ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2025 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2025 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016562
22
24/12/2024
ვებგვერდი, 27/12/2024
010250000.35.139.016562
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2025 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2024 წლის 24 დეკემბერი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2025 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის, 37-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან  საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2025 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების და ბენეფიციართა შერჩევის წესი დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
1. დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის „პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა“ დანართი №3-ის შესაბამისად.

2. პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად  ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:

ა) პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ ინფორმაციის (სერვისის შინაარსი, ფორმები, ასისტირების სფეროები, მოცულობა, სამიზნე ჯგუფი, უფლებები და სხვა) გავრცელება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინფორმირება/კონსულტირება პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მიერ პერსონალური ასისტენტის მომსახურების მომწოდებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმება მომსახურების განხორციელების თაობაზე;

გ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების მისაღებად განაცხადის მიღება. მომსახურების მიღების მსურველი პირების სიის  და მომსახურების მიმღები პირების ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოება;

დ) მომსახურების მიმღებ პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის/ორგანიზაციების შესახებ;

ე)  პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებების განხილვა და პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილებების მიღება;

ვ) პერსონალურ ასისტენტს, მომსახურების მიმღებ პირსა და მიმწოდებელს შორის პერსონალური ასისტირების მომსახურების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულების  დადგენილ სტანდარტებთან და შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა;

ზ)  პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაო ფორმების დამტკიცება;

თ) მომსახურების მიმღები პირის და მომსახურების მიღების მსურველი პირების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა.

მუხლი 4
დამტკიცდეს პერსონალური ასისტენტის პროგრამის ვაუჩერის ფორმა დანართი N4-ის შესაბამისად
მუხლი 5
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2024 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, რეგისტრაციის კოდი: 010250000.35.139.016535, 22/12/2023წ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №43 დადგენილება.
მუხლი 6
1. დადგენილების პირველი და მეორე მუხლებით დამტკიცებული დანართი №1-სა და დანართი №2-ით განსაზღვრული პროგრამების დაფინანსება განხორციელდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი №3-ის ბორჯომის მუნიციპალიტეტის „პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს დელეგირებისთვის განკუთვნილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში და მათი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი



დანართი №1
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან  საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2025 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესი

თავი I
სოციალური დახმარებების პროგრამა და გაცემის წესი

მუხლი 1. სოციალური დახმარების პროგრამის სამიზნე ჯგუფები
სოციალური დახმარების პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში  ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან  საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი შემდეგი მოწყვლადი ჯგუფები და მოქალაქეები:

ა) მრავალშვილიანი ოჯახები;

ბ) მარტოხელა მშობლები;

გ) ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახები;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის პირები;

ე) 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი პირები;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფი) პირები;

ზ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 (ასი) წლის და მეტი ასაკის  მოქალაქეები;

თ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის  ცენტრი „თებე“ და „ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა“

ი) ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ ბენეფიციარები;

კ) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახები;

ლ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული და მარჩენალდაკარგული პირები, საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები, ასევე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი) საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს  დაზარალებული პირები და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების  შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე ვეტერანები;

მ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებული პირები;

ნ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები;

ო) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე მოქალაქეები;

პ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ქორწინებაში რეგისტრირებული ოჯახები;

ჟ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;

რ) საპენსიო ასაკის პირები და  სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა  შეადგენს 200 000-ს;

ს) პერსონალური ასისტენტის სერვისით მოსარგებლე 18 წელს ზემოთ შშმ პირები;

ტ) რეინტეგრირებული ბავშვები;

უ)  „ცელიაკიის“ დიაგნოზის მქონე ბენეფიციარები.


მუხლი 2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 
1. „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი და რომელთა  სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160000-ს გაეწიოთ ყოველთვიური ფულადი დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ყოველი მომდევნო შვილის  შეძენის შემთხვევაში ფულადი დახმარება გაიზარდოს ყოველ მომდევნო შვილზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი)  ან მეტი შვილი  და  არ ირიცხებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, გაეწიოთ ყოველთვიური ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ყოველი მომდევნო შვილის  შეძენის შემთხვევაში ფულადი დახმარება გაიზარდოს ყოველ მომდევნო შვილზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მიმღებ მრავალშვილიან დედებს, რომელთაც ყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) ან მეტი შვილი „დედის დღე“-ის დღესასწაულის აღსანიშნავად გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე მრავალშვილიან ოჯახებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

5. სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს მრავალშვილიანი ოჯახების თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას ყოველთვიურად წლის განმავლობაში შემდეგი ოდენობით:

ა) ელექტროენერგიის თანადაფინანსება 20 (ოცი) ლარის ოდენობით;

ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 40  (ორმოცი) ლარის ოდენობით.

6. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში მშობლებმა (მშობელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) მშობლის (დედა, მამა) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების  აბონენტისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;

ვ) სოციალური სააგენტოდან სარეიტინგო ქულების ამონაწერი (არსებობის შემთხვევაში).


მუხლი 3. მარტოხელა მშობლების დახმარება
1. მარტოხელა მშობლებს „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. მარტოხელა მშობელს გაეწიოს ყოველთვიური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

3. განხორციელდეს მარტოხელა მშობლის თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას ყოველთვიურად წლის განმავლობაში შემდეგი ოდენობით:

ა) ელექტროენერგიის თანადაფინანსება 20 (ოცი) ლარის ოდენობით;

ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 40  (ორმოცი) ლარის ოდენობით.

4. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების  აბონენტისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი.


მუხლი 4. ოჯახების დახმარება შვილის შეძენისას.
1. ახალშობილის შეძენის შემთხვევაში ყველა ოჯახი მიიღებს 1000 ლარს  ერთჯერადად პირველ შვილზე, 2000 ლარს მეორე შვილზე, 3000 ლარს მესამე შვილზე, 4000 ლარს მეოთხე შვილზე,  მე-5 ახალშობილზე 5000 ლარს და ა.შ.  ახალშობილის ოჯახი  ყოველთვიურად მიიღებს  200 ლარს ბავშვის ორი წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით.

2. შვილის შეძენისას ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემაზე არ ვრცელდება  ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრულ სოციალური დახმარების არსებითი დათქმა, საგამონაკლისო წესით  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განცხადების მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მუდმივად მცხოვრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან  საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე ის პირები, რომელთაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვთ ბორჯომის მუნიციპალიტეტი. საგამონაკლისო წესი ვრცელდება, როგორც ერთჯერად, ასევე ყოველთვიურ 200 (ორასი) ლარიან დახმარებაზეც, რომელსაც ახალშობილის ოჯახი მიიღებს ბავშვის 2 წლის ასაკის შესრულებამდე.

3. ტყუპი ახალშობილის შეძენის შემთხვევაში დაცული იქნეს შვილთა რაოდენობის  რიგითობა (მაგ. ტყუპი ახალშობილის შეძენისას  პირველი შვილს 1000 და მეორე შვილს  2000 ლარი და ა.შ.)

4. დახმარების მისაღებად მშობლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დევნილის მოწმობა არსებობის შემთხვევაში);

გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. ფინანსური დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუკი დადგენილებით განსაზღვრული ფინანსური დახმარების გაცემის საფუძველი დადგა გასული წლის დეკემბრის თვეში, ხოლო მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ მიღებულია მომდევნო საბიუჯეტო წელს. ამ შემთხვევაში ფინანსური დახმარება გაიცემა მომდევნო წლის ბიუჯეტიდან შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში.


მუხლი 5. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ქორწინებაში რეგისტრირებული ოჯახების დახმარება
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ქორწინებაში რეგისტრირებულ ოჯახებს წახალისების მიზნით გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით

2. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ქორწინების დამადასტურებელი მოწმობა;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობები (დევნილის მოწმობა არსებობის შემთხვევაში);

დ) განმცხადებლის ან მეუღლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.


მუხლი 6. 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი პირების დახმარება
1. 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი პირების ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, გარდა ამისა დამატებით ერთჯერადი დახმარება გაეწიოთ:

ა) „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს“ 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

ბ) „ახალი წლის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ) „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს დედ-მამით ობოლი ბავშვის/ების კანონიერი წარმომადგენლების ოჯახების (პირების) თანადაფინანსება კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების გადახდისას ყოველთვიურად წლის განმავლობაში შემდეგი ოდენობით:

ა) ელექტროენერგიის თანადაფინანსება 20 (ოცი) ლარის ოდენობით;

ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 40  (ორმოცი) ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად კანონიერმა წარმომადგენელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის და ბავშვის/ების დაბადების მოწმობის ასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების  აბონენტისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი.


მუხლი 7. 18  წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება
1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით, გარდა ამისა დამატებით ერთჯერადი დახმარება გაეწიოთ „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. საკურორტო მომსახურება მიეცემა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს. ერთ ბენეფიციარზე საკურორტო მომსახურება განკუთვნილია ერთჯერადად არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით. ვაუჩერის მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში ან კერძო გამქირავებელთან 6 დღე-ღამით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მიმღებ  ოჯახებს „დედის დღე“-ის დღესასწაულის აღსანიშნავად გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს  18 წლამდე შშმ პირების ოჯახების თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას ყოველთვიურად წლის განმავლობაში  შემდეგი ოდენობით:

ა) ელექტროენერგიის თანადაფინანსება 20 (ოცი) ლარის ოდენობით;

ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 40  (ორმოცი) ლარის ოდენობით.

5. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) დახმარების მიმღების მიერ არჩეული სასტუმროს რეკვიზიტები და ინვოისი ან კერძო გამქირავებელთან (შემოსავლების სამსახურში გადამხდელად რეგისტრირებული) დადებული ხელშეკრულება და გადამხდელის დამადასტურებელი საბუთი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. თანხის გადარიცხვა მოხდება სასტუმროდან წარმოდგენილი შესრულებული მიღებული მომსახურების საფუძველზე;

თ) კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების  აბონენტისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.


მუხლი 8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვანი პირების დახმარება
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვან (I ჯგუფი) პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის წევრმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) კანონიერი წარმომადგენლის არსებობისას აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 


მუხლი 9. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეების დახმარება
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 (ასი) და მეტი წლის მოქალაქეებს გაეწიოთ ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 ლარის  და საიუბილეო თარიღზე ერთჯერადად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ნათესაური კავშირის ან კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.


მუხლი 10. ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე (ქ. ბორჯომი, აღმაშენებლის ქუჩა №31 ს/კ 64.23.02.605.01.528) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“ (ს/კ401981931) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრ „თებეს“ კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადის დაფინანსება ყოველთვიურად, წლის განმავლობაში.

2. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე (ქ. ბორჯომი, ქეთევან წამებულის ქუჩა №5) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის – არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირის „ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა“ (ს/კ 426114466), კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადის დაფინანსება ყოველთვიურად, წლის განმავლობაში.


მუხლი 11. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ დაფინანსება
1. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ (ს/კ 226166154) დაფინანსების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სიღატაკის ზღვარზე მყოფი და სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად შეჭირვებული ბენეფიციარების ყოველდღიურად უფასო ერთჯერადი საკვებით უზრუნველყოფა.

2. მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების და ბენეფიციართა შერჩევის წესი განსაზღვრულია დანართი №2 შესაბამისად.


მუხლი 12. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახების დახმარება ზამთრის პერიოდისთვის საშეშე მერქნის შესაძენად
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ზამთრის პერიოდში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც  რეგისტრირებულები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“ და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს, ყოფითი პირობების გაუმჯობესებისათვის გაეწიოთ ერთჯერადად   ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით საშეშე მერქნის შესაძენად. დახმარების გაცემა განხორციელდეს მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული სიების საფუძველზე.

 


მუხლი 13. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული და მარჩენალდაკარგული პირების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანების, ასევე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი) საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირების და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე ვეტერანების დახმარება
1. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით „მეორე მსოფლიო ომის“ მონაწილე ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება  200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებს (მათ შორის დევნილებს) გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

3. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით:

ა) „მეორე მსოფლიო ომის“ მონაწილეებთან გათანაბრებულ და მარჩენალდაკარგულ პირებს;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში და სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი) საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს;

გ) ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს;

დ) 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს;

ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და  დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალური დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა“-ში და სარეიტინგო ქულა 160000-ს არ აღემატება;

ვ) „ომის ვეტერანის“ სტატუსის  მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (I და II ჯგუფი) პირებს.

4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა გარდაცვალებისას  ოჯახისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

5. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დევნილის მოწმობა არსებობის შემთხვევაში)

გ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი, მარჩენალდაკარგულის დამადასტურებელი დოკუმენტი, 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) გარდაცვლილ ომის ვეტერანთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.


მუხლი 14. სარიტუალო დაკრძალვის ხარჯები
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალებისას ოჯახს გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. სარიტუალო დაკრძალვისთვის დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ოჯახის წევრის/ნათესავის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დევნილის მოწმობა);

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა (უპატრონო/უჭირისუფლო) მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისთვის გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

4. სარიტუალო დაკრძალვისთვის დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მეზობლების ერთობლივი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის შუამდგომლობის წერილი;

გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი.


მუხლი 15. რეინტეგრირებული  ბავშვების ოჯახის ფინანსური დახმარება
1. რეინტეგრირებული  ბავშვის ოჯახს გაეწიოს ფინანსური  დახმარება ყოველთვიურად   200 (ორასი) ლარის  ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) რეინტეგრირებული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) მშობლის/ების პირადობის მოწმობის ასლი;

დ) მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეინტეგრაციის შესახებ.

3. დახმარების შეწყვეტის საფუძველია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეინტეგრაციის შეწყვეტის შესახებ.


მუხლი 16. „ცელიაკია“-ს დიაგნოზის მქონე ბენეფიციართა დახმარება
1. პროგრამა ითვალისწინებს ცელიაკიას დიაგნოზის (ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება) მქონე პაციენტის ყოველთვიურ დაფინანსებას 150 (ას ორმოცდაათი) ლარით.

2. პროგრამაში ჩასართავად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღები ბენეფიციარის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაბადების მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში);

დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ  (ფორმა №IV-100/ა);

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.


თავი II
ამბულატორიული, სტაციონარული და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა

მუხლი 17. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ჯანმრთლობის დაცვის პროგრამის მიზანი

 

პროგრამის მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბოლო 1 (ერთი) წლის მანძილზე რეგისტრირებული  მოქალაქისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს ძვირადღირებული სტაციონარული და ამბულატორიული დაფინანსების მიღება, ასევე მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალური მდგომარეობის გაჯანსაღებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, შეძენილი და თანდაყოლილი მძიმე დაავადებების სათანადო სტაციონარულ, ამბულატორიულ და სარეაბილიტაციო მკურნალობას.

 


მუხლი 18. ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს და საჭიროებენ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურეობას დაფინანსდებიან 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა.

2. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არის 160 000 დან 200 000-მდე და საჭიროებენ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას დაფინანსება გაეწიოთ 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.

3. პირები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში  (გარდა „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, აუტისტური სპექტრის, დაუნის სინდრომის მქონე პირების, ფისტულის ჩადგმის საჭიროების მქონე  დიალიზიანი პაციენტების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრების, 18 წლამდე დედ-მამით ობლების, 18 წლამდე შშმ პირების, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებისა 5 წლამდე ასაკის ბავშვებისა, საპენსიო ასაკის პირებისა,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის შშმ ვეტერანების, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა)  და საჭიროებენ როგორც ამბულატორიულ ასევე სტაციონარულ სამედიცინო მომსახურეობას, გაეწიოთ დაფინანსება 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.

4. „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე პირების (სარეაბილიტაციო ცენტრებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე), ასევე მრავალშვილიანი ოჯახის წევრების, ობლებისა 18 წლამდე შშმ პირებისა და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების, 5 წლამდე ასაკის ბავშვების, ფისტულის ჩადგმის საჭიროების მქონე  დიალიზიანი პაციენტების,  საპენსიო ასაკის პირების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის შშმ ვეტერანთა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების მკურნალობის დაფინანსება განხორციელდეს სრულად, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.

5. პირებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, რომლის თანხა არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს დაფინანსება გაეწევათ სრულად.

6. სრული დაფინანსებით ისარგებლებენ კარდიოლოგიური პაციენტები  წლის განმავლობაში 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარით, მაღალტექნოლოგიური კვლევებისა და კარდიოქირურგიული ჩარევის საჭიროებისას.

7. ქვეპროგრამის მოქმედება არ ვრცელდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, ტრანსპლანტაციის ხარჯებზე, ესთეტიკურ, პლასტიკურ ქირურგიაზე, კურორტულ მომსახურებაზე და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე (გარდა ყბა-სახის ქირურგიისა), ასევე არ დაფინანსდება არჩეული  აყვანილი ექიმის და "ვიპ" პალატის ღირებულება. ბენეფიციართა დაფინანსება მოხდება წელიწადში ერთჯერადად.

8. დაფინანსების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი (საჭიროების შემთხვევაში დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი);

გ) დაბადების მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში);

დ) სამედიცინო დაწესებულებიდან: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა,), ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია (დედნები ან/და ელექტრონული ვერსია), სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის ასლი (დაფინანსების შემთხვევაში) ან  სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული  წერილობითი ინფორმაცია მოქალაქის დაფინანსების ან არ დაფინანსების თაობაზე;

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ვ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის დაფინანსების შემთხვევაში წარმოდგენილი იქნეს მინდობით აღზრდაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი  სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურიდან.  


მუხლი 19.  ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. პირები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო ჩაუტარდათ სტაციონარული მკურნალობა/მეთვალყურეობა არანაკლებ 24 საათის განმავლობაში (ან გაეწერა ბოლო 1 თვის მანძილზე) და საჭიროებენ სათანადო მედიკამენტებით მკურნალობას, გაეწიოთ დაფინანსება  200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით სარგებლობა განხორციელდება წელიწადში ერთჯერადად.

3. დაფინანსების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა)   განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი (საჭიროების შემთხვევაში დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი);

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობაში (ფორმა №IV-100/ა,) დედანი, გაცემული ბოლო 1 თვის მანძილზე, რომლის მე-17 პუნქტში მკურნალი ექიმის მიერ აღნიშნული იქნება იმ სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი, რომლის მიღება აუცილებელია პაციენტისთვის საავადმყოფოდან გაწერის შემდგომ. ფორმა №IV-100/ა-ს ექიმის მიერ ხელით შევსების შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულ პუნქტში სავალდებულოა დანიშნულების ჩამონათვალი და იმავე დღეს გაცემული რეცეპტი;

დ) კალკულაცია  აფთიაქიდან – დედანი.

4. სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) და კალკულაცია (დედანი დოკუმენტი ან/და ელექტრონული).


მუხლი 20. ქრონიკული, იშვიათი და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ჰემოდიალიზზე მყოფ პირებს დროული და სათანადო მედიკამენტებით მკურნალობისთვის გაეწიოთ დაფინანსება ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, კალენდარული წლის განმავლობაში 1200 (ათას ორასი) ლარით.

2. პირები, რომლებიც დაავადებულები არიან ენცეფალოპატიით და პარკინსონის კანკალა რიგიდული ფორმით, ასევე დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით და მინიჭებული აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის ყოველ კვარტალში გაეწიოთ დაფინანსება 200 (ორასი) ლარის ოდენობით, კალენდარული წლის განმავლობაში 800 (რვაასი) ლარით.

3. პირები, რომლებიც იმყოფებიან მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში, არ ექვემდებარებიან გადაადგილებას და ესაჭიროებათ მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების შეძენა დაფინანსდებიან 200 (ორასი) ლარის ოდენობით ერთჯერადად.

4. პირებს რომლებსაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ მინიჭებული აქვთ „ბორჯომის საპატიო მოქალაქის“ წოდება, მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის გაეწიოთ დაფინანსება სრულად მთელი წლის მანძილზე, ხოლო დაფინანსების ლიმიტი განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

5. განხორციელდეს კრიზისულ მდგომარეობაში   მყოფი  ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იმ ბავშვის მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომლის მიმართაც მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შემდგომ შემუშავებულია ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა.  დაფინანსდება ოჯახში მცხოვრები  თითოეული ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვი ერთჯერადად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

6. საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა  200 000-მდეა,  მედიკამენტების შესაძენად დაუფინანსდებათ 200 ლარი  ერთჯერადად.

7. შშმ ვეტერანები მედიკამენტების შესაძენად დაფინანსდებიან  ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

8. დაფინანსების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა)   განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი (საჭიროების შემთხვევაში დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი);

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ  გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა)  - დედანი (ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფორმა №IV-100/ა, წარმოდგენილი იქნება ერთჯერადად წლის დასაწყისში);

დ) კალკულაცია  აფთიაქიდან-დედანი;  (ფორმა №IV-100/ა და კალკულაცია აფთიაქიდან მიიღება ელექტრონული ფორმითაც);

ე)  ოჯახის სარეიტინგო ქულის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ვ) „ბორჯომის საპატიო მოქალაქის“ წოდების მოქონე პირებისათვის საპატიო წოდების დამადასტურებელი საბუთი;

ზ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი ცნობა ამ მუხლის მე-7 პუნქტის შემთხვევაში.

9. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების გარდა, ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა განხორციელდეს წელიწადში ერთჯერადად. 


მუხლი 21. ონკოლოგიური პაციენტების დახმარება
1. ონკოლოგიური პაციენტების (I, II და IV კლინიკური ჯგუფი) სადიაგნოსტიკო მაღალტექნოლოგიური კვლევების, ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსებისათვის,  ქიმიოთერაპიის კურსის მიმდინარეობისას ან შემდგომ მკურნალობისათვის და სხვა მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსების ლიმიტი  განისაზღვროს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით ერთჯერადად ან წლის განმავლობაში.

2. ონკოლოგიური პაციენტები (III კლინიკური ჯგუფი), რომლებსაც ესაჭიროებათ სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტები, წელიწადში ერთჯერადად გაეწიოთ დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ადგილობრივი ონკოლოგის ან ოჯახის ექიმის დანიშნულების მიხედვით.

3. დაფინანსების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა)   განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი (საჭიროების შემთხვევაში დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი);

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული:  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა №IV-100/ა დედანი, ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია (დედნები, ან/და ელექტრონული ვერსია);

დ) ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კალკულაცია  აფთიაქიდან -დედანი;

ე) სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის ასლი (დაფინანსების შემთხვევაში) ან  სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული  წერილობითი ინფორმაცია მოქალაქის დაფინანსების ან არ დაფინანსების თაობაზე;

4. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა, (დედანი დოკუმენტი) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული უნდა იყოს არანაკლებ ბოლო ერთი თვის მანძილზე, რომლის მე-17 პუნქტში მკურნალი ექიმის მიერ დაფიქსირებული იქნება სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი,


თავი III
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა

მუხლი 22. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის მიზანი და მოსარგებლეები
1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ბავშვის უფლებების დაცვა, ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერა, ბავშვის ოჯახის გაძლიერება მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

2. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული, მაგრამ ფაქტობრივად მცხოვრები კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახები, მათ შორის შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი, სოციალურად დაუცველი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, რომელთა მიმართ მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შემდგომ შემუშავებულია ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა.


მუხლი 23. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს:

ა) სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოსწავლის სტატუსის მქონე ბავშვის ერთჯერად ფინანსურ მხარდაჭერას 300 (სამასი) ლარის ოდენობით სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.

ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ოჯახის ყოველთვიურ ფულად დახმარებას ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის მოქმედების ვადით ოჯახში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, რომელიც მოხმარდება საკვები პროდუქტის, ჰიგიენური საშუალებების, ბავშვის ხელოვნური საკვებისა და ჰიგიენური საფენების შეძენას;

გ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ერთჯერად ფინანსურ მხარდაჭერას 100 (ასი) ლარის ოდენობით „ბავშვთა საერთაშორისო  დღე“-სთან  დაკავშირებით.


მუხლი 24. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღება.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების საფუძველია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შედეგად წარმოდგენილი დასკვნა, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ბ) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) არსებობის შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) არსებობის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი - სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტი ფორმა NIV-50/4;

ე) 23-ე მუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

ვ) ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.


თავი IV
დაფინანსების ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 


მუხლი 25. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების განხორციელების და ანგარიშსწორების წესი
1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისას გათვალისწინებულია საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლის  ან  სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მოქალაქის დაფინანსების ან არ დაფინანსების თაობაზე წერილობითი ინფორმაცია.  

2. ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება გათვალისწინებულია საყოველთაო და რეფერალური პროგრამით დაფინანსების ზემოთ დარჩენილ თანხაზე, ასევე იმ მომსახურებაზე და მედიკამენტებზე, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო და რეფერალური პროგრამით.

3. პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო დაფინანსება არ ვრცელდება:

ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე და ტრანსპლანტაციის ხარჯებზე;

ბ) კურორტულ მომსახურებაზე, ესთეთიკურ და პლასტიკურ ქირურგიაზე;

გ) სტომატოლოგიურ მომსახურებაზე, გარდა ყბა-სახის ქირურგიული მომსახურებისა;

დ) პროგრამით მოსარგებლის მიერ აყვანილი ექიმის  და „ვიპ პალატის“ არჩევისას.

4. მუნიციპალიტეტის მიერ ანგარიშსწორება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების და აფთიაქის მიერ მედიკამენტების გაცემის დამადასტურებელი საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 26. სამედიცინო მომსახურების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია
1. სტაციონარული, ამბულატორიული და სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და დაბადების მოწმობა;

გ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის დაბადების ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობით აღზრდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა,),რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი ICD-10-ის მიხედვით;

ვ) ანგარიშ - ფაქტურა ან/და ინვოისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისგან;

ზ) დაბადებიდან 18 წლამდე პირების სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული სამედიცნო სარეაბილიტაციო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა;

თ) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირის შემთხვევაში სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის  დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობისთვის მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომლის გაცემის დღიდან გასულია არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა,  ხოლო ჰემოდიალიზზე მყოფმა პირებმა უნდა წარმოადგინონ წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკიდან გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა -ფორმა №IV-100/ა,  (დედანი) ერთჯერადად წლის დასაწყისში;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობაში (ფორმა №IV-100/ა) მკურნალი ექიმის  მიერ აღნიშნული უნდა იყოს იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლის მიღება ბინაზე მკურნალობის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტის ჯანმრთელობისთვის, ან/და მკურნალი ექიმის მიერ ბინაზე გაწერის დღეს გაცემული რეცეპტი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 


მუხლი 27. სოციალური დაცვის პროგრამის განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანო
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის პროგრამის განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახური.

2. პირველი მუხლით განსაზღვრული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ)დამუშავებაზე.


მუხლი 28. ბენეფიციართა განცხადებებისა და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის წესი
1. განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტაციას მოქალაქე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.

2. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.


მუხლი 29. გადაწყვეტილების მომზადება
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების გაწევის შესახებ შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური.

2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.

3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

4. მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი.


მუხლი 30. საგარანტიო წერილის გაცემის წესი და მოქმედების ვადა
1. სამედიცინო მომსახურების ან/და ყველა სხვა საჭიროების დაფინანსებაზე გაცემული საგარანტიო  წერილი ძალაშია გაცემის თარიღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.

2. საგარანტიო წერილში ცვლილებები ხორციელდება მოსარგებლე პირის/მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, უკვე გაცემული საგარანტიო წერილის დედნის დაბრუნებისას იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია:

ა) სამედიცინო მომსახურების საგარანტიო წერილის ვადის გაგრძელება ერთჯერადად, საგარანტიო წერილის მოქმედების პერიოდში;

ბ) საგარანტიო წერილში ტექნიკური ხარვეზის გასწორება;

გ) ამავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაიცემა ახალი  საგარანტიო წერილი, რომლის ვადა აითვლება გაცემის დღიდან.


მუხლი 31. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების წესი
1. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.

2. ანგარიშსწორებისას მომწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი);

გ) გაცემული საგარანტიო წერილის ქსეროასლი;

დ) სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა),  ასეთი ტიპის დოკუმენტის წარმოების შესაძლებლობის შემთხვევაში.

3. საგარანტიო წერილით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება მოხდება შესაბამისი სამედიცინო ან სხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი საფინანსო დოკუმენტაციის საფუძველზე.


მუხლი 32. ქვეპროგრამის განხორციელების ვადა
ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.


დანართი N2
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების და ბენეფიციართა შერჩევის წესი

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქვეპროგრამა – ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სიღატაკის ზღვარზე მყოფი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა (06 02 02);

ბ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“;

გ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიანად მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;

ე) უფასო სასადილო – ქვეპროგრამის განმახორციელებლი.

 


მუხლი 2. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“ (ს/კ 226166154).

2. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ დაფინანსება ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ითვალისწინებს 260 (ორას სამოცი) ბენეფიციარის უფასო კვებით უზრუნველყოფას.

3. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“ მე-2 მუხლით განსაზღვრულ ბენეფიციარებს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს კვებით, კვირაში 6 (ექვსი) დღის განმავლობაში (კვირა დღის გარდა).

4. მენიუს შემადგენლობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.

5. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა აღრიცხვა ყოველთვიურად ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებელის მიერ შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალებში.


მუხლი 3. ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების განსაზღვრა
1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირს წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული შემდეგი პირები:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;

ბ) მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

გ) მარტოხელა უმუშევარი პენსიონერები;

დ) საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამონაკლისი ვრცელდება იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

2. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“ უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს კომისიის დასკვნა მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ.

3. პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრში“ 2019 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე.


მუხლი 4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რეგისტრაცია
1. უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირი მიმართავს ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი-ს დირექტორს“.

2. დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს;

ა) განცხადება ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ს დირექტორის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ჯანმრთელობის ცნობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).

3. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ კომისიის დასკვნის საფუძველზე. კომისია განცხადებას განიხილავს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში და ამზადებს შესაბამის დასკვნას.


მუხლი 5. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი და წესი
1. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება:

ა) ბენეფიციარის პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს;

გ) ბენეფიციარმა საცხოვრებელი ადგილი აღარ მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში;

დ) ბენეფიციარი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ სარგებლობს მომსახურებით და ეს გარემოება არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;

ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა.

2. გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად დარეგისტრირების/რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ დირექტორი იღებს წერილობითი სახით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად.

 


მუხლი 6. ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი
ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.


დანართი N3
ბორჯომის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის  პროგრამა (შემდგომში „პროგრამა“) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტისა და 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „პერსონალური ასისტენტის მომსახურების ქვეპროგრამის შესაბამისად განსაზღვრავს პერსონალური ასისტენტის მომსახურების განხორცილების პირობებს, მოცულობას, მომსახურებაში ჩართვისა და მომსახურების მიწოდების წესებს.

2. პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებას და დადგენილი სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებების განხილვას და პროგრამით დადგენილ კრიტერიუმების საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.


მუხლი 2. პროგრამის მიზანი და ამოცანა
1. პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტენტის საშუალებით.

2. პროგრამის ამოცანაა ამ პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში მომსახურების მიმღები პირისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმღებთა მიერ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების მიღება, ხელი შეუწყოს მათ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში.


მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პერსონალური ასისტენტის სერვისი – სერვისი (მომსახურება), რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას;

ბ) რეგულარული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა ფიზიკური, სენსორული, ასევე მსუბუქი ან საშუალო გონებრივი შეზღუდვის და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს და არ მოითხოვს სპეციალიზებულ მომზადებას, სატრენინგო კურსის გავლას. ამ დროს, საკმარისია ზოგადი/ძირითადი მოსამზადებელი სატრენინგო კურსის გავლა;

გ) სპეციალიზებული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდვის, მძიმე ფიზიკური, ასევე მრავლობითი შეზღუდვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მოითხოვს სპეციალიზებულ/დამატებით მომზადებას – სატრენინგო კურსის გავლას;

დ) მიმწოდებელი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში პერსონალურ ასისტირების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული იურიდიული პირი (ორგანიზაცია);

ე) მომსახურების მიმღები – ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (მათ შორის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული), 18 წელზე უფროსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტით (ფორმა №IV-50/2) დაუდგინდა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება, ასისტირების ტიპი და სარგებლობს პერსონალური ასისტენტის მომსახურებით;

ვ) მომსახურების მაძიებელი – პირი, რომელიც განაცხადით მიმართავს მუნიციპალიტეტს პერსონალური ასისტენტის მომსახურებაში ჩარიცხვის შესახებ;

ზ) ვაუჩერი – მუნიციპალიტეტის მიერ ამ პროგრამის მიზნობრივი ჯგუფისთვის გადაცემული მიმოქცევადი მატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია პერსონალური ასისტენტის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად;

თ) მომსახურების მიღების მსურველთა სია – სია, რომელშიც შეყვანილია მომსახურების მაძიებელი, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა;

ი) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

კ) სააგენტო – სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.


მუხლი 4. პროგრამის აღწერა და ინფორმაციის გავრცელება
1. პერსონალური ასისტენტის სერვისი მიმართულია ხელი შეუწყოს მომსახურების მიმღებ პირს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში. ამ მიზნით, პერსონალური ასისტენტის სერვისი მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით შეიძლება  მოიცავდეს კვების, საკუთარი თავის მოვლის, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მომსახურების მიღებაში, ასევე მუშაობისა და დასვენების, დღის დაგეგმვის ან/და სხვა მსგავს აქტივობებში დახმარებას.

2 პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის შესახებ ინფორმაციის (სერვისის შინაარსი, ფორმები, ასისტირების სფეროები, მოცულობა, სამიზნე ჯგუფი, უფლებები, ინფორმაციას პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის/ების შესახებ და სხვა) გავრცელებას უზრუნველყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია შემდეგი საშუალებებით:

ა) ადგილობრივი საინფორმაციო მედია;

ბ) სოციალური ქსელი;

გ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი https://www.borjomi.gov.ge/;

დ) მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.


მუხლი 5. პროგრამით მომსახურების მიმღები პირები და პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები
1. პროგრამით დადგენილი მომსახურების მიმღები პირია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირებისთვის პროგრამაში ჩართვის დამატებითი კრიტერიუმებია:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს;

ბ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი;

გ) მარტოხელა პენსიონერი (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი);

დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი;

ე) მრავალშვილიანი ოჯახის სრულწლოვანი პირი.

3. პროგრამაში ჩართვის პრიორიტეტებია:

ა) წინა წლის განმავლობაში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით სარგებლობა;

ბ)  ერთდროულად ორი და მეტი კრიტერიუმის დაკმაყოფილება;

გ) მომსახურების მიღების მსურველთა სიაში რეგისტრაცია.


მუხლი 6. პროგრამაში ჩართვის პროცედურები და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. მომსახურების მაძიებელი (მხარდამჭერი, კანონიერი წარმომადგენელი) განცხადებით მიმართავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას შემდეგი დოკუმენტაციით:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი;

დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

 2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს წარდგენილი დოკუმენტები. თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილია და ამასთან ერთად განმცხადებელი აკმაყოფილებს მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია აცნობებს განმცხადებელს შეფასების პროცედურის გასავლელად 1 თვის ვადაში  უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვის აუცილებლობას, რომელიც სტანდარტიზებული კითხვარის საფუძველზე განსაზღვრავს მომსახურების მაძიებელი პირის  პერსონალური ასისტირების საჭიროებას (რეგულარული/სპეციალიზებული).

3. მომსახურების მაძიებლის შეფასების შემდგომ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმა/დასკვნა 1 თვის ვადაში წარდგენილ უნდა იქნეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში პროგრამაში ჩართვის საკითხის განხილვის მიზნით.

4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური განიხილავს განმცხადებლის პროგრამაში ჩართვის საკითხს განცხადების, თანდართული დოკუმენტების, შეფასების ფორმის/დასკვნის საფუძველზე  მიზნობრივი ტრანსფერის სახით პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით და იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მაძიებელი პირის პროგრამაში ჩართვის ან პროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ.  მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება მომსახურების მაძიებელს.

 5. თუ მომსახურების მაძიებელი აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა, სურვილის შემთხვევაში, პირი შეყვანილ იქნება მომსახურების მიღების მსურველთა სიაში. მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში შესაბამისი რესურსის გამოთავისუფლების შემთხვევაში (მომსახურების მიმღების გამოთიშვა პროგრამიდან, ტრანსფერის მოცულობის ზრდა, და ა.შ.) ამ სიაში შეყვანილ პირთა დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის  მიერ.  


მუხლი 7. პროგრამაში ჩართვის ორგანიზება
1. პროგრამაში ჩართვის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მომსახურების მაძიებელს ეცნობება დადებითი გადაწყვეტილება და ეგზავნება მუნიციპალიტეტში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია.

2. შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მომსახურების  უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტში მომსახურების  მიმწოდებლად რეგისტრირებულ მისთვის სასურველ ორგანიზაციას პერსონალური ასისტენტის შერჩევის,  ასისტირების მოცულობისა და პირობების შეთანხმების მიზნით.

3. მომსახურების მიღების მსურველის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ მიმწოდებელი ორგანიზაციისათვის გაკეთებული მიმართვის საფუძველზე, მიმწოდებელი ორგანიზაცია არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს მომსახურების მიმღების საჭიროებების შეფასებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის N01-13/ნ ბრძანების „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, რომელიც გულისხმობს შემდეგს:

1) ცხოვრების სტილის, გარემოს და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის, სასურველი აქტივობების განხორციელების და მათთან დაკავშირებული საჭიროებების, ასისტირებისთვის საჭირო საათების ოდენობის და მომსახურების სახეების განსაზღვრას ვაუჩერით დადგენილი თანხის ფარგლებში და უზრუნველყოფს მომსახურების მიმღები პირის მიერ პერსონალური ასისტენტის/ასისტენტების შერჩევას, მისი სურვილის, შესაძლებლობების, საჭიროებების (მაგ.: ასაკი, სქესი, პიროვნული თვისებები, კულტურული თავისებურებები, ინტერესები, საკომუნიკაციო ენა, ჩვევები და ა.შ.) და ასისტენტის კომპეტენციების გათვალისწინებით.

2) მიმწოდებელი ორგანიზაცია მომსახურების მიმღებ პირთან შეთანხმებით თანამშრომლობს მასთან დაკავშირებულ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სფეროს სპეციალისტებთან და უზრუნველყოფს არსებული ინდივიდუალური განვითარების გეგმების მიზნების შესაბამისად მომსახურების მიმღები პირისთვის დანიშნული პროცედურების/დავალებების შესრულებაში, უნარების განვითარებაში დახმარებას.

4. პერსონალური ასისტენტის შერჩევის შემდეგ 5 სამუშაო დღის ვადაში პერსონალურ ასისტენტს, მომსახურების მიმღებ პირსა და მიმწოდებელს შორის ფორმდება პერსონალური ასისტირების მომსახურების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს პერსონალური ასისტენტის მიერ გასაწევი საქმიანობების/მომსახურების სფეროებს, ვალდებულებებს, ვადებს, მომსახურების განრიგს, კონფიდენციალურობის დაცვის და უსაფრთხოების საკითხებს, ურთიერთობის წესებს და მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა სპეციფიკურ ასპექტებს. მხარეებს შორის გასაფორმებელი სამმხრივი ხელშეკრულების პროექტი მომსახურების დადგენილ სტანდარტებთან და შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად წარედგინება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.

5. მე-7 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების არასაპატიო მიზეზით დარღვევა ან მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას, მომსახურების მიმღებსა და პერსონალურ ასისტენტს შორის შეთანხმების მიუღწევლობა წარმოადგენს პროგრამაში მაძიებლის ჩართვაზე უარის თქმის საფუძველს.


მუხლი 8. მომსახურების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები
1. მომსახურების შეჩერების საფუძვლებია:

ა) მომსახურების მიმღების (მომსახურების მიმღების მხარდამჭერის, კანონიერი წარმომადგენლის) პირადი განცხადება;

ბ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეჩერება, შეჩერების ვადით ან არაუმეტეს პროგრამის მოქმედების ვადისა;

გ) გარემოების ცვლილება, რომელიც საჭიროებს ასისტირების ტიპის ცვლილებას.

2.  მომსახურების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) მომსახურების მიმღების (მომსახურების მიმღების მხარდამჭერის, კანონიერი წარმომადგენლის) პირადი განცხადება;

ბ) მომსახურების ზედიზედ 60 დღის მანძილზე გამოუყენებლობა;

გ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეწყვეტა;

დ) მომსახურების მიმღების რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როდესაც ახალი რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი სცილდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას;

ე) მომსახურების მიმღების (მხარდამჭერის, კანონიერი წარმომადგენლის)  მიერ სამმხრივი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა;

ვ) მომსახურების მიმღების ჩართვა სხვა მსგავს პროგრამაში;

ზ) გარემოებების არსებითი ცვლილება, რომლის შედეგადაც მომსახურების მიმღები ვეღარ აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს;

თ) მომსახურების მიმღების გარდაცვალება.


მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი და პროგრამის დაფინანსება
1. პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით.

2. პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსდება, რომელიც ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმით, მოიცავს მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიმღები პირის შეფასებას, პერსონალური ასისტენტის ხელფასს, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ადმინისტრირების და საზედამხედველო ხარჯებს.

3. მომსახურების მიმღები პირისთვის მისი სურვილისა და საჭიროების გათვალისწინებით პერსონალური ასისტენტის მომსახურება დაფინანსდება:

ა) რეგულარული ასისტირებისთვის – არაუმეტეს თვეში 60 საათი;

ბ) სპეციალიზებული ასისტირებისთვის – არაუმეტეს თვეში 120 საათი.

4. რეგულარული ასისტირებისთვის დაფინანსების ოდენობა (ტარიფი) არის საათში 12 ლარი, ხოლო სპეციალიზებული ასისტირებისთვის – საათში 13 ლარი.

5. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერის მეშვეობით ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.

6. გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად მიმწოდებელი პროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას ფაქტობრივად გაწეული საათობრივი მომსახურების შესახებ (ბენეფიციართა რეესტრი და მომსახურების მიწოდების  დამადასტურებელი დოკუმენტები) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.


მუხლი 10. მომსახურების მონიტორინგი
1. პერონალური ასისტენტის მომსახურების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის  უზრუნველყოფის მიზნით მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური:

ა) პერიოდულად ახორციელებს მიწოდებული მომსახურების სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან, მათ შორის, პერსონალის მიმართ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმებას;

ბ) მომსახურების არასათანადოდ განხორციელების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს კონკრეტული ფაქტის შესწავლას;

გ) მონიტორინგის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს მიმწოდებლისთვის და ახორციელებს რეკომენდაციების შესრულების კონტროლს;

დ) პერიოდული მონიტორინგის და კონკრეტული ინფორმაციის მიღების შედეგად განხორციელებული მონიტორინგის, ასევე გაცემული რეკომენდაციების გონივრულ ვადაში შესრულების შემოწმების საფუძველზე, უფლებამოსილია დასვას მიმწოდებლისთვის რეგისტრაციის შეწყვეტის საკითხი.


მუხლი 11. პროგრამის მოქმედების ვადა
პროგრამის მოქმედება იწყება 2025 წლის 1 იანვრიდან და მოქმედებს 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 



დანართი N4

                              პერსონალური ასისტენტის პროგრამის ვაუჩერი N

 

 

 

 

გამოყენების პერიოდი:  წელი _2_  _0_  _2_  ___   თვეები _.      _.               __.    _

 

 

მომსახურების მიმღები:

 

 

  სახელი:  _ ___________.  _.         _  გვარი:  ______    __.         ___.       _________________

 

  პირადი ნომერი:   ___________________________________________

 

 

მომწოდებელი ორგანიზაცია:     ________.                  _.        ___________________

 

 

 

  საიდენტიფიკაციო კოდი:   ___________________________________________ 

 

 

 

 

გაცემის თარიღი:                                       ____ /____ / _______

 

 

პასუხისმგებელი პირის   ხელმოწერა: __________________                             ბ. ა.