სსიპ – საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

სსიპ – საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2025
ძალაში შესვლის თარიღი 10/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010020000.10.003.024956
65
04/03/2025
ვებგვერდი, 05/03/2025
010020000.10.003.024956
სსიპ – საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №65

2025 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

სსიპ – საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 6 თებერვლის საქართველოს კანონის (№268-IIმს-XIმპ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-4 მუხლის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს თანდართული სსიპ – საქართველოს  სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის დებულება.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი არის საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამონაცვლე, მათ შორის, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამული კოდებით გათვალისწინებული სახსრების განკარგვის ნაწილში.

3. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბალანსზე რიცხული ქონება, აგრეთვე მისი კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა შესაბამისი საინფორმაციო და კვლევითი რესურსები აღირიცხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის ბალანსზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 10 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



                                                                                                                                                                 


სსიპ – საქართველოს სახელმწიფო იმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. სსიპ – საქართველოს  სახელმწიფო სიმბოლიკისა და  ჰერალდიკის  დეპარტამენტი

1. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი (შემდგომში − დეპარტამენტი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას. დეპარტამენტზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით.

3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, დეპარტამენტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია, სასამართლოში გამოვიდეს მხარედ.

4. დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), ემბლემა, დროშა, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.

5. დეპარტამენტის იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, 0114; სანაპიროს 4.

თავი II

დეპარტამენტის კომპეტენცია და უფლებამოსილებები

მუხლი 2.  დეპარტამენტის კომპეტენცია

1. დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) ჰერალდიკის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა;

ბ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;

გ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;

დ) ქართული ჰერალდიკური ნორმების შემუშავება;

ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) სახელმწიფო ცერემონიის, ოფიციალური ღონისძიებისა და სამხედრო აღლუმის მოწყობისას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა;

ზ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშების ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა;

თ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების, ატრიბუტიკისა და ემბლემების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა;

ი) „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დეპარტამენტის უფლებამოსილებების განხორციელება.

2.  დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:

ა) მეცნიერებისა და სხვა სპეციალისტებისგან მიიღოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო მომსახურება, კანონის შესაბამისად ხელისუფლების ორგანოებისგან, საჯარო დაწესებულებებისგან, თანამდებობის პირებისგან, ორგანიზაციებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან გამოითხოვოს და მიიღოს აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია;

ბ) შექმნას ექსპერტთა კოლეგია;

გ) შეიმუშაოს ჰერალდიკური ნიმუშების მხატვრული სახე;

დ) უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების პოპულარიზაცია;

ე) უზრუნველყოს საქართველოსთან დაკავშირებული ისტორიული, კულტურული ან/და სახელმწიფო მნიშვნელობის ჰერალდიკური ნიმუშებისა და სიმბოლოების, ღირებული მხატვრული შინაარსის მქონე ჰერალდიკური ნიშნების შეგროვება და გამართოს შესაბამისი გამოფენები;

ვ) გამართოს გამოფენები, სემინარები, ტრენინგები, კონფერენციები და სამეცნიერო ექსპედიციები სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის საკითხებზე;

ზ) გამოსცეს ლიტერატურა სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის საკითხებზე;

თ) ჰქონდეს და მართოს საკუთარი ვებგვერდი.

თავი III

დეპარტამენტის სტრუქტურა

მუხლი 3. დეპარტამენტის თანამდებობის პირები

დეპარტამენტის თანამდებობის პირები არიან:

ა) დეპარტამენტის თავმჯდომარე;

ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) დეპარტამენტის სამსახურის უფროსი.  

მუხლი 4. დეპარტამენტის თავმჯდომარე

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას და პასუხისმგებელია მათ მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებებს, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, დეპარტამენტის სახელით დებს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებსა და მემორანდუმებს;

გ) წარმოადგენს დეპარტამენტს და მოქმედებს მისი სახელით ხელისუფლების ორგანოებთან, საჯარო დაწესებულებებთან, თანამდებობის პირებთან, ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;

დ) დეპარტამენტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, ანიჭებს რწმუნებებს (გასცემს მინდობილობებს) სასამართლოებში წარმომადგენლობისთვის;

ე) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს დეპარტამენტის დებულებასა და საშტატო ნუსხას;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, განსაზღვრავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, ამტკიცებს დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობებს;

ზ) ამტკიცებს დეპარტამენტის შინაგანაწესს;

თ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიმართ იყენებს წახალისების ფორმებსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ი) განკარგავს დეპარტამენტის ფინანსურ სახსრებსა და სხვა ქონებას, წარმართავს დეპარტამენტის საფინანსო საქმიანობას, პასუხისმგებელია დეპარტამენტის ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ათანხმებს/წარადგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს დეპარტამენტის ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ;

ლ) ახორციელებს ღონისძიებებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისთვის;

მ) ამტკიცებს ექსპერტთა კოლეგიის წევრებსა და საქმიანობის წესს;

ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.  

მუხლი 5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

1. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში;

ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 6. დეპარტამენტის სამსახურის უფროსი

1. დეპარტამენტის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. დეპარტამენტის სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს შესაბამის სამსახურს და კოორდინაციას უწევს მის საქმიანობას;

ბ) ადგენს წლიურ და პერსპექტიულ სამუშაო გეგმებს;

გ) ახორციელებს ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის სამსახურის უფროსი თავისი და მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისთვის პასუხისმგებელია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.

მუხლი 7. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები

1. დეპარტამენტში დასაქმებულნი არიან საჯარო მოხელეები და სხვა საჯარო მოსამსახურეები. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით, მათი სამუშაო აღწერილობებითა და შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოვალეობებს.

2. დეპარტამენტის საშტატო ნუსხას, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 8. დეპარტამენტის სტრუქტურული  ერთეულები

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობა და ძირითადი ამოცანები განისაზღვრება ამ დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) დიზაინისა და ანალიტიკის სამსახური;

ბ) ადმინისტრაციული სამსახური.

მუხლი 9. დიზაინისა  და  ანალიტიკის  სამსახურის  ძირითადი  ამოცანები

დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების საერთო მხატვრული სახის შემუშავება;

ბ) სახელმწიფო ჰერალდიკური ნიშნების მხატვრული კონცეფციების დაგეგმვა და შემუშავება;

გ) სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობა;

დ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების თეორიული ნაწილის საერთო სახის დაგეგმვა და შემუშავება;

ე) საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ ჰერალდიკის საკითხებზე ისტორიული მასალის მოძიება და მისი ანალიზი;

ვ) ჰერალდიკის საკითხებზე სამოქალაქო განათლების გავრცელების ხელშეწყობა;

ზ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების პატივისცემის საინფორმაციო და საკანონმდებლო უზრუნველყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება;

თ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების შექმნისა და გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;

ი) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშების ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;

კ) სახელმწიფო ცერემონიის, ოფიციალური ღონისძიებისა და სამხედრო აღლუმის მოწყობისას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ექსპერტთა კოლეგიის საქმიანობის უზრუნველყოფა;

მ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების, ატრიბუტიკისა და ემბლემების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება.

მუხლი 10. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანები

ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებათა პროექტების მომზადება, ბრძანებათა რეგისტრაცია და სათანადო ფორმირება;

ბ) დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთათვის მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების, შეღავათებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;

გ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამების შექმნა და ორგანიზება;

დ) დეპარტამენტის ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ე) კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა და დანიშნულების ადგილზე გაგზავნა ან მიტანა;

ვ) კანონით დადგენილი წესით, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა, საზოგადოებასთან ურთიერთობის რეგულირება;

ზ) დეპარტამენტის კომპიუტერული ტექნიკით მომსახურებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფა, დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდის მართვა;

თ) დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვა, ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფინანსური ანგარიშების მომზადება და წარდგენა;

კ) დეპარტამენტის სამივლინებო ხარჯებისა და სამეურნეო ხარჯების განსაზღვრა;

ლ) დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირება, სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კვარტალური და წლიური ბალანსებისა და სხვა ანგარიშების შედგენა და შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენა;

ნ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა;

ო) დეპარტამენტის მიერ განხორციელებული, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმწოდებელ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;

ჟ) დეპარტამენტისათვის საჭირო მატერიალურ ფასეულობათა შეძენის, შემოტანის, აღრიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ექსპერტთა კოლეგიის საქმიანობის უზრუნველყოფა.

თავი IV

დეპარტამენტის ქონება და ფინანსები

 მუხლი  11. დეპარტამენტის ქონება და ფინანსები

1. დეპარტამენტის ქონება შედგება დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად დეპარტამენტისთვის გადაცემული სახელმწიფო და მის მიერ შეძენილი თუ შემოწირული ქონებისაგან. დეპარტამენტის ქონების გასხვისება და შეძენა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.

3. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტების, შენატანების (შემოწირულობების) სახით და სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც უზრუნველყოფს დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებასა და დამოუკიდებლობას.  

თავი V

სახელმწიფო კონტროლი

მუხლი 12. სახელმწიფო კონტროლი

დეპარტამენტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

თავი VI

დასკვნითი დებულებები

მუხლი 13დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 14დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანა

დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.