დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 262-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450090010.05.001.102493 |
|
„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 26) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“. 2. პრეამბულა ამოღებულ იქნეს. 3. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა 1. ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) არის საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ეროვნული ბიბლიოთეკის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტრო. ეროვნულ ბიბლიოთეკაზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. 2. ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, სხვა სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები. ეროვნული ბიბლიოთეკა არის აგრეთვე ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობისა და კულტურის ცენტრი და ამ სამუშაოების კოორდინატორი სამინისტროსთან ერთად.“. 4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი არეგულირებს ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას, აგრეთვე განსაზღვრავს ეროვნული ბიბლიოთეკის ადგილს საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში, მის ძირითად ფუნქციებსა და თავისებურებებს.“. 5. მე-4 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეროვნული ბიბლიოთეკის ადგილი საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეროვნული ბიბლიოთეკის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებით. ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო ნუსხასა და შრომის პირობებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).“. 6. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას მართავს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, შრომით ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგარიშს ბანკში, განაგებს ეროვნული ბიბლიოთეკის სახსრებს, აგრეთვე გამოსცემს ბრძანებებს და იძლევა მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა მუშაკისთვის. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი მინისტრის თანხმობით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილეს და ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტების დირექტორებს.“. 7. მე-11 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამინისტროს გარანტია ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველსაყოფად“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტრო არის ეროვნული ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისა და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის გარანტი. სამინისტრო არ ერევა ეროვნული ბიბლიოთეკის პროფესიულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) ეროვნული ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და ხელშეუხებლობას; ბ) ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის ხელშეწყობას მისი ფინანსური მხარდაჭერით და შესაბამისი საგადასახადო და საკრედიტო პოლიტიკის გატარებით; გ) ეროვნული ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებას, გამდიდრებასა და რეგისტრაციას, აგრეთვე მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის კონტროლს; დ) დადგენილი ნუსხის მიხედვით ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ნაბეჭდი პროდუქციის უფასო სავალდებულო ეგზემპლარების გამოყოფას; ე) ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ხელისუფლების ორგანოებისა და ნებისმიერი უწყების ყველა ნორმატიული აქტის მიწოდებას; ვ) კადრების მომზადებისა და გადამზადების, შრომის ანაზღაურების, სოციალური გარანტიებისა და შეღავათების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას; ზ) ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობის ხელშეწყობას; თ) ეროვნული ბიბლიოთეკის საერთაშორისო საბიბლიოთეკო ორგანიზაციებში გაწევრებას, სხვა სახელმწიფოების ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობას და საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამებში მონაწილეობას.“.
მუხლი 2 1. საქართველოს კულტურის მინისტრმა ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე თანამდებობაზე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. 2. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − სათანადო სამართლებრივი აქტების მიღება (გამოცემა). 3. საქართველოს კულტურის მინისტრმა ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დებულება და საშტატო ნუსხა, აგრეთვე განსაზღვროს მისი ქონების შექმნის წესი.
მუხლი 3 1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. 2. თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გენერალური დირექტორის მოადგილე და თანამშრომლები. 3. ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დასაქმებული პირები მათივე თანხმობით, უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, და შეუნარჩუნდეთ შესაბამისი შრომის ანაზღაურება და სამართლებრივი სტატუსი. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე მათივე თანხმობით, უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, და შეუნარჩუნდეთ შესაბამისი შრომის ანაზღაურება. შესაბამისმა პირებმა ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა წერილობით 2025 წლის 7 მარტამდე უნდა განაცხადონ. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული პირები აღნიშნულ ვადაში არ განაცხადებენ წერილობით თანხმობას, 2025 წლის 10 მარტიდან მათზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მობილობის წესი და ისინი უკონკურსოდ არ იქნებიან გადაყვანილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ამ პირებს არ აქვთ მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე/მათი სამუშაო ადგილების ტოლფას სამუშაო ადგილებზე აღდგენის მოთხოვნის უფლება. 4. 2025 წლის 10 მარტამდე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე (გამოცემამდე).
მუხლი 4 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის უფლებამონაცვლე, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამული კოდებით გათვალისწინებული სახსრების განკარგვის ნაწილში. 2. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბალანსზე რიცხული ქონება, აგრეთვე მისი კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა შესაბამისი საინფორმაციო და კვლევითი რესურსები აღირიცხოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ბალანსზე. 3. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე დადებული ხელშეკრულებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
მუხლი 5 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-4 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი, მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები და მე-4 მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 10 მარტიდან. |
თბილისი, 6 თებერვალი 2025 წ. N262-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები