„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 82-Iმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.102401
82-Iმს-XIმპ
12/12/2024
ვებგვერდი, 28/12/2024
010240010.05.001.102401
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს კანონი
 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) მე-14 მუხლის   მე-2 პუნქტის:

ა) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1) კულტურის;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) სპორტის;“.

მუხლი 2

1. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს კულტურის სამინისტროდ და საქართველოს სპორტის სამინისტროდ.

2. კულტურის მიმართულებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს კულტურის სამინისტროს. საქართველოს კულტურის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ კულტურის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

3. სპორტის მიმართულებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს სპორტის სამინისტროს. საქართველოს სპორტის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ სპორტის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

4. კულტურის მიმართულებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს კულტურის სამინისტრო, ხოლო სპორტის მიმართულებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ − საქართველოს სპორტის სამინისტრო.

5. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მის სისტემაში არსებული სხვა, შესაბამისი უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყებების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, ამ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე უწყებებს.

6. ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებული პირები (საჯარო მოხელეები, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი  საქართველოს კულტურის სამინისტროში ან საქართველოს სპორტის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხოლო ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში − მათ ტოლფას თანამდებობებზე.

7. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შექმნას სათათბირო ორგანო − კომისია, რომელიც განსაზღვრავს იმ უფლებამონაცვლე სამინისტროს, რომელშიც უნდა იქნეს გადაყვანილი ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებული შესაბამისი პირი (საჯარო მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი). ეს კომისია ხელმძღვანელობს საჯარო მოხელის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ განხორციელებული საქმიანობით, მისი სამსახურებრივი ფუნქციებით, მოვალეობებითა და კვალიფიკაციით.

8. საქართველოს მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში შექმნას კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს სპორტის სამინისტროსთვის გადასაცემი აქტივების, მიმდინარე ვალდებულებებისა და სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სამინისტროებისთვის მათ გადაცემას. ამ კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

9. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია  სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაეცეს კულტურის სფეროში მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, ხოლო საქართველოს სპორტის სამინისტროს − სპორტის სფეროში მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში.

10. უფლებამონაცვლე სამინისტრო უფლებამოსილია ამ პუნქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა ამ სამინისტროში ან/და მის სისტემაში (სტრუქტურაში) დაიწყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაციის და, შესაბამისად, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესი.

11. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა საჭიროების შემთხვევაში, ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში სათანადო უწყებების წარდგინებით უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე სათანადო ნორმატიული აქტების (მათ შორის, ერთობლივი ნორმატიული აქტების) მიღება/გამოცემა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი−მე-6 და მე-8−მე-11 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი−მე-6 და მე-8−მე-11 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                                 შალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

12 დეკემბერი 2024 წ.

№82-Iმს-XIმპ