„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №58/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №58/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 137/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016933
137/04
13/06/2025
ვებგვერდი, 16/06/2025
220090000.18.011.016933
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №58/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №137/04

2025 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №58/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №58/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 05/04/2018; ს/კ: 220090000.18.011.016292) დამტკიცებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომლის მიმართაც გამოყენებულ უნდა იქნეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები. სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ ასევე ვრცელდება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №143/04 ბრძანებით დადგენილი დამატებითი მოთხოვნები.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10%-ზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა;“;

ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი – სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის წევრი, ან/და სხვა პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო;

ე) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და რომელსაც ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ან მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი;“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციად დასარეგისტრირებელად, ორგანიზაციის მიერ უფლებამოსილი პირი, ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით (დანართი №1).“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სათავო ოფისისა და ფილიალების გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის/აქტების ასლი;“;

ბ.ბ) „ნ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ.ა) მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები (პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი ფიზიკური პირის შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში სარეგისტრაციო დოკუმენტები);“;

ბ.გ) „ო.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო.ე) საიდენტიფიკაციო  დოკუმენტები  (პირადობის  მოწმობის ან პასპორტის  ასლი), ხოლო დირექტორებისთვის ასევე ინფორმაცია მოქალაქეობის და რეზიდენტობის შესახებ, ყოველწლიურად არაუგვიანეს 15 ივნისისა;“;

ბ.დ) „ო.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო.ზ) ინფორმაცია სათანადო განათლებისა და გამოცდილების  შესახებ. ამასთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში მუშაობის სულ მცირე 4-წლიანი გამოცდილება, აქედან ხელმძღვანელ პოზიციაზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან მოადგილე) მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სხვა ადმინისტრატორების გამოცდილება და უნარების ერთობლიობა უნდა შეესაბამებოდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას.“;

ბ.ე) „ო.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო.ი) ორი სარეკომენდაციო წერილი გაცემული იმ პირთა მიერ, რომლებთანაც მუშაობდა პირი (მათგან ერთი მაინც ბოლო სამუშაო ადგილიდან);“.

4. მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი ასევე შეიძლება გახდეს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) რთული/გაურკვეველი სადამფუძნებლო სტრუქტურა;

ბ) კაპიტალის წარმომავლობის დაუდასტურებლობა;

გ) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, დაინტერესებული იურიდიული პირი, მისი ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე არღვევდა/არღვევს სამეწარმეო, საბანკო ან/და საფინანსო კანონმდებლობას ან/და ახორციელებდა/ახორციელებს ისეთ სამეწარმეო პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა/უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას.  

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაინტერესებულ იურიდიულ პირს უარი უთხრას მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციაზე, თუ აღნიშნული პირის, მისი პარტნიორის/აქციონერის ან ადმინისტრატორის მიერ არ არის გადახდილი რეგისტრაციის მოთხოვნამდე ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა.“.

5. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) პარტნიორთა/აქციონერთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის წერილობითი მომართვა რეგისტრაციის გაუქმების თხოვნით;

ბ) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით ყალბი ან/და არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა;

გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების შეუსრულებლობა;

დ) რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში საქმიანობის განუხორციელებლობა;

ე) სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან შერწყმა;

ვ) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით ან პერიოდულობით ეროვნული ბანკისთვის ზედიზედ ორჯერ ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობა;

ზ) სამეწარმეო ან/და საფინანსო კანონმდებლობის დარღვევა ან/და ისეთი სამეწარმეო პრაქტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას;

თ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადახდისუუნარობა;

ი) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე;

კ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კომერციულ ბანკად ან მიკრობანკად გარდაქმნის თაობაზე ეროვნული ბანკის დადებითი გადაწყვეტილება.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის  რეგისტრაციის გაუქმებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაიწყება ლიკვიდაციის პროცესი.“.

6. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული ბანკი განაცხადს მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე განიხილავს მისი წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.“.

7. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში სათავო ოფისში და მის ფილიალებში იქონიოს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.“.

8. №1-№5 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №58/04 ბრძანების შესაბამისად წარდგენილი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განიხილება ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა