდო დარბაზში ქცევის წესების შესახებ.

მუხლი 13. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა

1. შესაბამისობის გამოცდის განმავლობაში გამოსაცდელს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის, ასევე აუდიო ან სხვა ნებისმიერი ტექნიკური საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონების) გამოყენება.

2. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასალის ან ტექნიკური საშუალების გამოყენებაში, მოიხსნება შესაბამისობის გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0 (ნული).

3. გამოსაცდელის შესაბამისობის გამოცდიდან მოხსნის შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს გამოსაცდელი და პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენელი.

მუხლი 14. შესაბამისობის გამოცდის შედეგების შემოწმება

1. შესაბამისობის გამოცდის პასუხები მოწმდება ელექტრონული სისტემის საშუალებით და გამოცდის დასრულებისთანავე ხდება ცნობილი გამოსაცდელისათვის.

2. გამოსაცდელს გადაეცემა ტესტური გამოცდის პასუხების მოსანიშნი ფურცელი.

მუხლი 15. შესაბამისობის გამოცდის შედეგების გასაჩივრების, პრეტენზიის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა

1. შესაბამისობის გამოცდის შედეგებს განიხილავს კომისია.

2. გამოსაცდელი უფლებამოსილია საპრეტენზიო განცხადებით მიმართოს კომისიის თავმჯდომარეს. განცხადება მიიღება შესაბამისობის გამოცდის შედეგების გაცნობიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში. დაგვიანებით შემოსული საპრეტენზიო განცხადება არ განიხილება.

მუხლი 16. შესაბამისობის გამოცდების შედეგები

1. შესაბამისობის გამოცდის საბოლოო შედეგებს ამტკიცებს კომისია.

2. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდაში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი ექვემდებარება რიგგარეშე შეფასებას გამოცდის ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში.

დანართი 

 

პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის პროგრამა

 

შინაარსი

 

1. სისხლის სამართალი.

 

2. სისხლის საპროცესო სამართალი.

 

სისხლის სამართალი

 

თემა I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.

 

სისხლის საპროცესო სამართალი

 

თემა I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.


საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე