დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 338-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.05.001.102519 |
|
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებულ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური წოდების მქონე პირსა და სამინისტროს სხვა საჯარო მოსამსახურეზე (შემდგომ – სამინისტროს მოსამსახურე) მათი სამსახურებრივი საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სამინისტროს მოსამსახურეზე.“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური წოდების მქონე პირი და სამინისტროს სხვა მოსამსახურე.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პოლიციელის ფიცის ტექსტს ამტკიცებს მინისტრი.“. 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება პოლიციელსა და სამინისტროს სხვა მოსამსახურეზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტით ან/და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. 4. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი: „ო1) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“; ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით საინფორმაციო ბაზების (მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების, ნასამართლობისა და მსჯავრდების შესახებ ბაზების) წარმოება და ამ ბაზებში დაცული მონაცემების დამუშავება.“. 5. მე-17 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები: „ლ) „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება; მ) ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნით შექმნილი დაქტილოსკოპიური მონაცემების გამოთხოვა და დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში შეტანა.“; ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირთა ინსპექტირებას (მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავებას), აგრეთვე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესების მართვას, არალეგალური მიგრაციის პრევენციასა და აღკვეთას, მიგრაციისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების შესრულებას, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას;“. 6. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის შედგენა სავალდებულო არ არის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირთა ინსპექტირების ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებით განხორციელების შემთხვევაში.“. 7. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოლიციაში სამსახურის გავლის წესი მოიცავს პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურში მიღების/თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის ჩატარების, პოლიციელისთვის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურისთვის წოდების მინიჭების, მისი წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, პოლიციელის ასაკობრივი შეზღუდვის, პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის შესახებ ნორმებს და სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“. 8. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირისა და სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატის, სტაჟიორის, პრაქტიკანტის დაქტილოსკოპირება სავალდებულოა. დაქტილოსკოპიური მონაცემების აღებისა და შენახვის წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით.“. 9. 38-ე მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულია შეზღუდულქმედუნარიანად ან ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) უცხოელი/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;“; გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“–„ლ“ ქვეპუნქტები: „ი) პირი, რომელმაც მისი, როგორც კანდიდატის, შემოწმების შემდეგ უარყოფითი შეფასება მიიღო; კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღებისას შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან არასწორი მონაცემები წარადგინა; ლ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პოლიციაში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.“. 10. 41-ე და 42-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების წესი 1. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას. 2. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა/თანამდებობიდან გათავისუფლება სავალდებულოა ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ბ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა; ე) გარდაცვალება. 3. პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს/თანამდებობიდან გათავისუფლდეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან მათი სტრუქტურული ერთეულების ლიკვიდაციის დროს; დ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ე) წოდებით ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ვ) სამსახურის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 ან 5-ზე მეტი სამუშაო დღით გაცდენის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) სხვა სამსახურში ან სამინისტროს სისტემის სხვა სტრუქტურულ დანაყოფში გადასვლის გამო; კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ან/და მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისთვის თავის არიდების გამო; ლ) სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო; მ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გათვალისწინებული ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; ნ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; ო) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლაზე უარის თქმის ან/და მისი წარუმატებლად გავლის გამო, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტი პირდაპირ ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნას/თანამდებობიდან გათავისუფლებას; პ) გამოსაცდელი ვადის გასვლის ან მისი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო; ჟ) ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. 4. სამსახურიდან დათხოვნილი/თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი ვალდებულია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით დააბრუნოს მისთვის სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაცემული მატერიალური ფასეულობები. 5. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. მუხლი 42. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა 1. პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და არაუმეტეს 4 თვის ვადით აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან მათი სტრუქტურული ერთეულების ლიკვიდაციის დროს. 2. კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება. 3. კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.“. 11. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 59. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობა 1. პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენისთვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისგან იზოლირებულად. 3. პოლიციელს ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის შეიძლება დისციპლინური სახდელი დაეკისროს. 4. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა; ბ) სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება; გ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; დ) უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების შეუსრულებლობა; ე) ქონებრივი ზიანის მიყენება; ვ) ქონებრივი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ზ) ეთიკური ნორმების წინააღმდეგ ან სამინისტროს მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული, უღირსი საქციელის სამსახურში ან სამსახურის გარეთ ჩადენა; თ) შესაბამის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; ი) სამინისტროს მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენა, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს ან/და რეპუტაციას; კ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე შესვლა ან თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს; ლ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენა, რის გამოც პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა შემაკავებელი/დამცავი ორდერი; მ) ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფის ან/და მარიხუანის), მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მცირე ოდენობით შეძენა-შენახვა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან/და აღნიშნული გადაცდომის არსებობის დასადგენად სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ შესაბამისი შემოწმების ჩატარების მოთხოვნისას ამ შემოწმებისთვის თავის არიდება; ნ) სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან/და აღნიშნული გადაცდომის არსებობის დასადგენად სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ შესაბამისი შემოწმების ჩატარების მოთხოვნისას ამ შემოწმებისთვის თავის არიდება; ო) დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოსთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება; პ) სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გათვალისწინებული შესაძლო გადაცდომის გამოვლენის შესახებ შეუტყობინებლობა; ჟ) ამ კანონის 591 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა; რ) „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსით“ განსაზღვრული ნორმის დარღვევა; ს) პოლიციელის ფიცის გატეხვა; ტ) შრომის დისციპლინის დარღვევა; უ) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა; ფ) პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი სასწავლო კურსის/მომზადების დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ სამინისტროსთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან ან სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან გაფორმებული შეთანხმების პირობის დარღვევა; ქ) სამინისტროს შიდა საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემის არასამსახურებრივი მიზნით დამუშავება (მათ შორის, მოპოვება, გამოყენება, გავრცელება); ღ) სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაყენება ან/და სატრანსპორტო საშუალების მართვისას მათი არადანიშნულებით/არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება; ყ) იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მინების შუქგამტარობა შეზღუდულია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით, ან/და სპეციალური შეფერილობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით მართვა; შ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით“ განსაზღვრული სხვა დისციპლინური გადაცდომა. 5. მინისტრი უფლებამოსილია ბრძანებით განსაზღვროს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომების ცალკეული სახეები. 6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით დადგენილი ნორმებით.“. 12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 591 მუხლი: „მუხლი 591. დისციპლინური სახდელის სახეები და დისციპლინური სამართალწარმოება 1. პოლიციელს ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი. 2. დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ფულადი სარგოსა და ნამსახურები წლებისთვის გათვალისწინებული დანამატის დაკავება; ვ) ფულადი სარგოსა და ნამსახურები წლებისთვის გათვალისწინებული დანამატის 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით; ზ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; თ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ი) სამსახურიდან დათხოვნა/თანამდებობიდან გათავისუფლება. 3. პოლიციელისთვის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, მისი ჩადენის გარემოებები, აგრეთვე პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პიროვნება და მისი დამსახურება. 4. ამ კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შემთხვევაში სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია პოლიციელს ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს მოსთხოვოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)) ორგანიზატორის საბანკო ანგარიშიდან საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში მის სახელზე რეგისტრირებულ ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის 10 სამუშაო დღის ვადაში წარდგენა. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან თავად გამოითხოვოს. 5. ამ კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის „კ“, „მ“, „ჟ“ ან „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, აგრეთვე იმავე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძალადობის ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური ძალადობის ან/და სექსუალური ძალადობის ჩადენის ფაქტზე პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება სამსახურიდან დათხოვნა/თანამდებობიდან გათავისუფლება. 6. ამ კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის სახედ შენიშვნის გამოყენება დაუშვებელია. 7. დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მოხსნის უფლება აქვს მინისტრს ან მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით“ დადგენილი წესის შესაბამისად. 8. დისციპლინური გადაცდომის სხვა სახეებს, შრომის დისციპლინის დარღვევის სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოების, პოლიციელისთვის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მისი მოხსნის წესს, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომის გამოვლენისა და დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მოქმედების ვადებს ამტკიცებს მინისტრი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით“.“. მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზის შესაქმნელად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება და ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული დაქტილოსკოპიური მონაცემების აღნიშნულ ბაზაში შეტანა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან. |
თბილისი, 4 მარტი 2025 წ. N338-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები