„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტის დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტის დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/02/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240070.32.057.016406
3
28/02/2025
ვებგვერდი, 28/02/2025
010240070.32.057.016406
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტის დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №3

2025 წლის 28 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების   სპორტის დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 


1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა  და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების  სპორტის დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №49 დადგენილებაში (სსმ, №165, 17/12/2010, 010240070.32.057.016006) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტის დეპარტამენტის  შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და  სპორტის  სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის დეპარტამენტი.

2. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის  სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის დეპარტამენტის დებულება.“.

გ) დადგენილებით მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულება ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

დ)  დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტის დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 18 (თვრამეტი) საშტატო ერთეულით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან.

 


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე



აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის „აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში და ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროს კომპეტენციებს სპორტის სფეროში.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუ­ციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტი­ტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში დეპარტა­მენტი ანგარიშ­ვალ­დებულია სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) წინაშე.

4. დეპარტამენტი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკის­რებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში.

5. დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარი­შები, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, ბლანკი და სხვა რეკვიზიტები.

6. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.

7. დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა №4.


მუხლი 2. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები
დეპარტამენტის მიზნები და ამოცანებია:

ა) სპორტის სფეროში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ ერთიანი პოლიტიკის შემუშავების, დაგეგმვისა და მისი რეალიზების კოორდინაცია;

ბ) მთავრობის მიერ სპორტის სფეროში დამტკიცებული პროგრამების განხორციელება;

გ) სპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, სასპორტო დაწესებულე­ბების, სპორტული ორგანიზაციების სპორტული ინვენტარითა და აღჭურვილობით  უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

დ) სპორტის სფეროში არასახელმწიფო სექტორის როლის ზრდის ხელშეწყობა;

ე) სამინისტროსათვის წინადადებების წარდგენა სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის თაობაზე;

ვ) სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესების თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა;

ზ) დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის (სპორტული სკოლები) მეთოდური დახმარების გაწევა, სპორტული სკოლების სასწავლო პროცესზე ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) სპორტის სფეროში ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება;

ი) დეპარტამენტის მიერ აჭარის სპორტული ფედერაციებისათვის (კავშირე­ბისათვის) გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი;

კ) სპორტის სფეროს დაფინანსებისათვის სათანადო პროექტების შემუშავება, სპორტის სფეროში მოქმედ საერთაშორისო საფინანსო და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობა. თავისი მმართველობის სფეროში ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სპორტულ სფეროში ღონისძიებების დაფინანსების ნორმების პროექტის შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა;

მ) სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე წინადადებების შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა;

ნ) სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტის სხვა მუშაკთა მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის ჯილდოების დაწესების თაობაზე წინადადებების სამინისტროსათვის წარ­დგენა;

ო) ასაკოვანი ვეტერანი სპორტსმენებისა და სპორტის სხვა მუშაკების ღვაწლის დაფასების მიზნით მათ მიმართ სხვადასხვა სახის მატერიალური წახალისების ფორმების გამოყენება;

პ) სპორტის სფეროსთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვება და გაანალიზება. სპორტის პროპაგანდა;

ჟ) სპორტის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;

რ) კანონით დადგენილი წესით სპორტის სფეროსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების განკარგვა;

ს) სპორტის სფეროში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება;

ტ) სპორტული ტურიზმის ხელშეწყობის განვითარება;

უ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დეპარტამენტი თავისი საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისას უფლება­მოსილია:

ა) ისარგებლოს საბიუჯეტო სახსრებით;

ბ) კოორდინაცია გაუწიოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სპორტის სფეროს განვითარების პროგრამების განხორციელებას;

გ) შექმნას პირობები სპორტის სფეროში სახელმწიფო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებთან თანამშრომლობისათვის;

დ) ითანამშრომლოს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან, რესურსცენტრებთან;

ე) განახორციელოს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება­მოსილებები.


მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მაღალი მიღწევების სპორტის განყოფილება;

ბ) მასობრივი სპორტისა და მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის განყო­ფილება;

გ) ადმინისტრაციული, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შეს­ყიდ­ვების განყო­ფილება.


მუხლი 5. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს სპორტის დეპარტამენტის უფროსი (შემდგომ­ში – დე­პარტა­მენტის უფროსი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვენდებარე აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის მართვასა და საქმიანობის კოორდინაციას.

2. დეპარტამენტის უფროსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, არაუმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.

3.      დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონების, მთავრობის დადგენილებების და განკარგულებების, აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის მთავრობის თავმჯდომარის აქტების შესრულე­ბისათვის;

გ) ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულებას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწო­ნილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფლებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს და აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს;

ე) დადგენილი წესით სამინისტროს განსახილველად წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ვ) დადგენილი წესით წყვეტს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მატერიალური წახალი­სებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;

ზ) სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მასში ცვლილებების განხორციელების შესახებ; იღებს გადაწყვეტი­ლებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმ­გებელია ბიუჯეტის ზუსტად შესრულებისათვის;

თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრატეგიული გეგმების რეალიზაციი­სათვის საჭირო ფინანსური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვის, დეპარტამენტის წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშებისა და ნაერთი ბალანსის შედგენის ორგანიზებას;

ი) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წარმართვას მოქმედი კანონმდებ­ლობის შესაბამისად;

კ) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების, შენობა-ნაგებობისა და ქონების მოვლა-პატრონობისათვის უზრუნველყოფს შესაბამისი პირობების შექმნას;

ლ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივ აქტს, ბრძანებას;

მ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართ­ლებრივ აქტებს;

ნ) სამინისტროს ყოველკვარტალურად წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;

ო) ასრულებს მისთვის საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.


მუხლი 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს აჭარის ავტონომიური რესპუბლი­კის განათლებისა და სპორტის მინისტრის წარდგინებით არაუმეტეს დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე  ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება დეპარ­ტა­მენტის უფროსის ბრძანებით.

4. დეპარტამენტის უფროსის  არყოფნისას, ან მის მიერ უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის  უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისას, ან მის მიერ უფროსის მოვა­ლეობის შესრულების შეუძლებლობისას – დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმი­ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა თანამშრომელი.


მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და  კომპეტენცია
1. მაღალი მიღწევების სპორტის განყოფილების ფუნქციებია:

ა) სპორტის სფეროში ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის პროექტის შემუშავება;

ბ) სპორტულ ღონისძიებათა კალენდარული გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) სპორტის სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან კოორდი­ნირებულად ჩატარება;

დ) მაღალი მიღწევების სპორტსმენთა ღონისძიებებზე მონაწილეობის  ხელშეწყობა;

ე) სპორტულ ფედერაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, მათი საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ვ) სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე წინადადებების შემუშავება;

ზ) სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტის სხვა მუშაკთა მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის ჯილდოების დაწესების თაობაზე წინადადე­ბების შემუშავება;

თ) ასაკოვანი ვეტერანი სპორტსმენებისა და სპორტის სხვა მუშაკების ღვაწლის დაფასების მიზნით მათ მიმართ სხვადასხვა სახის მატერიალური წახალისების ფორმების გამოყენების თაობაზე წინადადებების შემუშავება;

ი) სპორტის სფეროს წარმომადგენლების განახლებადი ელექტრონული ბაზის შექმნა;

კ) სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის თაობაზე წინადადებების მომზადება;

ლ) სპორტის სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან კოორდინირებულად ჩატარება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით,  ამ დებულებითა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. მასობრივი სპორტისა და მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მასობრივი სპორტის, ასევე, მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის მიმართულებით გრძელვა­დიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელება;

ბ) მასობრივი სპორტის მიმზიდველი სპორტის სახეობების განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედი სასპორტო დაწესებულებების საქმიანობის კოორდი­ნაცია, სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებებისათვის (სპორტული სკოლები) მეთოდური დახმარების გაწევა, სპორტული სკოლების სასწავლო პროცესზე ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) სპორტის სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან კოორდი­ნირებულად ჩატარება;

ე) სპორტულ-გამაჯანსაღებელი მატერიალურ-ტექნიკური  ბაზისა და ინფრასტრუქტურის განვი­თარების ხელშეწყობა;

ვ)  სპორტულ-გამაჯანსაღებელი   და   ჯანსაღი   ცხოვრების   წესის   პროპაგანდა; 

ზ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. ადმინისტრაციული, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების განყო­ფილების ფუნქციებია: 

ა) დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზება და საარქივო დოკუმენტაციის წარმოება, შემოსული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და კონტროლი;

ბ) დეპარტამენტში საკადრო საქმის ორგანიზება;

გ) დეპარტამენტის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;

დ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა;

ე) დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორ­ციე­ლების ორგანიზება, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის დამტკიცებული ანგარიშის ფორმების დროული წარდგენა;

თ) დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ი) დეპარტამენტში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზა­ციებთან ურთიერთობის ორგანიზება, პრესკონფერენციების მოწყობა და სხვა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


მუხლი 8. დეპარტამენტის ქონება
დეპარტამენტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან.

მუხლი 9. დეპარტამენტის რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია
დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 10. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.