დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის მიერ საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროს სანაცვლოდ გაწეული მომსახურებისა და შეგროვებული ნარჩენების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 132 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საჯარო გადაწყვეტილება №132
2025 წლის 29 მაისი
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის მიერ საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროს სანაცვლოდ გაწეული მომსახურებისა და შეგროვებული ნარჩენების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 461 მუხლის შესაბამისად და საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, მიღებულ იქნეს შემდეგი შინაარსის საჯარო გადაწყვეტილება „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის მიერ საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროს სანაცვლოდ გაწეული მომსახურებისა და შეგროვებული ნარჩენების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე“:
1. საჯარო გადაწყვეტილების რეგულირების სფერო
საჯარო გადაწყვეტილება განმარტავს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის (შემდგომ – მგვ-ის ორგანიზაცია) მიერ საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროს სანაცვლოდ გაწეული მომსახურებისა და შეგროვებული ნარჩენების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრისა და ამ საქმიანობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელების საკითხს.
2. საჯარო გადაწყვეტილების დასაბუთება და სამართლებრივი საფუძვლები
სსკ-ის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამატებული ღირებულების გადასახადით (შემდგომ – დღგ) დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
სსკ-ის 1601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. ამავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ მომსახურების გაწევად ასევე განიხილება მომსახურების გაწევა სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს გადაწყვეტილების ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ნარჩენების მართვის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების განხორციელებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორეული ნედლეულის გამოცალკევებას, ნარჩენებიდან ენერგიის აღდგენას, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას).
ნარჩენების მართვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ისეთი პროდუქტის მწარმოებელი, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, და ამ პროდუქტის ბაზარზე განმათავსებლები ვალდებული არიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, აღდგენა (მათ შორის, რეციკლირება) და გარემოსთვის უსაფრთხო განთავსება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება სრულდება ინდივიდუალურად ან კოლექტიურად – მგვ-ის ორგანიზაციის საშუალებით.
ნარჩენების მართვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილი განმარტავს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგენს დადგენილებების პროექტებს, რომლებიც განსაზღვრავს დეტალურ ვალდებულებებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცდა 4 ტექნიკური რეგლამენტი, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებით – „ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებით – „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით – „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებით – „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ“, რომლებითაც განსაზღვრულია მგვ სქემაში ჩართული ყველა მხარის უფლება-მოვალეობები.
აღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისად, მგვ-ის ორგანიზაცია არის მწარმოებლების მიერ ინდივიდუალურად ან კოლექტიურად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია მწარმოებლების გაფართოებული ვალდებულებების შესრულებაზე. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება განმარტებულია, როგორც გარემოსდაცვითი მიდგომა, რომელიც მოიცავს მწარმოებლის პასუხისმგებლობას საკუთარ პროდუქტზე ამ პროდუქტის მოხმარების შემდგომ ეტაპზეც სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, ნარჩენების მართვის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი – მე-4 ნაწილების შესაბამისად.
ამასთანავე, მწარმოებლის გაწევრიანება მგვ-ის ორგანიზაციაში ხდება მწარმოებელსა და ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადებით. მგვ-ის ორგანიზაციის წევრი ვალდებულია, მგვ-ის ორგანიზაციაში გადაიხადოს რეციკლირების წინასწარი შენატანი, მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქციის წილის შესაბამისად. თავის მხრივ, რეციკლირების წინასწარი შენატანი არის წილობრივი შენატანი, რომელსაც მგვ-ის ორგანიზაციის წევრი უხდის მგვ-ის ორგანიზაციას, მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად მართვისთვის.
ა) საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროს სანაცვლოდ მომსახურების გაწევა:
სსკ-ის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 170-ე და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს უფლება არ აქვთ ჩაითვალონ დღგ, ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით.
სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე, საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის განმსაზღვრელია, რომ მომსახურების გაწევა და, ასევე, მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდება ორგანიზაციის მიერ ხორციელდებოდეს საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროების სანაცვლოდ. ამასთანავე, გაწეული მომსახურება და მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდება არ უნდა სცილდებოდეს ორგანიზაციის საქმიანობის მიზანს.
საქართველოს მთავრობის ხსენებული დადგენილებებიდან გამომდინარე, მგვ-ის ორგანიზაციისთვის მისი წევრის მიერ რეციკლირების წინასწარი შენატანის (საწევროს) გადახდის მიზანი არის ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მართვის ანაზღაურება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მგვ-ის ორგანიზაციის მიერ, მისი საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე, საკუთარი წევრებისთვის ანაზღაურების (დადგენილი საწევროების) სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
შესაბამისად, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მგვ-ის ორგანიზაციის მიერ წევრებისთვის ზემოხსენებული მომსახურების გაწევა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდება თავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე.
ბ) შეგროვებული ნარჩენების მიწოდება:
სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია იმ ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება, რომლის საქმიანობა გათავისუფლებულია ამ ნაწილის „ა“, „ე“ და „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებიდან რომელიმე ქვეპუნქტის საფუძველზე, მხოლოდ საკუთარი საქმიანობის მიზნით სახსრების მოზიდვისთვის ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში.
ამდენად, პირის მიერ ღონისძიების ორგანიზების ფარგლებში მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე, თუ არსებობს ყველა შემდეგი პირობა:
1. პირის საქმიანობა, რომელიც ახდენს ღონისძიების ორგანიზებას, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ე“ და „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტების თანახმად.
2. პირის მიერ მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება უნდა ხორციელდებოდეს ღონისძიების ორგანიზების ფარგლებში.
3. ღონისძიების ორგანიზების მიზანი უნდა იყოს მხოლოდ საკუთარი საქმიანობის მიზნით სახსრების მოზიდვა.
აღსანიშნავია, რომ დღგ-ის ნაწილში სსკ-ით დადგენილ საგადასახადო შეღავათებში გამოყენებული ტერმინები მკაცრად უნდა განიმარტოს, რამდენადაც მოცემული შეღავათები წარმოადგენენ გამონაკლისს საერთო წესისგან, რომლის მიხედვითაც, დასაბეგრი პირის მიერ ანაზღაურების სანაცვლოდ განხორციელებული თითოეული საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა უნდა იბეგრებოდეს დღგ-ით. ამავე დროს, შესაბამისი ტერმინის განმარტება უნდა ითვალისწინებდეს მიზნებს, რომლებსაც ისახავს კონკრეტული შეღავათი. შესაბამისად, საგადასახადო შეღავათის განსაზღვრისთვის გამოყენებული ტერმინები არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდეს შეღავათით განსაზღვრული შედეგის მიღწევა.
როგორც აღინიშნა, მგვ-ის ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და, შესაბამისად, კმაყოფილდება პირველი პირობა.
რაც შეეხება მეორე და მესამე პირობას, მოცემული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის, მნიშვნელოვანია განიმარტოს ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც გაწეული მომსახურება ან/და საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე. საგულისხმოა, რომ განსახილველი შეღავათის მიზანი არ არის ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის დღგ-ისგან გათავისუფლება. შესაბამისად, რეგულარული ხასიათის საქმიანობა ვერ განიხილება ღონისძიებად მოცემული შეღავათის მიზნისთვის.
შესაბამისად, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის, ღონისძიებად ჩაითვლება თავშეყრა, რომელიც ცალსახად ორგანიზებულია ორგანიზაციის საქმიანობის მიზნისთვის სახსრების მოსაზიდად, როგორიცაა გამოფენა, წარმოდგენა, ბაზარი, კონკურსი, ფილმის ჩვენება და სხვა, და მასში არ იგულისხმება შემოსავლის მომტანი შემთხვევითი ღონისძიებები და იმ სახის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ორგანიზაციისთვის რეგულარული ხასიათისაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათის მიზნისთვის, მგვ-ის ორგანიზაციის მიერ დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით შეგროვებული ნარჩენების რეალიზაცია არ წარმოადგენს აღნიშნული შეღავათით გათვალისწინებული ღონისძიების ფარგლებში საქონლის მიწოდებას, რამდენადაც აღნიშნული საქმიანობა მისი შინაარსით ორგანიზაციისთვის რეგულარული ხასიათისაა. შესაბამისად, მგვ-ის ორგანიზაციის მიერ შეგროვებული ნარჩენების მიწოდებაზე არ ვრცელდება სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი.
3. გადაწყვეტილება
ა) სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მგვ-ის ორგანიზაციის მიერ საკუთარი წევრებისთვის მომსახურების გაწევა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდება, თავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;
ბ) სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მიზნისთვის, ღონისძიებად ჩაითვლება თავშეყრა (როგორიცაა გამოფენა, წარმოდგენა, ბაზარი, კონკურსი, ფილმის ჩვენება და სხვა), რომელიც ცალსახად ორგანიზებულია ორგანიზაციის საქმიანობის მიზნისთვის სახსრების მოსაზიდად და მასში არ იგულისხმება შემოსავლის მომტანი შემთხვევითი ღონისძიებები და იმ სახის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ორგანიზაციისთვის რეგულარული ხასიათისაა;
გ) მგვ-ის ორგანიზაციის მიერ, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით შეგროვებული ნარჩენების მიწოდების ოპერაციაზე, არ ვრცელდება სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი.
მუხლი 2. საჯარო გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ლაშა ხუციშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები