დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18358 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 08/08/2024 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/09/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016755 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №18358
2024 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების:
ა) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის:
ა.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აკეთებს ჩანაწერებს, რომელიც ხორციელდება შემდეგი წესით:“;
ა.ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელთან გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლების თანხებზე, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე მცირდება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პერიოდისათვის (თარიღისათვის) რიცხული საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან მოსაკრებლის თანხა (გარდა გადაუხდელი მიმდინარე გადასახდელებისა) და კეთდება ჩანაწერი შემდეგი წესით: ბარათზე მე-7 ან/და მე-8 სვეტში აისახება შეთანხმებით გათვალისწინებული შესამცირებელი ძირითადი გადასახადის/მოსაკრებლის ან/და სანქციის თანხა, ხოლო მე-12 სვეტში – საურავის თანხა. ამ ოპერაციებით შემცირებული თანხის გასწვრივ მე-3 გრაფაში „ოპერაციის შინაარსი“ გაკეთდება შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: „საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების/მოსაკრებლის დავალიანების გადატანა დროებით აღრიცხვის ბარათზე“;“ ;
ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო შეთანხმების აქტის მიხედვით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთვის, შესაძლებელია განესაზღვროს ერთი ან რამდენიმე სავადო თარიღი, რომლის შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ან/და მოსაკრებლების ბარათზე, საგადასახადო შეთანხმების აქტის მიხედვით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისას, თანხების დარიცხვა განხორციელდება ძირითადი დავალიანების პროპორციულად გადასახადის სახეობების მიხედვით, შესაბამისი სავადო თარიღით, მაგრამ არაუმეტეს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნაზე განცხადებით მომართვისას პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადასახადის სახეობების მიხედვით ან მოსაკრებლების ბარათზე რიცხული ძირითადი დავალიანების ოდენობისა, ხოლო სხვაობა დაერიცხება სხვა ჯარიმებში ან მოსაკრებლის შემთხვევაში – ჯარიმაში.“;
ა.დ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს მაგალითები 11-13 შემდეგი რედაქციით:
„მაგალითი 11:
შპს „ელიტამ“ 2022 წლის 25 მაისს საგადასახადო ორგანოს წარუდგინა „საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების“ შესახებ განცხადება. გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 10 000 ლარის ოდენობით. მათ შორის: ძირითადი გადასახადი – 5 000 ლარი (მ.შ. დღგ-ში 2 500 ლარი, საშემოსავლოში 500 ლარი და ქონებაში 2 000 ლარი), ჯარიმა – 3 500 ლარი, საურავი – 1 500 ლარი. საგადასახადო დავალიანებაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის 2022 წლის 1 აგვისტოს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა 4 000 ლარი, ხოლო საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1 ოქტომბრამდე. საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებისას 2022 წლის 01 აგვისტოს, 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით არსებული დავალიანება გადასახადის გადამხდელის ძირითადი ბარათიდან გადატანილი უნდა იქნეს დროებით ბარათზე.
შპს „ელიტას“ მიერ 2022 წლის 1 ოქტომბერს შესრულდა საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები, რომლის მიხედვით გადახდილი თანხა (ამ შემთხვევაში 4 000 ლარი) განაწილებული უნდა იქნეს 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით არსებული ძირითადი დავალიანების პროპორციულად ძირითად გადასახადში, კერძოდ, დღგ-ში (4000/5000)*2500=2 000 ლარი, საშემოსავლოში (4000/5000)*500= 400 ლარი და ქონებაში (4000/5000)*2000=1 600 ლარი, სულ 4 000 ლარი.
მაგალითი 12:
შპს „ელიტამ“ 2022 წლის 25 მაისს საგადასახადო ორგანოს წარუდგინა განცხადება „საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების“ – შესახებ. გადასახადის გადამხდელს, 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 10 000 ლარის ოდენობით. მათ შორის: ძირითადი გადასახადი – 0 ლარი, ჯარიმა – 6 500 ლარი, საურავი – 3500.00 ლარი. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის 2022 წლის 1 აგვისტოს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა 6 000 ლარი, ხოლო საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1 ოქტომბრამდე. საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებისას 2022 წლის 1 აგვისტოს, 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით არსებული დავალიანება გადასახადის გადამხდელის ძირითადი ბარათიდან გადატანილი უნდა იქნეს დროებით ბარათზე.
შპს „ელიტას“ მიერ 2022 წლის 25 სექტემბერს შესრულდა საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრულ ვალდებულებები, რომლის მიხედვით გადახდილი თანხა (ამ შემთხვევაში 6 000 ლარი) საგადასახადო შეთანხმებაზე განცხადების წარმოდგენის დღეს ძირითად დავალიანებების არარსებობის გამო სრულად დარიცხული იქნება სხვა ჯარიმებში 6000 ლარის ოდენობით.
მაგალითი 13:
შპს „ელიტამ“ 2022 წლის 1 იანვარს საგადასახადო ორგანოს წარუდგინა განცხადება „საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების“ შესახებ. გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 200 000 ლარის ოდენობით. მათ შორის: ძირითადი გადასახადი – 50 000 (მ.შ. დღგ-ში 25 000 ლარი, საშემოსავლოში 5 000 ლარი და ქონებაში 20 000 ლარი), ჯარიმა – 100 000 ლარი, საურავი – 50 000 ლარი. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის 1 თებერვალს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა 80 000 ლარი, ხოლო საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2022 წლის – 1 მარტამდე – 20 000 ლარი; 1 აპრილამდე – 20 000 ლარი; 1 მაისამდე – 20 000 ლარი; 1 ივნისამდე – 20 000 ლარი; გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარდება შემდეგი სახის ოპერაციები: დროებითი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2022 წლის (01.01.2022 წლის სავადო თარიღით) დაერიცხება 200 000 ლარი. ძირითადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2022 წლის (01.01.2022 წლის სავადო თარიღით) შემცირდება – ძირითადი გადასახადი – 50 000 (მ.შ. დღგ-ში 25 000 ლარი, საშემოსავლოში 5 000 ლარი და ქონებაში 20 000 ლარი), ჯარიმა – 100 000 ლარი, საურავი – 50 000 ლარი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული თანხების გადახდის შემთხვევაში პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება დარიცხვები:
28.02.2022 წლის სავადო თარიღით დაერიცხება ძირითად გადასახადში 20 000 ლარი (მ.შ.: დღგ –20 000 / 50 000 X 25 000 = 10 000 ლარი, საშემოსავლო 20 000 / 50 000 X 5 000 = 2 000 ლარი, ქონება - 20 000 / 50 0000 X 20 000 = 8 000 ლარი) - (გადახდის შემთხვევაში);
31.03.2022 წლის სავადო თარიღით დაერიცხება ძირითად გადასახადში 20 000 ლარი (მ.შ.: – დღგ - 20 000 / 50 000 X 25 000 = 10 000 ლარი, საშემოსავლო 20 000 / 50 000 X 5 000 = 2 000 ლარი, ქონება – 20 000 / 50 0000 X 20 000 = 8 000 ლარი) – (გადახდის შემთხვევაში);
გადასახადის გადამხდელის მიერ შემდეგი თანხის დარიცხვის შემთხვევაში დაერიცხება დარჩენილი ძირითადი დავალიანების პროპორციულად, ამ შემთხვევაში 50 000 – 20 000 – 20 000 = 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხა სხვა ჯარიმებში, ჩვენ შემთხვევაში:
30.04.2022 წლის სავადო თარიღით დაერიცხება 20 000 ლარი (მ.შ. დღგ - (20 000 - 10 000) / 50 000 X 25 000 = 5 000 ლარი, საშემოსავლო (20 000 - 10 000)/50 000 X 5 000 = 1 000 ლარი, ქონება - (20 000 - 10 000) / 50 0000 X 20 000 = 4 000 ლარი, სხვა ჯარიმები 10 000 ლარი) – (გადახდის შემთხვევაში); რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების განცხადების წარმოდგენის დღეს ბარათზე არსებული დავალიანების ძირითადი თანხის ტოლი თანხა უკვე დარიცხულია, შემდეგი გადახდის ტოლი თანხა სრულად დარიცხული იქნება სხვა ჯარიმებში. ჩვენ შემთხვევაში:
31.05.2022 წლის სავადო თარიღით დაერიცხება 20 000 ლარი (სხვა ჯარიმები – 20 000 ლარი) –(გადახდის შემთხვევაში).“;
ა.ე) „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ა.ვ) დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ1) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში, ამ შეთანხმების ფარგლებში გამოცემული შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დროებითი აღრიცხვის ბარათზე უკუოპერაციით ნულდება პირადი აღრიცხვის ძირითადი ბარათიდან გადმოტანილი აღიარებული საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლების თანხა.“;
ა.ზ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმება გაუქმებულად ითვლება, შესაბამისად, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საგადასახადო დავალიანება/დავალიანების ნაწილის ან მოსაკრებლის თანხა ექვემდებარება აღდგენას სრული ოდენობით, რომლის გადმოტანაც განხორციელდება დროებითი აღრიცხვის ბარათიდან უკუოპერაციებით შესაბამისი გადასახადის/მოსაკრებლის ან/და სანქციის სახეებისა და სავადოების მიხედვით. ხოლო საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სავადო თარიღის არსებობისას გადასახადის სახეობების მიხედვით პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ან მოსაკრებლის ბარათზე დარიცხული თანხები ნულდება უკუოპერაციით შესაბამისი სავადო თარიღის მიხედვით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით, რომელიც აისახება სხვა ჯარიმებში ან მოსაკრებლის შემთხვევაში –ჯარიმაში.“;
ა.თ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს მაგალითები 2 და 21 შემდეგი რედაქციით:
„მაგალითი 2
შპს „ელიტას“ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელში არსებული დავალიანების შემცირების მიზნით გაუფორმდა საგადასახადო შეთანხმება, რითაც 2023 წლის 1 აპრილამდე დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა. ფაქტობრივად მან აღნიშნულ ვადაში შეძლო გადაეხადა 15 000 ლარი, ანუ 5 000 ლარით ნაკლები, ვიდრე ამას ითვალისწინებდა საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში
საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო, საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად, ამიტომ გამოიცემა შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც დროებითი აღრიცხვის ბარათიდან მოსაკრებლის ბარათზე, თანხები აღდგება სრული ოდენობით და შპს „ელიტას“ საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი – 5 000 ლარის (20 000 – 15 000) გადაუხდელობისათვის მოსაკრებელში გადასახდელად გამოუანგარიშდება ჯარიმა: 5 000x10%=500 ლარი.
მაგალითი 21
შპს „ელიტამ“ 2022 წლის 1 იანვარს საგადასახადო ორგანოს წარუდგინა განცხადება „საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების“ შესახებ. გადასახადის გადამხდელს, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 200 000 ლარის ოდენობით. მათ შორის: ძირითადი გადასახადი – 50 000 (მ.შ. დღგ-ში 25 000 ლარი, საშემოსავლოში 5 000 ლარი და ქონებაში 20 000 ლარი), ჯარიმა – 100 000 ლარი, საურავი – 50 000 ლარი. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის პირველ თებერვალს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა 80 000 ლარი, ხოლო საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1 მარტამდე – 20 000 ლარი; 1 აპრილამდე – 20 000 ლარი; 1 მაისამდე – 20 000 ლარი; 1 ივნისამდე – 20 000 ლარი. შეთანხმების აქტის გაფორმებისას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარდება შემდეგი სახის ოპერაციები: ძირითადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2022 წლის სავადო თარიღით შემცირდება – ძირითადი გადასახადი – 50 000 (მ.შ. დღგ-ში 25 000 ლარი, საშემოსავლოში 5 000 ლარი და ქონებაში 20 000 ლარი), ჯარიმა – 100 000 ლარი, საურავი – 50 000 ლარი და დაერიცხება დროებითი აღრიცხვის ბარათზე იმავე სავადო თარიღით (მოხდება თანხების გადატანა).
გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების აქტის შესაბამისად განახორციელა პირველი, მეორე და მესამე გადახდა, რის შედეგადაც პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება დარიცხვები:
28.02.2022 წლის სავადო თარიღით დაერიცხება ძირითად გადასახადში 20 000 ლარი (მ.შ.: დღგ –20 000 / 50 000 X 25 000 = 10 000 ლარი, საშემოსავლო – 20 000 / 50 000 X 5 000 = 2 000 ლარი, ქონება – 20 000 / 50 0000 X 20 000 = 8 000 ლარი) – (გადახდის შემთხვევაში);
31.03.2022 წლის სავადო თარიღით დაერიცხება ძირითად გადასახადში 20 000 ლარი (მ.შ.: – დღგ –20 000 /50 000X25 000 = 10 000 ლარი, საშემოსავლო – 20 000 / 50 000X5 000 = 2 000 ლარი, ქონება – 20 000 / 50 0000 X 20 000 = 8 000 ლარი) – (გადახდის შემთხვევაში);
გადასახადის გადამხდელის მიერ შემდეგი თანხის დარიცხვის შემთხვევაში დაერიცხება დარჩენილი ძირითადი დავალიანების პროპორციულად, ამ შემთხვევაში 50 000 – 20 000 – 20 000 = 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხა სხვა ჯარიმებში, ჩვენ შემთხვევაში:
30.04.2022 წლის სავადო თარიღით დაერიცხება 20 000 ლარი (მ.შ. დღგ – (20 000 – 10 000) / 50 000 X 25 000 = 5 000 ლარი, საშემოსავლო (20 000 – 10 000) / 50 000 X 5 000 = 1 000 ლარი, ქონება – (20 000 - 10 000) / 50 0000 X 20 000 = 4 000 ლარი, სხვა ჯარიმები 10 000 ლარი) – (გადახდის შემთხვევაში);
გადასახადის გადამხდელმა არ განახორციელა მეოთხე გადახდა 20 000 ლარის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში:
საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო, საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად, ამიტომ გამოიცემა შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც განულდება 28.02.2022, 31.03.2022 და 30.04.2022 სავადო თარიღებით დარიცხული თანხები. ამასთანავე, დროებითი აღრიცხვის ბარათიდან ძირითად ბარათზე სრული ოდენობით უკუოპერაციებით აღდგება თანხები და შპს „ელიტას“ საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი – 20 000 ლარის გადაუხდელობისათვის გადასახდელად გამოუანგარიშდება ჯარიმა: 20 000 x 10 % = 2000 ლარი, რომელიც დაერიცხება სხვა ჯარიმებში.“;
ა.ი) „ვ“ ქვეპუნქტის მაგალითი „31“ ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტი ახორციელებს გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე მონაცემების აღრიცხვას და ჩაწერას, რომელიც ხორციელდება შემდეგი წესით:“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 15 სექტემბრიდან.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
დოკუმენტის კომენტარები