2025/170 საბჭოს გადაწყვეტილება (EU) 2025/170 27 იანვარი 2025 „ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმების მოქმედების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ

2025/170 საბჭოს გადაწყვეტილება (EU) 2025/170 27 იანვარი 2025 „ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმების მოქმედების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2025/170
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2025
ძალაში შესვლის თარიღი 29/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016813
2025/170
27/01/2025
ვებგვერდი, 14/02/2025
480610000.03.030.016813
2025/170 საბჭოს გადაწყვეტილება (EU) 2025/170 27 იანვარი 2025 „ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმების მოქმედების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
   
საბჭოს გადაწყვეტილება (EU) 2025/170

2025 წლის 27 იანვარი 

„ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმების მოქმედების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ


ევროკავშირის საბჭომ,

„ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ“ ხელშეკრულების და, კერძოდ, მისი 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის (ა) ქვეპუნქტისა და 218-ე მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით,

„ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმების1 და, კერძოდ, მისი მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით,

მხედველობაში იღებს რა ევროკომისიის წინადადებას,

ვინაიდან,

1. „ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმება („გამარტივების შეთანხმება“) ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს.

2. გამარტივების შეთანხმების მიზანია, ხელი შეუწყოს, ნაცვალგების საფუძველზე, ვიზების გაცემას არაუმეტეს 90 დღისა ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში ევროკავშირისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის. გამარტივების შეთანხმება ხელს უწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებას და ღირებულებების გაზიარებას, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას.

3. გამარტივების შეთანხმების მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თითოეულ მხარეს შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ამ შეთანხმების მოქმედება საჯარო წესრიგის, ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილება მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით მეორე მხარეს ეცნობება მის ძალაში შესვლამდე არაუგვიანეს 48 საათისა. ის მხარე, რომელმაც ამ შეთანხმების მოქმედება შეაჩერა, დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს მოქმედების შეჩერების მიზეზების აღმოფხვრის შესახებ.

4. 2024 წელს საქართველომ მიიღო „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი. აღნიშნული ზომები შეფასდა როგორც ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების უფლების, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლების ძირგამომთხრელი და როგორც სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის გამაძლიერებელი.

5. 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ თავის დასკვნებში ხაზი გაუსვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონი წარმოადგენდა კანდიდატის სტატუსის თაობაზე კომისიის რეკომენდაციაში გაწერილი ნაბიჯებიდან უკუსვლას და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, განემარტა თავისი განზრახვები მოქმედების კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელმაც საფრთხე შეუქმნა საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, რამაც გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. ევროპულმა საბჭომ თავის 2024 წლის 17 ოქტომბრის დასკვნებში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოქმედების ასეთმა კურსმა საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების პროცესი, და მოუწოდა საქართველოს, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები.

6. 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, 2028 წლამდე არ დაეყენებინა დღის წესრიგში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირთან. აღნიშნულმა განცხადებამ საქართველოს მრავალ ქალაქში მასობრივი პროტესტები გამოიწვია, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხა არაპროპორციული ძალის და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, ასევე, თვითნებური დაპატიმრებებით და მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობით.

7. საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც დაიდო გამარტივების შეთანხმება და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებს. კერძოდ, ეს ქმედებები პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს და, შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ღირებულებებთან და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას.

8. ამ ფონზე, ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში კომისიის მე-7 ანგარიშში, ხაზი გაესვა კომისიის შეშფოთების საპასუხოდ საქართველოს მიერ დაუყოვნებლივ გადასადგმელ ნაბიჯებს და აღინიშნა, რომ მიმდინარეობს განხილვები გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებით ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე.

9. წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის საჯარო წესრიგის დასაცავად, მიზანშეწონილი და პროპორციულია, წევრმა სახელმწიფოებმა დააწესონ ვიზა მოქმედი დიპლომატიური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც მიემგზავრებიან ევროკავშირში, ვინაიდან აღნიშნული პირები წარმოადგენენ იმის საწინააღმდეგო ინტერესებს, რამაც უპირველეს ყოვლისა, უბიძგა ევროკავშირს, დაედო გამარტივების შეთანხმება. შესაბამისად, უნდა შეჩერდეს გამარტივების შეთანხმების გარკვეული დებულებები, რომლებიც ითვალისწინებენ მოქმედი დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისებს და გამარტივებულ პროცედურებს ხანმოკლე ვიზაზე განმცხადებელი საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის, კერძოდ, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებისთვის, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წევრებისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს წევრებისთვის, მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას.

10. წინამდებარე გადაწყვეტილება წარმოადგენს შენგენის კანონმდებლობის დებულებების განვითარებას, რომელშიც ირლანდია არ იღებს მონაწილეობას, საბჭოს 2002/192/EC2 გადაწყვეტილების თანახმად; შესაბამისად, ირლანდია არ მონაწილეობს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებაში და არ არის შებოჭილი ან მასზე არ ვრცელდება წინამდებარე გადაწყვეტილების მოქმედება.

11. დანიის პოზიციის შესახებ N22 ოქმის 1-ლი და მე-2 მუხლების შესაბამისად, რომელიც თან ერთვის „ევროპის კავშირის შესახებ“ ხელშეკრულებას და „ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ“ ხელშეკრულებას, დანია არ მონაწილეობს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებაში და არ არის შებოჭილი ან მასზე არ ვრცელდება წინამდებარე გადაწყვეტილების მოქმედება.

12. საქართველოში შექმნილი ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების თარიღიდან.

 

მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება:

 

მუხლი 1

2025 წლის 29 იანვრიდან შეჩერებულია „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმების („გამარტივების შეთანხმება“) შემდეგი დებულებების მოქმედება:

ა) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის (ბ) ქვეპუნქტი, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებთან მიმართებით, რომლებმაც, საქართველოსთვის გაგზავნილი ოფიციალური მოწვევის შედეგად, მონაწილეობა უნდა მიიღონ ოფიციალურ შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, აგრეთვე, წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გასამართ მთავრობათაშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში;

ბ) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (ბ) ქვეპუნქტი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებთან მიმართებით;

გ) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (გ) ქვეპუნქტი, საქართველოს ოფიციალური დელეგაციების მუდმივ წევრებთან მიმართებით, რომლებმაც, საქართველოსთვის გაგზავნილი ოფიციალური მოწვევის შედეგად, რეგულარულად უნდა მიიღონ მონაწილეობა შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, აგრეთვე, წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გასამართ მთავრობათაშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში;

დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის (ა) ქვეპუნქტი, საქართველოს ოფიციალური დელეგაციების წევრებთან მიმართებით, რომლებმაც, საქართველოსთვის გაგზავნილი ოფიციალური მოწვევის შედეგად, რეგულარულად უნდა მიიღონ მონაწილეობა შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, აგრეთვე, წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გასამართ მთავრობათაშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში;

(ე) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის (ა) ქვეპუნქტში მითითებულ კატეგორიებთან მიმართებით;

(ვ) მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, სავიზო განაცხადების განხილვის მოსაკრებლებთან მიმართებით, მოქალაქეთა და პირთა იმ კატეგორიებისათვის, რომლებიც მოცემულია მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (გ) და (ვ) ქვეპუნქტებში და მე-10 მუხლის 1-ლ პუნქტში;

(ზ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (გ) და (ვ) ქვეპუნქტები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებთან და საქართველოს ოფიციალური დელეგაციების წევრებთან მიმართებით, რომლებმაც, საქართველოსთვის გაგზავნილი ოფიციალური მოწვევის შედეგად, მონაწილეობა უნდა მიიღონ შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, აგრეთვე, წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გასამართ მთავრობათაშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში;

(თ) მე-7 მუხლი, მოქალაქეთა და პირთა იმ კატეგორიებისათვის, რომლებიც მითითებულია მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (გ) და (ვ) ქვეპუნქტებში და მე-10 მუხლის 1-ლ პუნქტში;

(ი) მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი, საქართველოს იმ მოქალაქეებთან მიმართებით, რომლებიც ფლობენ საქართველოს მიერ გაცემულ მოქმედ დიპლომატიურ პასპორტებს.

 

მუხლი 2

წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.

შესრულებულია ბრიუსელში 2025 წლის 27 იანვარს.

 

საბჭოს სახელით

პრეზიდენტი

კ. კალასი

 


1 OJ L 52, 25.2.2011, გვ. 34.

2 საბჭოს 2002 წლის 28 თებერვლის 2002/192/EC გადაწყვეტილება შენგენის კანონმდებლობის ზოგიერთ დებულებაში მონაწილეობის შესახებ ირლანდიის მოთხოვნის თაობაზე (OL L 64, 7.3.2002, გვ. 20, ELI: http://data.europa.eu/eli/dec/2002/192/oj).