დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №143/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 169/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 09/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016945 |
|
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №143/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №143/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 06/07/2018; ს/კ: 220090000.18.011.016319) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მიკროკრედიტი/მიკროსესხი – (შემდგომში – სესხი) არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა; ბ) ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი – ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც მსესხებლები მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის წარმოადგენენ ერთ რისკს, აქვთ საერთო მიზნობრიობა ან/და უზრუნველყოფა ან/და ერთ-ერთი მათგანი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ახორციელებს კონტროლს მეორეზე ან დანარჩენებზე ან/და ისეთი ფინანსური კავშირი, როდესაც ერთი მათგანის ფინანსური პრობლემები გამოიწვევს მეორე ან ყველა დანარჩენი მსესხებლის ფინანსურ სირთულეებს; გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს (შემდგომში – სამეთვალყურეო საბჭო), დირექტორატის წევრი, ან/და სხვა პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო; დ) ინსაიდერი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შვილობილი/მშობელი საწარმოები, ადმინისტრატორები, პარტნიორები/აქციონერები/ბენეფიციარი მესაკუთრეები, მათთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან ან მათთან დაკავშირებული პირები; ე) აუტსაიდერი – პირი, რომელიც არ არის ინსაიდერი; ვ) შვილობილი საწარმო – იურიდიული პირი ან იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო ან იურიდიული პირი, რომელშიც სათავო საწარმო ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს; ზ) კონტროლი – საწარმოს (ორგანიზაციის) ფინანსური და სამეურნეო პოლიტიკის მართვის უფლებამოსილება, ამ საქმიანობიდან ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით; თ) საბლანკო სესხი – სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს უზრუნველყოფა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან/და ღირებულების მიუხედავად იგი არ არის აღსრულებადი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი რეგისტრაციით ან სხვა მიზეზით. აგრეთვე სესხი, რომელიც გაცემულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საკუთარი აქციების, ან/და შვილობილი საწარმოს წილის/აქციების უზრუნველყოფით; ი) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქმნის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისათვის და სხვადასხვა სახის რისკისაგან დასაცავად; კ) მთლიანი კაპიტალი – სხვაობა მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის; ლ) განცხადებული კაპიტალი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორთა/აქციონერთა მიერ დათქმული და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი; მ) განაღდებული კაპიტალი – განცხადებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი; ნ) მთლიანი აქტივები – აქტივების კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხის ჯამს გამოკლებული აქტივების დაგროვილი ცვეთის და აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები; ო) ძირითადი საშუალებები – მატერიალური აქტივები, რომლებიც იმყოფება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განკარგულებაში, გამოიყენება ძირითადი საქმიანობის გასაწევად, ადმინისტრაციული მიზნებისათვის და გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ხნით სარგებლობისათვის; პ) ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება – ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება დაგროვილი ცვეთის გამოკლებით; ჟ) არამატერიალური აქტივები – ისეთი აქტივები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ღირებულება და არ აქვთ მატერიალური ფორმა: პატენტი, ნოუ-ჰაუ, გუდვილი და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტები; რ) არამატერიალური აქტივების ნარჩენი ღირებულება – არამატერიალური აქტივების საბალანსო ღირებულება დაგროვილი ამორტიზაციის გამოკლებით; ს) მთლიანი ვალდებულებები – ვალდებულებების კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხების ჯამი; ტ) სუბორდინირებული ვალი – ისეთი ვალი, რომელსაც სხვა მოზიდულ სახსრებთან შედარებით აქვს გადახდის (დაფარვის) უფრო დაბალი პრიორიტეტი - ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები თანხმდებიან, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მძიმე ფინანსური მდგომარეობის, გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სუბორდინირებული ვალის კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება მხოლოდ ყველა სხვა არააქციონერ/არაპარტნიორ კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ; უ) კონვერტირებადი ვალი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისას ან ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალში უპირობოდ კონვერტირებადი ვალი; ფ) სარეზერვო ფონდი – ფონდი, რომელიც შექმნილი უნდა იყოს წინა წლების გაუნაწილებელი მოგებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განკარგულებაშია და გამოიყენება წარმოშობილი ზარალის დასაფარავად. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.“; ბ) მე-5 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია ამ ოპერაციებისთვის ყოველდღიურად იქონიოს ფულადი სახსრები, არანაკლებ წინა თვის საშუალო დღიური ბრუნვის 40%-ის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისთვის ბრუნვა განისაზღვრება, როგორც უნაღდო ფორმით გაყიდული ვალუტის ჯამური მოცულობა. მიკროსაფინასო ორგანიზაცია ვალდებულია, დაიცვას ლიკვიდობის მოთხოვნები ლარში და ჯამურად უცხოურ ვალუტაში.“; გ) 52 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6-მე-9 პუნქტები: „6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ყოველთვიურად უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს საოპერაციო რისკების მოვლენებისა და დანაკარგების შესახებ ანგარიშგება ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად. 7. დისტანციური/ციფრული არხების საშუალებით საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის ეფექტური ჩარჩო. ჩარჩო უნდა იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ზომისა და სირთულის შესაფერისი და შესაბამისობაში უნდა იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაწეულ საქმიანობასთან და ბიზნესგანვითარების სტრატეგიასთან. კიბერუსაფრთხოების რისკების მატერიალიზების თავიდან აცილების მიზნით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს კიბერრისკების მართვა შემდეგი მექანიზმებით: ა) კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასება, რომელიც მოიცავს ასევე საინფორმაციო სისტემებსა და შესაბამის ინფრასტრუქტურას; ბ) მესამე მხარის, მათ შორის, ღრუბლოვანი მომსახურების მიმწოდებლის უსაფრთხოების რისკების შეფასება; გ) სისტემების განვითარების სასიცოცხლო ციკლის მართვის პროცესის შეფასება; დ) კიბერუსაფრთხოების აუდიტი; ე) ქსელში ჩართული სისტემების შეღწევადობის ტესტირება თანმხლები სამოქმედო გეგმით. 8. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივნისამდე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებები/ანგარიშები. 9. ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შეფასებები/ანგარიშები ეროვნულ ბანკს წარედგინება NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით, „NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 აპრილის №69/04 ბრძანებით განსაზღვრული წესით. დ) მე-6 მუხლის: დ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს ცნობა (დანართი №2-ის შესაბამისად) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა კლიენტს, მეორე – რჩება სალაროს, მესამე – ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 10 დღის განმავლობაში ატყობინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ექსპერტიზის შედეგად ნამდვილი და გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება კლიენტს, ყალბი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება. გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება და მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება შემომტანს.“; დ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-7 პუნქტები: „5. ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის ოპერაციების განხორციელებისას, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, ვებგვერდზე/მობილურ აპლიკაციაში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ინფორმაცია: ა) ვალუტის დასახელება; ბ) ვალუტის ყიდვის და გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით; გ) ტრანზაქციის ლიმიტების შესახებ; დ) მაქსიმალური დროის შესახებ, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ტრანზაქციის შესრულებას, მაგრამ არაუმეტეს 30 წუთისა; ე) „ვიყენებთ საკომისიოს – Conversion fee applies“ - საკომისიოს ოდენობის მითითებით პროცენტულად ან თანხობრივად (არსებობის შემთხვევაში); ვ) „მოითხოვეთ ელექტრონული ქვითარი! – Request an electronic receipt!“; ზ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt, if the transaction volume does not exceed 5 000 GEL or its equivalent in foreign currency!”. თ) სხვა რელევანტური, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 6. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში მომხმარებლის მოთხოვნით, გააუქმოს აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი ვალუტა, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში. 7. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა განახორციელოს მხოლოდ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის/მიკრობანკის ან ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საგადახდო მომსახურეობის პროვაიდერის ანგარიშების მეშვეობით. ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა უნდა განხორციელდეს კომერციულ ბანკში/მიკრობანკში ან ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურეობის პროვაიდერთან არსებული კლიენტის ანგარიშიდან მიკროსაფინასო ორგანიზაციის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის და შემდგომ, იმავე კლიენტის კომერციული ბანკის/მიკრობანკის ან ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებულ ანგარიშზე გადაცვლილი თანხის დაბრუნების გზით.“; ე) დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ვ) დანართი №1-ის შემდეგ დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, რომლებიც ახორციელებენ ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის ოპერაციებს, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა უზრუნველყონ 2026 წლის პირველ იანვრამდე.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები