„პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.025065
173
23/05/2025
ვებგვერდი, 28/05/2025
010320000.10.003.025065
„პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №173 

2025 წლის 23 მაისი

   ქ. თბილისი

 

„პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/04/2017, 010320000.10.003.019908) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“:

1. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს, თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.“.

2.  მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს, თითოეული  მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.“.

3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს, თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.“.

4. მე-8 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით განსაზღვრული თითოეული ეტაპის შესახებ დგება შესაბამისი დოკუმენტი და ეგზავნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის ეტაპის შესახებ ინფორმაცია ან/და დოკუმენტი წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით ეგზავნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.

4. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესში საჯარო დაწესებულებას უფლება აქვს, მეთოდური დახმარებისათვის მიმართოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია, აღმოუჩინოს მას მეთოდური დახმარება, კომპეტენციის ფარგლებში.

5. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით.“.

5. მე-12 მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მობილობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მიმართოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას საჯარო სამსახურის სისტემაში არსებულ სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობ(ებ)ის მოძიების თაობაზე.

5. საჯარო დაწესებულების მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოიძიებს ინფორმაციას საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული სხვა საჯარო დაწესებულების ტოლფასი ან/და დაბალი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და აცნობებს მას საჯარო დაწესებულებას (ტოლფასი ან/და დაბალი ვაკანტური თანამდებობის მოძიება შესაძლებელია, განხორციელდეს ერთდროულად). ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ვაკანტური თანამდებობების მოძიებისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საჯარო დაწესებულება ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აწვდის ინფორმაციას მობილობის განხორციელების ან მისი შეუძლებლობის შესახებ.“.

6. მე-13 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოხელეთა რეზერვში ირიცხება ასევე მოხელე, რომელიც პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მიზნით თავისუფლდება თანამდებობიდან. აღნიშნულ შემთხვევაში მოხელე ვალდებულია საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულში წარადგინოს შესაბამის პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც, საჯარო დაწესებულება მიმართავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, მოხელის რეზერვში ჩარიცხვის მიზნით. აღნიშნულ შემთხვევაში მოხელე ირიცხება მოხელეთა რეზერვში კომპენსაციის მიღების უფლების გარეშე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოხელეთა რეზერვის მართვას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.“.

7. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულება მიმართავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოხელეთა რეზერვში მოიძიებს ინფორმაციას შესაბამისი კომპეტენციის მქონე მოხელეების შესახებ და ერთი კვირის ვადაში უგზავნის მას საჯარო დაწესებულებას. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გადაგზავნილი რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან შეარჩიოს მისთვის ყველაზე უფრო მისაღები.“.

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე