დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №143/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 138/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 13/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016934 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №143/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 06/07/2018; ს/კ: 220090000.18.011.016319) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის (შემდგომში – წესი) შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობასა და რეგულირებას ახორციელებს მათთვის საზედამხედველო მოთხოვნების, მათ შორის, ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების დადგენით და მათი შესრულების კონტროლის განხორციელებით.“; ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მიკროკრედიტი/მიკროსესხი – (შემდგომში – სესხი) არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა; ბ) ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი – ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც მსესხებლები მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის წარმოადგენენ ერთ რისკს, აქვთ საერთო მიზნობრიობა ან/და უზრუნველყოფა ან/და ერთ-ერთი მათგანი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ახორციელებს კონტროლს მეორეზე ან დანარჩენებზე ან/და ისეთი ფინანსური კავშირი, როდესაც ერთი მათგანის ფინანსური პრობლემები გამოიწვევს მეორე ან ყველა დანარჩენი მსესხებლის ფინანსურ სირთულეებს; გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს (შემდგომში – სამეთვალყურეო საბჭო), დირექტორატის წევრი, ან/და სხვა პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო;“; ბ.ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) განცხადებული კაპიტალი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორთა/აქციონერთა მიერ დათქმული და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი;“; ბ.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) განაღდებული კაპიტალი – განცხადებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი;“; გ) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშებაში სუბორდინირებული ვალდებულება მონაწილეობას მიიღებს განაღდებული კაპიტალისა და სარეზერვო ფონდის ჯამური ოდენობის არაუმეტეს 100%-ისა.“. დ) მე-5 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იკ (ინვესტიციების კოეფიციენტი) – იურიდიული პირების განაღდებულ კაპიტალში განხორციელებული წილების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განაღდებული კაპიტალის 15%-ს;“; დ.ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საზედამხედველო კაპიტალისა და მთლიანი აქტივების დაქვითვის ელემენტებს წარმოადგენს: აქტივების გადაფასების რეზერვი, არამატერიალური აქტივების ნარჩენი ღირებულება და ინვესტიციები შვილობილი საწარმოს განაღდებულ კაპიტალში;“; დ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული სესხების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200 000 (ორასი ათას) ლარს.“; დ.დ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ყველა იმ სესხის ჯამური ოდენობა, რომელიც აღემატება 100 000 (ასი ათას) ლარს, არ უნდა იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალის 50%-ზე მეტი.“. ე) მე-5 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები: „მუხლი 51. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კორპორაციული მართვა 1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოები იქმნება და ფუნქციონირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს პასუხისმგებლობების განსაზღვრას, რისკების ეფექტიანი იდენტიფიცირების, მართვის, მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესებს, ადეკვატურ შიდა კონტროლის მექანიზმებს, მათ შორის, ჯანსაღ სააღრიცხვო და ადმინისტრირების პროცედურებს. აღნიშნული, საჭიროების შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ რეგულარულად უნდა გადაიხედოს და განახლდეს. 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრება (შემდეგში – საერთო კრება), რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, წერილობით ეცნობება ეროვნულ ბანკს. საერთო კრების ჩატარების შესახებ ინფორმაცია (მისი ჩატარების ადგილის, თარიღის, დროის, დღის წესრიგისა და სხვა მონაცემების მითითებით) მასში შესაძლო მონაწილეობის მისაღებად პარტნიორთათვის/აქციონერთათვის შეტყობინებისთვის დადგენილ ვადაში უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია საერთო კრების ოქმები ხელმისაწვდომობისთანავე, მაგრამ საერთო კრების ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, წარუდგინოს ეროვნულ ბანკს. 4. სამეთვალყურეო საბჭო პასუხისმგებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კორპორაციულ მართვაზე. საერთო კრება ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არაუმეტეს 3 წლის ვადით და მისი განმეორებით არჩევა შეუზღუდავია. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ოდენობას, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია და უნარები უნდა უზრუნველყოფდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობისა და რისკების მართვის სათანადოდ წარმართვის შესაძლებლობას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა ასრულებდეს აღმასრულებელ ფუნქციებს. 5. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, სხვა ფუნქციებთან ერთად როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად პასუხისმგებელნი არიან: ა) განსაზღვრონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მისია, ხედვა, გრძელვადიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და მონიტორინგი გაუწიონ მის შესრულებას. უზრუნველყონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მართვა სამართლიანობის, კომპეტენტურობის, პროფესიონალიზმისა და ეთიკის პრინციპების დაცვით, მათ შორის, ამ მიზნით ხელი შეუწყონ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას; ბ) განსაზღვრონ ორგანიზაციული სტრუქტურა, მათ შორის, როლები და პასუხისმგებლობები იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის/დირექტორატის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ჯეროვანი შესრულება და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების პროცესი. დირექტორატის ერთობლივ და დირექტორების ინდივიდუალურ როლებსა და პასუხისმგებლობებს სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალური დოკუმენტით განსაზღვრავს; გ) მონიტორინგი გაუწიონ დირექტორის/დირექტორატის საქმიანობას და შეაფასონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. შეფასების შედეგების გათვალისწინებით დაგეგმონ შესაბამისი ღონისძიებები, რაც, მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს დირექტორის/დირექტორატის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებას; დ) დაამტკიცონ ბიუჯეტი და ზედამხედველობა გაუწიონ მის შესრულებას; ე) შექმნან აუდიტის კომიტეტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგულარულად გაუწიონ ზედამხედველობა მის საქმიანობას და არანაკლებ კვარტალში ერთხელ განიხილონ მის მიერ მომზადებული ანგარიშები; ვ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ზომის, კომპლექსურობისა და საქმიანობის მასშტაბების გათვალისწინებით, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით ან/და ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, შექმნან სხვა კომიტეტებიც. თითოეულ კომიტეტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი დებულება, რომლითაც განისაზღვრება კომიტეტის მანდატი, საქმიანობის მიმართულებები და პროცედურები. აღნიშნულმა, მათ შორის უნდა მოიცვას, სამეთვალყურეო საბჭოსთან რეგულარული ანგარიშგების, კომიტეტებს შორის თანამშრომლობის, კომიტეტის წევრობასთან დაკავშირებული შეზღუდვების, კომიტეტის წევრთა როლებისა და ფუნქციების შესახებ ინფორმაცია; ზ) ყოველწლიურად მოიწვიონ გარე აუდიტი და მის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიში საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგინონ; თ) დაამტკიცონ ორგანიზაციის საქმიანობასა და რისკების მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკა-პროცედურები მოქმედი კანონმდებლობისა და საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად და ზედამხედველობა გაუწიონ მათ შესრულებას. 6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთაგან ირჩევა თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია სამეთვალყურეო საბჭოს მთლიან ეფექტურ ფუნქციონირებაზე, მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის ნდობისა და კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, დირექტორს/დირექტორატსა და სამეთვალყურეო საბჭოს შორის ურთიერთობის კოორდინაციაზე, ანგარიშვალდებულებასა და ეფექტურ თანამშრომლობაზე. 7. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმები ხელმისაწვდომობისთანავე, მაგრამ სამეთვალყურეო საბჭოს კრების ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, წარუდგინოს ეროვნულ ბანკს. სხდომის ოქმი, სულ მცირე, უნდა ასახავდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაფიქსირებულ პოზიციებსა და არგუმენტებს. 8. სამეთვალყურეო საბჭო, მისი წევრი არ არის უფლებამოსილი, საერთო კრების თანხმობის გარეშე განახორციელოს თავისი უფლებების სხვისთვის დელეგირება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საკუთარი უფლებამოსილებების საბჭოს დონეზე შექმნილ კომიტეტ(ებ)ზე დელეგირებისა, რომლებიც უნდა ეცნობოს ეროვნულ ბანკს. 9. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მისი ზომის, კომპლექსურობისა და ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით შესაძლოა ჰყავდეს დირექტორი ან დირექტორატი, რომელსაც ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ევალება მის დირექტორს/დირექტორატს. 10. დირექტორატის სტრუქტურაში უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დანიშნული გენერალური დირექტორი/აღმასრულებელი დირექტორი. დირექტორატში შესაძლოა ასევე შედიოდნენ რამდენიმე მიმართულების, მათ შორის, ფინანსური, საოპერაციო, რისკების და სხვა მიმართულებების დირექტორები. 11. დირექტორი/დირექტორატი პასუხისმგებელია: ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. დირექტორი/დირექტორატი აწვდის სამეთვალყურეო საბჭოს მისი ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაციას, სულ მცირე, იმ ფორმატითა და სიხშირით, რასაც დაადგენს სამეთვალყურეო საბჭო და მასთან არსებული კომიტეტ(ებ)ი; ბ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელებაზე, ოპერაციებზე, აქტივების ხარისხზე და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვაზე; გ) რისკების მართვისა და მათი ნეგატიური გავლენის შემცირების მიზნით ჯანსაღი შიდა კონტროლის სისტემების შექმნაზე; დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე, თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილებასა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიგნით ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე. 12. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მმართველობის სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს მისი საქმიანობის ბუნებას, მასშტაბებსა და კომპლექსურობას. სამეთვალყურეო საბჭომ და დირექტორმა/დირექტორატმა უნდა უზრუნველყონ, რომ ორგანიზაციული და მმართველობის სტრუქტურა არ იყოს ზედმეტად კომპლექსური ან გაუმჭვირვალე, გამორიცხული იყოს ინტერესთა კონფლიქტი და არავინ სარგებლობდეს გადაწყვეტილების მიღების განუსაზღვრელი უფლებამოსილებით. 13. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მოსთხოვოს კორპორაციული მართვის სისტემაში ცვლილების შეტანა, ისევე როგორც რისკის პროფილის, საქმიანობის მასშტაბების, მფლობელობის სტრუქტურისა თუ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, დაუდგინოს კორპორაციული მართვის დამატებითი ინდივიდუალური მოთხოვნები.
მუხლი 52. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საოპერაციო რისკების მართვა 1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საოპერაციო რისკების მართვის ეფექტური ჩარჩო. ჩარჩო უნდა იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ზომისა და სირთულის შესაფერისი და შესაბამისობაში უნდა იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაწეულ საქმიანობასთან და ბიზნესგანვითარების სტრატეგიასთან. 2. საოპერაციო რისკების მატერიალიზების თავიდან აცილების მიზნით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს: ა) საოპერაციო პროცესისთვის საჭირო მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ქონა და მათი საიმედო და უწყვეტი ფუნქციონირება; ბ) ინფორმაციის რეგისტრაციისას, რეგისტრირებული მონაცემების შემდგომი გადამოწმება და პროგრამული დადასტურება; გ) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების სახელების და პაროლების დაცულობა; დ) აუთსორსინგული მომსახურების მიღების შემთხვევაში, პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც, სულ მცირე, განისაზღვრება მოთხოვნილი ცვლილების (დავალების) შესრულების ვადები, შემსრულებელი პირები და მათი პრიორიტეტულობა; ე) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლებისა და მასზე პასუხისმგებელი პირების შესაბამისი კვალიფიკაცია. ბიზნესუწყვეტობის პროცესის უზრუნველსაყოფად, კრიტიკულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირების შემცვლელთა განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში, მათი ხელმისაწვდომობა; ვ) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების აღჭურვა შესაბამისი ცოდნითა და სამოქმედო სახელმძღვანელოთი, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი მათი უფლება-მოვალეობები; ზ) პროგრამული უზრუნველყოფების სარეზერვო ასლების გენერირება და სისტემატურად შენახვა; თ) მონაცემთა დაცვა არასანქცირებული პირების წვდომისგან; ი) პროგრამული უზრუნველყოფის დაცვა არასანქცირებული ცვლილებების შეტანისაგან (გაყალბება ან დაუდევრობით გამოწვეული შეცდომები); კ) ინფორმაციის ნამდვილობის და უცვლელობის დაცვა სარეზერვო ასლებში; ლ) ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე შიდა პროცედურების შემუშავება, რომელიც, თავის მხრივ, უნდა ითვალისწინებდეს პერიოდულ კონტროლს და დაუგეგმავ შემოწმებას. 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საოპერაციო პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს, სულ მცირე, შემდეგ მოთხოვნებს: ა) დროის რეალურ რეჟიმში გატარებების განხორციელება და მათი რეესტრის შენახვა; ბ) ინციდენტების აღრიცხვა და შენახვა შინაარსის/აღწერის მითითებით; გ) სხვადასხვა მოდულში არსებული ინფორმაციის კონსოლიდაცია და მონაცემების სისტემაში/ბაზებში ცენტრალიზებულად შენახვა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადით; დ) დროის სხვადასხვა პერიოდში, ასევე ნებისმიერ დროს ანგარიშების ყველა პარამეტრის მიხედვით მონაცემების გენერირების შესაძლებლობა როგორც ფილიალების ჭრილში, ისე კონსოლიდირებულად; ე) ეროვნულ ბანკში წარსადგენი ანგარიშგებების (ფორმების) მოკლე ვადაში გენერირების შესაძლებლობა; ვ) სასესხო მოთხოვნების (ძირი, პროცენტი, ჯარიმა და სხვ.) აღრიცხვა როგორც ცალ-ცალკე, ისე ჯამურად, შესაბამისი პერიოდების მიხედვით; ზ) ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, პროგრამული უზრუნველყოფის აუდიტის ჩასატარებლად შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დამოუკიდებელი პირის მოწვევა. 4. ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია: ა) ჰქონდეს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უზრუნველყოფს ბუღალტრულ აღრიცხვასა და მის ძირითად საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის/გენერირების შესაძლებლობას, როგორც ფილიალების ჭრილში, ისე კონსოლიდირებულად; ბ) ბუღალტრული გატარებები აწარმოოს დროის რეალურ რეჟიმში; გ) უზრუნველყოს სალაროს, ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების შესაბამისი შემოსავლისა და გასავლის დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა, ოპერაციის შინაარსის, კლიენტის ხელმოწერისა და საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მითითებით, რომლის ერთი პირი უნდა გადაეცეს კლიენტს; დ) არ განახორციელოს ოპერაცია, თუ შეუძლებელია ოპერაციის დროის რეალურ რეჟიმში შესრულება, შესაბამისი ქვითრის ამობეჭდვა და კლიენტისთვის გადაცემა, მათ შორის, ელექტროენერგიის გათიშვის ან პროგრამული ხარვეზის გამო; ე) ოპერაციების განხორციელებისას მაქსიმალურად დაიცვას ოთხი თვალის პრინციპი; ვ) საოპერაციო დღე დახუროს არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, ხოლო ცვლილება შეიტანოს ამ ცვლილებების ამსახველი ქრონოლოგიური ჩანაწერებით (ლოგირებით) და განმარტების მითითებით, რათა საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირებადი იყოს, როგორც ოპერაციის შინაარსი და დრო, ისე შემსრულებელი; ზ) ბუღალტრული ოპერაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის საფუძველზე (ხელშეკრულება, ოქმი, გადაწყვეტილება, დავალება და სხვა); თ) ბუღალტრული აღრიცხვა განახორციელოს დარიცხვის მეთოდით; ი) ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები ასახოს პროგრამულად და პერიოდულად მოახდინოს მათი ინვენტარიზაცია/გადაფასება/ცვეთის დარიცხვა. 5. უზრუნველყოფილი სესხების გაცემის შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს, სულ მცირე, შემდეგ მოთხოვნებს: ა) სესხი და მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მისი მახასიათებელი პარამეტრების შესაბამისად აღრიცხოს პროგრამულად; ბ) უძრავი ქონებით სესხის უზრუნველყოფის შესახებ უნდა იყოს გაფორმებული ხელშეკრულება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია; გ) მოძრავი ნივთებით სესხის უზრუნველყოფის შესახებ უნდა იყოს გაფორმებული ხელშეკრულება და ახლდეს შესაბამისი აღწერისა და შეფასების დოკუმენტი, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს მსესხებლის უნიკალურ კოდს, მოძრავი ნივთის მიღების თარიღს, ნივთის დასახელებას, ფორმას, წონას და ასევე სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას; დ) ძვირფასეულობა უნდა შეფასდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე/სერტიფიცირებული პირის მიერ და აღრიცხული უნდა იყოს როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად. ამასთან, ძვირფასეულობის შეფასების დოკუმენტი და საოპერაციო პროგრამაში არსებული ჩანაწერი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს წონის, სინჯის და ფორმის მიხედვით; ე) პერიოდულად უნდა ხორციელდებოდეს ძვირფასეულობის შეფასება და ინვენტარიზაცია; ვ) დაუშვებელია ძვირფასეულობის დროებით სამუშაო უჯრაში შენახვა. ძვირფასეულობა მიღებისთანავე უნდა დაილუქოს აღრიცხვიანობის წესის დაცვით და განთავსდეს შესაბამის სათავსში, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების მაღალ დონეს; ზ) სათავსი უნდა იყოს სტაციონარული საცავის ან ცეცხლგამძლე, წყალგაუმტარი სეიფის სახით, რომლის გადაადგილება შეუძლებელი იქნება სპეციალური ტექნიკის/აღჭურვილობის გარეშე; თ) ძვირფასეულობის შენახვის სათავსი უნდა იყოს განთავსებული საოპერაციო ფართისგან იზოლირებულ სალაროს კვანძში, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს შიდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემითა და საგანგაშო ღილაკით; ი) დაუშვებელია საცავში ან სეიფში სესხის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების გარდა, სხვა პირთა პირადი ნივთების (ძვირფასეულობა, თანხა) შენახვა; კ) თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს ამ პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ის ვალდებულია ძვირფასეულობა შესანახად გადაიტანოს კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში; ლ) თუ ძვირფასეულობა ინახება კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში შესაბამისი შენახვა/მიბარების ან პერსონალური სეიფის გამოყენებით, შემნახველ ორგანიზაციასთან ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახელით; მ) ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დამოუკიდებელი პირი უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აუდიტის ჩასატარებლად; ნ) ძვირფასეულობის გარდა, სხვა მოძრავი ნივთების შესანახად გააჩნდეს საოპერაციო ფართისგან დამოუკიდებელი სასაწყობე ფართი, რომელიც იქნება მოწყობილი იმგვარად, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების აღრიცხვა/ინვენტარიზაცია. ამასთან, სასაწყობე ფართი აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეომეთვალყურეობისა და სიგნალიზაციის სისტემით; ო) გააჩნდეს ძვირფასეულობის სათავსების გასაღებების ორიგინალი და ასლები, რომელთა შენახვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირების ვალდებულებები უნდა განისაზღვროს შიდა პროცედურებით. თავიდან უნდა იქნეს არიდებული ერთი პირის მიერ სათავსების გახსნის და დახურვის შესაძლებლობა; პ) განსაზღვროს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული ქონების ბაზაზე წვდომის უფლების მქონე კონკრეტული უფლებამოსილი პირები; ჟ) გააჩნდეს უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული ქონების პორტფელის გადაფასების პროცედურა, რომელიც დაეყრდნობა საბაზრო ფასებს.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ 51 და 52 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2026 წლის პირველი იანვრისა.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები