„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 200-57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016793
200-57
12/09/2024
ვებგვერდი, 16/10/2024
480610000.03.030.016793
„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის


საქართველოს მთავრობა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (EPLO), შემდგომში მოხსენებული, როგორც „მხარეები“,

ითვალისწინებენ რა 2004 წლის 27 ოქტომბერს ათენში პარაფირებულ ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) დამფუძნებელ შეთანხმებასა და სტატუტს და კერძოდ, მის მე-2 მუხლს, რომლის მიხედვითაც „ორგანიზაციის მიზანია ფართო გაგებით საჯარო სამართლის სფეროში ცოდნის შექმნა და გავრცელება, მათ შორის, ეროვნული, შედარებითი და ევროპული საჯარო სამართლის, ადამიანის უფლებათა სამართლის, გარემოსდაცვითი სამართლის და ა.შ. ჩათვლით და მსოფლიო მასშტაბით საჯარო სამართლის მეშვეობით ევროპული ღირებულებების ხელშეწყობა. ამ მიზნით, ორგანიზაცია ორგანიზებას უკეთებს და მხარს უჭერს სამეცნიერო, კვლევითი, საგანმანათლებლო, საწვრთნელ, სასწავლო, ინსტიტუციური და სხვა საქმიანობების განმტკიცებას და დახმარებას უწევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს ევროპასა და მთელს მსოფლიოში“,

ითვალისწინებენ რა, საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 28 ივნისის დადგენილებას „ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის დამფუძნებელი შეთანხმებისა და სტატუტის რატიფიცირების თაობაზე“,  

მხედველობაში იღებენ რა, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის დამფუძნებელი შეთანხმების და სტატუტის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის მიხედვითაც „საბჭო წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად და მასთან დამატებით გამოსცემს წესებს ორგანიზაციის დეტალური მიზნებისათვის და მმართველობისათვის“,

ითვალისწინებენ რა, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის მმართველი ორგანოების მიერ მიღებულ რეგულაციას, განსაკუთრებით მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს, რომელიც ადგენს, რომ „თითოეული წევრი სახელმწიფო აღიარებს ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის, ევროპის  სამართლისა და მმართველობის სკოლის (ELGS), აკადემიების და სხვა საგანმანათლებლო ერთეულების და ა.შ. მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამების დასახელებების ეკვივალენტურობას უმაღლესი განათლების საკუთარი სასწავლო პროგრამების დასახელებებთან და მიიღებს ყველა საჭირო ზომას ამისათვის. ამ მიზნით ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია ორგანიზებას უწევს სასწავლო პროგრამებს ევროპის  სამართლისა და მმართველობის სკოლაში, ისევე როგორც სხვა აკადემიურ ერთეულებში, ევროპის უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკისა და პოლიტიკის შესაბამისად, რომელთა სტრუქტურა შემდეგია: სამი (3) წელი ბაკალავრიატში, ერთი (1) წელი მაგისტრატურაში 1, ერთი (1) წელი მაგისტრატურაში 2 და სამი (3) წელი დოქტორანტურაში სწავლება, სულ მცირე სწავლის თითოეული საფეხურისთვის“,

მხედველობაში იღებენ რა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას შორის 2020 წლის 13 აგვისტოს დადებულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფილიალი რეზიდენციით თბილისში და აღნიშნული შეთანხმების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით – „ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული ფილიალის საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში“, სადაც ნათქვამია, რომ: „საქართველოს მხარე, ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღებს დროულ ზომებს, რათა უზრუნველყოს  ევროპის სამართლისა და მმართველობის სკოლის (ELGS) ან ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის ნებისმიერი სხვა აკადემიის, ინსტიტუტის და ა.შ. მიერ შეთავაზებული უმაღლესი განათლების ხარისხების აღიარება საქართველოს უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებული ხარისხების ეკვივალენტურად“,

ითვალისწინებენ რა, ევროპის საბჭოს 2021 წლის 18 თებერვლის რეზოლუციას განათლებისა და ტრენინგის სფეროში ევროპული თანამშრომლობის სტრატეგიული ჩარჩოს შესახებ ევროპის განათლების სივრცესა და მის ფარგლებს მიღმა (2021-2030),

ითვალისწინებენ რა, იტალიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 თებერვლის ბრძანებას და მის პირველ მუხლს, რომლის მიხედვითაც „ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის მიერ გაცემული  კვალიფიკაციები და თანმხლები „დიპლომის დანართები“ აღიარებულია იტალიის უნივერსიტეტების მიერ გაცემული შესაბამისი კვალიფიკაციების ეკვივალენტურად“,

ითვალისწინებენ რა, ბოლონიის პროცესის პრინციპებს და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) შესაბამისობის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც გარანტირებულია ევროპის საჯარო პოლიტიკის ორგანიზაციის მიერ გაცემული კვალიფიკაციების დაუყოვნებლივ აღიარება და ბოლონიის პროცესის სხვა მონაწილეების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვალიფიკაციებთან მათი ეკვივალენტურობის უზრუნველყოფა,

დარწმუნებული არიან რა, რომ მხარეებს აქვთ მსგავსი მისია და სურთ ორმხრივი ინტერესის სფეროებში თანამშრომლობა  მათი განვითარების ძალისხმევის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით,

თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი 1

ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (EPLO), უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის მისი სააგენტო – ევროპის სამართლისა და მმართველობის სკოლა (ELGS), რომელიც დაფუძნებულია რომში, იტალიაში და ამჟამად აქვს კამპუსები ათენში (საბერძნეთის რესპუბლიკა), კასკაისში (პორტუგალიის რესპუბლიკა) და რომში (იტალიის რესპუბლიკა), აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციად, რომელიც მოქმედებს, მათ შორის, უმაღლესი განათლების სფეროში, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის დებულებით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას შორის შეთანხმებით.

მუხლი 2

ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, ევროპის სამართლისა და მმართველობის სკოლაში მიღებული აკადემიური კვალიფიკაციები, „დიპლომის დანართთან“ ერთად, აღიარებულია გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ  კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, როგორც საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული შესაბამისი კვალიფიკაციის ეკვივალენტი.

წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლამდე გაცემულ საგანმანათლებლო დოკუმენტებზე.

მუხლი 3

ნებისმიერი დავა ამ შეთანხმების გამოყენებასთან ან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 4

ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტებად და ძალაში შევა ისეთივე წესით, რა წესითაც აღნიშნული შეთანხმება შედის ძალაში. ასეთი დოკუმენტი გახდება ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი.

მუხლი 5

ეს შეთანხმება ძალაში შევა დიპლომატიური არხებით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღის მომდევნო თვის პირველ დღეს, რომლითაც მხარეები აცნობებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.

ეს შეთანხმება დადებულია 5 წლის ვადით და ის ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი  პერიოდების  განმავლობაში. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ეს შეთანხმება ნებისმიერ დროს, დიპლომატიური არხებით მეორე მხარისთვის შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, ეს შეთანხმება  გაუქმდება წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი (6) თვის შემდეგ.

შესრულებულია თბილისში (ადგილი), 10.09.2024 (თარიღი) და Athens (ადგილი), 12.09.2024 (თარიღი), ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია. შეთანხმების დებულებების განსხვავებული ინტერპრეტაციის  შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურენოვან ტექსტს.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

 

ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) სახელით

                                                                                                 (ხელმოწერილია)