საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2025
დოკუმენტის ტიპი საჯარო გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2025
სარეგისტრაციო კოდი
133
29/05/2025
ვებგვერდი, 30/05/2025
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

საჯარო გადაწყვეტილება №133

2025 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენების თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 46​​1 მუხლის შესაბამისად და საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, მიღებულ იქნეს შემდეგი შინაარსის საჯარო გადაწყვეტილება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენების თაობაზე“:

1. საჯარო გადაწყვეტილების რეგულირების სფერო

საჯარო გადაწყვეტილება განმარტავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელების საკითხს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოსწავლეთათვის კვების ან/და ტრანსპორტირების მომსახურების გაწევისას.

2. საჯარო გადაწყვეტილების დასაბუთება და სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 170-ე მუხლით დადგენილია საგადასახადო შეღავათები სამედიცინო, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ სფეროებში, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საქმიანობათა გარკვეული სახეების წახალისება. ამავე დროს, მოცემული შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლით კონკრეტულად განსაზღვრულ საქმიანობაზე.

სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განათლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან (შემდგომ – დღგ) ჩათვლის უფლების გარეშე.

სსკ-ის 157-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამხმარე ხასიათის მომსახურება/საქონელი არის მომსახურება/საქონელი, რომლის შეძენა არ არის მისი მომხმარებლის ძირითადი მიზანი, მაგრამ გამიზნულია მისთვის ძირითადი მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების პირობების გაუმჯობესების ან/და უკეთ სარგებლობის უზრუნველსაყოფად. ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება/საქონელი არის მომსახურება/საქონელი, რომლის მიწოდება ხორციელდება ძირითადი მომსახურების/საქონლის მიწოდების უზრუნველსაყოფად და რომლის განხორციელება აუცილებელია ამ ძირითადი ოპერაციის შესრულებისთვის.

სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საგადასახადო შეღავათით სარგებლობა დაიშვება, თუ ერთდროულად სახეზეა შემდეგი ორი პირობა:

ა) მომსახურების გამწევი საგანმანათლებლო დაწესებულებაა;

ბ) ხორციელდება მოსწავლეთათვის განათლების მომსახურების გაწევა ან განათლების მომსახურებასთან ერთად, მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება.

განსახილველი ნორმის მიზანია, განათლების მომსახურების ღირებულების შემცირება, რაც ემსახურება განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და, შესაბამისად, საზოგადოებრივ ინტერესებს. ამრიგად, განათლების მომსახურების გარდა, აღნიშნული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ ისეთ მომსახურებაზე/საქონელზე, რომელიც გამიზნულია მოსწავლეთათვის განათლების მომსახურების გაწევის პირობების გაუმჯობესების ან/და ამ მომსახურებით უკეთ სარგებლობის უზრუნველსაყოფად, ან რომლის გაწევა ხორციელდება მოსწავლეთათვის განათლების მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად და რომლის განხორციელება აუცილებელია განათლების მომსახურების გასაწევად.

ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მომსახურება განათლების მომსახურებასთან უშუალოდ დაკავშირებულ ან დამხმარე მომსახურებად განიხილება, თუ იგი გაიწევა დამატებითი მომსახურების სახით განათლების მომსახურებასთან მიმართებით, რომელიც, თავის მხრივ, უნდა წარმოადგენდეს ძირითად მომსახურებას.

ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მასწავლებლების მიერ მოსწავლეებისათვის ცოდნისა და უნარების გაზიარება (სასწავლო პროცესი) და, შესაბამისად, უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევის ძირითადი მიზანი სწორედ ამ პროცესის ხელშეწყობა უნდა იყოს.

ამრიგად, აღნიშნულ დამატებით მომსახურებაზე სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათის გავრცელების მიზნით, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი ორი პირობა:

1. ისევე როგორც განათლების მომსახურება, დამატებითი მომსახურებაც უნდა გაიწეოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რადგან განსახილველი შეღავათი ვრცელდება მხოლოდ შესაბამისი სტატუსის მქონე პირის ოპერაციებზე.

2. დამატებით მომსახურებას არსებითი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს განათლების მომსახურების გაწევისთვის. შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაწეული ნებისმიერი დამატებითი მომსახურება მიზნად უნდა ისახავდეს განათლების მომსახურების პირობების გაუმჯობესებას და მნიშვნელოვანი იყოს იმ ძირითადი განათლების მომსახურებისთვის, რომლისთვისაც გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათი.

პირველი პირობიდან გამომდინარე, მოსწავლეთა როგორც ტრანსპორტირებით, ასევე კვებით უზრუნველყოფისას, შესაბამისი ოპერაციის მხარეებს ყოველთვის უნდა წარმოადგენდნენ საგანმანათლებლო დაწესებულება და მოსწავლე. ამასთან, თუ ადგილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი მომსახურების შეძენას მესამე პირისგან, არსებითია, რომ მოსწავლეთა ტრანსპორტირება და კვება ხორციელდებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით და შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ჰქონდეს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

მეორე პირობის შესაბამისად, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი დამატებით მომსახურებაზე გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიზნად ისახავს განათლების მომსახურების პირობების გაუმჯობესებას და მნიშვნელოვანია ძირითადი განათლების მომსახურებისთვის. აღნიშნული გულისხმობს დამატებით მომსახურებასა და სასწავლო პროცესს ან მის რომელიმე ელემენტს შორის კავშირის არსებობის აუცილებლობას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოსწავლეთა ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა (მაგალითად, მოსწავლეთა გადაყვანის ორგანიზება სახლიდან სკოლამდე და პირიქით) მიჩნეული უნდა იქნეს განათლების მომსახურების გაწევისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დამატებით, კერძოდ, დამხმარე მომსახურებად, რადგან, მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილების გარდა, ამ მომსახურებით უზრუნველყოფილია სასწავლო პროცესის გამართულად წარმართვა.

რაც შეეხება მოსწავლეთა კვებას, თუ მოსწავლეთათვის კვების მომსახურების გაწევა და საკვები პროდუქტების მიწოდება ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად ან/და სასწავლო პროცესის გამართულად/მეტად ეფექტურად განხორციელების მიზნით, ასეთი მომსახურებაც განათლების მომსახურებასთან მიმართებით დამხმარე ხასიათის მომსახურებად მიიჩნევა.

შესაბამისად, სასწავლო პროცესის ხელშეწყობისა და გამართულად წარმართვის უზრუნველსაყოფად, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ან მისი სახელით მოსწავლეთა ტრანსპორტირებისა და კვების მომსახურების გაწევა განიხილება განათლების მომსახურების გაწევისთვის დამხმარე ხასიათის მომსახურებად და სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე.

3. გადაწყვეტილება

სასწავლო პროცესის ხელშეწყობისა და გამართულად წარმართვის უზრუნველსაყოფად, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ან მისი სახელით მოსწავლეთა ტრანსპორტირებისა და კვების მომსახურების გაწევა განიხილება განათლების მომსახურების გაწევისთვის დამხმარე ხასიათის მომსახურებად და, შესაბამისად, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე.

მუხლი 2. საჯარო გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მინისტრი                                                                                                       ლაშა ხუციშვილი