საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად განცხადების წარდგენის პროცედურის, მისი ცოდნის დონის შემოწმების წესისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად განცხადების წარდგენის პროცედურის, მისი ცოდნის დონის შემოწმების წესისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 996
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010110000.22.027.017484
996
30/04/2024
ვებგვერდი, 30/04/2024
010110000.22.027.017484
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად განცხადების წარდგენის პროცედურის, მისი ცოდნის დონის შემოწმების წესისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად განცხადების წარდგენის პროცედურის, მისი ცოდნის დონის შემოწმების წესისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №996

2024 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად განცხადების წარდგენის პროცედურის, მისი ცოდნის დონის შემოწმების წესისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 64 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის N3627-XIIIმს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად განცხადების წარდგენის პროცედურა, მისი ცოდნის დონის შემოწმების წესი და შესაბამისი მომსახურების საფასურის ოდენობა.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე




საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად განცხადების წარდგენის პროცედურ, მისი ცოდნის დონის შემოწმების წესი და შესაბამისი მომსახურების საფასურის ოდენობა

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის (შემდგომ – გამოსაცდელი) მიერ სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად (შემდგომ – ცოდნის დონის შემოწმება) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის (შემდგომ – სააგენტო), აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის განცხადების წარდგენის პროცედურას, გამოსაცდელის ცოდნის დონის შემოწმების წესს და განსაზღვრავს ამ მომსახურებისათვის გადასახდელ საფასურს.

მუხლი 2. ცოდნის დონის შესამოწმებელი ტესტირების საგანი და ტესტირების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგან

1. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით, საგამონაკლისო წესით და სპეციალური წესით მინიჭებისას მოწმდება გამოსაცდელის სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონე, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა არამართლზომიერად), აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის შემთხვევებში – სახელმწიფო ენის ცოდნის დონე.

2. სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონე მოწმდება სახელმწიფო ენაზე ტესტირების გზით, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს სააგენტო. საქართველოს ფარგლებს გარეთ ტესტირებას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ატარებენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების ფარგლებში გამოსაყენებელი ტესტები მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 3. ტესტირების ფორმა და ტესტირებაზე რეგისტრაცია

1. ტესტირება ტარდება ელექტრონულად, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.

2. გამოსაცდელი ტესტირებაზე რეგისტრაციის მოთხოვნით პირადად ან წარმომადგენლის პირის მეშვეობით მიმართავს სააგენტოს, სსიპ – იუსტიციის სახლს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

3. ტესტირებაზე რეგისტრაციისთვის გამოსაცდელმა უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ, ელექტრონული ფორმით;

გ) წარმომადგენლის მეშვეობით ტესტირებაზე რეგისტრაციისას – წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოს უფლებამოსილი პირი წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ამოწმებს გამოსაცდელის მონაცემებს და განცხადების ფორმაში ასახავს გამოსაცდელის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებულ შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელი და გვარი ქართულად და ლათინურად;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) მოქალაქეობა;

დ) სქესი;

ე) გამოსაცდელის პირადი ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

ზ) მობილური ტელეფონის ნომერი;

თ) ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ი) ტესტირების ჯავშნის თარიღი და დრო (გარდა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში ჯავშნის შემთხვევაში);

კ) განცხადების წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ) ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოსაცდელის ფოტოიდენტურობის დადგენის საჭიროების შემთხვევაში – ფოტოიდენტურობის დამდგენი პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი;

მ) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სახე;

ნ) ის საგანი/საგნები, რომლის/რომელთა ცოდნის დონის შესამოწმებლადაც ტარდება ტესტირება (მხოლოდ სახელმწიფო ენა, ან სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები).

5. თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ან მისამართზე რეგისტრაციის პროცესში შექმნილი ჩანაწერი არ შეიცავს ფოტოსურათს, ანდა ფოტოსურათის არსებობის მიუხედავად, ვერ დგინდება პირის ფოტოიდენტურობა ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო, ფოტოიდენტურობა შეიძლება წერილობით დაადასტუროს საქართველოს სრულწლოვანმა მოქალაქემ განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.

6. ტესტირების ჯავშნის თარიღისა და დროის არჩევა ხდება სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის ელექტრონული მართვის სისტემის მიერ გენერირებულ კალენდარში, ტესტირებაზე რეგისტრაციის დღიდან 2 თვის განმავლობაში არსებული თავისუფალი დროიდან. გამოსაცდელს უფლება აქვს ტესტირების თარიღი და დრო შეცვალოს ტესტირებამდე არაუგვიანეს 48 საათით ადრე.

7. განცხადებაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტესტირების საგანი/საგნები მიეთითება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში გამოსაცდელის შესახებ არსებული და მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

8. ტესტირებაზე განცხადების რეგისტრაციის შემდეგ გამოსაცდელს გადაეცემა სამახსოვრო ბარათი, რომელშიც მითითებულია განცხადების ნომერი და კოდი, გადასახდელი მომსახურების საფასურის ოდენობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), გამოსაცდელის მონაცემები, წარმომადგენლის მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ტესტირების თარიღი და დრო, აგრეთვე, საგანი/საგნები, რომლის/რომელთა ცოდნის დონის შესამოწმებლადაც გამოსაცდელი გაივლის ტესტირებას. გამოსაცდელი ხელმოწერით ადასტურებს სამახსოვრო ბარათზე ასახული ინფორმაციის სისწორეს.

9. ტესტირებაზე რეგისტრაციის ან/და ჯავშნის ამოქმედების ან გაუქმების შესახებ გამოსაცდელს ინფორმაცია მიეწოდება განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.

10. ტესტირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოსაცდელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი ინფორმაციის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნების, განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნის გზით.

მუხლი 4. საგამოცდო ტესტები

1. სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად გამოსაცდელს წარედგინება თითოეული საგნიდან 10 (ჯამში – 30) საგამოცდო დავალება, რომელიც გენერირდება სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის ელექტრონული მართვის სისტემის მიერ. თითოეული საგამოცდო დავალება შეიცავს 4 სავარაუდო პასუხს, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.

2. თითოეულ საგანში ტესტირებისთვის განსაზღვრულია 20 წუთი.

3. გამოსაცდელმა კომპიუტერის მონიტორზე გამოტანილი თითოეული საგამოცდო დავალების სავარაუდო პასუხებიდან უნდა აირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი. ყოველ დავალებაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.

4. ტესტირების წარმატებით გასავლელად გამოსაცდელმა ტესტირებისთვის განსაზღვრულ სამუშაო დროში თითოეულ საგანში უნდა დააგროვოს არანაკლებ 7 ქულა.

5. გამოსაცდელის მიერ საგამოცდო დავალებებზე გაცემულ პასუხებს აჯამებს და ტესტირების შედეგს აფასებს სპეციალური ელექტრონული პროგრამა. ტესტირების შედეგი საგამოცდო ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე აისახება კომპიუტერის მონიტორზე.

6. გამოსაცდელის მიერ შესრულებული საგამოცდო ტესტები ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე, გამოსაცდელის სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით.

მუხლი 5. ტესტირების პროცესი

1. საქართველოში ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური (ქ. თბილისში), ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ – დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება.

2. ტესტირება ტარდება საამისოდ აღჭურვილ საგამოცდო ოთახში, სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფლებამოსილი პირების – გამომცდელების ზედამხედველობით.

3. გამომცდელი ვალდებულია:

ა) საერთო ზედამხედველობა გაუწიოს ტესტირების პროცესს;

ბ) არ გასცეს გამოსაცდელის დამაბნეველი მითითებები, აგრეთვე, მინიშნებით ან სხვა სახით დახმარება არ გაუწიოს გამოსაცდელს.

4. აკრძალულია ტესტირების მიმდინარეობისას საგამოცდო ოთახში, გამომცდელისა და გამოსაცდელების გარდა, სხვა პირის დასწრება.

5. გამოსაცდელი ვალდებულია ტესტირების დაწყებამდე, სულ მცირე, 15 წუთით ადრე გამოცხადდეს ტესტირების ადგილზე, წარადგინოს სამახსოვრო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების მსურველმა გამოსაცდელმა, რომელიც არ ფლობს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და მისი ფოტოიდენტურობა დადგენილია – მხოლოდ სამახსოვრო ბარათი.

6. გამოსაცდელი ტესტირებაზე დაიშვება გამომცდელის მიერ ტესტირების გავლაზე მისი უფლებამოსილების გადამოწმების შემდეგ.

7. გამოსაცდელს უფლება აქვს, ტესტირებისას თან იქონიოს:

ა) მობილური ტელეფონი ან სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება, გამორთულ მდგომარეობაში;

ბ) წყალი;

გ) პირადი ჰიგიენის ნივთები;

დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები, გამომცდელის წინასწარი თანხმობით.

8. ტესტირებისას აკრძალულია:

ა) ნებადართული ნივთების გარდა სხვა ნივთების შეტანა;

ბ) გამომცდელის მითითების გარეშე ტესტირების დაწყება;

გ) დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვა მასალების გამოყენება;

დ) გადალაპარაკება, სხვა გამოსაცდელისთვის დახმარების გაწევა ან მისგან დახმარების მიღება ნებისმიერი ფორმით, აგრეთვე სხვა გამოსაცდელისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

ე) ტესტირების ადგილის გამომცდელის ნებართვის გარეშე დატოვება;

ვ) ტესტირებისთვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ საგამოცდო ტესტზე მუშაობის გაგრძელება ან საგამოცდო ოთახში დარჩენა;

ზ) საგამოცდო ტესტის ფოტო/ვიდეოგადაღება ან აუდიოჩაწერა;

თ) ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც აფერხებს ტესტირების მიმდინარეობას ან მიმართულია ტესტირების პროცესის ჩაშლისკენ.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობისას გამომცდელს უფლება აქვს, არ დაუშვას პირი ტესტირებაზე ან გააძევოს იგი საგამოცდო ოთახიდან. ამ შემთხვევაში ტესტირება წყდება და გამოსაცდელი შეფასდება ტესტირების შეწყვეტის მომენტისთვის არსებული შედეგის მიხედვით. გამომცდელი ადგენს ოქმს გამოსაცდელის ტესტირებაზე არდაშვების/ტესტირებიდან გაძევების შესახებ, შესაბამისი მიზეზის მითითებით.

10. სააგენტო უფლებამოსილია, ტესტირების ამ მუხლით განსაზღვრული წესების დაცვით ჩატარების მონიტორინგის მიზნებისთვის, შესაბამისი მოცულობით, განახორციელოს ტესტირების მიმდინარეობის ფოტო/ვიდეოგადაღება ან/და ვიდეო/აუდიომონიტორინგი/ჩაწერა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

მუხლი 6. ტესტირებისგან გათავისუფლება

1. ტესტირების გავლას არ ექვემდებარება არასრულწლოვანი, მათ შორის, პირი, რომელსაც 18 წელი უსრულდება მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

2. მოქალაქეობის საკითხთა კომისია უფლებამოსილია ტესტირებისგან გაათავისუფლოს პირი, თუ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით/ექიმის დასკვნით ან/და სხვა დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მას აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას.

მუხლი 7. მომსახურების საფასური ცოდნის დონის შემოწმებისთვის

1. ცოდნის დონის შემოწმებისთვის პირველად ტესტირება ტარდება საფასურის გადახდის გარეშე, ხოლო მეორე და ყოველი მოდევნო ტესტირებისათვის მომსახურების საფასური (შემდგომ – მომსახურების საფასური) 40 ლარია.

2. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ცოდნის დონის შემოწმებისთვის პირველად ტესტირება ტარდება საფასურის გადახდის გარეშე, ხოლო მეორე და ყოველი მოდევნო ტესტირებისათვის საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასური 15 აშშ დოლარია. აღნიშნული საფასური გადაიხდება აშშ დოლარში ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში. ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ კონვერტაციის ფიქსირებულ კურსად გამოიყენება წინა საფინანსო წლის 1 დეკემბრამდე აშშ დოლარის მიმართ ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის საბაზრო მაქსიმალური გაცვლითი კურსი. საქართველოს ეროვნული ბანკი არაუგვიანეს ყოველი საფინანსო წლის 10 დეკემბრისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სააგენტოს აწვდის მომავალი წლისთვის გამოსაყენებელ, ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის გაცვლით კურსს.

3. მომსახურების საფასურის გადახდა ხდება ტესტირებაზე რეგისტრაციის განცხადებაში შეტანის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს განცხადებაში შეტანიდან მომდევნო სამუშაო დღის დასრულებამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით. ამ ვადაში მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში გამოსაცდელის მიერ შერჩეულ ტესტირების თარიღსა და დროზე ჯავშანი, აგრეთვე, ტესტირებაზე რეგისტრაცია (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებაში მიმართვის შემთხვევაში – ტესტირებაზე რეგისტრაცია) უქმდება.

4. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასური გადაიხდება ტესტირებამდე, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. მომსახურების საფასური ჩაირიცხება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ანგარიშზე, რის შემდეგაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ხარჯები დაიფარება მომსახურების საფასურის სახით გადახდილი თანხიდან.

5. გამოსაცდელის ტესტირებაზე გამოუცხადებლობისას ან ამ წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გადახდილი მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება.

მუხლი 8. ტესტირების შედეგის მოქმედების ვადა

ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში მისი შედეგი ძალაშია ტესტირების ჩატარებიდან 1 წლის განმავლობაში.

მუხლი 9. გასაჩივრება

1. გამოსაცდელს უფლება აქვს ტესტირების შედეგები საპრეტენზიო განაცხადის წარდგენით გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში მისი გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

2. საპრეტენზიო კომისია იქმნება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საპრეტენზიო კომისია შედგება, სულ მცირე, 3 წევრისგან. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში შედიან სააგენტოს თანამშრომლები.

4. საპრეტენზიო კომისია საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

5. გამოსაცდელმა საპრეტენზიო განაცხადში უნდა მიუთითოს პრეტენზიის არსი, მისი დასაბუთება და კონკრეტული მოთხოვნა.

6. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით.

7. საპრეტენზიო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით სააგენტოსა და გამოსაცდელს შორის კომუნიკაცია (სააგენტოს მიერ შეტყობინებების/გადაწყვეტილებების გაგზავნა, აგრეთვე გამოსაცდელის მიერ სააგენტოსთვის მოსაზრებების/განმარტებების წარდგენა) დასაშვებია სააგენტოს ელექტრონული ფოსტისა და გამოსაცდელის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით.

8. სათანადო საფუძვლის არსებობისას საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია შეცვალოს ან ბათილად ცნოს ტესტირების შედეგი. ტესტირების შედეგის ბათილად ცნობის შემთხვევაში ტესტირება ხელახლა ტარდება 15 სამუშაო დღის ვადაში, მომსახურების საფასურის გადახდევინების გარეშე.

9. პრეტენზიის წარმდგენს საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგები ეცნობება საპრეტენზიო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

10. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.

მუხლი 10. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში ტესტირების ჩატარების თავისებურებანი

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში ტესტირება ტარდება ამ წესის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში ტესტირებისას არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტები, აგრეთვე, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი.

3. ტესტირებაზე განცხადების რეგისტრაციის შემდეგ გამოსაცდელს გადაეცემა სამახსოვრო ბარათი, რომელშიც მითითებულია განცხადების ნომერი და კოდი, გადასახდელი მომსახურების საფასურის ოდენობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), გამოსაცდელის მონაცემები, წარმომადგენლის მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საგანი/საგნები, რომლის/რომელთა ცოდნის დონის შესამოწმებლადაც გამოსაცდელი გაივლის ტესტირებას. გამოსაცდელი ხელმოწერით ადასტურებს სამახსოვრო ბარათზე ასახული ინფორმაციის სისწორეს.

4. საქართველოს ფარგლებს გარეთ ტესტირება ტარდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მიერ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი პირების – გამომცდელების ზედამხედველობით.