დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 275-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.102494 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 2391 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“. 2. 353-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 353. წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ 1. პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლით ან ამ კოდექსის 3531 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.“. 3. 3531 მუხლის: ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; დ) აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი ჯგუფურად; ბ) ჩადენილი არაერთგზის; გ) ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით; დ) ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით; ე) რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.“; გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ანდა მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“; დ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლით ან ამ კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.“. 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3532 მუხლი: „მუხლი 3532. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა ან მასზე თავდასხმა ან მის მიმართ სხვა ამგვარი ქმედების ჩადენა 1. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან მის საქმიანობასთან დაკავშირებით − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; დ) აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. 3. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ან/და საჯარო მოსამსახურეზე ან/და მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან მის საქმიანობასთან დაკავშირებით − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; დ) აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 6 თებერვალი 2025 წ. N275-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები