არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 877-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 080060000.05.001.102803
877-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 07/07/2025
080060000.05.001.102803
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.“.

2. 67-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არასრულწლოვანს ჯარიმა, შინაპატიმრობა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაენიშნოს როგორც ძირითად სასჯელად, ისე დამატებით სასჯელად.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 731 მუხლი:

„მუხლი 731. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

1. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენი არასრულწლოვანი უცხოელის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფას და მისთვის საქართველოში განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვის დაწესებას. ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.

2. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაინიშნოს:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − ორიდან ექვს წლამდე ვადით;

ბ) მძიმე დანაშაულისთვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − ოთხიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

3. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის უცხოელის საქართველოში დარჩენა.

4. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ გამოიყენება არასრულწლოვანი უცხოელის იმ სახელმწიფოში გაძევებისას, რომელშიც:

ა) იგი იდევნება პოლიტიკური მრწამსისთვის ან იმ ქმედებისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება;

ბ) იგი იდევნება ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისთვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისთვის;

გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;

დ) მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ანდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხე შეექმნება.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული აკრძალვის საფუძვლის არსებობის შესახებ დასკვნას პროკურორის ან გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე 30 დღის ვადაში გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს დასკვნა აუცილებელი არ არის, თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რომლის პირობა ითვალისწინებს სასჯელის სახით უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის გამოყენებას.

6. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის.

7. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება აღსრულდეს:

ა) არასრულწლოვანი უცხოელის მიერ სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდისთანავე ან მისი ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე, თუ იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;

ბ) არასრულწლოვანი უცხოელის მიერ სასჯელის მოხდამდე, თუ მას დანიშნული აქვს არასაპატიმრო სასჯელი;

გ) გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუ არასრულწლოვან უცხოელს სასამართლომ პირობითი მსჯავრი დაუნიშნა.

8. უცხოელის საქართველოდან გაძევება არ აღსრულდება, თუ არასრულწლოვანი უცხოელის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ექვემდებარება გაძევებას ექსტრადიციის ინიციატორ სახელმწიფოში და მის ექსტრადიციას მხოლოდ ეს სახელმწიფო ითხოვს.

9. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის მოხდის ვადა აითვლება არასრულწლოვანი უცხოელის საქართველოდან გაძევების დღიდან.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 791 მუხლი:

„მუხლი 791. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან ბრალდებულს ან მსჯავრდებულს (გარდა განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, აგრეთვე ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისა) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უფლებამოსილი პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, აწვდის ინფორმაციას პენიტენციური კოდექსის 411 მუხლით გათვალისწინებული საკითხების შესახებ.“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 981 მუხლი:

„მუხლი 981. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს იმ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N877-IIმს-XIმპ