საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 168-Iმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.018112
168-Iმს-XIმპ
13/12/2024
ვებგვერდი, 29/12/2024
010190020.04.001.018112
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქები იქმნება და მათი საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად.“.

2. 137-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 137. საარჩევნო ოლქები

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ყოველი მუნიციპალიტეტი ერთი საარჩევნო ოლქია.

2. არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას საარჩევნო ოლქების შესახებ,  მათი საზღვრების მითითებით.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან და მათ საზღვრებს აზუსტებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, ხოლო ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის ასეთ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს აზუსტებს ცესკო არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიული და ადმინისტრაციული თავისებურებების გათვალისწინებით.

4.  საოლქო საარჩევნო კომისიები ცნობას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 დღის ვადაში.“.

3. 140-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 140. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა

1. თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან (სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან), რომლებიც შედის ამ  თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისაგან. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 2 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 3 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 4 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 5 წევრი.

2. თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 10 წევრისაგან.“.

4. 148-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება საარჩევნო ოლქში პროპორციული წესით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე და იყოფა იმ პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

2. თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები), თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი აქვთ. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.“.

5. 155-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.“.

6. 162-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა.  მანდატები ნაწილდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 25-ზე და იყოფა იმ პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

3. თუ პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 25-ზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები), თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი აქვთ. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2038 მუხლი:

„მუხლი 2038. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელება

2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის:

ა) ცესკომ 2025 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს საარჩევნო ოლქების შექმნა, მათი საზღვრების დადგენა ან/და ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება;

ბ) ცესკომ 2025 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენა ან/და ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება;

გ) საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2025 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნა ან/და ცვლილებების განხორციელება, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა  არჩევნებისას საარჩევნო კომისიების მიერ განსაზღვრული ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების, 2017 წელს განხორციელებული თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ცვლილებების და ამ კანონის 140-ე მუხლით დადგენილი ოდენობების გათვალისწინებით;

დ) საარჩევნო უბნები შეიქმნას ან/და ცვლილებები განხორციელდეს არაუგვიანეს 2025 წლის 1 აგვისტოსი;

ე) თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრებში ამომრჩეველთა რაოდენობა განისაზღვრება 2017 წლის 15 ივლისის მდგომარეობით.“.

8. კანონის №1 დანართი და №2 დანართი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 დეკემბერი 2024 წ.

N168-Iმს-XIმპ