საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016909
51/04
28/02/2025
ვებგვერდი, 04/03/2025
220090000.18.011.016909
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №51/04

2025 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 523 მუხლის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების,  მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ“-„ე“, „ზ“, „კ“, „ლ“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“ ქვეპუნქტების, მე-6 და მე-7 პუნქტების,  27-ე მუხლის მე-16 პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტის, მე-17 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტისა და მე-19 პუნქტის, 371 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 11 მარტის №22/04 ბრძანება;

ბ) „დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №258/04 ბრძანება;

გ) „საპენსიო სააგენტოს სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №256/04 ბრძანება;

დ) „საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 25 დეკემბრის №236/04 ბრძანება.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა



საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. მოქმედების სფერო

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მოთხოვნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის (შემდგომში – საპენსიო ფონდი) მიმართ, საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმებს და მათი კანდიდატურების საქართველოს ეროვნულ ბანკთან (შემდგომში – ეროვნული ბანკი) შეთანხმების პროცედურას, მოთხოვნებს საპენსიო ფონდის კომიტეტების საქმიანობასთან დაკავშირებით და სპეციალური ფუნქციების განმახორციელებელი პირების მიმართ, მოთხოვნებს საპენსიო ფონდის საინვესტიციო, საოპერაციო და ადმინისტრაციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების, აღმასრულებელი დირექტორებისა და თანამშრომლების მიმართ მოქმედ ეთიკის პრინციპებს, საპენსიო ფონდის მონაწილეთა პრეტენზიების განხილვისა და მონაწილეთა უფლებების დაცვის წესებს, საპენსიო ფონდის დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების, საპენსიო ფონდის ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის მოთხოვნებს, სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის პრინციპებსა და სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: 

ა) კანონი  − „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) მმართველობითი საბჭო კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მმართველობითი საბჭო;

გ) დირექტორი − კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აღმასრულებელი დირექტორი;

დ) ფინანსური ინსტიტუტი − იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, მიკრობანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საპენსიო კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით;

ე) სპეციალური ფუნქცია საპენსიო ფონდის საინვესტიციო, რისკის მართვისა და შიდა აუდიტის ფუნქციები;

ვ) მემკვიდრე კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მემკვიდრე;

ზ) გადასახდელი – საპენსიო ფონდის მართვის ჯამური ხარჯი, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკომისიოსი;

თ) საკომისიო – აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების საფასური;

ი) ხანგრძლივი მატარებელი − ნებისმიერი საშუალება (მათ შორის, ელექტრონული), რომელიც პირს საშუალებას აძლევს პირადად მისთვის მიწოდებული და განკუთვნილი ინფორმაცია შეინახოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უცვლელად რეპროდუცირების შესაძლებლობა;

კ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში – საპენსიო ფონდის მიერ მონაწილისთვის შექმნილი აღრიცხვის ფორმა, რომელიც ასახავს მის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანებს, მონაწილის საკუთრებაში არსებული პორტფელის ერთეულების შესახებ ინფორმაციას, საპენსიო აქტივების მართვის შედეგებს, კანონის შესაბამისად გატანილ თანხებს და მათთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს;

ლ) აქტიური ბაზარი – ბაზარი, რომელზეც აქტივზე გარიგებები იდება იმ სიხშირით და მოცულობით, რომ განგრძობითად მოიპოვება აქტივის ფასის შესახებ ინფორმაცია;

მ) ამორტიზებული ღირებულება – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 9-ის (შემდგომში – ფასს 9) შესაბამისად გამოთვლილი ამორტიზებული ღირებულება;

ნ) სამართლიანი ღირებულება – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 13-ის (შემდგომში – ფასს 13) შესაბამისად გამოთვლილი სამართლიანი ღირებულება;

) რისკის აპეტიტი – რისკის აგრეგირებული დონე და არსებითი რისკების კატეგორიები, რომელთა აღებაც სურს საპენსიო ფონდს დასახული სტრატეგიული და საინვესტიციო მიზნების მისაღწევად;  

) რისკის მიმართ ტოლერანტობა – თითოეული არსებითი რისკის მაქსიმალური აგრეგირებული მოცულობა, რომლის აღებაც შეუძლია საპენსიო ფონდს არსებული ფინანსური და საოპერაციო რესურსების გათვალისწინებით; 

ჟ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობა − კანონი და მის საფუძველზე ეროვნული ბანკისა და საპენსიო ფონდის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

რ) საინვესტიციო სამსახური საპენსიო ფონდის სტრუქტურული ერთეული, რომელიც მთავარი საინვესტიციო ოფიცრის ხელმძღვანელობას ექვემდებარება;

ს) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ერთ-ერთი შემდეგი ფინანსური ინსტიტუტი:

ს.ა) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD);

ს.ბ) აზიის განვითარების ბანკი (ADB);

ს.გ)  მსოფლიო ბანკი (WB) და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი ინსტიტუტები;

ს.დ) ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB);

ს.ე) ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB);

ს.ვ) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC);

ს.ზ) ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO);

ს.თ) საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD);

ს.ი) ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოება „PROPARCO“ (საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) დამხმარე ორგანიზაცია კერძო სექტორის განვითარების დაფინანსების კუთხით);

ს.კ) აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB);

ს.ლ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს (Standard & Poors (S&P), Moody’s, Fitch) მიერ მინიჭებული საჯაროდ ხელმისაწვდომი AAA/Aaa საკრედიტო რეიტინგი;

ტ) მონაწილე − კანონით განსაზღვრული საპენსიო ფონდის მონაწილე, აგრეთვე პენსიის მიმღები, თუ შესაბამისი მუხლის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

თავი II

საპენსიო ფონდის დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმები, დირექტორების დანიშვნა და განთავისუფლება

მუხლი 3. საპენსიო ფონდის  დირექტორთა შესაფერისობის კრიტერიუმები

1. საპენსიო ფონდის დირექტორის პოზიციაზე დასანიშნი პირი (მათ შორის, დირექტორის პოზიციაზე დასანიშნი მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი), ისევე როგორც საპენსიო ფონდის დირექტორები პოზიციაზე ყოფნის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, უნდა აკმაყოფილებდნენ კანონის მე-13 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით, ასევე ამ წესით განსაზღვრულ შემდეგ შესაფერისობის კრიტერიუმებს:

ა) კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად;

ბ) საპენსიო ფონდის საქმიანობის წარმართვისათვის აუცილებელი სათანადო ცოდნა, უნარები და გამოცდილება, ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად;

გ) განსჯის დამოუკიდებლობა, რაც გულისხმობს უნარს, დამოუკიდებელი და ობიექტური განსჯის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი, ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად;

დ) საკმარისი დრო საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად, ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.

2. დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

3. დირექტორის კონკრეტულ პოზიციასთან პირის შესაფერისობის დადგენისას გაითვალისწინება შესაბამისი პოზიციის მნიშვნელობა და მისი სპეციფიკა. შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების დონე და სპეციფიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს კონკრეტული პოზიციის გათვალისწინებით.

4. დირექტორს უნდა ჰყავდეს სულ მცირე ერთი მოადგილე (ან პირი, რომელსაც ეკისრება დირექტორის მოადგილის მოვალეობის შესრულება), რომელიც დირექტორის არყოფნის ან დირექტორის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს დირექტორის მოვალეობას. ამ პუნქტით განსაზღვრულ დირექტორის მოადგილეზე (ან შესაბამისად, პირზე, რომელსაც ეკისრება დირექტორის მოადგილის მოვალეობის შესრულება) ვრცელდება დირექტორის მიმართ ამ თავით დადგენილი დებულებები.

მუხლი 4. კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება

1. საპენსიო ფონდის დირექტორს უნდა ჰქონდეს კარგი რეპუტაცია, სარგებლობდეს ნდობით და ჰქონდეს საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. მიიჩნევა, რომ პირი აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმს, თუ არ არსებობს აშკარა, ობიექტური გარემოებები საწინააღმდეგო ვარაუდისთვის.

2. პირი მიიჩნევა კარგი რეპუტაციის, სანდოობისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების კრიტერიუმთან შეუსაბამოდ, თუ:

ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ფინანსურ ინსტიტუტს/საპენსიო ფონდს ან/და შელახა ფინანსური ინსტიტუტის/საპენსიო ფონდის დეპოზიტორთა ან სხვა კრედიტორთა/ინვესტორთა უფლებები, ან/და მისმა ქმედებამ გამოიწვია ფინანსური ინსტიტუტის/საპენსიო ფონდის გადახდისუუნარობა, გაკოტრება ან/და ლიკვიდაცია;

ბ) ფინანსურ ინსტიტუტში/საპენსიო ფონდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები;

გ) არ შეასრულა ან/და არ ასრულებს ერთ ან მეტ ფინანსურ ვალდებულებას;

დ) გამოცხადებულია გადახდისუუნაროდ/გაკოტრებულად;

ე) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისთვის;

ვ) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად.

3. პირის რეპუტაციის, სანდოობისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შეფასება, უდანაშაულობის პრეზუმფციისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინებით, ასევე ეფუძნება შემდეგ გარემოებებსა და მათი ერთობლიობის ანალიზს:

ა) პირის წინააღმდეგ წარმოებული ან/და მიმდინარე სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული,  რელევანტური სამოქალაქო წარმოება ან/და საგამოძიებო პროცესი, რომლის შეფასებისას გაითვალისწინება დაკისრებული პასუხისმგებლობები, პირის ჩართულობა და მისი როლი, შემამსუბუქებელი გარემოებები; 

ბ) წარსული და მიმდინარე ბიზნესსაქმიანობა, იმ ორგანიზაციების გადახდისუნარიანობა/გაკოტრება ან/და ლიკვიდაცია, რომლებსაც მართავდა პირი, ან/და რომლებშიც ფლობდა ან ფლობს მნიშვნელოვან წილს ან/და გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა; მისი როლი ორგანიზაციის გადახდისუუნარობაში/გაკოტრებაში ან/და ლიკვიდაციაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული ორგანიზაციების მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული, სამოქალაქო წარმოება ან/და სხვა საგამოძიებო პროცესი, პირის ჩართულობა და როლი;

გ) პროფესიული რეპუტაცია, სავაჭრო, ბიზნეს და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ლიცენზიაზე/ავტორიაციაზე/რეგისტრაციაზე/საქმიანობის უფლებაზე/წევრობაზე უარის თქმა ან/და მისი გაუქმება/ჩამორთმევა, დისციპლინური პასუხისმგებლობა, სამუშაო ადგილიდან განთავისუფლება და შესაბამისი მიზეზები;

დ) გამჭვირვალობა, ღიაობა და საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობისთვის მზაობა;

ე) სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ პირის ქმედება არ შეესაბამება   ეთიკურ სტანდარტებს, მათ შორის, ამ წესის VII თავით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მუხლი 5. საპენსიო ფონდის საქმიანობის წარმართვისათვის აუცილებელი სათანადო ცოდნა, უნარები და გამოცდილება

1. საპენსიო ფონდის დირექტორებს უნდა ჰქონდეთ მათ მიერ დაკავებული პოზიციის შესაბამისი ცოდნა, უნარები და გამოცდილება, რაც საჭიროა მათზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.

2. საპენსიო ფონდის დირექტორებს მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობის შესაბამისად უნდა ესმოდეთ საპენსიო ფონდის საქმიანობა და დაკავშირებული რისკები. საპენსიო ფონდის დირექტორებს ასევე უნდა ესმოდეთ საპენსიო ფონდის მმართველობასთან დაკავშირებული საკითხები, თავიანთი როლი და პასუხისმგებლობა.

3. სათანადო ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი:

ა) შესაბამის პოზიციასთან დაკავშირებული მოვალეობები და საჭირო კომპეტენციები;

ბ) განათლებით და პრაქტიკით შეძენილი ცოდნა და უნარები;

გ) წარსულში დაკავებულ პოზიციებზე ყოფნისას შეძენილი პრაქტიკული და პროფესიული გამოცდილება;

დ) პროფესიული საქმიანობის ფარგლებში შეძენილი და გამოვლენილი ცოდნა და უნარები.

4. საპენსიო ფონდის დირექტორებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/სპეციალობით, როგორიცაა: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რაოდენობრივი მეთოდები ან სხვა შესაბამისი მიმართულებით მიღებული უმაღლესი განათლება.

5. უნარების შეფასებისას მხედველობაში მიიღება, მათ შორის, შემდეგი საჭირო უნარები: გადაწყვეტილების მიღების უნარი, ლიდერობა, ლოიალურობა, მოლაპარაკების უნარები, დამაჯერებლობა, გუნდურობა, სტრატეგიული აზროვნება, პასუხისმგებლობის გრძნობა, შეხვედრების ეფექტურად წარმართვის უნარი.

6. ცოდნა, უნარები და გამოცდილება არ უნდა შეფასდეს მხოლოდ მიღებული აკადემიური ხარისხისა და სამუშაო გამოცდილების ფაქტის დადასტურებით. შეფასება უნდა მოიცავდეს პირის ცოდნისა და გამოცდილების ანალიზს, რაც გულისხმობს წარსულში დაკისრებული მოვალეობების, სამუშაოს სპეციფიკის, მოცულობისა და კომპლექსურობის გათვალისწინებას.

7. გამოცდილების შეფასებისას, თითოეული დირექტორისათვის კანონით დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:

ა) საპენსიო ან საინვესტიციო ფონდის აქტივების მართვა;

ბ) საბანკო სექტორი და ფინანსური ბაზრები;

გ) ფინანსური სექტორისთვის რელევანტური სამართლებრივი მოთხოვნები;

დ) სტრატეგიული დაგეგმვა, საპენსიო ფონდის ბიზნესსტრატეგია და ბიზნესგეგმა;

ე) აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა;

ვ) კორპორაციული მართვა, რისკის მართვა, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;

ზ) ფინანსური ინფორმაციის ინტერპრეტაცია და ანალიზი.

8. საპენსიო ფონდის დირექტორებს უნდა ჰქონდეთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი პრაქტიკული და პროფესიული გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილების შეფასებისას, თითოეული დირექტორისათვის კანონით დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, ასევე მხედველობაში მიიღება:

ა) წარსულში დაკავებული ხელმძღვანელი პოზიცია და მისი იერარქიული დონე;

ბ) წარსულში დაკავებულ ხელმძღვანელ პოზიციაზე ყოფნის ხანგრძლივობა;

გ) იმ ორგანიზაციის საქმიანობა, კომპლექსურობა და ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელშიც პირი იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას;

დ) წარსულში დაკავებული ხელმძღვანელი პოზიციის კომპეტენციები და პასუხისმგებლობები;

ე) დაკავებული პოზიციის მეშვეობით შესაბამის სფეროში მიღებული დარგობრივი ცოდნა;

ვ) დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა.

მუხლი 6. განსჯის დამოუკიდებლობა

1. საპენსიო ფონდის დირექტორები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი თავიანთი მოვალეობების შესრულებაში და უნდა ჰქონდეთ უნარი, დამოუკიდებელი და ობიექტური განსჯის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილებები.

2. დირექტორი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმთან შეუსაბამოდ მიიჩნევა, თუ სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) დირექტორს არ გააჩნია გამბედაობა და თავდაჯერებულობა. აღნიშნულის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირის ქცევა წარსულში და მიმდინარე პოზიციაზე;

ბ) დირექტორს აქვს ინტერესთა კონფლიქტი, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს მის მიერ მოვალეობების დამოუკიდებლად და ობიექტური განსჯის საფუძველზე შესრულება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შეფასება გულისხმობს, სულ მცირე, შემდეგი თითოეული ფაქტორისა და მათი ერთობლიობით გამოწვეული შედეგების ანალიზს:

ა) ეკონომიკური ინტერესების არსებობა, რაც, მათ შორის, გულისხმობს დირექტორის მიერ აქციების, წილის ფლობას (სხვისთვის სამართავად გადაცემული აქციების/წილის ჩათვლით) ან/და სხვა ეკონომიკური ინტერესების არსებობას საპენსიო ფონდის პორტფელში შემავალ  სუბიექტებში;

ბ) პირადი, პროფესიული ან ბიზნესურთიერთობა მმართველობითი საბჭოს წევრებთან, სხვა დირექტორებთან და საპენსიო ფონდში დასაქმებულ პირებთან;

გ) მმართველობითი საბჭოს წევრებთან ან სხვა დირექტორებთან სამართლებრივი დავის არსებობა (ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში);

დ) საპენსიო ფონდის პორტფელში შემავალ სუბიექტებთან ბიზნესურთიერთობის ან სამართლებრივი დავის არსებობა (ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში);

ე) უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში დაკავებული პოზიციები;

ვ) პირადი, პროფესიული ან ბიზნესურთიერთობა საპენსიო ფონდთან დაკავშირებულ გარე დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, მნიშვნელოვანი მომსახურების მიმწოდებლებთან;

ზ) პოლიტიკური გავლენა და პოლიტიკური ურთიერთობები, რაც, მათ შორის, შესაძლოა იყოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა, ასევე პოლიტიკური გაერთიანების წევრობა ან/და მხარდაჭერა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემოწირულებების სახით.

4. დირექტორმა მასთან დაკავშირებით არსებული ან/და პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი დროულად და დეტალურად უნდა გაუმჟღავნოს მმართველობით საბჭოს. აღნიშნული საკითხი მმართველობითი საბჭოს მიერ დროულად უნდა იქნეს განხილული, დოკუმენტირებული და აღმოფხვრილი (მათ შორის, გატარებული უნდა იქნეს მიტიგაციის შესაბამისი ზომები).

5. ინტერესთა კონფლიქტის აღმოჩენისას, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს დირექტორის განსჯის დამოუკიდებლობაზე, საპენსიო ფონდმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს და მიაწოდოს ინფორმაცია გატარებული მიტიგაციის ზომების შესახებ.

მუხლი 7. საკმარისი დრო საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად

1. საპენსიო ფონდის დირექტორებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

2. დირექტორი უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით.

3. საკმარისი დროის არსებობის შესაფასებლად, ასევე გაითვალისწინება, სულ მცირე, შემდეგი გარემოებები და მათი ერთობლივი შედეგი:

ა) პირის მიერ საპენსიო ფონდში ერთდროულად დაკავებული პოზიციების რაოდენობა. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, მმართველობით საბჭოში და კომიტეტში წევრობას ან/და სხვა პირის მოვალეობის შესრულებას;

ბ) შეხვედრების რაოდენობა და დირექტორის ჩართულობა, მათ შორის, შეხვედრები საზედამხედველო ორგანოსთან, შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან;

გ) სპეციფიკური პოზიციის სახე და მასთან დაკავშირებული დირექტორის პასუხისმგებლობები, შეხვედრებზე დასწრების/ჩართულობის ვალდებულება;

დ) პროფესიული ან სხვა სახის საქმიანობა, რომელიც ნებადართულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე პოლიტიკური საქმიანობა/აქტიურობა ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.

მუხლი 8. მმართველობითი საბჭოს ვალდებულებები

1. მმართველობითმა საბჭომ დირექტორის პოზიციაზე უნდა შეარჩიოს და ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს ისეთი პირები, რომლებიც შეესაბამებიან საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. მმართველობითმა საბჭომ მუდმივად უნდა უზრუნველყოს დირექტორების შესაფერისობა.

2. საპენსიო ფონდი ვალდებულია, ჰქონდეს დირექტორების შესაბამის პოზიციებზე დანიშვნის და ხელახალი შეფასების პროცედურები.

3. მმართველობითი საბჭო დირექტორის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ვალდებულია:

ა)  პირის შესაფერისობის განსაზღვრის მიზნით, ჰქონდეს დასანიშნი პირის შესახებ ამ წესით განსაზღვრული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს მასში არსებული ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტის დეტალური შემოწმება;

ბ) განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა დასანიშნი პირი დირექტორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს;

გ) არ დანიშნოს პირი იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა, რომ დასანიშნი პირი არ აკმაყოფილებს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს;

დ) საპენსიო ფონდის დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმებთან პირის შესაბამისობის განსაზღვრის შემდეგ, დირექტორის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში, ეროვნულ ბანკს შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით წარუდგინოს დირექტორების შესახებ ამ წესით დადგენილი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და წერილობით დაადასტუროს, რომ იგი პასუხისმგებელია წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის უტყუარობის, სისრულისა და სიზუსტისთვის, რამდენადაც ამის დადგენა შესაძლებელია.

4. დირექტორთა შეფასებას მმართველობითი საბჭო ახორციელებს შემდეგ შემთხვევებში:

ა) დირექტორის კანდიდატურის შერჩევისას;

ბ) პერიოდულად, სულ მცირე წელიწადში ერთხელ;

გ) თუ ადგილი აქვს საპენსიო ფონდის  რისკის აპეტიტის, სტრატეგიის ან/და სტრუქტურის მნიშვნელოვან ცვლილებას.

5. დირექტორის შერჩევისას უნდა შეფასდეს დასანიშნი პირის შესაფერისობა ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად.

6. მმართველობითი საბჭო ვალდებულია, შესაფერისობის ხელახალი შეფასება განახორციელოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ამ წესით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან დირექტორის შესაფერისობის შესაძლო მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ მიუთითებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის შემთხვევებში, ხელახალი შეფასება ხორციელდება მხოლოდ შეცვლილი გარემოების და მისგან გამომდინარე შედეგების ნაწილში. მმართველობითი საბჭო ვალდებულია, განახორციელოს დირექტორების ხელახალი შეფასების სათანადოდ დოკუმენტირება, რომელიც უნდა ასახავდეს შეფასების შედეგებს და ინფორმაციას შეფასების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გასატარებელი ზომების (არსებობის შემთხვევაში) და ვადების შესახებ და აღნიშნული ინფორმაცია წარუდგინოს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მმართველობით საბჭოს კონკრეტული ღონისძიების გატარება მოსთხოვოს და გონივრული ვადა განუსაზღვროს.

7. თუ მმართველობითი საბჭოს მიერ განხორციელებული ხელახალი შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ პირი ვერ აკმაყოფილებს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაფერისობის მოთხოვნებს, მმართველობითი საბჭო ვალდებულია, მიიღოს ზომები დირექტორების შესაფერისობის უზრუნველსაყოფად და განსახორციელებელი ზომების და ვადების შესახებ აცნობოს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მმართველობით საბჭოს კონკრეტული ღონისძიების გატარება მოსთხოვოს და მის განსახორციელებლად გონივრული ვადა განუსაზღვროს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მმართველობითი საბჭო იყენებს პროპორციულობის პრინციპს, გამოვლენილი ხარვეზის პროპორციული ერთ-ერთი შემდეგი ღონისძიების შესარჩევად:

ა) დირექტორის გადაყენება და ჩანაცვლება;

ბ) ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელი ზომების მიღება;

გ) დირექტორთა ინდივიდუალური ან/და კოლექტიური ტრენინგი;

დ) გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნის შესაბამისი სხვა ნებისმიერი ადეკვატური ზომა.

8.  დირექტორთა შესაფერისობის როგორც საწყისი, ასევე შემდგომი ხელახალი შეფასება არის მმართველობითი საბჭოს ვალდებულება, ხოლო ეროვნული ბანკი საზედამხედველო მიზნებისთვის, უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, მმართველობით საბჭოს მოსთხოვოს დირექტორთა შესაფერისობის შეფასება. 

მუხლი 9.  დირექტორის დანიშვნა და გათავისუფლება   

1. მმართველობითი საბჭო ღია კონკურსით არჩევს და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით თანამდებობებზე ნიშნავს, აგრეთვე ეროვნული ბანკისთვის წინასწარი შეტყობინების შემდეგ თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო ფონდის დირექტორებს.

2. დირექტორის კანდიდატურის შეთანხმების მიზნით, მმართველობითი საბჭოს მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად და შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

ა) დასანიშნი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლი);

ბ)  დასაკავებელი პოზიციის დასახელება, სამუშაო აღწერილობა და ინფორმაცია მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების უზრუნველსაყოფად აღმასრულებელ ორგანოში  პირის როლის შესახებ;

გ) შრომითი ხელშეკრულება ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უნდა იყოს დასაკავებელ პოზიციასთან დაკავშირებული პირობები;

დ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელსაც ანაცვლებს დასანიშნი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე, ცვლილების მიზეზის შესახებ ინფორმაცია;

ე) დირექტორის პოზიციაზე დასანიშნი პირის წერილობითი განცხადება, რომ იგი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უტყუარი, სრული და ზუსტია, აგრეთვე დასტური, რომლითაც პირი გამოხატავს გამჭვირვალობის, ღიაობისა და შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობის მზაობას, ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად;

ვ) მმართველობითი საბჭოს წერილობითი განცხადება და დასტური, რომ მის მიერ შემოწმებულია დირექტორის შესახებ არსებული ინფორმაცია, იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და რომ მმართველობითი საბჭოს მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რამდენადაც ამის დადგენა შესაძლებელია, უტყუარი, სრული და ზუსტია, ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად;

ზ) ინფორმაცია პირის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ (პირადი რეზიუმე), რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას წარსულში დაკავებული პოზიციების, შესაბამისი მოვალეობების, სამუშაოს ბუნების, მოცულობის, კომპლექსურობის და დაქვემდებარებული პირების რაოდენობის შესახებ; რეზიუმეს თან უნდა დაერთოს პირის კვალიფიკაციისა და განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;

თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც/მოქალაქესაც წარმოადგენდა პირი ბოლო 10 (ათი) წლის განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 (თხუთმეტ) კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნების შემთხვევაში – 60 (სამოც) კალენდარულ დღეს ან ამ დოკუმენტში მითითებულ მოქმედების ვადას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი) ინფორმაცია დასანიშნი პირის წინააღმდეგ წარმოებული ან/და მიმდინარე სისხლისსამართლებრივი, რელევანტური სამოქალაქო, ადმინისტრაციული წარმოების ან/და საგამოძიებო პროცესისა და დაკისრებული პასუხისმგებლობების შესახებ ან/და დასანიშნი პირის წერილობითი განაცხადი, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია;

კ) ინფორმაცია წარსული და მიმდინარე ბიზნესსაქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ (ინფორმაცია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროდან, მოვალეთა რეესტრიდან, არსებობის შემთხვევაში ან/და პირის მიერ სხვაგვარად წარდგენილი ინფორმაციის სახით), მათ შორის, ინფორმაცია იმ ორგანიზაციების გადახდისუნარიანობის  (გაკოტრება/სააღსრულებო პროცესი) ან ლიკვიდაციის შესახებ, რომელსაც მართავდა დასანიშნი პირი, ან/და რომელშიც ფლობდა ან ფლობს მნიშვნელოვან წილს ან/და გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა, ან/და წერილობით დასტურს, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია; ამასთან, დასტური წარდგენილი დოკუმენტების სისრულის შესახებ;

ლ) ინფორმაცია ბიზნეს და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ლიცენზიაზე/რეგისტრაციაზე/პროფესიულ საქმიანობაზე/წევრობაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების/ჩამორთმევის, დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების, შესაბამისი მარეგულირებელი ან მმართველი ორგანოს მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების და შესაბამისი მიზეზების შესახებ;

მ) შემდეგი სახის ინფორმაცია:

მ.ა)  ეკონომიკური ინტერესების არსებობა, რაც მათ შორის, გულისხმობს დირექტორის მიერ აქციების, წილის  ფლობას (სხვისთვის სამართავად გადაცემული აქციების/წილის ჩათვლით) ან/და სხვა ეკონომიკური ინტერესების არსებობას საპენსიო ფონდის პორტფელში შემავალ  სუბიექტებში;

მ.ბ) პირადი, პროფესიული ან ბიზნესურთიერთობა მმართველობითი საბჭოს წევრებთან, სხვა დირექტორებთან და საპენსიო ფონდში დასაქმებულ პირებთან;

მ.გ) მმართველობითი საბჭოს წევრებთან ან სხვა დირექტორებთან სამართლებრივი დავის არსებობა (ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში);

მ.დ) საპენსიო ფონდის პორტფელში შემავალ სუბიექტებთან ბიზნესურთიერთობის ან სამართლებრივი დავის არსებობა (ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში);

მ.ე) უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში დაკავებული პოზიციები;

მ.ვ) პირადი,  პროფესიული ან ბიზნესურთიერთობა საპენსიო ფონდთან დაკავშირებულ გარე დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, მნიშვნელოვანი მომსახურების მიმწოდებლებთან;

მ.ზ) პოლიტიკური გავლენა და პოლიტიკური ურთიერთობები, რაც, მათ შორის, შესაძლოა იყოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა, ასევე, პოლიტიკური გაერთიანების წევრობა ან/და მხარდაჭერა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემოწირულებების სახით;

ნ) ინფორმაცია ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად საპენსიო ფონდის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ო) დასანიშნი პირის მიერ საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად საკმარისი დროის არსებობის დასადასტურებლად ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს:

ო.ა) ინფორმაცია იმ მინიმალური დროის (თვის განმავლობაში და წლიურად) შესახებ, რომელიც დაეთმობა პირის მიერ საპენსიო ფონდთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების განხორციელებას;

ო.ბ) ინფორმაცია პირის მიერ სხვა ორგანიზაციებში, მათ შორის, არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში დაკავებული პოზიციების (აღმასრულებელი, არააღმასრულებელი) და დაკავშირებული პასუხისმგებლობების შესახებ, ასევე ინფორმაცია აღნიშნული ორგანიზაციების ზომისა და დასაქმებული პირების რაოდენობის შესახებ;

ო.გ) ამ პუნქტის „ო.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი დრო (გამოხატული დღეებში) და დაკავშირებული შეხვედრების რაოდენობა ერთწლიანი პერიოდისათვის;

3. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. უცხოენოვანი დოკუმენტების წარდგენა ხორციელდება ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური ქართული თარგმანის სახით.

4. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია, დანიშნოს პირი დირექტორად მხოლოდ ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.

5. საპენსიო ფონდის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი არის ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემის შემდგომ მმართველობითი საბჭოს შესაბამისი დოკუმენტის/ადმინისტრაციული აქტის  (ოქმი, ბრძანება და სხვ.) გამოცემის თარიღი ან/და ამ დოკუმენტით განსაზღვრული თარიღი.

6. მმართველობითი საბჭო ვალდებულია ეროვნული ბანკის მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ გადააყენოს დირექტორი დაკავებული პოზიციიდან, თუ ეროვნული ბანკის შეფასებით, შესაფერისობის უზრუნველსაყოფად საპენსიო ფონდის მიერ განსახორციელებლად შერჩეული ღონისძიებები არასაკმარისია, ან/და შესაბამის ვადაში არ უზრუნველყო ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ღონისძიებების გატარება ან/და აშკარაა რომ მათი გამოყენება დირექტორის შესაფერისობას ვერ უზრუნველყოფს.

მუხლი 10. ეროვნული ბანკის უფლებები დირექტორებთან მიმართებით

1.  ეროვნული ბანკი აფასებს, აკმაყოფილებენ თუ არა საპენსიო ფონდის დირექტორები ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

2. დირექტორის შესახებ წერილობითი ინფორმაციის/დოკუმენტების მიღებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკი მმართველობით საბჭოს დირექტორის დანიშვნის თაობაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის, ასევე, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და განახლდება შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენისთანავე.

3. დირექტორთა შესაფერისობის შეფასების მიზნით ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დეტალურად შეამოწმოს დირექტორის შესახებ მმართველობითი საბჭოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის უტყუარობა, სისრულე და სიზუსტე, რაც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციის გადამოწმებას, დაზუსტებას ან/და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნას, კანდიდატთან გასაუბრებას. 

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღით და ამის შესახებ უნდა ეცნობოს მმართველობით საბჭოს.

5. თუ ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წერილობითი დოკუმენტების წარდგენიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკი არ მიიღებს გადაწყვეტილებას დირექტორის შესაფერისობის შესახებ, დირექტორის დანიშვნაზე თანხმობა გაცემულად არ ჩაითვლება.

6. თუ მმართველობითი საბჭოს მიერ სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი დირექტორის დასანიშნად ეროვნული ბანკის თანხმობის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია, მაშინ ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მმართველობით საბჭოს განუსაზღვროს დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, არაუმეტეს 2 (ორი) თვისა.

7. მმართველობითი საბჭო ვალდებულია, გადააყენოს დირექტორი დაკავებული პოზიციიდან, თუ მმართველობითმა საბჭომ ეროვნულ ბანკს არ წარუდგინა ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ან წარუდგინა არასწორი/არაზუსტი ინფორმაცია ან ეროვნული ბანკისგან მიიღო დასაბუთებული უარი, მაგრამ მაინც დანიშნა პირი დირექტორად.

8. დანიშნული დირექტორის ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მოსთხოვოს საპენსიო ფონდს შეუსაბამობის აღმოსაფხვრელი ღონისძიებების გატარება ან/და შეუჩეროს დირექტორს ხელმოწერის უფლება.

9. თუ ეროვნული ბანკის შეფასებით, აშკარაა, რომ შეუსაბამობის აღმოსაფხვრელი ღონისძიებების გატარება უშედეგო იქნება, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დირექტორს  შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და წერილობით მოსთხოვოს მმართველობით საბჭოს მისი დაკავებული პოზიციიდან დროებით გადაყენება ან გათავისუფლება.

10. საპენსიო ფონდის დირექტორების შესაფერისობის უზრუნველსაყოფად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მმართველობით საბჭოს შემდეგი მოქმედებების განხორციელება და განუსაზღვროს შესაბამისი გონივრული ვადა:

ა) დირექტორებისთვის სწავლების/ტრენინგის ორგანიზება;

ბ) დირექტორის ცვლილება;

გ) გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი სხვა ადეკვატური ღონისძიების განხორციელება.

თავი III

საპენსიო ფონდის კომიტეტები და სპეციალური ფუნქციები

მუხლი 11. საპენსიო ფონდის კომიტეტები

1. კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, მმართველობითი საბჭო ვალდებულია, სპეციალური ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად შექმნას, სულ მცირე, შემდეგი კომიტეტები:

ა) საინვესტიციო კომიტეტი;

ბ) რისკის კომიტეტი;

გ) აუდიტის კომიტეტი.

2. კომიტეტის წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს მმართველობითი საბჭო, მმართველობითი საბჭოს შესაბამისი სხდომის ოქმის საფუძველზე.

3. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომიტეტებისა, შექმნას სხვა კომიტეტები, რომელთა შექმნისა და საქმიანობის წესი დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით.  

4. მმართველობითი საბჭოს მიერ შემუშავებული საპენსიო ფონდის დებულების ან მისი შემდგომი ცვლილებების პროექტი უნდა წარედგინოს ეროვნულ ბანკს შეფასების მიზნით. ეროვნული ბანკი განიხილავს პროექტს და შეფასებას  ამზადებს პროექტის მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც წერილობით აცნობებს საპენსიო ფონდს. აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, რის თაობაზეც საპენსიო ფონდს წინასწარ წერილობით ეცნობება. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მმართველობითმა საბჭომ, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარადგინოს ეროვნული ბანკის შეფასების მომზადებისათვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში ვადის დინება განახლდება შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისთანავე. ეროვნული ბანკის შეფასების მიღების შემდეგ პროექტის ცვლილების შემთხვევაში, პროექტი ეროვნულ ბანკს ამ პუნქტის შესაბამისად შეფასების მიზნით ხელახლა წარედგინება. დაუშვებელია მმართველობითი საბჭოს მიერ ეროვნული ბანკის შეფასების მიღებამდე საპენსიო ფონდის დებულების ან მისი ცვლილების დამტკიცება.

5. კომიტეტი უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, კანონის შესაბამისად განსაზღვრული 3 (სამი) წევრისგან. კომიტეტი მმართველობითი საბჭოს შესაბამისი პროფესიონალი წევრებისგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარედ არ შეიძლება არჩეულ იქნეს საპენსიო ფონდის დირექტორი.

6. კომიტეტის შექმნა და ფუნქციონირება რეგულირდება კანონის, საპენსიო ფონდის დებულებისა და ამ წესის შესაბამისად. კომიტეტი ანგარიშვალდებულია მმართველობითი საბჭოს წინაშე.

7. თითოეულმა კომიტეტმა კანონით, საპენსიო ფონდის დებულებით და ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა შეიმუშაოს თავისი წესდება, რომლითაც განისაზღვრება ამ კომიტეტის მანდატი, საქმიანობის მიმართულებები და პროცედურები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს მმართველობითი საბჭოს წინაშე კომიტეტის რეგულარული ანგარიშგების, სხვა კომიტეტებთან თანამშრომლობის, კომიტეტის წევრობასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და კომიტეტის წევრთა ფუნქციების შესახებ ინფორმაციას. კომიტეტის წესდებას ამტკიცებს მმართველობითი საბჭო.

8. კომიტეტის წესდების ან მისი შემდგომი ცვლილებების პროექტი მმართველობითი საბჭოს ან მის მიერ დელეგირების საფუძველზე შესაბამისი კომიტეტის მიერ უნდა წარედგინოს ეროვნულ ბანკს შეფასების მიზნით. ეროვნული ბანკი განიხილავს პროექტს და შეფასებას  ამზადებს  აღნიშნული დოკუმენტის მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც  წერილობით აცნობებს საპენსიო ფონდს. აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, რის თაობაზეც საპენსიო ფონდს წინასწარ წერილობით ეცნობება. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მმართველობითმა საბჭომ/შესაბამისმა კომიტეტმა, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარადგინოს ეროვნული ბანკის მიერ შეფასების მომზადებისთვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში ვადის დინება განახლდება შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისთანავე. ეროვნული ბანკის შეფასების მიღების შემდეგ პროექტის ცვლილების შემთხვევაში, პროექტი ეროვნულ ბანკს ამ პუნქტის შესაბამისად შეფასების მიზნით ხელახლა წარედგინება. დაუშვებელია მმართველობითი საბჭოს მიერ ეროვნული ბანკის შეფასების მიღებამდე წესდების ან მისი ცვლილების პროექტის დამტკიცება. 

9. შესაბამისი კომიტეტები აფასებენ მთავარი საინვესტიციო ოფიცრის/მთავარი რისკის ოფიცრის/შიდა აუდიტის უფროსის საქმიანობის შესაბამისობას კანონმდებლობით დაწესებულ მოთხოვნებთან. ასეთი შეფასება ხორციელდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ. ამ შეფასების შედეგები აისახება შესაბამისი კომიტეტის სხდომის ოქმში და წარედგინება მმართველობით საბჭოს.

10. მთავარი საინვესტიციო ოფიცრის/მთავარი რისკის ოფიცრის/შიდა აუდიტის უფროსის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, შესაბამისი კომიტეტი მთავარი საინვესტიციო ოფიცრისგან/მთავარი რისკის ოფიცრისგან/შიდა აუდიტის უფროსისგან მოითხოვს, რომ გონივრულ ვადაში წარუდგინოს დასამტკიცებლად სამოქმედო გეგმა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ან საჭირო სხვა ზომების შესახებ.

11. კომიტეტის წევრებს, გარდა კომიტეტის თავმჯდომარისა და მოწვეული პირებისა, კომიტეტში საქმიანობისთვის შრომის ანაზღაურება არ ეძლევათ.

მუხლი 12. კომიტეტების სხდომები

1. კომიტეტი იკრიბება საჭიროების შემთხვევაში, პირადად ან დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით.

2. კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ უნდა შედგეს ოქმი როგორც მატერიალური დოკუმენტის სახით, ისე ელექტრონულად და უნდა ინახებოდეს ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით. კომიტეტის სხდომაზე დამსწრე პირებს ევალებათ, გაეცნონ სხდომის ოქმს და დაადასტურონ მისი შინაარსი ხელმოწერით. ოქმი უნდა იყოს შენახული ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს შედგენის თარიღის, წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისა და ხელმომწერი პირების ნახვა. სხდომის ოქმს უვადოდ ინახავს საპენსიო ფონდი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით).

3. საპენსიო ფონდმა უნდა უზრუნველყოს სხდომის ოქმის ხელმისაწვდომობა ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

4. კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას. კომიტეტის სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება კომიტეტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი. კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება აქვთ მმართველობითი საბჭოს წევრებსა და დირექტორებს.

5. კომიტეტის თავმჯდომარე ნიშნავს თავის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს მის მოვალეობას და უძღვება კომიტეტის სხდომას.

6. კომიტეტებმა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების თაობაზე ანგარიში რეგულარულად უნდა წარუდგინონ მმართველობით საბჭოს.

7. კომიტეტებს უფლება აქვთ, მიიღონ გადაწყვეტილებები მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტაც საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით/კომიტეტის წესდებით მიეკუთვნება მათ უფლებამოსილებას. კომიტეტებს არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით მმართველობით საბჭოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება და მმართველობითმა საბჭომ, თავის მხრივ, არ უნდა გადასცეს კომიტეტს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, გარდა საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა.

8. კომიტეტმა უნდა განიხილოს მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული საკითხები და რეკომენდაციები წარუდგინოს მმართველობით საბჭოს, რათა დაეხმაროს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

9. კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ მმართველობითი საბჭოს წევრები. კომიტეტის წევრი შეიძლება იყოს აგრეთვე საპენსიო ფონდის დირექტორი, თანამშრომელი, მოწვეული პირი. დირექტორები არ უნდა შეადგენდნენ კომიტეტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება აუდიტის კომიტეტზე.

მუხლი 13. საინვესტიციო კომიტეტი

1. საინვესტიციო კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად დანიშნული  მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრები. საინვესტიციო კომიტეტი სხვა ფუნქციებთან ერთად პასუხისმგებელია:

ა) შეიმუშაოს საინვესტიციო კომიტეტის წესდება და დასამტკიცებლად წარუდგინოს მმართველობით საბჭოს;

ბ) შეიმუშაოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, მისი განხორციელების პროცედურები და დასამტკიცებლად წარუდგინოს მმართველობით საბჭოს;

გ) მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, საჭიროებისამებრ, თუმცა არანაკლებ წელიწადში ერთხელ, გადასინჯოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც, მათ შორის, მოიცავს აქტივების განთავსების სტრატეგიას და საჭიროების შემთხვევაში ამ დოკუმენტის განახლებული პროექტი დასამტკიცებლად წარუდგინოს მმართველობით საბჭოს;

დ) მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩიოს  კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარი;

ე) მმართველობითი საბჭოს მიერ და ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩიოს და მმართველობით საბჭოსთან შეათანხმოს კანონის 281 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანია;

ვ) თითოეული აქტივების მმართველი კომპანიისთვის შეიმუშაოს და დაამტკიცოს დეტალური საინვესტიციო სახელმძღვანელო თითოეული ტიპის საინვესტიციო პორტფელთან მიმართებით. სახელმძღვანელო უნდა მოიცავდეს არანაკლებ უკუგების მიზნობრივ მაჩვენებლებს (თამასას), თამასისადმი რისკების გადახრის ზღვრულ მაჩვენებელს მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართ, დასაშვებ და აკრძალულ ინვესტიციებს, საკრედიტო რისკებს, საინვესტიციო ჰორიზონტს, მინიმალური საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტისა და კანონის შესაბამისად;

ზ) განახორციელოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასება და, სულ მცირე, კვარტალში ერთხელ მმართველობით საბჭოს წარუდგინოს აღნიშნულის შესახებ ანგარიშგება.

2. საინვესტიციო კომიტეტის მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს ან მისი შემდგომი ცვლილებების პროექტს მისი განხილვისა და კანონთან და კანონის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით მმართველობითი საბჭო ან მმართველობითი საბჭოს მიერ დელეგირების საფუძველზე საინვესტიციო კომიტეტი წარუდგენს ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფოსტით და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით.

3. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ან მისი შემდგომი ცვლილებების პროექტის კანონთან და მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით ეროვნული ბანკი წარდგენილ პროექტს განიხილავს მისი მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც წერილობით ეცნობება საპენსიო ფონდს. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, რის თაობაზეც საპენსიო ფონდს წინასწარ წერილობით ეცნობება. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მმართველობითმა საბჭომ/საინვესტიციო კომიტეტმა, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარადგინოს ეროვნული ბანკის მიერ შემოწმების განხორციელებისათვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში ვადის დინება განახლდება შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისთანავე. 

4. თუ ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული შემოწმების საფუძველზე მმართველობითი საბჭო/საინვესტიციო კომიტეტი ეროვნული ბანკისგან მიიღებს შენიშვნებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ან მისი შემდგომი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, მმართველობითი საბჭო/საინვესტიციო კომიტეტი აღნიშნულ შენიშვნებს განიხილავს უახლოეს სხდომაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შეიტანს პროექტში შესწორებებს. შესწორებულ პროექტს მმართველობითი საბჭო/საინვესტიციო კომიტეტი წარუდგენს ეროვნულ ბანკს ხელახალი განხილვისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

5. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტის დამტკიცების მიზნით, საინვესტიციო კომიტეტმა მმართველობით საბჭოს უნდა წარუდგინოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტის კანონთან შესაბამისობის შესახებ ეროვნული ბანკის თანხმობა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო პროექტი.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევისას საინვესტიციო კომიტეტი მოქმედებს შემდეგი მოთხოვნების  შესაბამისად:

ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა უნდა მოხდეს ღია კონკურსის წესით, გარდა კანონის 26-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცედურას საინვესტიციო კომიტეტი წარმართავს მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი წესის და კრიტერიუმების შესაბამისად;

გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესი, ისევე როგორც საინვესტიციო კომიტეტის მიერ ჩატარებული კონკურსის ყველა ეტაპი სათანადოდ უნდა იყოს დოკუმენტირებული. სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის შესახებ საინვესტიციო კომიტეტის გადაწყვეტილება აისახება საინვესტიციო კომიტეტის სხდომის ოქმში. აღნიშნული დოკუმენტაცია, მათ შორის, ამ დოკუმენტაციაში ასახული  კონფიდენციალური/პერსონალური მონაცემები, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკისთვის მისი მოთხოვნის შემთხვევაში;

დ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების შეუფერხებლად მიღება;

ე) სპეციალიზებულ დეპოზიტართან გაფორმებული ხელშეკრულება/ხელშეკრულების პროექტი, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს, კანონით და „დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ საკითხებს.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევისას საინვესტიციო კომიტეტი მოქმედებს შემდეგი წესების შესაბამისად:

ა) აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევა უნდა მოხდეს ღია კონკურსის წესით;

ბ) აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. შერჩევის პროცესი და მინიმალური კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და მმართველობითი საბჭოს მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ითვალისწინებდეს კორპორაციული მართვის რისკებთან მიმართებით შემოწმებას;

გ) საინვესტიციო კომიტეტის მიერ აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის პროცესი უნდა იყოს დოკუმენტირებული და ასახული საინვესტიციო კომიტეტის სხდომის ოქმში, რომლის საფუძველზეც მმართველობითი საბჭოს მიერ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება აქტივების მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

8. მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საინვესტიციო კომიტეტი ახორციელებს სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას სპეციალიზებულ დეპოზიტართან და აქტივების მმართველ კომპანიასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად.

9. სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია,  მმართველობით საბჭოს წარუდგინოს სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ანგარიში, რის მიხედვითაც მმართველობითი საბჭო აფასებს სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობას.

10. საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარის და აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის პროცესში საინვესტიციო კომიტეტის ადმინისტრაციულ და იურიდიულ მხარდაჭერას.

მუხლი 14. რისკის კომიტეტი

1. რისკის კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად დანიშნული  მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრები. რისკის კომიტეტი სხვა ფუნქციებთან ერთად პასუხისმგებელია:

ა) შეიმუშაოს რისკის კომიტეტის წესდება და დასამტკიცებლად წარუდგინოს მმართველობით საბჭოს;

ბ) შეიმუშაოს საპენსიო ფონდის რისკის მართვის სისტემა, რისკის მართვის ჩარჩო და მათი განხორციელების პროცედურები, დასამტკიცებლად წარუდგინოს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდოს მმართველობით საბჭოს;

გ) მოამზადოს და, სულ მცირე, კვარტალში ერთხელ მმართველობით საბჭოს წარუდგინოს ანგარიშგება საპენსიო ფონდში არსებული რისკების შესახებ და შეფასება საპენსიო ფონდის რისკის მართვის სისტემის შესახებ;

დ) უზრუნველყოს საპენსიო ფონდის საქმიანობის საპენსიო ფონდის მარეგულირებელ  კანონმდებლობასთან და რისკის მართვის ჩარჩოსთან შესაბამისობის მონიტორინგი;

ე) მონიტორინგი გაუწიოს საპენსიო ფონდის ყველა სახის რისკს, მათ შორის, როგორიცაა პორტფელის კონცენტრაციის დონე, ფინანსური, საოპერაციო და რეპუტაციული რისკები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი რისკის აპეტიტთან შესაბამისობა;

ვ) უზრუნველყოს მესამე მხარეებთან დაკავშირებული რისკების შეფასება, მათ შორის, აქტივების მმართველ კომპანიასთან და სპეციალიზებულ დეპოზიტართან დაკავშირებული რისკების შეფასება;

ზ) უზრუნველყოს მმართველობით საბჭოსთან რეკომენდაციებისა და მოსაზრებების წარდგენა საპენსიო ფონდის არსებულ და მომავალ რისკის აპეტიტთან დაკავშირებით. ამასთან, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, აწარმოოს შესაბამისი ანგარიშგება მმართველობით საბჭოსთან იდენტიფიცირებული მატერიალური რისკებისა და სხვა საკითხების, მათ შორის, რისკის მართვისა და შიდა კონტროლის სისტემების ეფექტური ფუნქციონირების, უწყვეტობისა და, ზოგადად, საპენსიო ფონდში არსებული რისკის კულტურის თაობაზე;

თ) უზრუნველყოს ყველა სახის რისკის იდენტიფიკაცია, მათ შორის, ახლად გამოვლენილი რისკებისა, და ასევე ნებისმიერი სახის საჭირო კორექტირებების შეტანა საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩოში.

2. რისკის კომიტეტის მიერ შემუშავებული რისკის მართვის ჩარჩოს ან მისი შემდგომი ცვლილებების პროექტის ეროვნულ ბანკთან შეთანხმების მიზნით მმართველობითი საბჭო ან მმართველობითი საბჭოს მიერ დელეგირების საფუძველზე რისკის კომიტეტი წარუდგენს ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფოსტით და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით.

3. რისკის მართვის ჩარჩოს ან მისი შემდგომი ცვლილებების პროექტს ეროვნული ბანკი განიხილავს მისი მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც წერილობით ეცნობება საპენსიო ფონდს. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, რის თაობაზეც საპენსიო ფონდს წინასწარ წერილობით ეცნობება. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მმართველობითმა საბჭომ/რისკის კომიტეტმა, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარადგინოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში ვადის დინება განახლდება შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისთანავე. 

4. თუ  მმართველობითი საბჭო/რისკის კომიტეტი ეროვნული ბანკისგან მიიღებს შენიშვნებს რისკის მართვის ჩარჩოს ან მისი შემდგომი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, მმართველობითი საბჭო/რისკის კომიტეტი აღნიშნულ შენიშვნებს განიხილავს უახლოეს სხდომაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შეიტანს პროექტში შესწორებებს. შესწორებულ პროექტს მმართველობითი საბჭო/რისკის კომიტეტი წარუდგენს ეროვნულ ბანკს ხელახალი  განხილვისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 15. აუდიტის კომიტეტი

აუდიტის კომიტეტი უნდა შედგებოდეს მმართველობითი საბჭოს იმ წევრებისგან, რომლებიც საპენსიო ფონდის დირექტორები არ არიან. აუდიტის კომიტეტი სხვა ფუნქციებთან ერთად პასუხისმგებელია:

ა) შეიმუშაოს აუდიტის კომიტეტის წესდება და დასამტკიცებლად წარუდგინოს მმართველობით საბჭოს;

ბ) განსაზღვროს შიდა აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების პოლიტიკა;

გ) სხდომაზე მოიწვიოს შიდა აუდიტის უფროსი. შიდა აუდიტის უფროსი უფლებამოსილი არ არის, მონაწილეობა მიიღოს აუდიტის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში;

დ) მონიტორინგი გაუწიოს ფინანსური და არაფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესებს;

ე) გარე აუდიტის განსახორციელებლად შეარჩიოს აუდიტორული ფირმა და წარუდგინოს იგი მმართველობით საბჭოს, აგრეთვე, მონიტორინგი გაუწიოს და აქტიურად ითანამშრომლოს  შიდა და გარე აუდიტორებთან;

ვ) სულ მცირე, წელიწადში ერთხელ შეაფასოს შიდა აუდიტის საქმიანობის ეფექტიანობა და დამოუკიდებლობა;

ზ) განიხილოს გარე აუდიტორის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წერილი;

თ) განიხილოს და მმართველობით საბჭოსთან შეათანხმოს ჩასატარებელი შიდა აუდიტის გეგმა და ჩატარების სიხშირე;

ი) მიიღოს შიდა აუდიტის ანგარიშგებები და უზრუნველყოს საპენსიო ფონდის მხრიდან სათანადო ღონისძიებების დროულად გატარება აუდიტის პროცესში ან კონტროლის სხვა ფუნქციების განხორციელებისას, მის მიერ იდენტიფიცირებული კანონმდებლობასთან შეუსაბამობის ან სხვა ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;

კ) განიხილოს საპენსიო ფონდის რისკის მართვის მთლიანი ჩარჩო, მათ შორის, შიდა კონტროლის სისტემების ეფექტურობა და სტრუქტურა, ასევე, პირთა მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

მუხლი 16. კომიტეტის წევრების შესაბამისობა

1. საპენსიო ფონდის კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის და მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების დაცვა კომიტეტის და კომიტეტის ყველა წევრის მიერ.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის, ინტერესთა კონფლიქტი განისაზღვრება, როგორც ნებისმიერი სიტუაცია, რომელშიც კომიტეტის წევრის გადაწყვეტილებამ ან ხმამ შეიძლება არსებითად და პირდაპირ მოახდინოს გავლენა მის პროფესიულ, პირად, ფინანსურ ან საქმიან ინტერესებზე. ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა:

ა) არსებული ინტერესიდან (გადაწყვეტილებიდან მიღებულია რეალური უპირატესობა);

ბ) პოტენციური ინტერესიდან (არსებობს გადაწყვეტილებიდან პოტენციურად უპირატესობის მიღების შესაძლებლობა);

გ) შესაძლო ინტერესიდან (ობიექტურ დამკვირვებლებს შესაძლოა ჰქონდეთ გონივრული ეჭვი, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, მიუხედავად იმისა, არსებობს ის თუ არა რეალურად).

3. კომიტეტის ყველა წევრი ვალდებულია:

ა) გაამჟღავნოს ყველა არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი;

ბ) განსაზღვროს, შესაძლებელია თუ არა, რომ ადგილი ჰქონდეს არსებულ, პოტენციურ ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს;

გ) უზრუნველყოს პრევენციული ზომების მიღება არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად.

4. კომიტეტის წევრებმა წერილობით უნდა დაადასტურონ ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა კომიტეტის წევრად მათ დანიშვნამდე ან დანიშვნისთანავე. ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტი კომიტეტის წევრმა წერილობით უნდა გააცნოს კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ ამ წევრმა მონაწილეობა არ მიიღოს იმ საკითხზე მსჯელობაში ან/და გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიმართაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტი.

5. თუ კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს ინტერესთა კონფლიქტი კომიტეტის მიერ განხილულ ან/და გადასაჭრელ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარე წერილობით აცნობებს კომიტეტის ყველა წევრს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და არ მიიღებს მონაწილეობას შესაბამის განხილვებში/გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მუხლი 17. სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებული საქმიანობების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემა

1. საპენსიო ფონდი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წინასწარ წერილობით აცნობოს სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებული საქმიანობების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემის გადაწყვეტილების შესახებ და თანხმობის მოპოვების მიზნით წარუდგინოს განცხადება და აუთსორსინგულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელთან დასადები წერილობითი ხელშეკრულების ასლი.

2. სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებული საქმიანობების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემაზე თანხმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი იღებს საპენსიო ფონდის მიერ მისთვის განცხადებისა და აუთსორსინგულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ წერილობით აცნობებს საპენსიო ფონდს ამის თაობაზე. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საპენსიო ფონდმა, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში ვადის დინება განახლდება შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისთანავე.  ეროვნულ ბანკთან უნდა შეთანხმდეს, აგრეთვე, ნებისმიერი შემდგომი ცვლილება, რომელიც სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებული საქმიანობების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემას შეეხება.

3. საპენსიო ფონდი ვალდებულია სხვა საქმიანობების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემის შემთხვევაში, მათი გადაცემიდან 5 (ხუთ) სამუშაო დღეში აცნობოს ეროვნულ ბანკს ამის შესახებ.

4. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია, სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებული საქმიანობები აუთსორსინგული მომსახურებისთვის მესამე პირს გადასცეს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა:

ა) აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემამდე სულ მცირე 20 (ოცი) სამუშაო დღით ადრე აღნიშნულის შესახებ საპენსიო ფონდი აცნობებს ეროვნულ ბანკს;

ბ) საპენსიო ფონდი ასაბუთებს, რომ ფუნქციის/ფუნქციების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემისთვის არსებობს ობიექტური საფუძველი და ეს არ ხორციელდება კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესრულებისგან თავის ასარიდებლად;

გ) ფუნქციის/ფუნქციების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემა საფრთხეს არ უქმნის საპენსიო ფონდის ეფექტიან ზედამხედველობასა და მის მიერ მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას;

დ) საპენსიო ფონდმა სათანადო წინდახედულობა და გონიერება უნდა გამოიჩინოს მესამე პირის შერჩევისას და მასზე ფუნქციის აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემისას. საპენსიო ფონდის მიერ სპეციალურ ფუნქციასთან/ფუნქციებთან დაკავშირებული საქმიანობების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც აქვს შესაბამისი მიმართულებით საქმიანობის უფლებამოსილება და ექვემდებარება სათანადო ზედამხედველობას;

ე) საინვესტიციო და რისკის მართვის ფუნქციის აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც აქვს აქტივების მართვის უფლებამოსილება. საინვესტიციო ფუნქციის გადაცემა ხორციელდება კანონის 28​1 მუხლის შესაბამისად;

ვ) საინვესტიციო და რისკის მართვის ფუნქციების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემა არ ხორციელდება:

ვ.ა) სპეციალიზებულ დეპოზიტარზე ან მის მიერ დელეგირების საფუძველზე მოქმედ სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციის შემსრულებელ პირზე;

ვ.ბ) ნებისმიერ მესამე პირზე, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი საპენსიო ფონდთან;

ზ) საპენსიო ფონდის მიერ საინვესტიციო ან რისკის მართვის ფუნქციის უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ პირზე აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემისას არსებობს საქართველოს შესაბამის საზედამხედველო ორგანოსა და უცხო ქვეყნის საზედამხედველო ორგანოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება;

თ) საპენსიო ფონდი აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემულ ნებისმიერ ფუნქციასთან/ფუნქციებთან მიმართებით ინარჩუნებს მითითებების გაცემისა და შესაბამისი ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტის უფლებას;

ი) დაცულია საპენსიო ფონდსა და აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელთან დაკავშირებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.

5. საპენსიო ფონდს უნდა ჰქონდეს ფუნქციების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს კრიტიკული ოპერაციების უწყვეტობას. საპენსიო ფონდი აგრეთვე ვალდებულია, გამოიჩინოს სათანადო წინდახედულობა და გონიერება მესამე პირისა და მესამე პირზე დელეგირებული ფუნქციების შესრულების პერიოდული შემოწმებისას და მონიტორინგისას.

6. ამ მუხლის შესაბამისად მესამე პირისთვის სპეციალური ფუნქციის/ფუნქციების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემა გავლენას არ ახდენს საპენსიო ფონდის პასუხისმგებლობაზე.

7. დაუშვებელია საპენსიო ფონდმა განახორციელოს მესამე პირისთვის ყველა სპეციალური ფუნქციის აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემა.

8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საპენსიო ფონდს და აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლებს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ინფორმაცია გადაცემული სპეციალური ფუნქციების ან სხვა საქმიანობის შესახებ.

თავი IV

საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობა

მუხლი 18. მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგი და საინვესტიციო ლიმიტები

1. კანონის 27-ე მუხლის მე-16 პუნქტის „ა“-„დ1“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებს ან მათ ემიტენტებს უნდა ჰქონდეთ ერთ-ერთი შემდეგი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებული საჯაროდ ხელმისაწვდომი რეიტინგი: Standard & Poors (S&P), Moody’s, Fitch და Scope Ratings. თუ მითითებული  რამდენიმე  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგები ერთმანეთისგან განსხვავებულია, მხედველობაში მიიღება მათ შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი. თუ საკრედიტო რეიტინგი მინიჭებული აქვს როგორც ემიტენტს, ისე საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტს და ისინი განსხვავებულია, მხედველობაში მიიღება საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტისთვის მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი.

2. ამ  მუხლის  პირველი  პუნქტის  შესაბამისად  მინიჭებული  საკრედიტო  რეიტინგი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა)  თუ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტის ემიტენტი საქართველოს რეზიდენტია, საკრედიტო  რეიტინგის  მაჩვენებელი არ უნდა იყოს ქვეყნის რეიტინგზე 2 (ორი) საფეხურით დაბალ საკრედიტო რეიტინგზე ნაკლები. ქვეყნის რეიტინგზე 1 (ერთი) ან 2 (ორი) საფეხურით დაბალი საკრედიტო რეიტინგის შემთხვევაში, შესაბამისი საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტები არ უნდა აჭარბებდეს თითოეული საინვესტიციო პორტფელის 7 (შვიდ) პროცენტს, საიდანაც ქვეყნის რეიტინგზე 2 (ორი) საფეხურით დაბალი საკრედიტო რეიტინგის შემთხვევაში შესაბამისი საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტები არ უნდა აჭარბებდეს თითოეული საინვესტიციო პორტფელის 2 (ორ) პროცენტს. აღნიშნული მოთხოვნა გათვალისწინებულ უნდა იქნეს ინვესტირების ეტაპზე;

ბ) თუ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტის ემიტენტი საქართველოს არარეზიდენტია, საკრედიტო რეიტინგის მინიმალური მაჩვენებელი განისაზღვრება „BBB-/Baa3“-ის დონეზე;

გ) საქართველოს არარეზიდენტ ორგანიზაციაში ფულადი სახსრების, საბანკო დეპოზიტებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების განთავსების შემთხვევაში, ორგანიზაციის რეიტინგი უნდა აღემატებოდეს „A-“ ან „A3“-ს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში განთავსებულ ფულად სახსრებზე, საბანკო დეპოზიტებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე, თუ აღნიშნულ კომერციულ ბანკებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული აქვს საკრედიტო რეიტინგი.

4. გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშვებელია საპენსიო აქტივების 5 (ხუთ) პროცენტზე მეტის ინვესტირება ერთი ემიტენტის ან ერთი ჯგუფის მიერ გამოშვებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში (მათ შორის, ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ტრანზაქციის ფარგლებში), მათ შორის, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდის მეშვეობით. აღნიშნული ლიმიტი გამოითვლება იმ საინვესტიციო პორტფელებიდან თითოეულის ჭრილში, რომლებსაც საპენსიო ფონდი მართავს.

5. დაუშვებელია იმ საპენსიო აქტივების ჭრილში, რომელსაც საპენსიო ფონდი მართავს:

ა) ერთი ემისიის ფარგლებში გამოშვებული ფასიანი ქაღალდების 25 (ოცდახუთ) პროცენტზე მეტის ფლობა;

ბ) ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურად  20 (ოც) პროცენტზე მეტის ფლობა;

გ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ თანადაფინანსებულ თითოეულ ტრანზაქციაში 20 (ოც) პროცენტზე მეტი თანამონაწილეობა.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ფულად სახსრებზე, საბანკო დეპოზიტებზე, სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იპოთეკით დაცულ ობლიგაციებზე, აგრეთვე საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული, არანაკლებ АА- (ან მისი ეკვივალენტური) საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე.

7. დაუშვებელია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელ ერთ საინვესტიციო ფონდში საპენსიო აქტივების 15 (თხუთმეტ) პროცენტზე მეტის ინვესტირება. აღნიშნული ლიმიტები გამოითვლება იმ საინვესტიციო პორტფელებიდან თითოეულის ჭრილში, რომლებსაც საპენსიო ფონდი მართავს.

მუხლი 19. საპენსიო ფონდის მიერ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად თანაინვესტირება  

1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება კანონის 27-ე მუხლის მე-16 პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებზე.

2. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან ერთად თანაინვესტირებამდე, საპენსიო ფონდი ვალდებულია:

ა) თითოეული თანაინვესტირების გადაწყვეტილება წინასწარ შეათანხმოს მმართველობით საბჭოსთან, რაც უნდა აისახოს  მმართველობითი საბჭოს სხდომის ოქმში;

ბ) შემუშავებული ჰქონდეს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული საკრედიტო რეიტინგის შიდა მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც მოხდება თითოეული ტრანზაქციის საკრედიტო რისკის შეფასება;

გ) ჩაატაროს საფუძვლიანი მოკვლევა თითოეულ განსახორციელებელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. კერძოდ:

გ.ა) რაოდენობრივი შეფასების ფარგლებში, გამოთვლილი/გაანალიზებული ჰქონდეს საჭირო ფინანსური კოეფიციენტები (მათ შორის, ლიკვიდურობის, ლევერიჯის და მომგებიანობის კოეფიციენტები) მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსესხებლის/პროექტის ბიზნესმოდელისა და  ინდუსტრიის გათვალისწინებით;

გ.ბ) ხარისხობრივი შეფასების ფარგლებში, დეტალურად გაანალიზებული ჰქონდეს პროექტის რისკიანობა, ბიზნესმოდელი და შესაბამისი სექტორი, მმართველობის სტრუქტურა, მათ შორის, მენეჯმენტის გამოცდილება და წარსული საქმიანობა, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხები და ტრანზაქციის/პროექტის გამჭვირვალობა. ამასთან, შესაფასებლად აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ტრანზაქციის საპენსიო ფონდის გრძელვადიან საინვესტიციო მიზნებთან შესაბამისობა;

დ) დარწმუნდეს, რომ საპენსიო ფონდის ტრანზაქციაში მონაწილეობის პირობები არ არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პირობებზე უარესი, პოტენციური რისკის და ამონაგების გათვალისწინებით.

3. საპენსიო ფონდი ვალდებულია, წერილობით შეიმუშაოს ამ მუხლით გათვალისწინებული ტრანზაქციის მონიტორინგის პროცედურა.

მუხლი 20. საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლა

1. შეფასების დღისთვის, თითოეული საინვესტიციო პორტფელის ჭრილში საპენსიო აქტივების მთლიანი ღირებულება განისაზღვრება, როგორც საინვესტიციო პორტფელში შემავალი ყველა აქტივის ღირებულების ჯამი.

2. თითოეული საინვესტიციო პორტფელის ჭრილში, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებას წარმოადგენს სხვაობა საპენსიო აქტივების მთლიან ღირებულებასა და ვალდებულებებს შორის.

3. თითოეული საინვესტიციო პორტფელის ჭრილში ვალდებულებები შესაძლოა იყოს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ხარჯი (მათ შორის, სპეციალიზებული  დეპოზიტარისა   და აქტივების  მმართველი  კომპანიის მომსახურებასთან დაკავშირებული საკომისიოები).

4. თითოეულ საინვესტიციო პორტფელთან მიმართებით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება გამოითვლება ყოველ სამუშაო დღეს, თუმცა არაუგვიანეს მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღისა.

5. ამ მუხლის შესაბამისად გამოთვლილი საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება თითოეულ საინვესტიციო პორტფელთან მიმართებით ყოველ სამუშაო დღეს უნდა ეცნობოს სპეციალიზებულ დეპოზიტარს, შესაბამისი სამუშაო დღის ერთეულის ფასის დადგენამდე. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია, შეამოწმოს გამოთვლების შესაბამისობა საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

მუხლი 21. საპენსიო აქტივების შეფასების მეთოდოლოგია

1. საპენსიო ფონდის აქტივების შეფასება უნდა მოხდეს სამართლიანი ღირებულებით, ფასს 13-ის შესაბამისად, გარდა ამ წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ამასთან, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია, შეფასებისას გაითვალისწინოს  სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ შემუშავებული საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობასთან დაკავშირებული გლობალური სტანდარტებით (GIPS) განსაზღვრული შეფასების მოქმედი პრინციპები.

2. ამ მუხლით დადგენილი  მეთოდოლოგია განსაზღვრავს შეფასების მიდგომებს აქტივის ყველა კლასისთვის, რომელში ინვესტირების უფლებაც აქვს საპენსიო ფონდს. საპენსიო ფონდმა არ უნდა განახორციელოს ინვესტირება ისეთ აქტივში, რომლისთვის განსაზღვრული არ არის შეფასების მეთოდოლოგია.

3. საპენსიო ფონდის მიერ უნდა განხორციელდეს საპენსიო აქტივების შეფასების პროცედურის კანონმდებლობასა და საბაზრო პირობებთან შესაბამისობის პერიოდული გადახედვა.

4. საპენსიო ფონდს  წერილობითი დოკუმენტის სახით უნდა გააჩნდეს  შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები, რათა უზრუნველყოს შეფასებისას დაშვებული შეცდომების პრევენცია, აღმოჩენა და გასწორება.   

5. საპენსიო ფონდის პორტფელში შემავალი უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების ღირებულება უნდა აღირიცხოს შეფასების თარიღზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი  ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

6. აქტივების შეფასებისას საპენსიო ფონდმა უნდა იხელმძღვანელოს ფასს 13-ის სამართლიანი ღირებულების იერარქიით, რომელიც განსაზღვრავს იერარქიის 3 დონეს კლებადი პრიორიტეტულობით:

ა) პირველი დონე: იდენტური აქტივების აქტიური ბაზრების კოტირებული ფასები (გაუკორექტირებელი), რომლის მოპოვება საპენსიო ფონდს შეუძლია შეფასების თარიღისთვის;

ბ) მე-2 დონე: მოცემული აქტივის შესახებ ყველა მონაცემი (გარდა პირველ დონეს მიკუთვნებული კოტირებული ფასებისა), რომლებიც ემპირიულია პირდაპირ ან არაპირდაპირ;

გ) მე-3 დონე: აქტივის შესახებ არაემპირიული ამოსავალი მონაცემები.

7. აქტივების შეფასება, რომელთაც აქვთ აქტიური ბაზარი, უნდა მოხდეს პირველი დონის ამოსავალი მონაცემების გამოყენებით. სხვა შემთხვევებში, როდესაც აქტივებს არ აქვს აქტიური ბაზარი, გამოიყენება მე-2 ან მე-3 დონის ამოსავალი მონაცემები.

8. მე-2 დონის ამოსავალი მონაცემების განსაზღვრისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი 2 (ორი) მიდგომა:

ა) შიდა ფასწარმოქმნა: საპენსიო ფონდი სპეციალიზებულ დეპოზიტარს პირდაპირ აძლევს მითითებებს დეტალური შეფასების მეთოდის თაობაზე მის მიერ შემუშავებული შეფასების შიდა მეთოდებზე დაყრდნობით;

ბ) გარე ფასწარმოქმნა (კონკრეტულ ფასის წყაროზე მითითება): საპენსიო ფონდი სპეციალიზებულ დეპოზიტარს მიუთითებს მესამე მხარის ფასწარმოქმნის წყაროზე, როგორიცაა, მაგალითად, ბროკერები, კონტრაჰენტები ან სხვა დამოუკიდებელი შემფასებლები.

9. თუ აქტივის შეფასება შეუძლებელია პირველი ან მე-2 დონის ამოსავალი მონაცემებით, მაშინ გამოიყენება მე-3 დონის მონაცემები. მე-3 დონის მონაცემებად გამოიყენება დამოუკიდებელი შემფასებლები (ფასის მომწოდებლები). დამოუკიდებელი შემფასებლისგან მომსახურების მიღებისთვის მოთხოვნები განისაზღვრება ამ წესით.

10. თუ ღირებულების შეფასებისას გამოიყენება გარე ფასწარმოქმნის მიდგომა (მე-2 დონე), მმართველობითმა საბჭომ ან მის მიერ დელეგირების შემთხვევაში საინვესტიციო კომიტეტმა მესამე მხარის წყაროს შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს სანდოობასთან, საიმედოობასა და პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები.

11. შეფასების პროცესში თავიდან უნდა იქნეს არიდებული ნებისმიერი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი. მმართველობითმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს, რომ ინვესტიციების შეფასებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლები ფუნქციურად და იერარქიულად იყვნენ გამიჯნული იმ სტრუქტურული ერთეულებისგან, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს.

12. ამ წესის მიხედვით საპენსიო ფონდი შეიმუშავებს დეტალურ პროცედურას და საჭიროებისამებრ შეიტანს მასში ცვლილებებს, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ გამოიყენება საპენსიო აქტივების ყოველდღიურ შეფასებაში.

13. შეფასების მიდგომისა და სიხშირის განურჩევლად, ინვესტიციის სამართლიანი ღირებულების ცვლილების ნებისმიერი გამოვლინება დაუყოვნებლივ უნდა იყოს საპენსიო ფონდის მიერ განხილული და, საჭიროების შემთხვევაში, სამართლიანი ღირებულება უნდა განახლდეს მაშინვე, როგორც კი შესაძლებელი იქნება ღირებულების დადგენა. ღირებულების ცვლილების  გამოვლინება შესაძლოა იყოს: კომპანიის ფინანსური პრობლემები, რომელშიც განხორციელებულია ინვესტიცია, აქტიური ბაზრის გაქრობა, გაუთვალისწინებელი და ფორსმაჟორული გარემოებების გამო აქტივის დაზიანება ან სიცოცხლისუნარიანობის შემცირება და სხვ.

მუხლი 22. ვადიანი დეპოზიტების, სადეპოზიტო სერტიფიკატების და მიმდინარე ანგარიშების შეფასება

1. საპენსიო აქტივებში შემავალი ფულადი სახსრები, ვადიანი დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები უნდა შეფასდეს შეფასების დღეს არსებული ამორტიზებული ღირებულებით, სადაც საპროცენტო ამონაგები  დაიანგარიშება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდით, ფასს 9-ის შესაბამისად. ფასს 9-ით მოთხოვნილი ბიზნესმოდელისა და მხოლოდ ძირი თანხისა და სარგებლის გადახდის (SPPI) ტესტები უნდა გადაიხედოს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, რათა შეფასდეს ტესტის ხელახალი ჩატარების საჭიროება.

2. საპენსიო აქტივების შემადგენელი ფულადი სახსრები, ერთდღიანი დეპოზიტები, მიმდინარე ან/და სხვა ტიპის სარგებლიანი საბანკო ანგარიშები უნდა აღირიცხოს ნაშთზე ნომინალური განაკვეთით დათვლილი დარიცხული სარგებლის გათვალისწინებით.

მუხლი 23. აქტიური ბაზრის მქონე აქტივების შეფასება

1. იმ აქტივების ღირებულება, რომლებსაც აქვს აქტიური ბაზარი, უნდა განისაზღვროს ყოველ სამუშაო დღეს, კოტირებული ფასების გამოყენებით.

2. ყველა აქტივისთვის, რომელსაც აქვს აქტიური ბაზარი (გარდა სასესხო ფასიანი ქაღალდებისა), კოტირებულ ფასად განისაზღვრება შეფასების დღეს ამ აქტივის დახურვის ფასი ბირჟაზე ან ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე, რომელზეც დალისტულია ეს აქტივი (ერთზე მეტი ლისტინგის შემთხვევაში გაითვალისწინება პირველადი ლისტინგი, რომელიც ამავდროულად უნდა იყოს ძირითადი ბაზარი ფასს 13-ის შესაბამისად. ფასს 13-ის პირველი დონის ამოსავალი მონაცემების გამოყენებისას). თუ შეფასების დღისთვის დახურვის ფასი არ არის გამოქვეყნებული, შეფასებაში გამოიყენება შესაბამის ბირჟაზე ან ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე გამოქვეყნებული უახლესი დახურვის ფასი, რომელიც გამოქვეყნდა შეფასების დღემდე არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა.

3. სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც აქვს აქტიური ბაზარი, უნდა შეფასდეს შეფასების დღის ბოლოსთვის გამოქვეყნებული გაყიდვის (bid) ფასით, რომელიც კოტირებულია სანდო, აღიარებული წყაროს მიერ, ბლუმბერგის ან რეფინიტივის გამოყენებით. თუ შეფასების დღისთვის გამოქვეყნებული გაყიდვის (bid) ფასი არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ შეფასებაში გამოიყენება გამოქვეყნებული უახლესი გაყიდვის (bid) ფასი, რომელიც გამოქვეყნდა შეფასების დღემდე არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა.

4. თუ საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურს ან/და სპეციალიზებულ დეპოზიტარს არ შეუძლიათ დაადგინონ აქტივის სამართლიანი ღირებულება, მათ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ეროვნულ ბანკს და მმართველობით საბჭოს. ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურმა ან/და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა მხედველობაში უნდა მიიღონ ისეთი უახლესი შეფასება, რომელიც წარმოადგენდა აქტივის სამართლიან ღირებულებას.

მუხლი 24. აქტიური ბაზრის არმქონე აქტივების შეფასება

1. აქტივებისთვის, რომლებსაც არ აქვთ აქტიური ბაზარი, სამართლიანი ღირებულება შესაძლებელია დადგინდეს ბაზარზე დაკვირვებადი სხვა ამოსავალი მონაცემების (მე-2 დონის) გამოყენებით.

2. თუ აქტივის სამართლიანი ღირებულების დასადგენად გამოიყენება შიდა ფასწარმოქმნის მიდგომა, გამოყენებული შეფასების მოდელები უნდა იყოს ფინანსურ ბაზრებზე საზოგადოდ აღიარებული.

3. შეფასებისთვის გარე ფასწარმოქმნის მიდგომის გამოყენების შემთხვევაში მმართველობითი საბჭო ან მის მიერ დელეგირების შემთხვევაში საინვესტიციო კომიტეტი უფლებამოსილია, განსაზღვროს სანდო, საიმედო მესამე მხარე და შეფასებაში გამოიყენოს ამ მესამე მხარის მიერ გამოქვეყნებული კოტირება.

4. თუ აქტიური ბაზრის არმქონე აქტივების შეფასებაში გამოიყენება მე-2 დონის ამოსავალი მონაცემები, ისინი უნდა განახლდეს რაც შეიძლება ხშირად, თუმცა სულ მცირე თვეში ერთხელ.

მუხლი 25. აქტივების შეფასება ბაზარზე არაემპირიული ამოსავალი მონაცემების გამოყენებით

1. თუ აქტივების შეფასებისას შეუძლებელია პირველი დონის და მე-2 დონის ამოსავალი მონაცემების გამოყენება, მაშინ აქტივები უნდა შეფასდეს არაემპირიული ამოსავალი მონაცემების (მე-3 დონის) გამოყენებით. ამ შემთხვევაში ყველაზე შესაფერისი და ზუსტი  შეფასებისთვის დაქირავებული უნდა იქნეს დამოუკიდებელი შემფასებლები (ფასის მომწოდებლები).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მმართველობითმა საბჭომ ან, მის მიერ დელეგირების შემთხვევაში, საინვესტიციო კომიტეტმა დამოუკიდებელი ფასის მომწოდებლები უნდა შეარჩიოს კონკურსის საფუძველზე, მსოფლიოს დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიებიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი მომსახურების მიღება პირდაპირ უკავშირდება საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებას, აღნიშნული შერჩევის პროცესზე არ ვრცელდება შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა.

3. ფასის მომწოდებლებთან ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს ჩამოყალიბებული მკაფიოდ, წერილობითი ფორმით.

4. ფასის მომწოდებლის შერჩევის პროცედურა უნდა მომზადდეს მმართველობითი საბჭოს ან, მის მიერ დელეგირების შემთხვევაში, საინვესტიციო კომიტეტის მიერ და შეთანხმდეს ეროვნულ ბანკთან.

5. თუ საპენსიო ფონდის მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო მოცულობა შეადგენს ან აჭარბებს 100 (ას) მილიონ ლარს, ასეთი ტრანზაქციის ღირებულების შესაფასებლად საჭიროა, სულ მცირე, 2 (ორი) დამოუკიდებელი ფასის მომწოდებლის შერჩევა. ასეთ შემთხვევაში აქტივის ღირებულებად მიიჩნევა ფასის მომწოდებლების შეფასებების საშუალო.

6. თუ აქტიური ბაზრის არმქონე აქტივების შეფასებაში გამოიყენება მე-3 დონის ამოსავალი მონაცემები, ისინი უნდა განახლდეს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.

7. ფასის მომწოდებლების მიერ დადგენილი შეფასება უნდა ეცნობოს სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რათა მან შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და საპენსიო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობები.

მუხლი 26. აქტივის ზოგიერთი კლასის შეფასება

1. მიუხედავად ამ წესის 23-ე-25-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნებისა:

ა) საქართველოს მთავრობის სახაზინო ფასიანი ქაღალდები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები მინიმალური საკრედიტო რეიტინგით AA- (ან მისი ეკვივალენტი) უნდა შეფასდეს ფინანსურ ბაზრებზე მიღებული შეფასების მოდელების გამოყენებით და ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ნულოვანი შემოსავლიანობის მრუდის გამოყენებით;

ბ) ლარში დენომინირებული საჯაროდ გამოშვებული ფიქსირებული კუპონის მქონე კორპორაციული ობლიგაციები უნდა შეფასდეს ობლიგაციის ფულადი ნაკადების დისკონტირებით,  შესაბამისი ვადიანობის საქართველოს მთავრობის სახაზინო ფასიანი ქაღალდის შემოსავლიანობაზე ფიქსირებული სპრედის დამატებით. ფიქსირებულ სპრედად გამოიყენება ამ კორპორაციული ობლიგაციის გამოშვებისას დაფიქსირებული სპრედი შესაბამისი ვადიანობის საქართველოს მთავრობის სახაზინო ფასიან ქაღალდთან. საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურმა, ბაზრის მონიტორინგის შედეგად, შესაძლოა, საჭიროებისამებრ  შეცვალოს შეფასებისას გამოყენებული ფიქსირებული სპრედი, რის თაობაზეც მან წინასწარ უნდა აცნობოს საინვესტიციო კომიტეტს;

გ)  საჯაროდ გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციები ცვალებადი კუპონის განაკვეთით უნდა შეფასდეს ფინანსურ ბაზრებზე მიღებული შესაბამისი შეფასების მოდელების გამოყენებით. ასეთი ობლიგაციები უნდა შეფასდეს პროსპექტით განსაზღვრულ მითითებულ განაკვეთზე (reference rate) სპრედის (დისკონტის მარჟა) დამატებით. სპრედი (დისკონტის მარჟა) ემისიის დღეს უტოლდება ობლიგაციის გამოცხადებულ მარჟას. საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურმა, ბაზრის მონიტორინგის შედეგად, შესაძლოა, საჭიროებისამებრ შეცვალოს შეფასებისას გამოყენებული სპრედი (დისკონტის მარჟა), რის თაობაზეც მან წინასწარ უნდა აცნობოს საინვესტიციო კომიტეტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აქტივების შეფასებისას გამოყენებული მონაცემები უნდა განახლდეს, სულ მცირე, კვირაში ერთხელ. თუ ახალი მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის, მაშინ საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახური ან/და სპეციალიზებული დეპოზიტარი შეფასებისას გამოიყენებენ უახლეს ხელმისაწვდომ მონაცემებს.

3. საპენსიო ფონდის პორტფელში შემავალი საინვესტიციო ფონდის ერთეულის ღირებულება უნდა გამოითვალოს ფასს 9-ის ან ფასს 13-ის შესაბამისად, საინვესტიციო ფონდის ბიზნესმოდელის გათვალისწინებით.  

4. საფონდო ბირჟის გარეთ ვაჭრობადი დერივატივების ღირებულება უნდა განისაზღვროს, სულ მცირე, თვეში ერთხელ, ფინანსურ ბაზრებზე მიღებული შეფასების მეთოდების ან გარე ფასწარმოქმნის მიდგომის გამოყენებით.

მუხლი 27. შეფასებისას დაშვებული შეცდომები

1. აქტივების შეფასება ისე უნდა განხორციელდეს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი შეფასებისას შეცდომის დაშვების ალბათობა.

2. საპენსიო ფონდს უნდა გააჩნდეს წერილობითი პროცედურა, რომლის მიხედვითაც პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, გადახედავს  შეფასების მოდელებს, პროცესებს, ფასის წყაროებს და ფასის მომწოდებლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რათა აღმოაჩინოს შეფასებისას დაშვებული შესაძლო შეცდომები და მოახდინოს მათზე რეაგირება.

3. თუ აღმოჩენილი იქნება შეფასების შეცდომა, ასეთი შემთხვევა გამოძიებული უნდა იქნეს. საინვესტიციო სამსახურმა და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შეფასების შეცდომის თაობაზე მმართველობით საბჭოს, საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს და ეროვნულ ბანკს.

4. შეფასებისას დაშვებული მატერიალური შეცდომა უნდა გასწორდეს საპენსიო ფონდის ერთეულის ფასის მომდევნო დადგენისას. ამ მუხლის მიზნებისთვის შეფასების შეცდომა მიიჩნევა მატერიალურად, თუ ის აჭარბებს საინვესტიციო პორტფელის წმინდა საპენსიო აქტივების ღირებულების 0.05%-ს.

5. შეცდომის შემთხვევაში საპენსიო ფონდმა უნდა გაასწოროს ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშები და აცნობოს დაფიქსირებული შეცდომის შესახებ იმ მონაწილეებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა აღნიშნულმა შეცდომამ. აღნიშნული ინციდენტი დოკუმენტირებული ფორმით, ელექტრონულად ან/და მატერიალური სახით უნდა ინახებოდეს (ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით) საპენსიო ფონდის მიერ უვადოდ.

თავი V

საპენსიო ფონდის ადმინისტრაციული საქმიანობა

მუხლი 28. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში

1. საპენსიო ფონდმა მონაწილეს დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე უნდა შეუქმნას ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში და უზრუნველყოს მისთვის ამ ანგარიშის შესახებ ინფორმაციის დისტანციური ელექტრონული ხელმისაწვდომობა.

2. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში თითოეული მონაწილისთვის განცალკევებულად უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული, მონაწილის  საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) საპენსიო ფონდში გაწევრების თარიღი;

გ) საპენსიო შენატანების (დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო) ოდენობა განცალკევებულად შესაბამისი თარიღის და შესაბამისი დამსაქმებლის მითითებით (გარდა თვითდასაქმებული მონაწილისა);

დ) მონაწილის მიმდინარე საინვესტიციო პორტფელის დასახელება, პორტფელის ჯამური ღირებულება, პორტფელის ერთეულების რაოდენობის, პორტფელის და პორტფელის ერთეულის ღირებულების ცვლილების და პორტფელში შემავალი აქტივების მითითებით (როგორც ვალუტის, ისე აქტივების კლასის ჭრილში);

ე) საპენსიო აქტივების მართვის შედეგები (საინვესტიციო ამონაგების/ზარალის და შენატანების განცალკევებულად მითითებით);

ვ) პორტფელის ჭრილში არსებული გადასახდელები და საკომისიოები (განცალკევებულად) ან სხვა ნებისმიერი ხარჯი (არსებობის შემთხვევაში);

ზ) გატანილი პენსიის ოდენობა და გატანის ფორმა (ერთიანი გადახდის, პროგრამული გატანის ან ანუიტეტის მითითებით);

თ) მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრისთვის ერთიანად გაცემული ან მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანილი პენსიის ოდენობა და მონაწილის მემკვიდრის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ი) საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია, მათ შორის, ისტორია მონაწილის მიერ მანამდე შერჩეული საინვესტიციო პორტფელის ცვლილებებთან დაკავშირებით,  საპენსიო ფონდის განცხადებები, ცნობები და ინსტრუქციები.

3. საპენსიო ფონდის იმ მონაწილეთა ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე, რომელთაც პენსია მიიღეს ერთიანი გადახდის ფორმით, საპენსიო აქტივები გადაიტანეს სხვა საინვესტიციო პორტფელში ან გარდაცვლილი მონაწილისგან მიიღეს საპენსიო აქტივები ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, დამატებით აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) საპენსიო ფონდიდან ერთიანად გადახდილი თანხის მიღების ან საპენსიო აქტივების გადატანის თარიღი;

ბ) ერთიანად გადახდილი თანხის ან გადატანილი თანხის ოდენობა.

4. საპენსიო ფონდის იმ მონაწილეთა ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე, რომელთაც პენსიის მიღების ფორმად აირჩიეს ანუიტეტი, დამატებით აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) მზღვეველთან გაფორმებული ანუიტეტის ხელშეკრულების თარიღი;

ბ) ინფორმაცია მზღვეველის შესახებ;

გ) საპენსიო აქტივის მზღვეველისთვის გადაცემის თარიღი;

დ) საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

5. საპენსიო ფონდის იმ მონაწილეთა ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე, რომელთაც პენსიის მიღების ფორმად აირჩიეს პროგრამული გატანა, დამატებით აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) პენსიის გაცემის დაწყების თარიღი;

ბ) პენსიის გაცემის პერიოდულობა/სიხშირე;

გ) ყოველთვიური პენსიის ოდენობა და გაცემის თარიღი;

დ) პენსიის მიღების ბოლო თარიღი; 

ე) დარჩენილი საპენსიო დანაგროვის ოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. საპენსიო ფონდმა თითოეული მონაწილისთვის უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახული მონაწილის თითოეული ქმედების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

7. ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია უნდა განახლდეს ყოველ სამუშაო დღეს წინა სამუშაო დღის მონაცემებით.

მუხლი 29. საპენსიო ფონდის ერთეულების ღირებულების, საპენსიო შენატანების, გადასახდელებისა და საკომისიოების გამოთვლა და აღრიცხვა

1. საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების ფარგლებში არსებული ყველა გადასახდელი და საკომისიო უნდა  იყოს გონივრული და გამჭვირვალე, გადანაწილდეს და აღირიცხოს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.

2. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში განცალკევებულად უნდა ასახავდეს მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ ყველა საპენსიო შენატანს, შესაბამის გადასახდელებს/საკომისიოებს და საპენსიო აქტივების მართვის/ინვესტირების შედეგად მიღებულ მოგებასა და ზარალს. ასევე, განცალკევებულად უნდა აღირიცხოს დამსაქმებლის, დასაქმებულის,  თვითდასაქმებულის  და სახელმწიფოს საპენსიო შენატანები.

3. საპენსიო ფონდი ვალდებულია მონაწილის ინდივიდუალურ ანგარიშზე ასახოს საპენსიო ფონდის თითოეული პორტფელის ერთი ერთეულის ახალი ღირებულება. საპენსიო ფონდის ერთეულის ღირებულება გამოითვლება პორტფელში შემავალი საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულების საინვესტიციო პორტფელის ერთეულების ჯამურ რაოდენობასთან შეფარდებით.

4. მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება მონაწილის ახალი საპენსიო შენატანის დამატებით შეძენილი საპენსიო ფონდის ერთეულები. აღნიშნული ერთეულების შეძენა ხორციელდება შეძენის მომენტისთვის არსებული საპენსიო ფონდის ერთეულების ღირებულებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები ასევე ვრცელდება საპენსიო სქემაში ახალი მონაწილის გაწევრების შემთხვევაზე.

მუხლი 30. საპენსიო აქტივების გადატანა

1. საპენსიო ფონდი ვალდებულია, უზრუნველყოს მონაწილის მიერ პორტფელის შეცვლისას საპენსიო აქტივების ერთი პორტფელიდან მეორე პორტფელში გადატანა ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამ მუხლის მოქმედება ასევე ვრცელდება კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მონაწილის მემკვიდრის (თუ ეს მემკვიდრე, თავის მხრივ, ასევე, არის მონაწილე) მიერ საპენსიო აქტივების თავის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის შემთხვევებზე.

2. საპენსიო ფონდი ვალდებულია, შეიმუშაოს დეტალური პროცედურა საპენსიო აქტივების გადატანასთან დაკავშირებით, კანონით და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. ასევე, საპენსიო ფონდმა უნდა შეიმუშაოს საპენსიო აქტივების გადატანის შესახებ განცხადების ფორმა და უზრუნველყოს მისი ყველა მონაწილისთვის ხელმისაწვდომობა საპენსიო ფონდის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით.

3. გადატანას ექვემდებარება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ბოლო შეფასების თარიღისთვის დაფიქსირებული წმინდა საპენსიო აქტივების ოდენობა სრულად.

4. საპენსიო ფონდი ვალდებულია, იმგვარად მართოს ლიკვიდურობა, რომ საპენსიო ფონდის მონაწილეებს დაუკმაყოფილოს საინვესტიციო პორტფელის ცვლილების შესახებ წარდგენილი განცხადებები შემდეგი პირობების შესაბამისად:

ა) თუ განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მონაწილეთა დაფიქსირებული მოთხოვნის ჯამური მოცულობა არ აღემატება შესაბამისი საინვესტიციო პორტფელის 1%-ს, ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდი განცხადებას განიხილავს და აღასრულებს მისთვის განცხადების წარდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;   

ბ) თუ განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მონაწილეთა მოთხოვნის ჯამური მოცულობა მეტია შესაბამისი საინვესტიციო პორტფელის 1%-ზე, თუმცა არ აღემატება 2%-ს, ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდი განცხადებას განიხილავს და აღასრულებს მისთვის განცხადების წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 

5. საპენსიო ფონდმა წინასწარ უნდა შეიმუშაოს და ეროვნულ ბანკთან შეათანხმოს მექანიზმი, რომლის შესაბამისადაც მოხდება მონაწილეთა განცხადებების განხილვა, თუ საინვესტიციო პორტფელის ცვლილების შესახებ ბოლო 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მონაწილეთა მოთხოვნის ჯამური მოცულობა აღემატება შესაბამისი საინვესტიციო პორტფელის 2%-ს. აღნიშნული მექანიზმის შესახებ ინფორმაცია უნდა გამჟღავნდეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში და შეიძლება მოიცავდეს გამოსყიდვის თითოეულ პერიოდზე გამოსასყიდი პორტფელის ერთეულების საერთო რაოდენობის ან მაქსიმალური ღირებულების შეზღუდვას, აგრეთვე აქტივების წმინდა ღირებულებით გამოთვლილი პორტფელის ერთეულის ფასიდან გადახრის იმგვარ მექანიზმს, რომელიც დააბალანსებს ერთეულების გამოსყიდვით გამოწვეულ ეფექტს აქტივების წმინდა ღირებულებაზე.

6. საპენსიო ფონდი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს ამ მუხლის მე-4  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების დადგომისთანავე.

მუხლი 31. საპენსიო აქტივების გატანა

1. მონაწილე უფლებამოსილია საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიმართოს საპენსიო ფონდს და მიიღოს მის მიერ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით, კანონისა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ან კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაში, მონაწილეს ასევე უფლება აქვს, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიმართოს საპენსიო ფონდს და მოსთხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა პენსიის მიღების მიზნით.

2. მემკვიდრე უფლებამოსილია, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიმართოს საპენსიო ფონდს და მიიღოს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულება ერთიანი გადახდით.

3. საპენსიო ფონდი ვალდებულია, შეიმუშაოს საპენსიო აქტივების გატანასთან (მათ შორის, პენსიის გაცემასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმა, განაცხადის განხილვის პროცედურა და განსაზღვროს წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

4.  მონაწილის მიერ ერთიანი გადახდით მისაღები საპენსიო აქტივების ღირებულების ზღვარს ადგენს საპენსიო ფონდი მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 32. პენსიის პროგრამული გატან

1. საპენსიო ფონდის მიერ შემუშავებული წესები უნდა ითვალისწინებდეს პენსიის პროგრამული გატანის არჩევანის შესაძლებლობას, მისი მიღების პირობებს და  იმ  ვადის მითითებას, თუ როდის არის შესაძლებელი მონაწილის მიერ ამ არჩევანის გაკეთება.

2. საპენსიო ფონდის მიერ შემუშავებული წესები უნდა ითვალისწინებდეს პირობებს, რომლის შესაბამისადაც მონაწილეს შეუძლია აირჩიოს პროგრამული გატანის გარდა პენსიის გაცემის სხვა ფორმა საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესები შეიძლება ითვალისწინებდეს  ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ბალანსის გონივრულ მინიმალურ ოდენობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეუსაბამოდ მცირე პენსიის გრძელვადიანი პროგრამული გატანა. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალურ ანგარიშზე დარიცხული თანხა გაიცემა ერთიანი გადახდით.

4. საპენსიო ფონდის მიერ პენსიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პენსიის გაცემა დაიწყება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა. ყოველი შემდგომი პენსია გაიცემა ამ წესით დადგენილი პროგრამული გატანის ფორმით, არაუგვიანეს შესაბამისი კალენდარული თვის ბოლო სამუშაო დღისა.

მუხლი 33. პროგრამული გატანის მეთოდი

1. საპენსიო ფონდმა უნდა უზრუნველყოს პენსიის პროგრამული გატანით მონაწილეზე გაცემა  თვეში ერთხელ. პროგრამული გატანის ფორმით გასაცემი წლიური პენსია თანაბრად უნდა განაწილდეს წელიწადში არსებული გადახდების რაოდენობაზე.

2. საპენსიო ფონდმა საპენსიო სქემიდან მონაწილეზე უნდა გასცეს მხოლოდ პროგრამულად გასაცემი პენსიის თვიური ოდენობა, ხოლო დანარჩენი თანხა, მათ შორის, პროგრამულად გასაცემი წლიური პენსიის ნარჩენი თანხა, შენარჩუნდება მონაწილის საინვესტიციო პორტფელში.

3. პროგრამული გატანის ფორმით გასაცემი წლიური პენსიის ოდენობა გამოითვლება საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული მეთოდით.

4. გასაცემი პენსიის წლიური ოდენობის გამოთვლა ხორციელდება პენსიის მიმღების დაბადების თვის ბოლო სამუშაო დღეს იმავე დღეს არსებული, უახლესი მონაცემების გათვალისწინებით. პენსიის წლიური და თვიური ოდენობის შესახებ ინფორმაცია საპენსიო ფონდმა უნდა ასახოს საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ მონაწილის ინდივიდუალურ ანგარიშზე.

5. საპენსიო ფონდმა უნდა დაიანგარიშოს მონაწილეებზე პროგრამული გატანის ფორმით გასაცემი ყოველთვიური და  წლიური თანხის ჯამური ოდენობა ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღის მონაცემებით.

მუხლი 34. შეუსაბამობის გამოვლენა

1. საპენსიო ფონდმა უნდა შეიმუშაოს საპენსიო აქტივების შეცდომით გაცემული თანხების გამოვლენის და რეაგირების პროცედურები.

2. საპენსიო აქტივების შეცდომით გაცემის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს მონაწილისთვის/მისი მემკვიდრისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის უკან დაბრუნება;

ბ) მოახდინოს შეცდომით გაცემული თანხების გამოქვითვა შესაბამისი მონაწილისთვის/მისი მემკვიდრისთვის აღნიშნული პირის თანხმობის გარეშე (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში);

გ) მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ ღონისძიებას, რაც აუცილებელი ან/და მიზანშეწონილია შეუსაბამობის გასწორების, შეცდომით გაცემული თანხის უკან დაბრუნების ან/და საპენსიო ფონდის მონაწილეების და მათ მემკვიდრეთა ინტერესების გათვალისწინებით.

3. თუ დადგინდება, რომ საპენსიო ფონდს ნაკლებობით აქვს გაცემული საპენსიო აქტივები, საპენსიო ფონდი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი ოდენობის დანაკლისის გაცემა.

თავი VI

 რისკის მართვა და საპენსიო ფონდის საოპერაციო საქმიანობა

მუხლი 35. რისკის მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. საპენსიო ფონდს უნდა გააჩნდეს მისი ზომისა და მასშტაბის ადეკვატური და ეფექტური შიდა კონტროლის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) მმართველობითი საბჭოს მიერ საპენსიო ფონდის საქმიანობის ზედამხედველობის ეფექტურ განხორციელებას;

ბ) საპენსიო ფონდის ფუნქციონირებას საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საპენსიო ფონდს უნდა ჰქონდეს რისკის მართვის სისტემა, რომელიც შედგება საპენსიო ფონდის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისგან (რისკის მართვის სტრუქტურული ერთეულის საკვანძო როლის გამოკვეთით), საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩოსგან, პოლიტიკების, პროცედურების, სისტემებისა და კონტროლის მექანიზმებისგან და რომელიც ემსახურება საპენსიო ფონდის საქმიანობის ყველა მოსალოდნელი ან დამდგარი, შიდა და გარე რისკების წყაროების იდენტიფიცირებას, შეფასებას, მართვას, შემსუბუქებას, მონიტორინგსა და ანგარიშგებას.

3. რისკის მართვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის, საპენსიო ფონდს საქმიანობის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე უნდა ჰქონდეს შემუშავებული რისკის მართვის ჩარჩო დოკუმენტი (რისკის მართვის ჩარჩო), რომელიც ნათლად და გასაგებად უნდა ასახავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) რისკის მართვის ჩარჩოს მოქმედების სფეროსა და მიზნებს;

ბ) საპენსიო ფონდის თითოეული რისკის (მათ შორის, საბაზრო, საკრედიტო, ლიკვიდობის, კონტრაჰენტთან დაკავშირებული, საოპერაციო რისკების და სხვა ნებისმიერ რისკის, რამაც შესაძლოა არსებითი გავლენა იქონიოს საპენსიო ფონდის საქმიანობაზე) იდენტიფიცირებას,  აღწერას, მათი მართვის მიდგომებს და მათი ზეგავლენის ან პოტენციური ზეგავლენის შეფასებას;

გ) მსხვილი საოპერაციო რისკის მოვლენის განმარტებას და ასეთ მოვლენაზე რეაგირების მექანიზმებს;

დ) რისკების დანაკარგის განმარტებას;

ე) რისკის შემცირების სტრატეგიების შემუშავების, დანერგვის და ტესტირების პროცესს, ასევე  არსებითი რისკების კონტროლის მექანიზმებს;

ვ) რისკებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგის, შეტყობინების და ანგარიშგების პროცესს, მათ შორის, შემდგომი რეაგირებისთვის გათვალისწინებულ, არსებითი მოვლენებისა და ინციდენტების შესახებ ანგარიშგების/შეტყობინების პროცედურას;

ზ) საპენსიო ფონდის სტრუქტურულ ერთეულებს შორის საოპერაციო რისკების კლასიფიკაციასა და შესაბამისი რისკების განსაზღვრას;

თ) საოპერაციო რისკების შეფასების ინსტრუმენტებს და მეთოდებს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს:

თ.ა) საპენსიო ფონდისთვის რელევანტური საოპერაციო რისკების დანაკარგების მონაცემთა ბაზას;

თ.ბ) პროცესების იდენტიფიცირებას და განსაზღვრას;

თ.გ) ძირითადი რისკების ინდიკატორებს;

ი) რისკის მართვის პროცესის სასიცოცხლო ციკლს;

კ) ორგანიზაციული (მმართველობითი) სტრუქტურის ნათელ და სრულყოფილ აღწერას, მმართველი პირების/სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და პასუხისმგებლობის  ფარგლების მითითებით;

ლ) აუთსორსინგის რისკის აღწერას;

მ) საინფორმაციო სისტემების მართვას;

ნ) კიბერუსაფრთხოების მართვის მექანიზმებს;

ო) თაღლითობის რისკების იდენტიფიცირების, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და კონტროლის მექანიზმებს;

პ) ბიზნესის უწყვეტობის გეგმას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს გაუთვალისწინებელი და ფორსმაჟორული გარემოებებისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრის კომპონენტსაც;

ჟ) სიზუსტის რისკის მართვას, რაც გულისხმობს საპენსიო ფონდის სხვადასხვა მონაცემის სიზუსტის უზრუნველყოფას და ანგარიშგების პროცესის გამართულობას;

რ) რისკის მართვის ჩარჩოს გადახედვის პროცესს, მათ შორის, ამ პროცესის  ფარგლებსა და ვადებს.

4. საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩო ნათლად უნდა განსაზღვრავდეს რისკის მართვის ჭრილში საპენსიო ფონდის სტრუქტურული ერთეულების პასუხისმგებლობებს და ეფუძნებოდეს „დაცვის სამი ხაზის“ (რისკის ამღებთა ხაზი, რისკის მართვის ხაზი, შიდა აუდიტი) პრინციპს, აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

5. რისკის მართვის ჩარჩოს შეიმუშავებს რისკის კომიტეტი და დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს.

6. საპენსიო ფონდს უნდა გააჩნდეს პროცედურები საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის ფარგლებში დაფიქსირებული დარღვევების, საქმიანობისას წარმოშობილი შეფერხებების და  სხვა სახის ინციდენტების იდენტიფიკაციისა და მათ აღმოსაფხვრელად გატარებული ზომების აღრიცხვისათვის.

7. საპენსიო ფონდმა უნდა დანერგოს ეფექტიანი შიდა აუდიტის ფუნქცია, რათა უზრუნველყოს რისკის მართვის სისტემასთან შესაბამისობა და დაადასტუროს მისი უნარი არსებული რისკის მართვისა და შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანი და სათანადო მუშაობის შესამოწმებლად.

მუხლი 36. დირექტორების როლი რისკის მართვაში

1. დირექტორები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ საოპერაციო და საინვესტიციო რისკების მიმართულებით საპენსიო ფონდში ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული გულისხმობს, რომ საპენსიო ფონდის თითოეული თანამშრომელი ინფორმირებული იყოს იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს და რას მოიცავს საოპერაციო რისკები.

2. დირექტორებმა უნდა უზრუნველყონ საპენსიო ფონდის სათანადო და კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტება, იზრუნონ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და განვითარებაზე. აღმასრულებელი ორგანოს წევრები ვალდებულნი არიან, ჩამოაყალიბონ ძლიერი ორგანიზაციული კულტურა, რომელიც მხარს უჭერს პასუხისმგებლობის მაღალ დონეს საპენსიო ფონდის მასშტაბით.

3. დირექტორები ვალდებული არიან, თანმიმდევრულად აღასრულონ საპენსიო ფონდისთვის შემუშავებული/დამტკიცებული პოლიტიკებით, პროცესებით და სისტემებით გათვალისწინებული ფუნქციები.

4. მსხვილი საოპერაციო რისკის მოვლენის მაღალი ალბათობით მოლოდინის ან დაფიქსირების შემთხვევაში, დირექტორები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ აღნიშნულის შესახებ მმართველობით საბჭოსა და ეროვნულ ბანკს.

5. დირექტორებმა უნდა უზრუნველყონ საპენსიო ფონდში  საოპერაციო რისკების მოვლენების შესახებ სათანადო ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის არსებობა.

მუხლი 37. მმართველობითი საბჭოს როლი რისკის მართვაში

1. მმართველობითი საბჭო პასუხისმგებელია, რომ დაამტკიცოს და პერიოდულად გადახედოს რისკის მართვის ჩარჩოს.

2. მმართველობითმა საბჭომ პერიოდულად უნდა შეაფასოს, არის თუ არა საპენსიო ფონდი შესაბამისობაში დადგენილი რისკის მიზნებთან, ზღვრებთან და ლიმიტებთან, რომლებიც გამომდინარეობს საპენსიო ფონდის რისკის აპეტიტიდან.

3. მმართველობითმა საბჭომ მხარი უნდა დაუჭიროს და განავითაროს რისკის მართვის ეფექტიანი კულტურა, რომელიც სრულად ითვალისწინებს და აცნობიერებს საინვესტიციო და საოპერაციო რისკებს.

4. მმართველობითი საბჭო რეგულარულად უნდა იღებდეს და ეცნობოდეს მთავარი რისკის ოფიცრის მიერ შედგენილ რისკების ანგარიშგებას. ანგარიშგება უნდა იყოს ინფორმაციული და შესაძლებლობას იძლეოდეს დადგინდეს, რამდენად შეესაბამება საპენსიო ფონდის რისკის პროფილი მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრულ რისკის აპეტიტს.

5. მმართველობით საბჭოს უნდა გააჩნდეს საპენსიო ფონდის რისკების შესახებ სათანადო ცოდნა და აღქმა.

მუხლი 38. რისკის აპეტიტის განსაზღვრა

მმართველობითმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს რისკის აპეტიტის განსაზღვრა და მისი მუდმივი განახლება. რისკის აპეტიტი სრულად უნდა მოიცავდეს საპენსიო ფონდის საქმიანობას და არსებითი რისკების თითოეულ კატეგორიას, მათ შორის:

ა) რისკის ლიმიტების აღწერას;

ბ) რისკის დონეს, რომლის ასაღებადაც მზად არის საპენსიო ფონდი საკუთარი სტრატეგიული მიზნებისა და საოპერაციო გეგმის განსახორციელებლად, საპენსიო ფონდის მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით;

გ) რისკის მიმართ ტოლერანტობას, რაც გამოსახული უნდა იყოს  როგორც რისკის მოცულობა და თუ შესაძლებელია, ემყარებოდეს დარჩენილი რისკის გაზომვად მოცულობას მას შემდეგ, რაც მხედველობაში იქნება მიღებული რისკის შემცირების ზომები;

დ) პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს რისკის მიმართ ტოლერანტობის სათანადო დონის განსაზღვრას, რაც, თავის მხრივ, უნდა ითვალისწინებდეს მონაწილეებზე ზეგავლენას (მოსალოდნელ ზეგავლენას) იმ შემთხვევისათვის, როდესაც დარღვეულია რისკის მიმართ ტოლერანტობა და მოსალოდნელია თითოეული არსებითი რისკის დადგომა;

ე) პროცესს, რომელიც თითოეული რისკის მიმართ ტოლერანტობის შესაბამისობის მონიტორინგის ფარგლებში დარღვევის აღმოჩენისას უზრუნველყოფს შესაბამისი ზომების გატარებას;

ვ) რისკის აპეტიტისა და რისკის მიმართ ტოლერანტობის შეფასების ვადას და პროცესს.

მუხლი 39. მოთხოვნები საინფორმაციო სისტემების მიმართ

1. რისკის მართვის ჩარჩოს საინფორმაციო პოლიტიკის ნაწილი უნდა ითვალისწინებდეს საპენსიო ფონდის საინფორმაციო და ტექნოლოგიური უსაფრთხოების მიზნებსა და სტრატეგიას, ასევე განსაზღვრავდეს საპენსიო ფონდში არსებული საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიების ადეკვატურობის და უსაფრთხოების საკითხებს.

2. საინფორმაციო სისტემებთან დაკავშირებული პოლიტიკა და პროცედურები უნდა ეფუძნებოდეს აღიარებულ სტანდარტსა და მეთოდოლოგიას (მაგ, NIST, ISACA, ISO და სხვა).

3. საპენსიო ფონდმა უნდა დანერგოს ისეთი საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგიები, რომლებიც  შეესაბამება მის მიერ განხორციელებულ საქმიანობას.

4. საპენსიო ფონდმა რეგულარულად უნდა შეაფასოს და გადახედოს საინფორმაციო სისტემების შესაბამისობა და შესაფერისობა, საპენსიო ფონდის ზომისა და საქმიანობის სირთულის გათვალისწინებით.

5. საპენსიო ფონდმა, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ უნდა განახორციელოს საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი აუდიტი. საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების აუდიტი შეიძლება განახორციელოს როგორც თავად საპენსიო ფონდმა შიდა აუდიტის მეშვეობით, ასევე მსოფლიოს დიდი ოთხეულის წევრმა აუდიტორულმა კომპანიამ ან საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომლისგან მომსახურების მიღებაც უნდა შეთანხმდეს მმართველობით საბჭოსთან.

6.  საპენსიო ფონდმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მათი საინფორმაციო სისტემები არ იყოს იმაზე მეტად კომპლექსური, ვიდრე არის აუცილებელი იმისათვის, რომ გამართულად განახორციელოს საკუთარი პროცესები. აღნიშნული, თავის მხრივ, მოიცავს საინფორმაციო სისტემების სათანადოდ დაგეგმვისა და ამავე საკითხთან დაკავშირებით ეფექტიანი მართვის სისტემების არსებობის აუცილებლობას.

მუხლი 40. კიბერუსაფრთხოება

1. რისკის მართვის ჩარჩოს კიბერუსაფრთხოების მართვის მექანიზმები უნდა იყოს საპენსიო ფონდის საქმიანობის სირთულის და არსებული გამოწვევების შესაფერისი.

2. რისკის მართვის ჩარჩოს კიბერუსაფრთხოების მართვის ნაწილი, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

ა) რისკის იდენტიფიცირება – კიბერუსაფრთხოების რისკის გათვითცნობიერება საპენსიო ფონდის მასშტაბით, რომელიც გულისხმობს კიბერუსაფრთხოების რისკის მართვას. აღნიშნული, თავის მხრივ, მოიცავს საპენსიო ფონდის სისტემებთან, აქტივებთან, მონაცემებთან და პროცესებთან დაკავშირებულ კიბერუსაფრთხოების რისკის მართვას;

ბ) დაცვა – საპენსიო ფონდის მიერ ადეკვატური კონტროლის გარემოს უზრუნველყოფას,  მონაწილეთათვის გასაწევი მომსახურების მიზნით;

გ) აღმოჩენა – კიბერუსაფრთხოების მოვლენების აღმოჩენასთან დაკავშირებული მექანიზმების  შემუშავება და დანერგვა;

დ) რეაგირება – კიბერუსაფრთხოების მოვლენებთან დაკავშირებული რეაგირების ფორმალიზებული მექანიზმების შემუშავება და ჩამოყალიბება;

ე) აღდგენა – კიბერუსაფრთხოების მოვლენებთან დაკავშირებული ფორმალიზებული აღდგენის გეგმის შემუშავება და ჩამოყალიბება.

3. საპენსიო ფონდი ვალდებულია, რეგულარულად გადაამოწმოს მისი კიბერუსაფრთხოების/საინფორმაციო უსაფრთხოების პროგრამის ეფექტიანობა.

4. საპენსიო ფონდმა, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, უნდა ჩაატაროს შეღწევადობის ტესტირება, რომელიც მოიცავს საპენსიო ფონდის ყველა იმ საინფორმაციო სისტემას, რომელიც ქსელში არის ჩართული.

5. საპენსიო ფონდმა, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ უნდა განახორციელოს კიბერუსაფრთხოების მექანიზმების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი აუდიტი. აუდიტი შეიძლება განახორციელოს როგორც თავად საპენსიო ფონდმა შიდა აუდიტის მეშვეობით,  ასევე მსოფლიოს დიდი ოთხეულის წევრმა აუდიტორულმა კომპანიამ ან საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომლისგან მომსახურების მიღებაც უნდა შეთანხმდეს მმართველობით საბჭოსთან.

მუხლი 41. მოთხოვნები ბიზნესის უწყვეტობის მართვის შესახებ

1. რისკის მართვის ჩარჩოს ფარგლებში, საპენსიო ფონდს უნდა გააჩნდეს მკაფიოდ განსაზღვრული ბიზნესის უწყვეტობის გეგმა, რომლის მიზანია საპენსიო ფონდის საოპერაციო საქმიანობის იმგვარად დაგეგმვა, რომ გაუთვალისწინებელი და ფორსმაჟორებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს საქმიანობის უმოკლეს ვადაში  აღდგენა. 

2. ბიზნესის უწყვეტობის გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს საპენსიო ფონდის უწყვეტ რეჟიმში მუშაობას და დეტალურად ასახავდეს საპენსიო ფონდის გეგმებს და რეაგირების მექანიზმებს გაუთვალისწინებელი სიტუაციების/მოვლენების დაფიქსირებისას.

3. ბიზნესის უწყვეტობის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს საპენსიო ფონდის აუთსორსინგულ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებას.

4. ბიზნესის უწყვეტობის გეგმა უნდა შედგებოდეს შემდეგი საფეხურებისგან:

ა) საქმიანობაზე ზეგავლენის ანალიზი (ორიენტირებული კრიტიკულ პროცესებზე);

ბ) რისკების შეფასება;

გ) რისკის მართვა;

დ) რისკების მონიტორინგი;

ე) რეგულარული ტესტირება.

5. საპენსიო ფონდი ვალდებულია, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ განახორციელოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირება და მისი შედეგები აღრიცხოს დეტალურად როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით და შეინახოს ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით.

მუხლი 42. ახალი პროცესის/სისტემის დანერგვა

1. საპენსიო ფონდი ვალდებულია, შეიმუშაოს პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც ითვალისწინებს ახალი პროცესების ან/და სისტემების შეფასებას და დანერგვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები უნდა ითვალისწინებდეს სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებული ახალი პროცესების ან/და სისტემების ეროვნული ბანკისთვის წინასწარ შეტყობინებას, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) ახალი პროცესის ან/და სისტემის და თანმდევი რისკების მოკლე აღწერას;

ბ) იმ ცვლილებების აღწერას, რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს საპენსიო ფონდის საოპერაციო რისკის პროფილში, აპეტიტსა და ტოლერანტულობაში არსებული პროცესების ან/და სისტემების რისკების დანერგვისას;

გ) საჭირო კონტროლის მექანიზმების აღწერას, რისკის მართვის პროცესებს და რისკის მიტიგაციის სტრატეგიებს;

დ) ნარჩენი რისკების აღწერას;

ე) ახალი პროცესების ან/და სისტემის რისკის გაზომვის და მონიტორინგის მექანიზმებს.

მუხლი 43. რისკის მართვის სისტემის გადახედვა

1. საპენსიო ფონდმა უნდა უზრუნველყოს რისკის მართვის სისტემის შესაფერისობის, ეფექტურობის და ადეკვატურობის ყოვლისმომცველი შემოწმება, სულ მცირე, 3 (სამ) წელიწადში ერთხელ ან დაუყოვნებლივ, საპენსიო ფონდთან დაკავშირებული, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყოვლისმომცველი შემოწმებისა, საპენსიო ფონდმა უნდა უზრუნველყოს რისკის მართვის სისტემის შესაფერისობის, ეფექტურობის და ადეკვატურობის გადახედვა საჭიროებისამებრ, თუმცა არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ხოლო ამ წესის 42-ე მუხლით გათვალისწინებული ახალი სისტემებისა და პროცესების დანერგვის დროს – დაუყოვნებლივ.

3. რისკის მართვის სისტემის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყოვლისმომცველი შემოწმებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საპენსიო ფონდის ზომა, ბუნება, მასშტაბი და კომპლექსურობა რისკის აპეტიტის, ასევე ნებისმიერი შიდა და გარე ფაქტორების ცვლილება.

4. რისკის მართვის სისტემის ყოვლისმომცველი შემოწმებისას ანალიზს ექვემდებარება, სულ მცირე, შემდეგი საკითხები:

ა) კვლავ არის თუ არა რისკის მართვის სისტემა საპენსიო ფონდის საქმიანობის შესაბამისი;

ბ) რისკის მართვის ჩარჩო.

მუხლი 44. რისკის მართვის შესაბამისობის დეკლარაცია

1. მმართველობითმა საბჭომ ეროვნულ ბანკს ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს რისკის მართვის შესაბამისობის დეკლარაცია, რომელიც შედგენილი უნდა იყოს ამ წესის დანართი №4-ის შესაბამისად.

2. რისკის მართვის შესაბამისობის დეკლარაცია ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს კალენდარული წლის დასრულებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

3. რისკის მართვის შესაბამისობის დეკლარაციასთან ერთად ეროვნულ ბანკს წარედგინება მმართველობითი საბჭოს შეფასება/დასკვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რისკის მართვის სისტემის ნებისმიერი არსებითი დარღვევის, აღნიშნულთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების და ამ დარღვევის გამოსასწორებლად შეთავაზებული ზომების შესახებ.

თავი VII

ეთიკის პრინციპები

მუხლი 45. ეთიკის ზოგადი პრინციპები

1. ამ თავის მოქმედება ვრცელდება საპენსიო ფონდის თანამშრომლებზე, მმართველობითი საბჭოს წევრებსა და დირექტორებზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებულნი არიან საქმიანობისას იმოქმედონ, სულ მცირე, შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) იმოქმედონ პატიოსნად, კომპეტენტურად, ყურადღებით, პატივისცემითა და ეთიკის ნორმების სრული დაცვით საზოგადოების, მონაწილეების, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების მიმართ;

ბ) პირად ინტერესებზე მაღლა დააყენონ პროფესიული პატიოსნება და მონაწილეების ინტერესები;

გ) პროფესიული საქმიანობისას იმოქმედონ გონივრული პროფესიული სიფრთხილითა და დამოუკიდებელი განსჯით;

დ) იმოქმედონ და მოუწოდონ სხვებსაც, იმოქმედონ ეთიკურად და კეთილსინდისიერად.

მუხლი 46. პროფესიონალიზმი

ამ წესის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები უნდა იცავდნენ პროფესიონალიზმის სულ მცირე  შემდეგ სტანდარტებს:

ა) კანონმდებლობის ცოდნა – პირები სრულად უნდა იცნობდნენ და შეესაბამებოდნენ არსებული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებს. თუ ერთსა და იმავე სტანდარტზე ჩანაწერს შეიცავს როგორც ეს წესი, ასევე სხვა სამართლებრივი აქტი, პირმა უნდა დაიცვას უფრო მკაცრი სტანდარტი. პირები შეგნებულად არ უნდა არღვევდნენ, არ უნდა მონაწილეობდნენ და ხელს არ უნდა უწყობდნენ კანონმდებლობის დარღვევას და მკაცრად უნდა ემიჯნებოდნენ ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკას;

ბ) დამოუკიდებლობა და ობიექტურობა – პირები გონივრული სიფრთხილითა და განსჯით უნდა აღწევდნენ და ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას პროფესიულ საქმიანობაში. დაუშვებელია ნებისმიერ შეთავაზებაზე ან შუამდგომლობაზე დათანხმება ან ნებისმიერი სახის საჩუქრის, სარგებლისა თუ კომპენსაციის შეთავაზება/მოთხოვნა/მიღება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათი ან სხვების დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას;

გ) შეცდომაში შეყვანა – პირებს განზრახ შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეთ სხვა პირები თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას და ინფორმაციის მიწოდებისას;

დ) დაუშვებელი ქცევა – პირები არ უნდა ჩაებნენ ისეთ პრაქტიკაში, რაც გულისხმობს არაკეთილსინდისიერ, თაღლითურ ქმედებას, განზრახ შეცდომაში შეყვანას ან ნებისმიერ სხვა ქმედებას, რაც უარყოფითად აისახება მათ პროფესიულ რეპუტაციაზე, კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებაზე.

მუხლი 47. პროფესიული საქმიანობის პრინციპები

ამ წესის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები უნდა იცავდნენ პროფესიული საქმიანობის სულ მცირე შემდეგ სტანდარტებს:

ა) მზრუნველობა და გონივრული საფუძველი – პროფესიული ქმედებების განხორციელებისას, პირები:

ა.ა) უნდა მოქმედებდნენ შესაბამისი მზრუნველობით, დამოუკიდებლად და გულისხმიერებით;

ა.ბ)  უნდა ემყარებოდნენ გონივრულ და ადეკვატურ საფუძვლებს;

ბ) ინფორმაციის წარდგენა – პირებისთვის ინფორმაციის, მათ შორის, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის მიწოდებისას ან მათთვის პროფესიული საქმიანობის შედეგების გაცნობისას,  პირებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა მათ მიერ წარდგენილი ინფორმაცია იყოს გასაგები, სრული, ზუსტი და სარწმუნო. სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის მიწოდებისას, პირებმა უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის მიმღების გაფრთხილება მიწოდებული ინფორმაციის სარეკლამო ხასიათის შესახებ;

გ) კონფიდენციალურობის დაცვა – პირები ვალდებულნი არიან დაიცვან საპენსიო ფონდთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, მონაწილეების და ყოფილი მონაწილეების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:

გ.ა) ინფორმაცია ეხება მონაწილის უკანონო საქმიანობას და პირს აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება, გაუმჟღავნოს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, სასამართლოს ან/და ეროვნულ ბანკს;

გ.ბ) ინფორმაციის გამჟღავნება სავალდებულოა კანონით;

გ.გ) მონაწილე ნებართვას გასცემს ინფორმაციის გამჟღავნებაზე.

მუხლი 48. თანამშრომლების, მმართველობით საბჭოს წევრების და დირექტორების ვალდებულებები საპენსიო ფონდის მიმართ

საპენსიო ფონდის თანამშრომლებს, მმართველობით საბჭოს წევრებს და დირექტორებს აქვთ სულ მცირე შემდეგი ვალდებულებები საპენსიო ფონდის მიმართ:

ა) ერთგულება – იმოქმედონ საპენსიო ფონდის სასარგებლოდ, რაც მოიცავს მათი უნარებისა და კომპეტენციების გამოყენებას, კონფიდენციალურობის დაცვასა და საპენსიო ფონდისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;

ბ) შეთანხმებები დამატებით კომპენსაციაზე – არ მიიღონ საჩუქრები, სარგებელი, კომპენსაცია, რომელიც საპენსიო ფონდის ინტერესებს ეწინააღმდეგება ან შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ან შექმნას ინტერესთა კონფლიქტი საპენსიო ფონდთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დამსაქმებლის წერილობითი თანხმობა;

გ) ხელმძღვანელთა ვალდებულება – ხელმძღვანელი პირები მუდმივად უნდა ამოწმებდნენ და რწმუნდებოდნენ, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული პირის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია არსებულ კანონმდებლობასთან, წესებთან, რეგულაციებთან, ამ წესთან და საპენსიო ფონდის შიდა სტანდარტებთან. 

მუხლი 49. მხილება

1. საპენსიო ფონდის თანამშრომლები, მმართველობითი საბჭოს წევრები და დირექტორები თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან, მმართველობით საბჭოს წარუდგინონ ნებისმიერი სახის არსებითი ინფორმაცია, რომლის მიხედვით შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს მონაწილეთა ინტერესებს ან არსებითად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა და საჭიროებისამებრ, შესთავაზონ ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაცია. მმართველობითი საბჭოსათვის აღნიშნული ინფორმაციის წარმდგენი პირი უფლებამოსილია, ინფორმაცია მთავარი რისკის ოფიცერსაც წარუდგინოს. მმართველობითი საბჭო განსაზღვრავს მიღებულ ინფორმაციასა და რეკომენდაციაზე დაყრდნობით სათანადო და დროული რეაგირებისა და ზომების მიღების აუცილებლობას. თუ მმართველობითი საბჭო დროულად არ მიიღებს სათანადო ზომებს, ამ პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აცნობოს ეროვნულ ბანკს აღნიშნულის შესახებ ანონიმურად ან საკუთარი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითებით. საპენსიო ფონდის თანამშრომლები, მმართველობითი საბჭოს წევრები და დირექტორები უფლებამოსილნი არიან, პირდაპირ ეროვნულ ბანკს აცნობონ ამ პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის შესახებ ანონიმურად ან საკუთარი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითებით.

2. საპენსიო ფონდი ვალდებულია, შეიმუშაოს და დანერგოს ანონიმური მხილების (ე.წ. whistleblowing) გამართული/ეფექტიანი სისტემა და პოლიტიკა-პროცედურები, რომელიც საშუალებას მისცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს ანონიმურად ან საკუთარი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითებით აცნობოს ეროვნულ ბანკს იმავე პუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივი ან პოტენციური დარღვევის შესახებ. 

3. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ანონიმური მხილების სისტემის გამოყენებისას საპენსიო ფონდმა და ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს განმცხადებლის  ანონიმურობის სათანადოდ დაცვა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მხილების სისტემა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ დაცვის მექანიზმებს:

ა) დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღების შესაძლებლობას უსაფრთხო საკომუნიკაციო არხის მეშვეობით;

ბ) თუ ანონიმური მხილების სისტემისთვის გამოყენებული იქნება დაცული ვებგვერდი, აღნიშნული ვებგვერდის მეშვეობით ინფორმაციის დაფიქსირებისას არ უნდა მოხდეს ინფორმაციის მიმწოდებლის IP მისამართის ლოგირება;

გ) დაცვის იმგვარ საშუალებებს, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს შურისძიების, დისკრიმინაციის ან სხვა სახის უსამართლო მოპყრობის რისკს იმ პირისთვის, რომელიც განაცხადებს დარღვევას ან მოიაზრება სამართალდამრღვევად;

დ) პერსონალური მონაცემების დაცვას როგორც ფაქტობრივი ან პოტენციური დარღვევის თაობაზე განმცხადებლისთვის, ისე იმ პირისთვის, რომელიც სავარაუდო სამართალდამრღვევია.

5. საპენსიო ფონდმა, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ უნდა უზრუნველყოს ყველა თანამშრომლის ინფორმირება ანონიმური მხილების სისტემის შესახებ.  თანამშრომელთათვის მიწოდებული ინფორმაცია, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ანონიმური მხილების სისტემის გამოყენებისას თანამშრომლის უფლება-მოვალეობებს, ანონიმური სისტემის გამოყენების ინსტრუქციასა და არსებული დაცვის მექანიზმების აღწერას.

თავი VIII

საპენსიო ფონდის მონაწილეთა პრეტენზიების განხილვის მექანიზმები და მონაწილეთა უფლებების დაცვა

მუხლი 50. მონაწილის ძირითადი უფლებები

1. საპენსიო ფონდი ვალდებულია, ჰქონდეს პრეტენზიების განხილვისა და გადაწყვეტის მექანიზმები და დაიცვას მონაწილეების (ასევე, მემკვიდრეების) უფლებები.

2. კანონით დადგენილი შეზღუდვებისა და მოთხოვნების შესაბამისად, საპენსიო ფონდის მონაწილეებს აქვთ შემდეგი ძირითადი უფლებები:

ა) საინვესტიციო პორტფელის ინფორმირებული არჩევანის/შეცვლის უფლება;

ბ) გასაგები, სრული, უტყუარი, თანმიმდევრული და არადამაბნეველი ინფორმაციის მიღების უფლება, რაც მას არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში;

გ) საპენსიო  სქემაში საკუთარი ნებით გაწევრების უფლება;

დ) საპენსიო აქტივების მემკვიდრეობით გადაცემის და მემკვიდრეობით მიღებული საპენსიო აქტივების განკარგვის უფლება;

ე) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში პენსიის მიღების უფლება;

ვ) კანონით განსაზღვრული პენსიის მიღების ფორმის არჩევის უფლება;

ზ) საპენსიო ფონდისთვის პრეტენზიით მიმართვისა და საპენსიო ფონდის მიერ პრეტენზიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების უფლება;

თ) თვითდასაქმებულის უფლება, დატოვოს საპენსიო სქემა;

ი) სახელმწიფოსგან შესაბამისი საპენსიო შენატანის განხორციელების მოთხოვნის უფლება;

კ) დამსაქმებლისგან შესაბამისი საპენსიო შენატანის მოთხოვნის უფლება;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საპენსიო აქტივების საპენსიო ასაკამდე მიღების უფლება.

მუხლი 51.  საპენსიო სქემის რეკლამა

1. საპენსიო ფონდი ვალდებულია, უზრუნველყოს რეკლამასთან დაკავშირებით არსებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა, აგრეთვე, საპენსიო სქემასთან დაკავშირებული სარეკლამო პროცესი წარმართოს კეთილსინდისიერად, სამართლიანად, კვალიფიციურად და დაიცვას მონაწილეთა საუკეთესო ინტერესები საპენსიო სქემის რეკლამასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებისას. 

2. საპენსიო სქემის (საინვესტიციო პორტფელის) შეთავაზებისას/რეკლამირებისას დაუშვებელია:

ა) შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება/პოტენციური მონაწილისთვის მიწოდება;

ბ) საინვესტიციო მიდგომების დეტალური აღწერა შეიცავდეს კონკრეტული საინვესტიციო ამონაგების შესახებ დაპირებას.

მუხლი 52. პრეტენზიების განხილვა და გადაწყვეტა

1.  საპენსიო ფონდმა უნდა უზრუნველყოს საპენსიო ფონდის მონაწილეების პრეტენზიების განხილვისა და გადაწყვეტის მექანიზმის შემუშავება.

2. ამ თავის მიზნებისთვის პრეტენზიად მიიჩნევა მონაწილის/დაინტერესებული პირის ნებისმიერი განცხადება (ზეპირი ან წერილობითი), რომლითაც იგი არ ეთანხმება საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებას ან გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, საჩივარს საპენსიო ფონდის მიმართ.

3. საპენსიო ფონდი ვალდებულია, ჰქონდეს პრეტენზიების განხილვისა და გადაწყვეტის შესაბამისი პროცედურა, რომელშიც ასახული იქნება მონაწილეთა პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმები.

4. საპენსიო ფონდის პრეტენზიების განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს პრეტენზიების მიღებისა და საპენსიო ფონდის მიერ განხილვის წესს, პრეტენზიების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადებს, პრეტენზიების აღრიცხვის წესს.

5. პრეტენზიის განხილვის პროცესში მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ დეტალური ინფორმაცია მათი პრეტენზიის განხილვის მიმდინარეობის შესახებ მოთხოვნილი ფორმით (ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით).

6. პრეტენზიის განხილვის და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეტენზიის მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს.

7. მონაწილე უფლებამოსილია, თავისი უფლებების დასაცავად ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს.

მუხლი 53. პრეტენზიების აღრიცხვა და ანგარიშგება

1. საპენსიო ფონდმა მონაწილეთა პრეტენზიები იმგვარად უნდა აღრიცხოს, რომ დოკუმენტები ინახებოდეს პრეტენზიასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში, ხოლო მონაწილის ან ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მათი 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში მიწოდება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: პრეტენზიის მიღების თარიღი, პრეტენზიის საიდენტიფიკაციო კოდი, პრეტენზიის მიღების ფორმა, პრეტენზიის კატეგორია, პრეტენზიის მოკლე შინაარსი, პრეტენზიის დამუშავების სტადია, საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების შინაარსი, პრეტენზიაში დაფიქსირებული პრობლემის გადაჭრისთვის განხორციელებული ღონისძიებები და პრეტენზიის დამუშავების დასრულების თარიღი. მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული ჩანაწერები, სადაც მოცემული იქნება ამომწურავი ინფორმაცია, უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს.

3. საპენსიო ფონდი ვალდებულია, აწარმოოს ამ წესის დანართ №5-ში მოცემული სტატისტიკური მონაცემების ანგარიშგება (იმავე დანართით განსაზღვრული ინსტრუქციის შესაბამისად) მონაწილეთა პრეტენზიების შესახებ Excel-ის ფორმატით და 6 (ექვს) თვეში ერთხელ მიაწოდოს აღნიშნული ანგარიშგება ეროვნულ ბანკს, ელექტრონულად.

4. საპენსიო ფონდის მხრიდან ეროვნული ბანკისთვის ანგარიშგების მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის (ყოველი 6 (ექვსი) თვის) დასრულებიდან მომდევნო თვის 10 (ათი) რიცხვისა. მიწოდებული ანგარიშგებები უნდა იყოს ერთგვაროვანი ფორმატის და მათში უნდა შედიოდეს გასული საანგარიშგებო პერიოდის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიღებული, ასევე, წინა საანგარიშგებო პერიოდში მიწოდებულ ანგარიშგებაში დაუსრულებელი სტატუსით აღრიცხული პრეტენზიების შესახებ სტატისტიკა.

5. საპენსიო ფონდი ვალდებულია, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდოს მას არაუგვიანეს მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოწვეულია საპენსიო ფონდისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ის ვალდებულია ერთი კვირის ვადაში მიაწოდოს ეროვნულ ბანკს შეფერხების მიზეზი და ინფორმაციის მოწოდების სავარაუდო ვადა. თუ მიწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია ან საჭიროებს დაზუსტებას, ეროვნულ ბანკს მის მიერ მოთხოვნილი შემავსებელი/დამაზუსტებელი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს დაუყოვნებლივ ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებულ გონივრულ ვადებში.

თავი IX

დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების ვალდებულება

მუხლი 54. დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების და შენახვის ვალდებულება

1. საპენსიო ფონდი ვალდებულია აწარმოოს და დროულად განაახლოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ჩანაწერები.

2. საპენსიო ფონდმა, საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, უნდა უზრუნველყოს მის მიერ  წარმოებული ჩანაწერებისა და ანგარიშების სიზუსტე და სისრულე.

3. საპენსიო ფონდის ჩანაწერები უნდა იყოს შენახული ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეტანილი ცვლილების, ცვლილებამდელი ჩანაწერის, ცვლილების თარიღისა და ცვლილების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ნახვა.

4. მმართველობითი საბჭოს და კომიტეტის ოქმები უნდა ინახებოდეს უვადოდ როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით.

5. საპენსიო ფონდი ვალდებულია თანაინვესტირების გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული, მის მიერ მიღებული ან შექმნილი ყველა ინფორმაცია/დოკუმენტები შეინახოს უვადოდ მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით).  

6. ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტაცია და ჩანაწერები შესაძლებელია არსებობდეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით და უნდა ინახებოდეს ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით, სულ მცირე,  10 (ათი) წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  კანონმდებლობა ითვალისწინებს შენახვის უფრო ხანგრძლივ ვადას.

7. საპენსიო ფონდის დოკუმენტაცია, ჩანაწერები და ტრანზაქციების მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკისთვის მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

მუხლი 55. ინფორმაციის ხანგრძლივ მატარებელზე შენახვა და დაცვა

1. საპენსიო ფონდმა თითოეული მონაწილისთვის უნდა უზრუნველყოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახული ინფორმაციის შენახვა, მასზე წვდომა და მისი უცვლელი სახით რეპროდუცირების შესაძლებლობა მონაწილის/მემკვიდრის სიცოცხლის სრული ხანგრძლივობით. საპენსიო ფონდმა უნდა უზრუნველყოს მონაწილის ინდივიდუალური ანგარიშის მონაცემების დაარქივება და შენახვა ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით, უვადოდ.

2. საპენსიო ფონდმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის დანერგვა, რომელიც მოიცავს ინფორმაციული უსაფრთხოების შესაბამის სტრატეგიას, მისი საქმიანობის რისკის პროფილის და მასშტაბის პროპორციულად.

3. საპენსიო ფონდის მიერ შემუშავებული ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემები, მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს და უზრუნველყოფდეს:

ა) ინფორმაციის განუსაზღვრელი ვადით შენახვას და მონაწილისთვის/მემკვიდრისთვის ხელმისაწვდომობას, მისი სიცოცხლის სრული ხანგრძლივობით;  

ბ) ინფორმაციის რეალურ დროში ხელმისაწვდომობას; 

გ) ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის დაცვას გარე მხარეების (მესამე პირების) მიერ არაავტორიზებული წვდომისგან;

დ) ადეკვატური შიდა კონტროლის არსებობას, არაავტორიზებული წვდომის ან მანიპულაციის (ინციდენტების) თავიდან აცილების მიზნით; 

ე) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენის და მათზე რეაგირების ჩარჩოს/პოლიტიკების არსებობას, რომელიც, თავის მხრივ, მონაცემთა და მომსახურების უწყვეტად უზრუნველყოფის მიზნით უნდა მოიცავდეს რეზერვაციის (back-up) და აღდგენის ფორმალურ მექანიზმებს და პროცედურებს;

ვ) ინფორმაციის/მონაცემთა უსაფრთხოებისა და რისკის მართვის ჩარჩოების/პოლიტიკების რეგულარულ გადახედვას/მონიტორინგს და ტესტირებას მათი სათანადოობის უზრუნველსაყოფად;

ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების რისკის მართვის ისეთი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც რეაქტიული კონტროლის პრაქტიკის გარდა, მოიცავს პროაქტიულ დაცვას შესაძლო მომავალი ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებისგან.

თავი X

საანგარიშგებო და გამჭვირვალობის მოთხოვნები

მუხლი 56. ანგარიშგების მოთხოვნები და მონაწილისთვის გასამჟღავნებელი ინფორმაცია

1. საპენსიო ფონდი ვალდებულია, საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე  გამოაქვეყნოს:

ა) ინფორმაცია საპენსიო აქტივების შესახებ;

ბ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი;

გ) ყოველთვიური და წლიური ანგარიშგებები;

დ) მმართველობითი საბჭოს სხდომის ოქმები;

ე) ინფორმაცია აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზებული დეპოზიტარის საკომისიოების შესახებ განცალკევებულად; 

ვ) ინფორმაცია პენსიის მიღების წესების შესახებ;

ზ) ინფორმაცია მონაწილის საინვესტიციო პორტფელის შეცვლის შესაძლებლობის შესახებ;

თ) საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული, მიმდინარე სიახლეები;

ი) მონაწილისთვის სხვა მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები.

2. საპენსიო ფონდი ვალდებულია, მოამზადოს და საკუთარი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით გამოაქვეყნოს საინვესტიციო პორტფელის ყოველთვიური ანგარიშგება. აღნიშნული ანგარიშგება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს თითოეული საინვესტიციო პორტფელის მიზნისა და შედეგების აღწერას, ინფორმაციას აქტივების განაწილების, ვალუტის და ვადიანობის შესახებ, ძირითადი რისკიანობის მაჩვენებლებს და ინფორმაციას თითოეულ პორტფელში არსებულ უმსხვილეს აქტივებზე.

3. საპენსიო ფონდი ვალდებულია, არანაკლებ კვარტალში ერთხელ, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მონაწილეს მიაწოდოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების შესახებ ინფორმაცია, რომელშიც მითითებულია საპენსიო შენატანების განხორციელების თარიღები და საინვესტიციო ამონაგები. მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი ვალდებულია, ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია მას წერილობით მიაწოდოს.

4. საპენსიო ფონდი ვალდებულია, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) თვისა, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს საპენსიო ფონდის მიერ გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში.

5. წლიური ანგარიში კანონით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) საბალანსო უწყისს ან აქტივებისა და ვალდებულებების ანგარიშგებას, ფინანსური წლის შესაბამისი მოგება-ზარალის დეტალურ ანგარიშს, ფინანსური წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშსა და სხვა ინფორმაციას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს, ინფორმირებულად შეაფასონ საპენსიო ფონდის საქმიანობის განვითარება და მისი შედეგები;

ბ) საპენსიო ფონდის მიერ ფინანსური წლის განმავლობაში პერსონალისთვის გადახდილ, ფიქსირებულ და ცვლად ანაზღაურებად დაყოფილ ჯამურ ანაზღაურებას, აგრეთვე ანაზღაურების მიმღები პირების რაოდენობას და საპენსიო ფონდის მიერ უშუალოდ გადახდილ თანხებს (მათი არსებობის შემთხვევაში);

გ) გაცემული ანაზღაურებისა და სარგებლის დაანგარიშების მეთოდის აღწერას;

დ) საპენსიო ფონდის ანაზღაურების პოლიტიკაში შეტანილ არსებით ცვლილებებს;

ე) აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზებული დეპოზიტარის საკომისიოებს განცალკევებულად.

6. საპენსიო ასაკის დადგომამდე 6 (ექვსი) თვით ადრე საპენსიო ფონდი ვალდებულია, უზრუნველყოს მონაწილის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ინფორმირება მოახლოებული საპენსიო ასაკის შესახებ და მიაწოდოს მას სრული, ამომწურავი და მკაფიო ინფორმაცია პენსიის მისაღებად საჭირო ყველა პროცედურასთან დაკავშირებით.

7. საპენსიო ფონდი ვალდებულია, მონაწილეს საპენსიო ასაკის მიღწევამდე 2 (ორი) წლით ადრე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიაწოდოს ინფორმაცია მისი საინვესტიციო პორტფელის შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია პენსიის მიღების შემდეგ საინვესტიციო პორტფელის შეცვლის შესაძლებლობისა და პენსიის გატანის ფორმების თაობაზე.

8. საპენსიო ფონდის მიერ მონაწილისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია:

ა) შედგენილი უნდა იყოს ნათელი და  გასაგები ენით;

ბ) არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი და უნდა უზრუნველყოფდეს შინაარსის თანმიმდევრულობას.

9. მონაწილისთვის ინფორმაციის ინდივიდუალურად მიწოდებისას საპენსიო ფონდი ვალდებულია, უზრუნველყოს ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

მუხლი 57. ანგარიშგება ეროვნულ ბანკთან

საპენსიო ფონდი  ვალდებულია, მოამზადოს და ეროვნულ ბანკს ელექტრონულად ან მატერიალური ფორმით წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტები:

ა) ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ინფორმაცია საპენსიო აქტივების შესახებ თითოეულ საინვესტიციო პორტფელთან მიმართებით;

ბ) ინფორმაცია საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის ნებისმიერი დარღვევის, საპენსიო ფონდის საქმიანობისას წარმოშობილი შეფერხებების და სხვა სახის ინციდენტების  აღმოჩენის შემთხვევაში, აღნიშნული დარღვევის აღმოჩენისთანავე;

გ) 6 (ექვს) თვეში ერთხელ Excel-ის ფორმატში შედგენილი, ამ წესის დანართ №5-ში მოცემული სტატისტიკური მონაცემების ანგარიშგება მონაწილეთა პრეტენზიების შესახებ;

დ) რისკის მართვის შესაბამისობის დეკლარაცია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

თავი XI

სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი

მუხლი 58. სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის ზოგადი პრინციპები

1. სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის (შემდგომში – დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი) მიზანია საპენსიო ფონდის მიერ საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფა.

2. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმს წარმართავს დროებითი ადმინისტრატორი ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში.

3. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო ფონდში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და გაუქმების, ასევე, დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე.

მუხლი 59. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის განხორციელება

1. ეროვნული ბანკი საპენსიო ფონდის მიმართ ახორციელებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმს, რომლის დაწყების საფუძველია საპენსიო აქტივების ინვესტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული ინვესტირებული საპენსიო აქტივების 1 (ერთ) პროცენტზე მეტი დანაკარგი, რომელიც არ არის გამოწვეული საბაზრო პირობების ცვლილებით, საკრედიტო რისკის ან კონტრაჰენტთან დაკავშირებული რისკის მატერიალიზებით, საპენსიო ფონდის ბრალეულობით და რომლის განჭვრეტაც შეუძლებელი იყო. ასევე, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღება ხდება ეროვნული ბანკის არსებითი მითითებების სისტემატური შეუსრულებლობის, ან ისეთი მდგომარეობის დროს, როდესაც საპენსიო ფონდი დროებით ვერ ასრულებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს და რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ ამ საქმიანობასთან დაკავშირებით დროებითი მოქმედების განხორციელებას.

2. საპენსიო ფონდში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღის ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია:

ა) დროებითი ადმინისტრაციის შემოღების საფუძვლები;

ბ) დროებითი ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) სახელი და გვარი/პირადი ნომერი;

გ) დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის მოქმედების ვადა;

დ) დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის ვადა;

ე) დროებითი ადმინისტრატორის ეროვნულ ბანკთან ანგარიშგების პერიოდულობა.

4. დროებითი ადმინისტრატორი ინიშნება და თავისუფლდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. დროებითი ადმინისტრატორი შეიძლება იყოს როგორც ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ისე სხვა პირი, რომელსაც ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, უნარები და გამოცდილება დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებისთვის და, ამასთან, არ იქნება სახეზე ინტერესთა კონფლიქტი. დროებითი ადმინისტრატორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ, ამ წესის მე-60 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს დროებითი ადმინისტრატორი, მის მიმართ დადგენილი პირობები, მათ შორის, მისი დანიშვნის ვადა.

მუხლი 60. დროებითი ადმინისტრატორის შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმები

1. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ეფექტურად წარმართვისათვის დროებით ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საქმიანობის წარმოებისთვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, შესაბამისი კომპეტენცია და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

2. პირს ეკრძალება იყოს დროებითი ადმინისტრატორი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. დროებით ადმინისტრატორად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც გამოცხადებულია გაკოტრებულად.

3. დროებით ადმინისტრატორად დასანიშნ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.

4. დროებით ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში მუშაობის სულ მცირე 5 (ხუთი) წლის გამოცდილება.

მუხლი 61. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი

1. დროებითი ადმინისტრატორი მოვალეობათა შესრულებას იწყებს ამ წესის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული მომენტიდან.

2. ამ წესის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედების განხორციელება საპენსიო ფონდის სახელით და მისი ხარჯებით დროებითი ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობის გარეშე.

მუხლი 62. დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებანი

1. დროებით ადმინისტრატორზე გადადის საპენსიო ფონდის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.

2. ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს, მიიღოს საპენსიო ფონდის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის აუცილებელი ზომები.

3. საპენსიო ფონდის დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს საპენსიო ფონდის მიერ დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნამდე 1 (ერთი) წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად საპენსიო ფონდთან დაკავშირებულმა პირებმა საპენსიო ფონდის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია საპენსიო ფონდისთვის ან საპენსიო სქემის მონაწილეთათვის ზიანის მიყენება.

4. დროებით ადმინისტრატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან ამ ქმედების ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში, თუ მისი მოქმედება ან უმოქმედობა სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებით იყო განპირობებული, დაიცვას დროებითი ადმინისტრატორის ინტერესები, რაც შეიძლება გამოიხატოს დროებითი ადმინისტრატორის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებითა და სხვა ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს დროებითი ადმინისტრატორის ინტერესების დასაცავად, ეს პუნქტი დროებით ადმინისტრატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.

5. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დროებითი ადმინისტრატორის გადაწყვეტილებები შესაძლოა დაექვემდებაროს ეროვნული ბანკისგან წინასწარ თანხმობას. წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულება შესაძლოა განისაზღვროს როგორც დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისას, ისე დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის მოქმედების ნებისმიერ სხვა ეტაპზე.

მუხლი 63. ანგარიშგება ეროვნულ ბანკთან

1. დროებითი ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინაშე და მის საქმიანობას ზედამხედველობს ეროვნული ბანკი.

2. დროებითმა ადმინისტრატორმა საპენსიო ფონდის ფინანსური მდგომარეობის, მის მიერ განხორციელებული ღონისძიებების/ქმედებებისა და საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მომხდარი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ ანგარიშგება უნდა განახორციელოს ეროვნულ ბანკთან ამ წესის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული პერიოდულობით და აგრეთვე დროებითი ადმინისტრატორის ვადის ამოწურვისას (მათ შორის, ვადამდე გათავისუფლებისას).

მუხლი 64. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ხანგრძლივობა და მისი გაუქმება

1. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთ) წელს, თუმცა, სათანადო საფუძვლის არსებობისას, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს. აღნიშნული საფუძველი, მათ შორის, შესაძლოა იყოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღების რომელიმე საფუძვლის აღმოუფხვრელობა ან/და საპენსიო ფონდის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების საფრთხე.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გაათავისუფლოს დროებითი ადმინისტრატორი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საფუძვლით.

3. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი უქმდება:

ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ;

ბ) ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

4. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის გაუქმების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, მისი გამოცემიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღის ვადაში.

თავი XII

სანქციები

მუხლი 65. სანქციების დაკისრება  

1. საპენსიო ფონდის, მისი დირექტორების, მმართველობითი საბჭოს წევრების ან თანამშრომლების მიერ საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ან ეროვნული ბანკის მითითების შეუსრულებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი, მისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიუწოდებლობის/ვადის დარღვევით მიწოდების, ან/და პირის შესაძლო ქმედებით საპენსიო ფონდის მონაწილეთა ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები:

ა) მოსთხოვოს პირს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის საჭირო ზომების მიღება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები, გამოსცეს სავალდებულო მითითება (ინსტრუქცია) ან/და საჯარო რეკომენდაცია;

გ)  გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

დ) შეაჩეროს დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის უფლებამოსილება ან თანამდებობიდან გაათავისუფლოს იგი;

ე) შეაჩეროს მმართველობითი საბჭოს წევრის ხელმოწერის უფლებამოსილება;

ვ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიმართოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

2. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო რისკს.

თავი XIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 66. გარდამავალი დებულებები

1. 2025 წლის 1 მაისამდე კანონის შესაბამისად საპენსიო ფონდში დანიშნულ გენერალურ დირექტორთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაკავშირებით მმართველობითი საბჭო ვალდებულია, ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, 2025 წლის 1 ივლისამდე განცხადებით მიმართოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

2. მმართველობითი საბჭო ვალდებულია 2025 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს დირექტორების შესარჩევად ღია კონკურსის ჩატარება და შერჩეული კანდიდატურების ამ წესის შესაბამისად ეროვნული ბანკისთვის წარდგენა, ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადასტურების მიზნით.

3. თუ 2025 წლის 1 მაისამდე დანიშნული საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, მთავარი რისკის ოფიცერი და საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი, შიდა აუდიტის უფროსი ან მათი მოვალეობის შემსრულებლები თავიანთ უფლებამოსილებას შესაბამისი დირექტორების დანიშვნამდე ახორციელებენ 3 თვეზე მეტი ვადით, მმართველობითი საბჭო ვალდებულია, ეროვნულ ბანკს არაუგვიანეს 2025 წლის 1 ოქტომბრისა წარუდგინოს ამავე წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია აღნიშნული პირების ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით.

4. დირექტორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში, საპენსიო ფონდმა უნდა უზრუნველყოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დირექტორის მოადგილის ან იმ პირის შესახებ, რომელსაც დირექტორის მოადგილის მოვალეობის შესრულება ეკისრება ეროვნული ბანკისთვის ამავე წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა.

5. მმართველობითი საბჭო ვალდებულია, 2025 წლის 1 მაისამდე დამტკიცებული საპენსიო ფონდის დებულება შეფასების მიზნით წარუდგინოს ეროვნულ ბანკს არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივნისისა.

6. საპენსიო ფონდი ვალდებულია, არაუგვიანეს 2025 წლის 1 ნოემბრისა შეიმუშაოს და ეროვნულ ბანკს შესაფასებლად წარუდგინოს კომიტეტების წესდებათა პროექტები.

7. საპენსიო ფონდი ვალდებულია, არაუგვიანეს 2025 წლის 1 დეკემბრისა შეიმუშაოს და ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს რისკის მართვის ჩარჩოს პროექტი.

8. საპენსიო ფონდი ვალდებულია, არაუგვიანეს 2026 წლის 1 მაისისა მოიყვანოს მისი წესები, დოკუმენტები და პროცედურები კანონთან და ამ წესთან შესაბამისობაში.

9. საპენსიო ფონდი ვალდებულია, ამ წესის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ანონიმური მხილების მექანიზმები დანერგოს არაუგვიანეს 2026 წლის 1 მაისისა.